როგორ უნდა გამოიყურებოდეს თანამედროვე ქალი და რატომ აბრკოლებენ ტაძარში ახლად მისულებს ეკლესიაში მოსიარულე მორწმუნეები
„წირვაზე წასვლის გადადება, დაზარება ლოცვის, აღსარებაზე და ზიარებაზე უარის თქმა, ძალიან ძვირი უჯდებათ ქრისტიანებს. მთელი ჩვენი ღვთისმსახურების შინაარსი გადმოცემულია საგალობელში, რომელიც იგალობება მას შემდეგ, რაც ძღვენი შეიწირება. ამ საგალობელს მგალობლები გალობენ და ეკლესიაში მყოფმა მრევლმაც თავი უნდა ჩაღუნოს და გულში იგალობოს: შენ გიგალობ, შენ გაკურთხებ, შენ გმადლობ და შენ გევედრები. ეს არის ჩვენი ფორმულა“, – ეს სიტყვები ეკუთვნის ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, მამა გიორგის (თევდორაშვილს), რომელიც კადნიერების შესახებ გვესაუბრება.
– რას უნდა ევედრებოდეს ადამიანი ღმერთს და როგორ ადამიანებს ემართებათ კადნიერება?
– როდესაც მოდიხარ ეკლესიაში, უნდა უგალობო ღმერთს და არა გზიდან ფიქრობდე იმაზე, რა სთხოვო, რა შეგისრულოს. პავლე მოციქული ამბობს: „თქვენით იდიდება ღმერთი წარმართებში და თქვენითვე იგმობა.” როცა წირვაზე მოდიხარ, უნდა უგალობდე ღმერთს, აკურთხებდე ღმერთს, ჰმადლობდე და ევედრებოდე. ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ღმერთს უნდა ევედრებოდეს სულიერს და შემდეგ – ხორციელს, მატერიალურს. ჯერ ითხოვე უპირატესი, რაც მუდმივია და შემდეგ მატერიალური, წარმავალი. კადნიერება ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი თავი ფარისეველივით მართალი ჰგონიათ. დღეს ხშირად ამბობენ გაკვირვებით: ეს მართლმადიდებელი ამერიკელია, ეს ესპანელი ამერიკელი... მე უფრო მეტად ქართველების მართლმადიდებლობა მაკვირვებს. დღეს ისეთი წესით ცხოვრობენ ქართველები, რომ, არ მგონია, ვინმემ იფიქროს, რომ მართლმადიდებლები ვართ. როდესაც ერთიანი სახელმწიფო შეიქმნება, რომელიც უკვე იქმნება, იქნება ერთი სარწმუნოება, ერთი კულტურა, ენა; ანტიქრისტეც მიიღებს ეგრეთ წოდებულ „ლიბერალურ ქრისტიანობას” და გაჩნდება ბევრი ცრუ ქრისტიანი, წირვის დროს სახლში რომ უნდა ყოფნა: ეს მარხვა ძალიან გრძელია, მეტანიები ვიღას გაუგია... ანუ, თავისზე მორგებული სარწმუნებით ცხოვრობს. ეს დაემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან კადნიერები და რადიკალები არიან. სწორედ მათ მოუვათ შეცდომები, გადაიხრებიან მარჯვნივ ან მარცხნივ, მიიღებენ ისეთ რამეს, რაც ქრისტეს არ უქადაგია, არ უსწავლებია არცერთ მოციქულს და არ დაუწერია არცერთ წმიდა მამას. დღეს ბევრი ყელმოღერებული მამაო გამოდის სხვადასხვა შოუში, აშიშვლებენ საკუთარ შვილებს და აცხადებენ: მერე რა, დროა, ბორკილები დავამსხვრიოთო. თუ ქრისტიანობის დოგმატები ბორკილებია, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ქრისტიანობის დოგმატები ჯებირებია, კალაპოტია, რომ არც იქით გადახვიდე, არც აქეთ და მიხვიდე ღმერთთან. დღეს ბევრი ადამიანი კადნიერებით ეზიარება, ზიარების