ბერიას ძალისხმევით საქართველოს ბიუჯეტი 50-ჯერ გაიზარდა
ზოგიერთი ვაიისტორიკოსისა თუ ვაიპატრიოტის აზრით, ლავრენტი ბერია საქართველოს ¹1 მტერი და თავისი სამშობლოს გამანადგურებელი იყო. თუმცა ეს მოსაზრება საფუძველშივე მცდარი და აბსურდულია და ისტორიულ ფაქტებს ეწინააღმდეგება. პროფესორი დიმიტრი განეცკი წერს: „ლავრენტი პავლეს ძე ბერია ფრთიანი ანგელოზი რომ არ ყოფილა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ის იყო მკაცრი, ზოგჯერ ძალიან სასტიკი პიროვნებაც და ეს იმ ეპოქის საბჭოთა პარტიულ ჩინოვნიკთა მთავარი მახასიათებელი იყო. სხვაგვარად, სტალინურ სახელმწიფოში მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკი თავს ვერ გაიტანდა და სასიკვდილოდ იყო განწირული... ლავრენტი ბერია არც ყოფილა ეგრეთ წოდებული „კლასიკური საბჭოთა მმართველი“ და, სტალინის შემდეგ, ყველა თავის კოლეგას, ერთად აღებულს, ის ორი თავით სჯობდა... ბერია ნამდვილი ინტელექტუალი იყო, ამავდროულად, უაღრესად ეშმაკიც და ისეთი აბლაბუდას ქსელის გაბმა შეეძლო, რომ მასში ნებისმიერ ადამიანს გააბამდა. სწორედ ეს ნიჭი დაინახა სტალინმა მასში და ამიტომაც დანიშნა საბჭოთა უშიშროების შეფად, რის შედეგადაც საბჭოთა დაზვერვა და კონტრდაზვერვა მანამდე არნახულ სიმაღლეზე ავიდა და მსოფლიოს ¹1 სპეცსამსახურად იქცა. საერთოდ, ბერიას ჰქონდა უნიკალური თვისება (ამაში ის სტალინს ჰგავდა) – რასაც ჩაიფიქრებდა, იმას ყოველთვის თანმიმდევრულად, ბოლომდე ახორციელებდა და ისეთ მყარ, მონოლითურ სისტემას ქმნიდა, რომელსაც მანამდე ანალოგი და ბადალი არ ჰყავდა. ბერიას ყველა საქმე კი უპირველესად ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა და, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, არა მარტო საბჭოთა კავშირის ინტერესებს, არამედ მისი (ბერიას) სამშობლოს, საქართველოს ინტერესებსაც... ანუ, ლავრენტი პავლოვიჩი მომენტს არ უშვებდა ხელიდან, რომ ნებისმიერი მსხვილი საქმე საქართველოსთვის არ მოერგო, თუკი ეს საქმე სასარგებლო იყო მისი სამშობლოსთვის... მარტო ის რად ღირს, რომ საქართველოს მმართველობის რვაწლიან პერიოდში ბერიამ საქართველოს ბიუჯეტი 25-ჯერ გაზარდა, ხოლო მისი მოსკოვში გადაბარგების შემდეგ ეს ციფრი გაორმაგდა და ესეც ბერიას ძალისცმევით მოხდა. ანუ, 1930-1953 წლების 23-წლიან პერიოდში საქართველოს ბიუჯეტი ლავრენტი ბერიას ძალისხმევით 50-ჯერ გაიზარდა და, რომ არა მისი (ბერიას) ვერაგული მკვლელობა, ეს მაჩვენებელი კოლოსალურ ნიშნულს მიაღწევდა...
