თუ ნაადრევად დაბერება არ გსურთ, გადახედეთ ყოველდღიური კვების რაციონს
სწორი კვება სულაც არ ნიშნავს, რომ საყვარელ საჭმელზე უარი თქვათ. უბრალოდ, უნდა მოერიდოთ თეთრ ფქვილს, შაქარსა და ცხიმს. მიირთვით, რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ასევე, რძის ნაწარმი. სითხეებიდან კი – მინერალური წყალი, ნატურალური წვენები და ჩაი.
დღის განმავლობაში ლიტრ-ნახევარი სითხე მაინც უნდა მიიღოთ, რაც ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებისა და წიდების გამოდევნაში დაგეხმარებათ.
მწვანე ჩაის ფოთლები C ვიტამინის, ფტორისა და თუთიის საბადოა. ამიტომ, დალიეთ დღეში ოთხი-ხუთი ჭიქა. ეს ხელს უწყობს საჭმლის მონელებასა და ტოქსინების გამოდევნას.
ძალიან ხშირად ერთმანეთში ურევენ შიმშილისა და წყურვილის გრძნობას. ხანდახან ვერ ვხვდებით, რომ ორგანიზმი სითხეს ითხოვს და ვაწვდით საკვებს. როცა გშიათ, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, მან შეიძლება, შიმშილის გრძნობა უპრობლემოდ გაგიქროთ. ეს მეთოდი დაგეხმარებათ ეფექტურად შეავსოთ სითხის დეფიციტი ორგანიზმში. გახსოვდეთ, რომ ამ დროს არ შეიძლება გაზიანი წყლის დალევა. ის მავნეა გასტრიტისა და მეტეორიტის დროს, ხელს უშლის ორგანიზმს წონის დაკარგვაში, ააქტიურებს კუჭის წვენის გამოყოფას, რომელიც სწორედ შიმშილის გრძნობას იწვევს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მინერალურ წყალს სვამენ ჭამამდე ან მის შემდეგ.
ცივი წყალი აძლიერებს პერისტალტიკას, ოცდაათ გრადუსამდე გამთბარი წყალი კი აადვილებს საკვების მონელებას, ხსნის სპაზმებს კუჭში.
საკვებში გამოიყენეთ საკაზმები, რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და ცხიმების დაშლას.
თუ გიყვართ ეგზოტიკური ხილი, მაგალითად, ბანანი, მანგო, ანანასი, კივი, პაპაია და ასე შემდეგ, შეგიძლიათ, ნებისმიერი რაოდენობით მიირთვათ. მათში ბევრია რომელინისა და პაპაინის ფერმენტები, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელება-გადამუშავების პროცესს. ასევე, მკვეთრად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.
თუ ჭამის შემდეგ კუჭის არეში ტკივილსა და სიმძიმეს გრძნობთ, პერიოდულად გაწუხებთ გულისრევის შეგრძნება, გულძმარვა, ესე იგი, უნდა ივარაუდოთ, რომ გასტრიტი გაქვთ. ამის მიზეზი კი, შესაძლოა, იყოს არასწორი კვების რეჟიმი, სტრესი, ალკოჰოლი, ნიკოტინი ან მედიკამენტები. ეცადეთ, გასტრიტი არ გამწვავდეს და რთულ ფორმაში არ გადაიზარდოს. ამისთვის, მოერიდეთ მშრალ საკვებს, მწარე და ცხარე პროდუქტებს, ალკოჰოლს.
დღის განმავლობაში რეგულარულად მიირთვით საკვები, 3-ჯერ, მცირე ულუფებით და ლუკმები კარგად დაღეჭეთ. დილით, უზმოზე, მიირთვით ჰერკულესის ფაფა. მისი ლორწოვანი კონსისტენცია კუჭის კედლებს იცავს მავნე ზემოქმედებისგან. თუ კუჭის არეში ტკივილი და სიმძიმე გაწუხებთ, დაიცავით დიეტა. გამორიცხეთ ალკოჰოლი, ამოიღეთ მენიუდან ხორცის ნახარში, ძეხვეული, ცხიმიანი ყველი, შემწვარი ხორცი, მოხარშული კვერცხი და შებოლილი ნაწარმი.