შემდეგ ლაპარაკობს, სიგარეტს ეწევა, ჭორაობს, განიკითხავს და ეს კადნიერება დიდი ხანია, გრძელდება. თითოეული მათგანი არასწორი ქმედებით საკუთარ თავს აზიანებს და, კარგად გახსოვთ, რა დაემართა იუდას. ბევრი თანამედროვე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ იუდა არ ზიარებულა, მაგრამ ისინი ტყუიან, რადგან დიდი მამები იოანე ღვთისმეტყველი, ბასილი დიდი და სხვები ამბობენ, რომ იუდა ეზიარა და მასში შევიდა ეშმაკი, ანუ, კადნიერად, უღირსად ეზიარა, დამალა თავისი ჩანაფიქრი და გზა გაუხსნა ეშმაკს, რომელიც მასში შევიდა. ადამიანი, რომელიც უღირსად ეზიარება, კარს უღებს არა ღმერთს, არამედ ეშმაკს. ღმერთი ტოვებს მას, რადგან, სადაც ღმერთია, იქ ეშმაკი არ არის, ხოლო, სადაც ეშმაკია, იქ არ არის ღმერთი. ბავშვებს რომ ვაზიარებთ და მერე სახაჭაპურეში მიგვყავს, ბავშვს ზიარება ხაჭაპურის წინ მისაღები რაღაც ჰგონია. ვეუბნებით: „წამოდი ეზიარე და მერე ამას გიყიდი, აქ წაგიყვან.” მერე ამ ბავშვებს, რომ იზრდებიან, ამ ყველაფერზე ეცინებათ და ეკლესიაში არ მოდიან. ამიტომ მათ გარკვეული აკრძალვა უნდა დავუწესოთ, უნდა მივაჩვიოთ იმას, რომ, თუ ზიარება უნდა, დილით საჭმელი არ ჭამოს, ანუ, ბავშვი უნდა მივაჩვიოთ იმას, რომ რაღაცეები არ ჭამოს; მთელი მომზადება – ეს არის თავშეკავება. მაგრამ, თუ ეტყვი: „არა უშავს, ჭამე, მამაოს ვეტყვი და მაინც გაზიარებს,” – ეს ნიშნავს იმას, რომ ვამახინჯებთ სწავლებას და ბავშვი უკვე კადნიერი იზრდება. ჩემი მშობელი მამაოსთან ახლოს არის, მეც ახლოს ვარ და ეს იწვევს დაზიანებას. კადნიერები იყვნენ ძველ აღთქმაში მწიგნობრები და ფარისევლები; ვერ წარმოედგინათ, რომ ქრისტე ამხელდა მათ. თანამედროვე მღვდლები და მრევლი ძალიან ვგავართ ძველი აღთქმის ფარისევლებს და, ფაქტობრივად, იგივე ხდება ახლაც. ბევრი პრობლემა დაგროვდა ეკლესიაში და ყველამ საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს გამოსწორება და არა სხვისი კრიტიკით. რაც სხვაში არ მოგვწონს, საკუთარ თავში არ უნდა გავიმეოროთ. ამბა დოროთეს სწავლებით გეტყვით, რა არის კადნიერება: „კადნიერება ხორშაკივითაა, როცა დაუბერავს, ყველა გარბის, ხეზე ნაყოფს აფუჭებს“, ანუ, თუ კადნიერი ხარ, შენ გვერდით არავინ ჩერდება, დარჩები მარტო და შენ გარშემო ყველაფერი გახმება. ვინც კადნიერია, დაუკვირდით მათი ცხოვრების წესს, თუნდაც იმ სასულიერო პირის, რომელიც ვერ ითმენს და ამხელს ეკლესიაში რაღაც გაურკვევლობას; მისი ცხოვრების წესი ნახეთ, მისი სულიერება, მრევლი, ქადაგება და ლოცვა: მათი ცხოვრება არის, დაინახონ სხვის თვალში დირე, ხოლო საკუთარ თავში ბეწვიც ვერ შენიშნონ. „კადნიერება საშინელი ვნებაა – ღვთის შიშს აძევებ ადამიანიდან“. როცა კადნიერი ხარ, შენში ღვთის შიში აღარ არის, ფიქრობ: მე ღმერთი მიყვარს და მისი მეშინია. ეს სერიოზული კადნიერებაა, რაც იწვევს ხიბლს, არასწორ შეხედულებას საკუთარ თავზე.
