კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ალექსანდრე არუთინოვის მიერ ფიროსმანის ნახატებით შექმნილი კოლექცია ყველაზე მოდური ჰიტი და რატომ ინტერესდებიან ამ დიზაინერით ცნობილი ვარსკვლავები

დიზაინერი ალექსანდრე (ALEXANDER ARUTYUNOV), იგივე საშა არუთინოვი წლებია, მოსკოვში ცხოვრობს და დღეს რუსეთში ერთ-ერთი წარმატებული და მოთხოვნადი დიზაინერია. მის სამოსს ძალიან ბევრი ცნობილი და არაცნობილი ადამიანი ატარებს. მას განსაკუთრებული წარმატება და აღიარება ფიროსმანის ინსპირაციით შექმნილმა სამოსმა და აქსესუარებმა მოუტანა, რომელიც რუსეთში მალევე მოდურ  ჰიტად იქცა. რაც მთავარია, მისი საოცარი ნიჭიერებით, სილამაზით, ესთეტიკით გადმოცემულმა ფიროსმანის ნამუშევრებმა, ნიკალა ბევრ ადამიანს გააცნო და შეაყვარა. სულ ცოტა ხნის წინ მისი სათვალეები და ერთი კაბა ლედი გაგამაც მოირგო. თუმცა, პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს საოცრად ნიჭიერი და ძალიან პოზიტიური, თავმდაბალი ადამიანი, კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწევს.
ალექსანდრე არუთინოვი: საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ. აქ ცხოვრობენ ბებიაჩემი და ჩემი მეგობრები. ახლა 6 მაისს „მერსედეს ბენც ფეშენ-ვიქზე” მექნება ჩვენება (ინტერვიუ ჩაწერილია 5 მაისს – ავტორი).
– ნოსტალგიის მომენტი, ალბათ, სულ გაქვს.
– ნოსტალგია კი არა, ვკვდები. თუმცა, მოსკოვშიც უკვე ისე ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში. მე ორ ქვეყანაში ვცხოვრობ, ორ ქალაქში: ხან – მოსკოვში, ხან – თბილისში. ეს ორი ქვეყანა ერთნაირად მიყვარს. როდესაც მოსკოვში მივდივარ, თბილისი საშინლად მენატრება, თბილისში რომ ჩამოვდივარ – მოსკოვი. თუმცა, უცხოეთში რომ მოვდივარ, მაშინ უფრო მენატრება მოსკოვი, რადგან საქართველოში 24 საათი მეგობრებთან ერთად ვარ.
– 6 მაისს „მერსედეს ბენც ფეშენ-ვიქზე” შენი ჩვენება გაიმართება, რომელსაც ქართველი საზოგადოება მოუთმენლად ელოდება.
– კოლექცია 60 ლუქისგან შედგება, მაგრამ ჩამოვიტანე 37 ლუქი. ვერ ჩამოვიტანე აქსესუარები, ქუდები, ლამაზი შლაპები. მთელი კოლექცია, დეკორაციები რომ ჩამომეტანა, ამისთვის ერთი „ბოინგი” მჭირდებოდა. ამის საშუალება კი არც საქართველოს აქვს და არც მე.
– მახსოვს, ზაფხულში როდესაც „აჭარის მოდის კვირეულზე” უნდა გამოსულიყავი, ჩამოფრენისას საქართველოს საზღვარზე გარკვეული პრობლემები შეგექმნა. ახლაც ხომ არ მოხდა მსგავსი ინციდენტი?
– პრობლემები სულ არის. ახლაც საბუთები, ყველაფერი წესრიგში მქონდა. დაფიქსირებული იყო, რომ მოდის კვირეულზე მოვდიოდი, მაგრამ ჩვენი ჩემოდნები გახსნეს, შეამოწმეს, ერთი საათი მაინც გამაჩერეს: ჩვენ საქართველოს ვიცავთო. ვისგან, ჩემგან-მეთქი? ადამიანი ჩამოვედი ქვეყნის იმიჯისთვის, სახელისთვის, გასაყიდად ხომ არ მიმაქვს ან მომაქვს კოლექცია, ჩვენებას ვაკეთებ. თუ საქართველოს ჩემნაირებისგან იცავთ, მაშინ კარგად გქონიათ საქმე. 100 კაცი დაგვესია, არ ვიცი, რა ეგონათ, ამოგვიყარეს ყველაფერი. მე მიყვარს საქართველო და ეს ვერ შემაჩერებს. რამდენჯერაც მომინდება, იმდენჯერ ჩამოვალ. მაგრამ, დავუშვათ, ჯონ გალიანო ჩამოვიდეს და ასეთ დღეში თუ ჩააგდებენ, ხომ წარმოგიდგენია, რას იზამს.
– ქართული საზოგადოების წინაშე ცოტა მეტად ნერვიულობენ ხოლმე. შენს შემთხვევაში როგორ არის?