დიეტა დაავადებების მიხედვით შეარჩიეთ
აუცილებელია, ადამიანმა დიეტა დაავადებების მიხედვით შეარჩიოს. მაგალითად:
* ვაშლის დიეტა ინიშნება 1 ან 2 დღის განმავლობაში. 2 კილოგრამი ვაშლი თანაბრად გაინაწილეთ და მიიღეთ 6-ჯერ, დაახლოებით, 3 საათში ერთხელ. ეს დიეტა შეიცავს 3-4 გრამ ცილას, 100 გრამ ნახშირწყლებს, რაც შეადგენს 420-670 კალორიას. ასეთი დიეტა, ფაქტობრივად, განტვირთავს ორგანიზმს და გამოიყენება ჭარბი წონის, ჰიპერტონიული დაავადებების, ათეროსკლეროზის, ნეფრიტისა და სისხლის მიმოქცევის მოშლის შემთხვევაში.
* ხაჭოს დიეტა ენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების, ქრონიკული ნეფრიტისა და შეშუპების დროს. ხანგრძლივობა 2 დღეა. დიეტა შეიცავს 500 გრამ ხაჭოსა და 150 გრამ თაფლს. ხაჭო თანაბარი რაოდენობით მიიღეთ 5-ჯერ დღეში. დიეტა შეიცავს 75 გრამ ცილას, 76 გრამ ცხიმს, 55 გრამ ნახშირწყლებს, რაც მთლიანობაში 620 კალორიას შეადგენს.
* რძის დიეტა ენიშნებათ ავადმყოფებს დაავადებული გულით, ვისაც სისხლის მიმოქცევა აქვთ დარღვეული, ასევე, აწუხებთ სიმსუქნე ან ღვიძლის, სანაღვლე გზების, ჰიპერტონიული დაავადებები. დიეტის ხანგრძლივობა ერთი კვირაა და შეიცავს 1,5 ლიტრამდე რძესა და მაწონს, რომელიც 5-6-ჯერ უნდა დალიოთ დღის განმავლობაში თანაბარი რაოდენობით. შეგიძლიათ, დაუმატოთ ხაჭო. დიეტა შეიცავს 30-45 გრამ ცილას, 36-42 გრამ ცხიმს, 50-70 გრამ ნახშირწყლებს, რაც მთლიანობაში 650-990 კალორიას შეადგენს.
* სტაფილოს დიეტა ენიშნებათ ავადმყოფებს მწვავე და ქრონიკული ნეფრიტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების, რევმატული პოლიართრიტის, ჭარბი წონის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადებების დროს. დიეტა ორდღიანია. ის შეიცავს 1,5 კილოგრამ სტაფილოსა და 50 გრამ შაქარს. გახეხეთ სტაფილო, აურიეთ მასში შაქარი და თითო მიღებაზე მიირთვით 200 გრამი. ეს დიეტა შეიცავს 12-15 გრამ ცილას, 130-170 გრამ ნახშირწყალს, რაც საშუალოდ, იძლევა 700-800 კალორიას.
* ჩაის დიეტა ინიშნება 1-2 დღით. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 7 ჭიქა ჩაი. თითო ჭიქა შეიცავს 11-15 გრამ შაქარს. ენიშნებათ ავადმყოფებს მწვავე ენტეროკოლიტის, გასტრიტისა და სეკრეციული უკმარისობის დროს.
ხორბალი ორგანიზმს აძლიერებს, წიწიბურა კი სისხლძარღვებს წმენდს
ხორბალი შეიცავს დიდი რაოდენობით B ვიტამინს. მოხარშული ხორბლის მიღებისას, ორგანიზმში ხვდება ვიტამინების დიდი რაოდენობა, რაც დადებით გავლენას ახდენს არა მარტო ნერვულ სისტემაზე, არამედ კანზეც.
ხორბლის მარცვალი წმენდს ნაწლავების ლორწოვანას და აუმჯობესებს მის პერისტალტიკას. გაწმენდილი ნაწლავები უფრო იოლად იწოვს საჭირო საკვებ ნივთიერებებს და არ იძლევა ნაწლავებში ლპობის პროცესის განვითარების საშუალებას. ხორბლის ხარშვის დროს, არ იკარგება B ჯგუფის ვიტამინები. მისი მიღებისას კანი იწმინდება და ინარჩუნებს ჯანსაღ ელფერს. ასევე, უმჯობესდება თმის ხარისხი.
