კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ აღიქვამს ქართული სახელმწიფო ქალს სრულფასოვან არსებად და უნდა სარგებლობდნენ თუ არა უპირატესობით ქალები თავიანთი სქესის გამო

„რესპუბლიკური პარტიის” საპარლამენტო ფრაქციის წევრებმა პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმართეს, რომ კოდექსში განიმარტოს ფემიციდი –  გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა, გამოიყოს ცალკე დანაშაულად და მისთვის ცალკევე განისაზღვროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამას გარდა, აღნიშნული გარემოება განიხილებოდეს, როგორც დამამძიმებელი ისეთი დანაშაულების მიმართ, როგორებიცაა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და მსუბუქი დაზიანება, ცემა, ძალადობა, იძულება, მუქარა.
კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დაემატოს 108 პრიმა მუხლი, რომლის თანახმად, ფემიციდი, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრის მიერ, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი ორი, ან მეტი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, ან შეკვეთით –  ისჯება თავისუფლების აღკვეთით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობით.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით, ქალის მიმართ გენდერული ნიშნით მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრის მიერ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება უნდა დაისაჯოს ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ხოლო ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ცემა –  ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი თხუთმეტიდან ოცდაოთხ თვემდე, ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებების მიზანია გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენცია. არჩილ გამზარდიასთან ერთად ვიმსჯელებთ თემაზე, იქნება თუ არა ეს პრევენცია და მართლაც არიან თუ არა ქალები ჩვენს საზოგადოებაში უკიდურესად ჩაგრულები.
– ჩვენ არ ვიცით, როგორია მკვლელობების საერთო სტატისტიკაში მამაკაცების მიერ ქალების მხოლოდ იმიტომ დახოცვა, რომ ისინი ქალები არიან და მართლაც საგანგაშო მაჩვენებელს აღწევს თუ არა ეს მონაცემი სტატისტიკურად. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ეს ცვლილებები: უცხოელების რეკომენდაციაა, ვინმესთვის თავის მოწონების ტენდენცია თუ უბრალოდ ქალების დაცვის გულწრფელი სურვილი?
– უპირველესად, შევნიშნავ, რომ წინააღმდეგი ვარ, მართლმსაჯულება ქალისა და მამაკაცის მიმართ იყოს განსხვავებული, იმიტომ რომ, ზოგადად, თანასწორუფლებიანობის მომხრე ვარ და სექსისტური მიდგომები არ მომწონს. თუკი პოზიტიური მიდგომა შეიძლება, იყოს განსხვავებული სქესის მიხედვით, ესე იგი, სქესის ნიშნით შეიძლება, იყოს ნეგატიური დამოკიდებულებაც. ჩვენ კი, მგონი, თანამედროვე ეპოქაში იმისთვის ვიბრძვით, რომ სქესის მიმართ განსხვავებული მიდგომები არ არსებობდეს და ნებისმიერ საკითხზე ვმსჯელობდეთ თანაბარ პირობებში, ერთნაირი პრინციპებით და ასე შემდეგ. რაც შეეხება მოტივს: შეიძლება, მოტივი აბსოლუტურად გულწრფელი იყოს; შესაძლოა, განსაზღვრული სუბიექტები ქალის უფლებების კუთხით მოითხოვენ ძალიან ბევრს, რომ მინიმალური მაინც მიიღონ და წინ წასწიონ გენდერული საკითხი. მოტივაცია შეიძლება, იყოს ბევრი, მაგრამ ჩემთვის ეს არგუმენტები გაუგებარია, ამიტომ მათ არ ვიზიარებ.
სხვათა შორის, არის შუალედური საკითხები, რომლებზეც შეიძლება, დროებით ან პრევენციის მიზნით, ინდივიდუალური მიდგომა გამოხატო, მათ შორის, ქალთა კვოტირებაზე. წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა ძალიან დამაჯერებლად მიმაჩნია იმ ადამიანების აზრი, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ნიშნავს ქალის ჩაყენებას არათანაბრად მამაკაცთან მიმართებაში, რომ ქალი სუსტი არსებაა, არ შეუძლია თავად წინ წაწევა და საჭიროებს  ხელოვნურ მიდგომას. ეს დაახლოებით ჰგავს მიდგომას, რომ ქალი რთულ სამუშაოს ვერ შეასრულებს. არადა, ჩვენ ვებრძვით ამ სტერეოტიპებს. უცნაურია, მაგრამ ჩვენთან ერთი და იგივე ადამიანები, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგებიან სექსიზმის იდეას, არათანაბარუფლებიანობას, მაგრამ, მეორე მხრივ, აქვთ სექსისტური მიდგომები. ამიტომ ხშირ შემთხვევაში მსგავსი ლოგიკა ჩემთვის გაუგებარია, თუმცა მათი მოტივი შეიძლება, იყოს გულწრფელიც.
