ამოტრიალებული სახე
სერ არტურ ვოდრეი მოულოდნელად გაუჩინარდა. ბოლოს თავის ღია ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი ნახეს. ვოდრეი ნამდვილი დენდი იყო, თანაც იმ სოფლის მფლობელი. დილით, ჩვეულებისამებრ, ელაპარაკა თავის მდივანს, ივენ სმიტს და ჯონ დელმონტს, რომელიც უკვე იმ ქალიშვილის ოფიციალურ საქმროდ ითვლებოდა, ვისზე მეურვეობაც სერ არტურმა ითავა. სიბილა რეი ღარიბი გრაფის შვილი გახლდათ. მშობლები გარდაეცვალა და თექვსმეტი წლისა, სულ ქუჩაში რომ არ აღმოჩენილიყო, სერ არტურმა დიდსულოვნად შეიფარა თავის მამულში. სამი წლის შემდეგ ქალიშვილს ხელიც სთხოვა და უარი მიიღო. მიზეზი განსახილველი არ გამხდარა. ყველამ მიიჩნია, რომ სიბილამ ასაკით მამაზე უფროსი კაცის ცოლობა არ მოინდომა. ეს იყო და ეს... შემდეგ კი ჯონ დელმონტი გამოჩნდა. წყვილს შორის თბილი ურთიერთობა არავის დარჩენია შეუმჩნეველი. დელმონტი იქაურებისთვის უცნობი იყო, თუმცა, თავად არტურ ვოდრეი აშკარად იცნობდა მას. თუმცა, რა აკავშირებდათ ერთმანეთთან, ამაზე ინფორმაცია არავის ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, როცა სიბილამ თავის მეურვეს საქმროს სტატუსით წარუდგინა დელმონტი, ვოდრეიმ ისინი დალოცა. ამ ამბიდან რამდენიმე თვე გავიდა და ვოდრეი გაქრა. ბოლოს საყასბოსა და ჩაით მოვაჭრის ფარდულებს შორის, ბილიკზე ნახეს... საღამოც გავიდა და სერ არტური მაინც არ გამოჩნდა. დილითაც არ დაბრუნდა მამულში. ატირებული სიბილა პოლიციის განყოფილებაში გაიქცა და იქიდან ორი პოლისმენით დაბრუნდა. ძებნაში იქაური ღვთისმსახური და ადგილობრივებიც ჩაერთნენ. დასახლება პატარა იყო. ვოდრეის მამული სოფლიდან მოშორებით მდებარეობდა. არავინ ფიქრობდა იმაზე, რომ შეიძლებოდა, ვოდრეი ვინმეს მოეკლა. ამ ენერგიით სავსე კაცს აშკარა მტრები არ ჰყავდა. მართალია, მისი წარსულის შესახებ, ანუ იმ პერიოდზე, სანამ თავის საგვარეულო მამულში დასახლდებოდა, არავინ არაფერი იცოდა. რაღაც ჭორები კი დადიოდა, ვითომდა, ვოდრეი ციხეში იჯდაო, მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს ამბობდნენ.
შუადღისთვის ვოდრეის სოფლის ექიმი, დოქტორი სმიტიც კი ეძებდა. სმიტი რაღაც პერიოდი სამხრეთშიც მსახურობდა. გარუჯული კანი და ფართო მხრები ჰქონდა. ჰოდა, სერ არტურის გვამიც პირველად მან დაინახა კორომის ძირში... იქ, სადაც მდინარის წყალი გუბდებოდა. სწორედ იმ მომენტში სმიტი შეწუხებული ამბობდა:
– ვერ წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაში ვარ. ბოლოს ხომ მე ვნახე... პოლიციამ უკვე ორჯერ დამკითხა. აინტერესებდათ, ვოდრეის სიკვდილის შემთხვევაში, მემკვიდრეობა ვის დარჩებაო.
– მგონი, ძმისშვილი ჰყავდა, თუ მეშლება? – დაინტერესდა ღვთისმსახური.
– დიახ. უკვე შევატყობინეთ ბიძამისის ამბავი. ალბათ, ჩამოვა.
– მოკლედ, აქაურობა უნდა გადავჩხრიკოთ. ფაქტებს თუ ვერწმუნებით, ვოდრეი სოფლიდან არ გასულა, – თქვა დოქტორმა, – საბაყლოდან გამოსული ჩაით მოვაჭრის ფარდულისკენ გაეშურა და მას მერე გაუჩინარდა. სავაჭრო ჯიხურების იქით, სადაც უკვე ფართო გზა იწყება, პოლიციის საგუშაგოა. შეუმჩნევლად ვერსად წავიდოდა.
დოქტორმა ამ ლაპარაკში კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და შეჰყვირა:
– ო, ღმერთო, ვისაც სუსტი გული გაქვთ, აქ არ მოხვიდეთ. ჩემი ეჭვები გამართლდა, მისტერ ვოდრეი მოუკლავთ.
ორ პოლისმენს, დოქტორს, ღვთისმსახურსა და მდივანს საზარელი სანახაობა წარმოუდგათ თვალწინ – წყლის ზედაპირზე, ლამის მათ ფეხებთან, ვოდრეის გაღიმებული სახე ტივტივებდა, ფართოდ გახელილი თვალებითა და ყელზე უზარმაზარი ჭრილობით.