თუ გსურთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაწმენდა, ერთი კვირის განმავლობაში ჭამეთ მხოლოდ მოხარშული ხორბალი. შეგიძლიათ, მიაყოლოთ უმი ბოსტნეული, ხილი და ნიგოზი. ამ დროს არ ჭამოთ ცხიმიანი, შაქრიანი საჭმელები, ასევე, ტკბილეული, ალკოჰოლი, ყავა, ჩაი, ხილის წვენი, გაზიანი სასმელები და ლუდიც გამორიცხეთ. მოხარშულ ხორბალს ნურც მარილს დაუმატებთ.
უმი ბოსტნეული და ხილი უზრუნველყოფს C ვიტამინის საჭირო რაოდენობას. რადგან ამ დროს, მთელი კვირის განმავლობაში, რაციონში გამოირიცხება მძიმე, გამაღიზიანებელი საჭმელი და მარილი, ორგანიზმის მთელი გამწმენდი სისტემა, კერძოდ, ღვიძლი, თირკმელები, ფილტვები და კანი, ასწრებს დასვენებასა და ძალების აღდგენას. ეს კი კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.
გაარჩიეთ ხორბალი, გარეცხეთ და დაახლოებით 5-6 საათით ჩაალბეთ წყალში. შემდეგ დადგით ცეცხლზე და ხარშეთ დარბილებამდე. ამის შემდეგ, გაწურეთ, დაამატეთ ცოტა თაფლი და ნიგოზი, ასევე, ცოტა ქიშმიში და შეფუთეთ ცოტა ხნით. გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ, დაუმატოთ გახეხილი ხილი ან ბოსტნეული. მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
ამ გამწმენდი კურსის შემდეგ, რამდენიმე დღე მოერიდეთ მძიმედ მოსანელებელ საჭმელს. მიირთვით მსუბუქი, მცენარეული ან რძის ნაწარმი, შემდეგ კი, თანდათან, ნელ-ნელა მიიღეთ სხვა საკვები პროდუქტებიც.
ხორბლის მსგავსად, წიწიბურაც ძალიან სასარგებლოა. მას ორგანიზმიდან გამოაქვს რადიონუკლიდები, ზრდის კუნთების ძალასა და ამტანობას, ამაღლებს პოტენციას, აძლიერებს სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემას, ეხმარება ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განკურნებას.
ის დაგეხმარებათ სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს წნევას.
მკურნალობისთვის საჭიროა, დღეში ორჯერ – დილით და საღამოს, მიირთვათ 100 გრამი წიწიბურა, რომელიც ასეთი წესით უნდა მოამზადოთ:
3 სადილის კოვზი დაფქული წიწიბურა გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალში. ცალკე ჭურჭელში აადუღეთ 1 ლიტრი წყალი და ნელ-ნელა ჩაასხით შიგ გამზადებული მასა. ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში და თან, ურიეთ. შეგიძლიათ, ცოტა ნატურალური თაფლი და ნიგოზიც დაუმატოთ გემოვნების მიხედვით.
რატომ არის საშიში სისხლში ქოლესტერინის და წნევის მატება
თუ სისხლში ქოლესტერინის მაჩვენებელი მომატებულია, გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი ერთიორად იმატებს. რაც შეეხება წნევას, თუ მისი მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია, იშემიის განვითარების რისკიც იმატებს. ზოგადად კი, გულის იშემიური დაავადების მთავარი მიზეზი სისხლში ქოლესტერინის შემცველობის მომატება და მაღალი არტერიული წნევაა.
ადამიანების უმეტესობის რაციონში ნაჯერი ცხიმები საჭიროზე გაცილებით მეტია. ბევრს ჭარბი წონა აწუხებს, აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა. ორგანიზმიდან მავნე ქოლესტერინის გამოსადევნად და არტერიული წნევის დასარეგულირებლად კი, საჭიროა, ჭამოთ ჯანსაღი საკვები. უნდა მიირთვათ საკვები, რომელიც ორგანიზმს მავნე ქოლესტერინისგან, შესაბამისად კი, სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისგან დაიცავს.