– მე კვოტირების მომხრე ვარ, რადგან მგონია, რომ მოემსახურება სტერეოტიპის დაძლევას, მაგრამ უხერხულობას მიქმნის ლოგიკა, რომ, თუკი ქალს ჩავრთავთ პოლიტიკაში, ის აღარ იქნება ძალადობის მსხვერპლი. თუ ქალი ვერ ახერხებს თავის დაცვას, ის სახელმწიფოს როგორ დაიცავს? ხოლო ქალს, ვისაც შეუძლია თავის დაცვა, კვოტირება არც სჭირდება. აქაც არის წინააღმდეგობა.
–   კვოტირების იდეა თავისთავად ეწინააღმდეგება იმ გაგებას, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია, კვოტირების ინიციატივის მქონე პირებს გამოსდით, რომ ქალი არასრულფასოვანია და ამიტომ განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, კვოტირება, როგორც დროებითი წამახალისებელი მექანიზმი, შეიძლება, დროებითი სტიმული იყოს, მაგრამ სისხლის სამართლის საკითხები ხომ ვერ იქნება დროებითი მექანიზმი?! ეს არის მყარი მიდგომა და ყოვლად გაუგებარი. თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება თანასწორუფლებიანობის პრინციპს. სწორედ იმაზე ვმსჯელობთ, რომ მამაკაცი არ უნდა იყოს უპირატესი, რადგან ეს არის თანასწორუფლებიანობის ძირითადი ფორმულა და, ასევე, ბუნებრივია, არ უნდა იყოს გამოყოფილი ქალი, როგორც უპირატესი, ტრანსგენდერი, როგორც უპირატესი, ანუ ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ამა თუ იმ სქესობრივი ნიშნით ხასიათდება, არ უნდა იყოს უპირატესი ან უფრო ქვემოთ მდგომი.
– მე არ ვარ კანონმდებელი, მაგრამ, როგორც მოქალაქის აზრით, იქვე რომ იყოს ჩადებული დათქმა, რომ ანალოგიურად დაისჯება ქალის მიერ მამაკაცის, რაკი ის მამაკაცია, მკვლელობა, ეს უხერხულობა მოიხსნებოდა.
– ჩემთვის საკითხი არის ის, სისხლის სამართალი გულისხმობს მოქალაქეების გარკვეულ ვალდებულებებს და მათი დარღვევის შემთხვევაში გარკვეულ სასჯელს და ის უნდა იყოს თანაბარი ნებისმიერი პირის მიმართ. შეიძლება, იყოს გამოყოფილი ასაკობრივი თვალსაზრისით, არასრულწლოვნებთან ან მოხუცებთან მიმართებაში, მაგრამ სქესის ნიშნით დანაშაულის დაყოფა, უგუნური, გაუგებარი და გენდერიზმის წინააღმდეგ მიმართული მგონია.
– ცნობილია, რომ სასჯელის გამკაცრება არ არის პრევენციის საუკეთესო საშუალება. ჩემი აზრით, ძალადობის მსხვერპლი თანაბრად შეიძლება, იყოს როგორც სუსტი მამაკაცი, ისე სუსტი ქალი, ანუ მთავარი პრობლემა, ზოგადად, აგრესია და ძალადობა მგონია.
– სტატისტიკის შეფასება ხდება შემთხვევების შეფარდებით მთელ მოსახლეობასთან მიმართებაში. ბუნებრივია, თითოეული შემთხვევა არის ტრაგედია, მაგრამ ბოლო ოთხ წელიწადში ქალების მკვლელობის ოცამდე შემთხვევა დაფიქსირდა. ეს რეალობა კი არ ითხოვს განსაკუთრებულ მიდგომებს. მეორე მხრივ, არსებობს შემთხვევები, როდესაც სასჯელის გამკაცრება წაახალისებს დანაშაულს, მაგალითად, მშრალი კანონის მიღებამ ხელი შეუწყო სრულიად სხვა უკანონო დინებებს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც გამკაცრება იწვევს პოზიტიურ ძვრებს, მაგალითად, ნასვამობის გამო მართვის მოწმობის ჩამორთმევამ ხელი შეუწყო, ამ მხრივ, სტატისტიკის გაუმჯობესებას. ასე რომ, ცალსახად თქმა რთულია, რა შედეგს გამოიწვევს კონკრეტულად ამ სასჯელის გამკაცრება. ვფიქრობ, სისხლის სამართლის კოდექსში ამგვარმა ცვლილებამ შესაძლოა, წაახალისოს ქალის მიმართ ძალადობა და ამ კონკრეტული დანაშაულის სტატისტიკა სწორედ ამ კანონის გამო გაიზარდოს.
– ქალის მკვლელობისთვის რომ სამუდამო პატიმრობა დაწესდეს, შესაძლოა, შემცირდეს კიდეც ამ ტიპის დანაშაული.
– მეორე მომენტიცაა. გამოდის, რომ მამაკაცი უფრო ნაკლებად ადამიანია და შესაძლოა, ამ გამკაცრებამ წაახალისოს მამაკაცების მკვლელობა. თუმცა არც ისაა გამორიცხული, თუნდაც, ქალების მკვლელობის რაოდენობა გაიზარდოს. არასასიამოვნოა, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ქალის მკვლელობის ფაქტები,  მაგრამ ეს არასაგანგაშო მაჩვენებელია და შესაძლოა, ევროპის ქვეყნებში უფრო მძიმე სტატისტიკაც იყოს.