– აშკარად დინებამ წამოიღო აქეთ! – შეძრწუნებით წამოიძახა მისმა მდივანმა, – როგორ უნდა გამოჭრა ყელი ადამიანს ისე, რომ ასეთი ბედნიერი გამომეტყველება შერჩეს. ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა?
– იმას, ვისაც ამისი მოტივი ჰქონდა, – მშვიდად განაცხადა დოქტორმა და რატომღაც დელმონტს გადახედა, რომელიც მომენტალურად გაფითრდა.
– რა, იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ მე ვარ ის ცივსისხლიანი მკვლელი?
– ჯერ არ ვიცი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, პოლიციელებს თქვენთან შეკითხვები ექნებათ.
– სად იყავით იმ დროს, როცა სერ არტური გაუჩინარდა? – ჰკითხა სმიტმა და დელმონტმაც იფეთქა.
– ვიცი, რომ არ მოგწონვარ! ვიცი, რომ ჩემი გშურს სიბილას გამო, მაგრამ მკვლელად ვერ გამომაცხადებ.
– ნუ ჩხუბობთ! ნუ ჩხუბობთ, ბატონებო!.. – კამათში ჩაერთო ღვთისმსახური და დოქტორს მიუბრუნდა.
– რაღაცის თქმა გინდოდათ.
– დიახ... მაგრამ, სანამ რამეს ვიტყოდეთ, მინდა, ერთ ადგილას გამომყვეთ. ყველანი წამოდით!
საბაყლოსა და ჩაის გამყიდველის ფარდულის გვერდით კიდევ ერთი ფარდული იდგა, რომლის არსებობაც გვიან გაახსენდათ. ეს სადალაქო იყო. დოქტორი სწორედ ამ ფარდულისკენ გაემართა. მათ ორი პოლისმენიც შეუერთდა. ფარდულის კარი ღია იყო. ტანდაბალი დალაქი თითქოს ელოდა მათ გამოჩენას და გასაქცევად მოემზადა, მაგრამ პოლისმენებმა ის დააკავეს.
– თქვენ მკითხეთ, როგორ შეიძლება ადამიანს ყელი ისე გამოჭრა, ბედნიერი გამომეტყველება შერჩესო. ბატონებო, პირის პარსვისას ჩვენ ყველას სწორედ ასეთი გამომეტყველება გვაქვს და დამეთანხმეთ, რომ ვოდრეისთანა ზორბა კაცსაც კი ადვილად გაისტუმრებ საიქიოში ისე, რომ განძრევასაც ვერ მოასწრებს...
– კი... მაგრამ მოტივი? რატომ უნდა მოეკლა საცოდავ დალაქს სერ არტური?
– მე ვთქვი, რომ ის დალაქმა მოკლა? – განცვიფრებით წარმოთქვა დოქტორმა და იქვე, მკვდარივით მდგარ დელმონტს შეხედა, – თქვენ მოყვებით თუ მე გავაკეთო ეს?
ყველა გაოგნებული მიაჩერდა დელმონტს.
– კარგი, დროა, ყველაფერს ფარდა ავხადოთ. ვოდრეი ურჩხული იყო და მან ის მიიღო, რასაც იმსახურებდა. ოღონდ ეს მკვლელობა წინასწარ არ განმიზრახავს. გუშინ დილით ვოდრეისთან საშინელი ჩხუბი მომივიდა. მე ის მაშანტაჟებდა. ახალგაზრდობაში საშინელი შეცდომა დავუშვი. უღირსი საქციელი ჩავიდინე და ციხეშიც ვიჯექი. ვოდრეიმ ეს იცოდა და მაშანტაჟებდა. აქ მომიწვია და მაიძულა, მისი შვილობილისთვის ხელი მეთხოვა. სიბილა რომ ვნახე, მართლა შემიყვარდა და უარი ვთქვი, ვოდრეის ბინძური გეგმის თანამონაწილე ვყოფილიყავი.
– რომელი გეგმის? – თვალები გაუფართოვდა სმიტს.
– სიბილა ცოლად უნდა შემერთო და ისეთ მდგომარეობამდე მიმეყვანა, რომ სასოწარკვეთილი ვოდრეის ჩამოჰკიდებოდა კისერზე. სერ არტურმა ასეთი შურისძიება შეარჩია ქალიშვილისთვის, რომელმაც მას ცოლობაზე უარი უთხრა... დილის ჩხუბის შემდეგ უაზროდ დავხეტიალობდი, რომ უცებ აქ გავიარე. კარი ღია იყო, დალაქი არ ჩანდა, სარკის წინ კი თვალებდახუჭული და ყელგადაღეღილი ვოდრეი იჯდა. წინ სამართებელი ედო... ერთი ნაბიჯი და სამართებელი უკვე ხელში მეჭირა. ერთ წუთში გათავდა ყველაფერი. დალაქს არც კი დავუნახივარ. რა თქმა უნდა, არც ვოდრეის. არ ვნანობ, რომ მოვკალი.