ბერიას უახლოესი მეგობარი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, შემდგომში „ბერიას საქმეზე“ სასტიკად ნაწამები და დახვრეტილი გენერალი სერგო გოგლიძე ასეთ ჩვენებას აძლევდა გამომძიებელს: „ლავრენტი პავლოვიჩს ჯერ კიდევ 1930 წელს ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ საქართველოში რამდენიმე მსხვილი ინდუსტრიული საწარმო აეშენებინა. მას მიაჩნდა, რომ საქართველოს ინდუსტრიალიზაცია რესპუბლიკას რამდენიმე მიმართულებით გააძლიერებდა, რაც, საბოლოო ჯამში, მოსახლეობის ცხოვრების დონეს აამაღლებდა და სწორედ ეს იყო მისი მთავარი მიზანი. ჩვენ ხშირად გულახდილად ვსაუბრობდით ერთმანეთში საქართველოს მომავალზე და ერთხელ მან მითხრა:
– არც ჩვენ გვაწყენდა ინდუსტრიალიზაცია. თავდაპირველად სამი-ოთხი მსხვილი საწარმოც საკმარისია, შემდეგ კი მათი რაოდენობა უნდა გაიზარდოს.
მე არც ისე ცუდად ვერკვეოდი ლავრენტი პავლოვიჩის მიერ წამოჭრილ საკითხში და ვუთხარი:
– ლავრენტი პავლოვიჩ, ჩვენ ხომ ამის არანაირი რესურსი არ გვაქვს, რომ ასეთი მსხვილი საწარმოები ავამუშაოთ. თანაც, მათ აშენებას საკმაოდ მსხვილი თანხები დასჭირდება, რასაც ჩვენი რესპუბლიკის ბიუჯეტი, ალბათ, არ ეყოფა-მეთქი.
ბერიასთან ძალიან ახლომეგობრული დამოკიდებულება მქონდა და ამიტომ გავუბედე ამდენი. ლავრენტი პავლოვიჩს კი ეშმაკურად გაეცინა და მითხრა:
– მთელი ფოკუსიც იმაშია, სერგო, რომ ჩვენი ბიუჯეტიდან კაპიკსაც არ დავხარჯავთ, სამაგიეროდ კი მილიარდები შემოგვივა.
– ეგ როგორ მოხდება, ლავრენტი პავლოვიჩ? – გაოცებით ვკითხე ბერიას.
– საწარმოების ასაშენებელ ფულს საკავშირო ბიუჯეტიდან მივიღებთ, ხოლო ყველა საჭირო ნედლეულს მათ ასამუშავებლად – სხვადასხვა რესპუბლიკიდან, ძირითადად კი, რა თქმა უნდა, რუსეთიდან. უამრავ ადგილობრივ კადრს დავასაქმებთ და ასევე სხვების ხარჯზე გავზრდით კვალიფიციურ სამეცნიერო-ტექნიკურ კადრებს. ახლა ხვდები, სადაა ძაღლის თავი დამარხული? – ამიხსნა ბერიამ, რაზეც მას დავეთანხმე...“
სერგო გოგლიძის ჩვენებიდან მოყვანილი ამ მცირე მონაკვეთიდანაც აშკარად ჩანს ლავრენტი ბერიას შორსმიმავალი, თავისი სამშობლოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული გეგმები და, თუკი ამის მერე ვინმე იტყვის, რომ ბერია საქართველოს დამაქცეველი იყო, ის ან სრულიად ბრიყვი და არაკომპეტენტურია, ან, უბრალოდ, ტენდენციური...
გოგლიძის იმავე ჩვენებაში ვკითხულობთ:
„ბერიას ვუთხარი:
– ლავრენტი პავლოვიჩ, ისღა დაგრჩენიათ, რომ ეს ყველაფერი ამხანაგ სტალინს გააცნოთ და მისი ნებართვა მიიღოთ. ვფიქრობ, რომ ჩვენი ბელადი მოიწონებს თავისი სამშობლოს აყვავების გეგმას და ადვილად დაგთანხმდებათ.
ბერიამ თავი გააქნია, პაუზა გააკეთა და მითხრა:
– ეს არც ისე იოლია. უფრო სწორად, ესაა ყველაზე რთული ამ საქმეში. ახლა სტალინს სულაც არ სცხელა საქართველოს ინდუსტრიალიზაციისთვის და მას ისეთი ხელსაყრელი მომენტი უნდა შევურჩიოთ, რომ უარი არ თქვას, რადგან ერთსა და იმავე საკითხზე ორჯერ მას ვერ დაველაპარაკები.