– როგორ იქცევა კადნიერი ადამიანი, რით გამოირჩევა ის სხვებისგან?
– „კადნიერებიდან მოდის ურცხვება, ერთმანეთთან შეურაცხმყოფელი ლაპარაკი“. ადამიანს ხშირად ჩაცმულობაზე ეტყობა, რომ ურცხვია, არ რცხვენია არაფრის. ეკლესიაში დღეს გამოკრულია: „შარვლით შესვლა არ შეიძლება” – ეს არასწორია. კაბით რომ შემოვიდა, შეხედეთ, ნორმალურად აცვია?! მე მირჩევნია, ეცვას შარვალი, ვიდრე მოკლე კაბა. ჩვენ ვამბობთ, რომ კდემამოსილებით უნდა ჩაიცვას. ხშირად ამბობენ: „ჩემი მამაო არ მიშლის, შენ რატომ მიშლი?” – შენი მამაო ვინ არის, პავლე მოციქულია? ჯერ კიდევ საუკუნეების წინ, პავლე მოციქული ამბობს: ქალბატონები კდემამოსილებით შეიმკონ; არა შარვლით ან კაბით, არამედ კდემამოსილებითო. შარვალი გაცვია თუ კაბა, კდემამოსილებით უნდა იყო, რომ შენმა ეროტიკულმა ჩაცმულობამ არ შეაწუხოს არავინ. ამიტომ ეკლესიის კარზე უნდა ეწეროს: „კდემამოსილებით ჩაიცვით“. შემდგომ: „ვიქონიოთ კრძალვა, გვეშინოდეს ჩვენი თავის და მოყვასის ვნებისა“. როცა შენ კადნიერი ხარ, ჯერ საკუთარ თავს აზიანებ და შემდეგ უკვე მოყვასს. ვიღაც ახლად მოსულმა ეკლესიაში დაინახა, რომ შენ ეკლესიის მრევლი ხარ, ჯვარი გკიდია, მაგრამ შესაბამისად არ გაცვია და მოგბაძა. ბევრისგან გამიგია: „მე ვეწევი სიგარეტს, რადგან მამაო ეწევა, მამაოს ცოლი ეწევა, მამაოს ძმა, შვილი და, მე რატომ არ უნდა მოვწიო?
„პატივი ეცით ერთმანეთს და ეცადეთ ერთმანეთს არ შეხედოთ თვალებში, რადგან ესეც კადნიერებაა“. როცა ადამიანს ელაპარაკები, კარგია, თვალებში არ უყურო მას, თავჩახრილი იდგე და ისე ესაუბრო.
„რა საქმესაც არ უნდა აკეთებდეთ, სასწრაფოც და საჭიროც რომ იყოს, არ მინდა, შეპასუხებითა და კამათით აკეთოთ“. „რა საქმეც არ უნდა იყოს, დიდი თუ მცირე, ამ საქმიდან მერვედ ნაწილს ღმერთი ეძებს თქვენგან და კრძალულების წესის დაცვას შვიდწილად მოითხოვს ჩვენგან“, ანუ, ღმერთი უფრო მეტ პასუხისმგებლობას საქმეს კი არ ანიჭებს, არამედ იმას, თუ როგორი კრძალვით აკეთებ ამ საქმეს.