რა რაოდენობის თანხა მიიღო გიორგი ვაშაძემ ბიუჯეტიდან როგორც სახელმწიფო მოხელემ და პოლიტიკოსმა 11 წლის განმავლობაში
საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაიცონალური მოძრაობიდან“, ოღონდ, აწ უკვე მშობლიურ პარტიას გამიჯნული გიორგი ვაშაძე 1981 წელსაა დაბადებული ჭიათურაში. უმაღლესი განათლება სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილას აქვს მიღებული: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ჰარვარდის ბიზნესსკოლაში, ოღონდ, ზუსტად არ ვიცით, სად რამდენ ხანს და, სახელდობრ, რა სპეციალობებს ეუფლებოდა; სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ფლობს სამ სპეციალობას: სახელმწიფო მართვას; იურიდიულს და ბიზნესმენეჯმენტს.
ბ-ნი ვაშაძის შრომითი საქმიანობა 2001 წელს დაიწყო საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელეთა ასოციაციის თავმჯდომარეობით. 2003-2005 წლებში ინტერპოლის ინსპექტორი იყო და, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიაში მიწვეული სპეციალისტი. 2005 წლის იანვრიდან სექტემბრამდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსად მუშაობდა, შემდეგ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ. 2006 წლიდან სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა, 2010 წელს კი, იმავდროულად, იუსტიციის მინისტრის მოადგილედაც დაინიშნა, ხოლო 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრია.
მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2005 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო როგორც ჩუღურეთის რაიონის საპასპორტო და რეგისტრაციის სამსახურის უფროსმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: დედა – ნანა მოდებაძე, მამა – გუტა ვაშაძე და 1983 წელს დაბადებული ძმა – დავითი. ოჯახის ქონება იმხანად შემდეგნაირი გახლდათ: გიორგი ვაშაძის საკუთრება იყო 1990 წლის ავტომანქანა „ოპელ ომეგა“; ნანა მოდებაძეს ეკუთვნოდა საცხოვრებელი სახლი ჭიათურაში, ხოლო გუტა ვაშაძეს – საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ჭიათურაში, საცხოვრებელი ბინა თბილისში (დიღმის მასივში). აგრეთვე, რუმინული და გერმანული წარმოების საძინებელი გარნიტურები და არაბული სამეული. დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ ნანა მოდებაძეს ჰქონდა – 2 500 ლარი. 2004 წლის განმავლობაში გიორგი ვაშაძემ, როგორც საპარლამენტო კომისიაში მიწვეულმა სპეციალისტმა, 135 ლარი აიღო; როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგმა – 28 ლარი; ნანა მოდებაძემ, როგორც მეოთხე სამშობიაროს ლაბორატორიის გამგემ – 120 ლარი, როგორც სამედიცინო ცენტ „ლაზერის“ ექიმმა-ლაბორანტმა, 50 ლარი; გუტა ვაშაძემ, როგორც „ორთოჯორჯიას“ დირექტორმა, 120 ლარი, ხოლო, როგორც საქართველოს პარლამენტის „ავტობაზის“ მთავარმა სპეციალისტმა, 228 ლარი (დეკლარაციაში არ არის განმარტებული, თუმცა შესაძლოა, აღნიშნული თანხები მათ ყოველთვიურ ანაზღაურებას შეადგენდეს).
ბ-ნმა ვაშაძემ ბოლო დეკლარაცია 2015 წელს შეავსო როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე – 1989 წელს დაბადებული ქეთევან სიჭინავა და სამი შვილი: 2011 წელს დაბადებული მიხეილი, 2012 წელს დაბადებული დავითი და 2015 წელს დაბადებული ანასტასია. გიორგი ვაშაძის საკუთრებაა ბინა (106 კვ. მ.) და ავტოფარეხი (30 კვ. მ.) მცხეთის ქუჩაზე; მის მეუღლეს კი ეკუთვნის არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, სტანისლავსკის ქუჩაზე (100 კვ. მ.). მიხეილ ვაშაძე ანაბარზე ინახავს 11 545 ლარს, გიორგი ვაშაძე – 6 821 და 2 027 აშშ დოლარს, ქეთევან სიჭინავა – 5 270 ლარს; დეპოზიტზე კი – 5 188 ლარსა და 5 515 ევროს. დეკლარაციის შევსების მომენტში გიორგი ვაშაძეს ნაღდ ფულად 4 500 ლარი ჰქონდა, მის მეუღლეს – 3 500 აშშ დოლარი. რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წლის განმავლობაში ბ-ნმა ვაშაძემ, როგორც პარლამენტის წევრმა, 61 665 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ კი, როგორც ფონდ „ლიბერალური კვალის“ დირექტორმა – 18 750, ხოლო, როგორც ინოვაციებისა და განვითარების ფონდის დირექტორმა, 18 263 ლარი; ასევე, ფართის გაქირავებით – 22 020 ლარი. გიორგი ვაშაძეს 2008 წელს აღებული 96 000 აშშ დოლარის კრედიტის მომსახურება 16 107 აშშ დოლარი დაუჯდა.
2010 წლის განმავლობაში გიორგი ვაშაძემ, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, 90 900 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ არასაცხოვრებელი ფართის გაქირავებით – 21 600 აშშ დოლარი. 2012 წელს ბ-ნი ვაშაძის წლიურმა შემოსავალმა 88 735 ლარი შეადგინა, მისი მეუღლისამ –19 800 ლარი (ფართის გაქირავებით). 2013 წელს გიორგი ვაშაძის შემოსავალი 56 000 ლარამდე იყო, მისი მეუღლის – იმავე საქმიანობით, 31 680 ლარი. 2013 წელს – გიორგი ვაშაძემ 61 665 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ, ფართის გაქირავებით – 24 000 ლარი, ხოლო, როგორც ფონდ „ქართული გალობის” დირექტორმა, 18 750 ლარი.