– მაშინ, რას აპირებთ? – ვკითხე ბერიას.
– ნიადაგის მომზადებას, – თქვა ბერიამ და დაამატა, – ახლა ჩვენ ჩვენი ენერგოსისტემა უნდა გავაძლიეროთ და მძლავრი სამეცნიერო-ტექნიკური ბაზა შევქმნათ. მომენტს კი სტალინს აუცილებლად შევურჩევ და ყველაფერი გამოგვივა...“
ბერიამ სტალინი დაარწმუნა, რომ ზემო ავჭალის 1923 წელს აგებული ჰიდროელექტროსადგურის („ზაჰესი“) მოდერნიზება იყო საჭირო და მას ამ საქმისთვის დიდი თანხები გამოაყოფინა. დაიწყო მეორე აგრეგატის მშენებლობა, რომელიც 1938 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და მთელ ამიერკავკასიას ამარაგებდა ელექტროენერგიით. ბერიასავე ძალისხმევით და, რა თქმა უნდა, სტალინის ხელდასხმით (სტალინი) ბერიამ დაარწმუნა და შესაბამისი თანხებიც გამოაყოფინა), თბილისის უნივერსიტეტის მცირე პოლიტექნიკური ფაკულტეტი ცალკე გამოეყო და ჯერ რკინიგზის ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, შემდეგ კი საქართველოს ყველაზე დიდ უმაღლეს სასწავლებლად – საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტად, რომელსაც ბერიას უშუალო კურატორობით შეუქმნეს მძლავრი ინფრასტრუქტურა და უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებს ზრდიდნენ მთელი საბჭოეთისთვის...
გოგლიძის ჩვენებაში მოყვანილი დიალოგი 1930 წელს შედგა და ლავრენტი ბერიას 10-11 წელი დასჭირდა სტალინისთვის მომენტის შესარჩევად, რომ საბჭოთა ბელადი საქართველოს ინდუსტრიალიზაციაზე „წამოეყვანა“. 1940 წელს ბერიამ სტალინის ნებართვა მიიღო, რომ ქუთაისში საავტომობილო ქარხანა აეშენებინათ, რუსთავში კი მეტალურგიული ქარხანა; 1941 წლის სექტემბერში კი, ტაგანროგის ჰიდროსაავიაციო ქარხანა, რომელიც ეგრეთ წოდებულ „წყლის თვითმფრინავებს“ უშვებდა, თბილისში გადმოიტანეს და მას საიდუმლო კოდი – ¹31 მიენიჭა... ეს საწარმო ომის წლებში და შემდგომ პერიოდში (1991 წლამდე) უახლეს საიდუმლო საბრძოლო თვითმფრინავებს უშვებდა და მთელ საბჭოეთში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე საწარმოდ ითვლებოდა. ბერიასავე ძალისხმევით შეიქმნა თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხანაც და იქ დამზადებული ელმავლები მთელ მსოფლიოში იყიდებოდა და დღესაც მრავალი ქვეყნის რკინიგზებზე დადიან და არ მოძველებულან... მხოლოდ ამ ოთხ ზემოხსენებულ საწარმოში 1950 წლისთვის 125 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა საშუალო თვიური შემოსავალი 600-800 მანეთი იყო, ხოლო პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული მოგება კი (საკავშირო ბიუჯეტში შეტანილი თანხების გამოკლებით) ყოველწლიურად 5 მილიარდ მანეთს შეადგენდა... ეს შთამბეჭდავი ციფრები კი ერთადერთი ადამიანის, 1953 წლის ფალსიფიცირებულ სასამართლოზე ნაციონალიზმში დადანაშაულებული ლავრენტი პავლეს ძე ბერიას დამსახურება იყო.“