ჭამეთ გემრიელი საკვები და დააყოლეთ ჭიქა ნატურალური, წითელი ღვინო. კერძები მცენარეული ზეთით მოამზადეთ. მასში შემავალი უჯერი ცხიმები ნაკლებად აზიანებს და ათეროსკლეროზისგან იცავს სისხლძარღვებს. მიირთვით მხოლოდ უცხიმო რძის პროდუქტები, თევზი, პარკოსნები, ბევრი ხილი და ბოსტნეული. მთელი დღის განმავლობაში არ მიიღოთ ერთ ჩაის კოვზზე მეტი მარილი და დალიეთ ორ ლიტრამდე სითხე. არ გირჩევთ ღორისა და ცხვრის ხორცის ჭამას. ასევე, დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი ცალი კვერცხი მიიღეთ. არ არის რეკომენდებული, აგრეთვე, ცხიმიანი რძე, არაჟანი, ნაღები და გუდის ყველი.
ჭამეთ ყველა სახის ხილი, გოგრა, მზესუმზირა, ნიგოზი, თხილი, ნუში, ზეთისხილი, ჭვავისა და ხორბლის პური, შვრია, წიწიბურა, მანანის ბურღული და ბრინჯის ფაფა.
მიირთვით ბოსტნეულით, ვერმიშელით, ბრინჯით, ყვავილოვანი კომბოსტოთი მომზადებული წვნიანები. სვით მინერალური წყალი, ხილის წვენები, ჩაი და ნაკლები კოფეინის შემცველი ყავა.
კანის ფერი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით
*გამომშრალი კანი, რომელიც იქერცლება, იმუნიტეტის დაქვეითებისა და ავიტამინოზის ნიშანია. ამ დროს მიიღეთ A და B ჯგუფის ვიტამინები.
*ზედმეტად ცხიმიანი კანი ლიპიდური მიმოქცევის დარღვევის ნიშანია და ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას. თუ კანზე დროდადრო ჩნდება ცხიმიანი ლაქები, ეს ალერგიის ბრალია.
*თუ ტანზე ან სახეზე მუწუკები გიჩნდებათ, ესე იგი, კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაქვთ და დროულად მიხედეთ.
*თუ კანმა მოყვითალო ფერი მიიღო, გამოიკვლიეთ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, რადგან, შესაძლოა, ანთებითი პროცესი უკვე დაწყებულია.
*თუ ფერმკრთალი ხართ, სავარაუდოდ, ანემია გაქვთ და, ეს ან რკინის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული, ან სასუნთქი გზების პრობლემები გაწუხებთ. გამოიკვლიეთ ფილტვები და ბრონქები.
*თუ სიმკრთალეს მოლურჯო ფერი გადაჰკრავს ტუჩებსა და ცხვირზე, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ გულთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ.
*ფერმკრთალი კანი მოლურჯო ლაქებით იმაზე მეტყველებს, რომ სუსტი სისხლძარღვები გაქვთ და ორგანიზმს C და E ვიტამინები სჭირდება.
*ადრეულ ასაკში დანაოჭებული კანი ქრონიკული დაავადებების გარეგანი გამოხატულებაა და მიანიშნებს, რომ ადამიანს დიაბეტი, ენდოკრინული და სხვა დარღვევები აღენიშნება.
*მშრალი და დაჭიმული კანი კუჭის მოქმედების დარღვევაზე, კერძოდ კი, ქრონიკულ გასტრიტსა და კუჭის წყლულზე მიგანიშნებთ.
*არათანაბარი და დატალღული კანის ფერი მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმში ტოქსინები და წიდებია დაგროვილი.
*მოშავო ფერის კანი იმაზე მიანიშნებს, რომ თირკმელების უკმარისობა გაქვთ.
*ჩაშავებული და მოდუნებული კანი თვალების გარშემო თირკმელების ფუნქციის დარღვევაზე მეტყველებს.
*კისერზე ან მკერდზე კანის გაწითლება ჰიპერტონიაზე მიუთითებს.
ასე რომ, თუ კანის ფერს დააკვირდებით და მკურნალობის კურსსაც დროულად ჩაიტარებთ, ბევრი დაავადების გართულებას აიცილებთ თავიდან.