კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აჩუქა ჩერჩილმა სტალინს დაბადების დღეზე

1944  წლის 20-22 დეკემბერს მოსკოვში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი იმყოფებოდა. მას კონფიდენციალური შეხვედრები ჰქონდა სტალინთან და „ბრიტანელი ლომის“ ეს მოსკოვური ვოიაჟი არ გახმაურებულა. მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტი – ფრანკლინ რუზველტი იყო საქმის კურსში, რომელმაც ჯანმრთელობის გამო ვერ მოახერხა საბჭოეთის დედაქალაქში ჩამოსვლა და მის პოზიციას სტალინს ჩერჩილი აცნობდა. სტალინისა და ჩერჩილის შეხვედრები, ეგრეთ წოდებულ „ახალ წესრიგს“, ანუ მსოფლიოს ახალ გეოპოლიტიკურ გადანაწილებას ეხებოდა და საკმაოდ დაძაბულ ხასიათს ატარებდა. მხარეები ვერ თანხმდებოდნენ კოლონიებზე – საბჭოთა ბელადი „ბრიტანელ ლომს“ ინდოეთის დეკოლონიზაციასა და  ამ უზარმაზარი სახელმწიფოსთვის თავისუფალი, დემოკრატიული განვითარების საშუალების მიცემას სთავაზობდა, რაზეც კატეგორიულ უარს აცხადებდა ჩერჩილი.
21 დეკემბერს, ანუ სტალინის 65-ე დაბადების დღეზე, სტალინი და ჩერჩილი დილის 10 საათზე პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს ბელადის კაბინეტში, კრემლში. მათმა საუბარმა სამ საათს გასტანა. კვლავ ძალიან მწვავედ წარიმართა და ჩერჩილი ისევ ჯიუტობდა. ბოლოს მას სტალინმა უთხრა:
– სამწუხაროა, რომ ვერ შევთანხმდით, მაგრამ გარწმუნებთ, ინდოეთის დათმობა მაინც მოგიწევთ და ეს პროცესი უფრო მტკივნეული იქნება თქვენთვის, ვიდრე იქიდან ნებაყოფლობით წამოსვლა. ჩემთვის ცნობილია, რომ ინდოელებმა მძლავრი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა ჩამოაყალიბეს. მათი ლიდერი მაჰათმა განდი კი თავის ერში წმიდანის სტატუსს ატარებს და წმიდანებთან ბრძოლა წაგებული საქმეა.
ჩერჩილი სტალინზე არანაკლებ იყო ინფორმირებული. უახლესი ისტორიაც კარგად ახსოვდა. ამიტომ, ეშმაკურად ჩაეცინა და მიუგო:
– თუ მეხსიერება არ მღალატობს, თქვენი ახალი ხელისუფლებაც ებრძოდა წმიდანებს, მაგრამ არაფერი წაგიგიათ. პირიქით, უფრო გაძლიერდით, გამარჯვებული გამოხვედით და ხალხს კომუნიზმის რწმენა მიეცით, რაც ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა.
ჩერჩილი ღმერთთან და ეკლესიასთან ბრძოლას გულისხმობდა, თუმცა არცერთი უხსენებია. სტალინი, რა თქმა უნდა, მშვენივრად მიხვდა ჩერჩილის გადაკრული სიტყვების შინაარსს და პირდაპირ, მაგრამ მშვიდად უპასუხა:
– ჩემი მმართველობის დროს არც ეკლესია დაუნგრევია ვინმეს, არც ღმერთი შეურაცხყვია და სულ ახლახან, აღვადგინეთ ეკლესიის ავტოკეფალია. ხოლო, ვინც ამ ყველაფერს ანგრევდა, დასჯილია. ჩვენ ისინი კარგა ხნის წინ განვდევნეთ ქვეყნიდან, დანარჩენს კი (სტალინმა ჭერისკენ აიხედა და ორი ხელი ასწია ზემოთ) თვითონ შეურაცხყოფილმა მიხედა.