– როდესაც ჩვენ ვლამობთ ფემიციდის მუხლის დამატებას შესაბამის კანონმდებლობაში, ამით რას ვუსვამთ ხაზს: რომ ჩვენ ევროპულები ვართ თუ, პირიქით, ჩვენს ჩამორჩენილობას?
– დასაწყისში თქვით ერთი ვერსია: თავის მოწონების სურვილი. ამდენად, შესაძლოა, ამ ინიციატივის ავტორების მოტივი ვინმესთვის თავის მოწონებაც იყოს.
– და ჩვენს სახელმწიფოს როგორ დაახასიათებს ამგვარი კანონმდებლობა:  ებრძვის ქალთა მიმართ ძალადობას თუ, პირიქით, ისეთი ველურები არიან, რომ ქალებს ხოცავენ გამალებით?
– ინიციატივის ავტორები არიან გარკვეული სუბიექტები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო, მაგრამ, თუ სახელმწიფო მათ პოზიციას გაიზიარებს და ამ ინიციატივას აქცევს კანონად, მაშინ ის ამით ხაზს გაუსვამს, რომ ეს ქვეყანა არ არის განვითარებული. სრულფასოვნად არ აღიქვამს თავის მოქალაქეებს და ასხვავებს მათ გენდერული ნიშნით. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ყველას თანაბრობაზე, მიუხედავად სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა, უმცირესობა-უმრავლესობისა, მრწამსისა და ასე შემდეგ, ვაკეთებთ აქცენტს, რომ არავინ უნდა იყოს უპირატესი, ხოლო, თუ სახელმწიფო ამ ინიციატივას გაიზიარებს, ხაზს გაუსვამს, რომ საკითხს ასე არ ხედავს, ეს საკმაოდ ცუდი ტონი იქნება.
– საქართველოში ადრეული ქორწინებების სტატისტიკა საგანგაშოა, მაგრამ საერთო მაჩვენებელზე გავლენას ახდენს კონკრეტული რეგიონების მაჩვენებლები, რომლებშიც ეთნიკური არაქართველები ცხოვრობენ და ადრეული ქორწინება მათი ტრადიციაა. არასამთავრობო სექტორი მოითხოვს, რომ პოლიციამ იმოქმედოს ხისტად, თუმცა, მგონია, რომ სახელმწიფოს სიხისტემ შესაძლოა, ეთნიკური დაპირისპირების საბაბი მისცეს დაინტერესებულს. როგორ შეიძლება, ეს პრობლემა გადაწყდეს მრავალეთნიკური საქართველოს პირობებში?
– ეს საკითხი არ არის რთული და რატომ: ჩვენთან არა მხოლოდ ასეთ დასახლებებში, რომლებშიც ეთნოკულტურული მახასიათებელია ადრეული ქორწინება, არამედ დომინანტ ეთნიკურ კულტურაშიც, წინა თაობებში, ადრეულ ქორწინებას ნორმად განიხილავდნენ. მაგრამ იმის გამო, რომ თანამედროვე ეპოქაში ჩვენი განვითარების ტემპი გაიზარდა, ამ შეხედულებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა და ძალიან იშვიათია, მსგავსი რამ გავიგოთ. იმის თქმა მინდა, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა საზოგადოებრივი ინტეგრაციის მაღალი დონე. სახელმწიფო ენის ცოდნა, განათლების დონის ამაღლება, უფლებრივი სივრცის გაფართოება, რომ ქვეყანაში ეთნიკურ მახასიათებელს არ ჰქონდეს უპირატესი ფუნქცია და ადამიანებს უყვარდეთ თავიანთი სამშობლო, მიუხედავად ეთნიკური წარმოშობისა. მე მყავს სტუდენტები, რომლებიც ასეთ  დასახლებებში ცხოვრობენ და იქაც დრომ მოიტანა ირონიული დამოკიდებულება მიღებული სტერეოტიპებისადმი. ეს შეუქცევადი პროცესია და ამის დაჩქარება შეიძლება მხოლოდ რბილი დამოკიდებულებით და არა სახელმწიფოს რეპრესიული მანქანის ჩარევით. ზოგადად, თანამედროვე საზოგადოება იმით განსხვავდება ბევრი სხვა ეპოქის საზოგადოებისგან, რომ აქვს შესაძლებლობა, არჩევანი და იქმნება გარემო, რომელშიც ადამიანი აკეთებს უფრო გონივრულ არჩევანს, ვიდრე იძულებითს. იმიტომ რომ, იძულების რეჟიმში თანამედროვე საზოგადოებები არ მოქმედებენ, იძულების რეჟიმში მოქმედებს, მაგალითად, ირანი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ამ ტიპის სახელმწიფოები. ჩვენ კი ვიცით, როგორია ამ სახელმწიფოებისადმი ცივილიზებული ქვეყნების დამოკიდებულება. ამდენად, ასეთი მიდგომებით ჩვენ შეიძლება, მხოლოდ დავემსგავსოთ, ამ მხრივ, განუვითარებელ სახელმწიფოებს.

скачать dle 11.3