საბჭოთა ბელადი ტროცკისა და ტროცკისტული ოპოზიციის განადგურებას გულისხმობდა. ჩერჩილმა, რა თქმა უნდა, მშვენივრად იცოდა მთელი ეს ისტორიაც, მაგრამ, სტალინს პოლემიკაში აღარ აჰყვა, თემა შეცვალა და უთხრა:
– გილოცავთ სამოცდამეხუთე დაბადების დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, გამარჯვებებს! – ბრიტანელმა პრემიერმა ჯიბიდან საშუალო ზომის მოოქრული ყუთი ამოიღო, სტალინს მიაწოდა და დაამატა, – ეს „დანჰილის“ ჩიბუხი კი ჩემგან სახსოვრად გქონდეთ. თქვენ, ისევე როგორც მე, თავგამოდებული მწეველი ხართ და ამიტომ შევარჩიე ეს საჩუქარი.
სტალინმა საჩუქარი იქვე გახსნა და ყურადღებით დაათვალიერა. შემდეგ თამბაქოთი დატენა, გააბოლა და თქვა:
– საუცხოო ინსტრუმენტია. თან, კოლონიების გემო დაჰკრავს.
– ეს ჩიბუხი ინდურ-აფრიკული ნაზავია. თქვენ კი მარწმუნებთ, რომ კოლონიები დავთმო, – მიუგო სტალინს ენაკვიმატმა ჩერჩილმა. ბელადმა კი უპასუხა:
– „სამშობლოს კვამლი ნაზი და სასიამოვნოა“ (პუშკინის ლექსის ციტატა). ვფიქრობ, ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული ინდოელებს და ამიტომაც გიწევენ ასეთ მძაფრ წინააღმდეგობას. ასეთ მშვენიერ ნივთებს კი მათი დეკოლონიზაციის შემდეგაც შეიძენთ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ამით ფლორასა და ფაუნას დიდი ზიანი ადგება.
სტალინის პასუხში, ერთი მხრივ მისი დიპლომატობა ჩანდა, რადგან მან ამით ჩერჩილს კიდევ ერთხელ მოუწოდა ინდოეთის დეკოლონიზაციისკენ. მეორეს მხრივ კი, სახეზე იყო სტალინის ფართო ერუდიცია და ყველაფრის წვრილმანებამდე ცოდნა. საქმე იმაში გახლდათ, რომ „დანჰილის“ ჩიბუხი 150 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირდა. ამხელა ფასი კი მას იმიტომ ჰქონდა, რომ ჩიბუხს უზარმაზარი აფრიკული ბაობაბის ხის ფესვისგან ამზადებდნენ, ხეს კი ანადგურებდნენ. ჩიბუხის მუნდშტუკს ინდური სპილოს ეშვისგან ამზადებდნენ და თავად სპილოს ანადგურებდნენ... თითოეული „დანჰილის“ ჩიბუხი ექსკლუზიური ნამუშევარი გახლდათ და სწორედ ამ გარემოებათა გამო თქვა სტალინმა: ფლორა და ფაუნა ნადგურდებაო...
სამსაათიანი საუბრისა და საჩუქრის მიღების შემდეგ, სტალინმა ჩერჩილი საღამოს კუნცევოში დაპატიჟა სადღესასწაულო სუფრაზე. ბრიტანელი პრემიერი სასმლის მოყვარული იყო და იმ საღამოს კარგადაც მოილხინა. სტალინი თან ნაჩუქარ ჩიბუხს აბოლებდა, თან სტუმარს უღიმოდა. როდესაც მანქანამდე მიაცილა და გამოემშვიდობა, უთხრა:
– კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ძვირფასი საჩუქრისთვის და საპასუხო საჩუქარი ჩემზე იყოს...
რამდენიმე დღის შემდეგ სტალინმა მოსკოვის ¹1 თამბაქოს ფაბრიკის დირექტორი, ვასილი გაგარინი დაიბარა და საბჭოეთში სიგარების დამზადებით დაინტერესდა.
– ვამზადებთ, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით, ამხანაგო სტალინ. ჩვენში სიგარებს არავინ ეწევა და თითქმის არ იყიდება, – უთხრა გაგარინმა საბჭოთა ბელადს.
– ალბათ იმიტომ, რომ უხარისხოა, – თქვა სტალინმა.
– რა თქმა უნდა, საუკეთესო ხარისხით ვერ დავიტრაბახებთ, რადგან ჩვენთან ეს სახეობა არაპოპულარულია, ამხანაგო სტალინ. მაგრამ, თუ საჭიროა, ტექნოლოგიას ავამაღლებთ და მსოფლიოში საუკეთესო სიგარებს გამოვუშვებთ.
– კუბურზე უკეთესს? – ჰკითხა სტალინმა.
– არანაკლებს, – თავდაჯერებით მიუგო გაგარინმა, რადგან სმენოდა, რომ ყოყმანს ვერ იტანდა ბელადი.
– კეთილი. ორთვიან ვადას გაძლევთ. თუკი არ ტრაბახობთ, მაშინ ორი თვის შემდეგ თქვენი გამოშვებული საუკეთესო სიგარა მომიტანეთ და პირადად გავსინჯავ, – უთხრა სტალინმა გაგარინს და გაისტუმრა.
ზუსტად დათქმულ დროს, 1945 წლის 4 მარტს, გაგარინმა სტალინს სიგარებით სავსე ყუთი მიუტანა და უპატაკა:
– ეს ჩვენი დამზადებული სიგარებია. გასინჯეთ და შეაფასეთ.
სტალინმა ჯერ საბჭოთა წარმოების სიგარა გააბოლა და ჩაუქრობლად საფერფლეზე დადო. შემდეგ, უჯრიდან კუბური სიგარა ამოიღო, ისეთი, რომელსაც ჩერჩილი ეწეოდა და ისიც გააბოლა. ბოლოს ორივე ჩააქრო. ჩიბუხი გააბოლა და გაგარინს უთხრა:
– ჩვენი ჯობია. ახლა კი დაწვრილებით მომიყევი, თუ როგორ მიაღწიეთ ამას?
გაგარინმა ლამის დეტექტიური ისტორია უამბო სტალინს იმის შესახებ, თუ როგორ გაუშვეს კუბაში ფაბრიკის ტექნოლოგი, რომელმაც სიგარების წარმოების საიდუმლოება გაიგო და შემდეგ აფხაზეთში, სოხუმის მახლობლად, საკუთარი ხელით დაამზადა ეს სიგარები.
– თამბაქო სადაურია? – იკითხა სტალინმა.
– ადგილობრივი, ამხანაგო სტალინ. აფხაზეთში მოყვანილი თამბაქოა, – თქვა გაგარინმა.
– სულ რამდენი ცალი გაქვთ?
– ათი, ამხანაგო სტალინ.
– ნოემბრამდე ათასი ცალის დამზადებას შეძლებთ?
– დიახ, – მიუგო გაგარინმა.
1945 წლის 29 ნოემბერს, უინსტონ ჩერჩილმა საკუთარ დაბადების დღეზე ყუთებში ლამაზად ჩაწყობილი, აფხაზეთში ხელით დამზადებული ათასი ცალი უმაღლესი ხარისხის სიგარა მიიღო. საჩუქარს თან ერთვოდა სტალინის მიერ დაწერილი ბარათი, რომელშიც ეწერა: „გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ ყოველივე კარგს. ეს სიგარები სპეციალურად თქვენთვისაა ხელით დამზადებული ჩემს ქვეყანაში და სამშობლოს კვამლი კი ნაზი და სასიამოვნოა...“
ჩერჩილს სტალინის საჩუქარი ძალიან მოსწონებია და მათ სიცოცხლის ბოლომდე იზოგავდა. 1945 წლიდან კი აფხაზეთში სპეციალური ფაბრიკა შეიქმნა, სადაც სიგარის თამბაქო მოჰყავდათ და პროდუქციას ხელით ამზადებდნენ, რომელიც კონკურენციას უწევდა მსოფლიოს საუკეთესო ანალოგებს.

скачать dle 11.3