– უკვე აღარ ვნერვიულობ. ჩემს ცხოვრებაში ეს უკვე მეათე ჩვენებაა. თან, ვინც მოდის, ყველა ჩემი მეგობარია და მათი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველების აზრი, შთაბეჭდილებები უფრო მაინტერესებს, ვიდრე რუსების, რადგან ქართველები უფრო მოდურები არიან. მოსკოვშიც გიჟდებიან ქართველ დიზაინერებზე, რადგან გამორჩეული სტილი აქვთ და ეს ყველას ხიბლავს.
– შენი კოლექცია – „ფიროსმანი” მოდურ ჰიტად იქცა. დიდი მოწონება დაიმსახურა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრმა გაიცნო ჩვენი საამაყო ნიკალა, რისთვისაც ნამდვილად იმსახურებ დიდ მადლობას.
– ეს რუსეთში იმ მომენტში გავაკეთე, როცა ყველას შეეშინდებოდა ამის გაკეთება. მაგრამ, რუსეთმა ისე კარგად მიიღო, ყველგან დაბეჭდეს, ყველა ფოტოებს იღებდა და დებდა თავის გვერდზე. ქსენია სობჩაკს და რა ვიცი, კიდევ  ვის არ ეცვა. საქართველოდან ისეთი წერილები მივიღე... სომეხმა აიღო ფიროსმანი და გააკეთაო. საქართველოში ვარ დაბადებული. დედაჩემი, მამაჩემი ყველანი აქ არიან დაბადებულები. ქართველს აეღო და გაეკეთებინა – ვინმემ ხელი შეუშალა? იმის მაგივრად, რომ მადლობა ეთქვათ – ამით ხომ პოპულარიზაციას ვუწევ არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. რა თქმა უნდა, იყო კარგი კომენტარებიც, მაგრამ იყო საშინელი ლანძღვაც. გიჩივლებთ, იმას გიზამთ... კანონიც არ იციან. თუ კივი, რომ უნდა მიჩივლო, კანონი ხომ მაინც უნდა იცოდე? მე გავაკეთე, „ფეშენში” გავუშვი და ყველგან გაშუქდა. ბლოგებში იწერებოდა, ცნობილი ჟურნალების ყდებზე იბეჭდებოდა. ჩვენ ვიცით, ვინც არის ფიროსმანი, ვიღაცეებმაც იციან რუსეთში. მაგრამ, როგორც რუსეთში, ასევე უცხოეთშიც, ბევრმა არ იცის მის შესახებ. ბევრმა მკითხა: ვინ არის ეს წამოწოლილი ქალიო, ან ეს „ოსლიკიო”  და მეც დაწვრილებით ვუხსნიდი. მერე მადლობას მიხდიდნენ. აქსანა ძალიან ცნობილი სტილისტია და ამის შემდეგ სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში. წავიდა მუზეუმში ფიროსმანის ნახატების სანახავად და შემდეგ პოსტებში მადლობას წერდა: მადლობა, რომ ასეთი დიდი მხატვარი გამაცანიო. მე კი არ ვამბობ, რომ ხალხს თვალი ავუხილე ფიროსმანზე, უბრალოდ, მათ, ვინც არ იცის მის შესახებ, ბევრი რამ შეიტყვეს ჩემი დახმარებით. პრეს-რელიზებში და ყველგან ვყვებოდი მის ისტორიას, ვავრცელებდი ინფორმაციას მის შესახებ.
– როგორც ვხვდები, ფიროსმანი შენი საყვარელი მხატვარია.
– ბავშვობიდან ვგიჟდებოდი მასზე, ჩემი ოცნება იყო. პრიმიტივიზმი მოსწონთ ბავშვებს და შემდეგ, როცა იზრდები, უკვე ხვდები, აცნობიერებ – ეს რა არის, რასთან გაქვს საქმე. ყოველთვის მინდოდა, ამის გაკეთება, მაგრამ არ ვაკეთებდი, რადგან ვფიქრობდი: სანამ არ მექნება დიდი ფული, რომ ის ხალხს ღირსეულად ვაჩვენო, მანამდე არ გავაკეთებ-მეთქი. როცა ეს დღე დადგა, მე ოცნება ავისრულე. სულ ხელით არის დახატული, დაქარგული, ნამუშევარი უმაღლესი დონისაა. „ბაბუშკები” ისხდნენ და „კრესტიკებით” ქარგავდნენ.
– წლების განმავლობაში, დიდხანს, დაუღალავად შრომობდი იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყავი. სანამ წახვიდოდი, თბილისში ძალიან ცნობილი სტილისტი იყავი – „საშა ლა ჟოლი” და უცებ მოგიწია, ყველაფრის თავიდან დაწყება.
– თმებს ვჭრიდი. მაგრამ, ერთ დღეს, თბილისში ყველაფერი მივატოვე, რადგან მივხვდი, რომ ეს იყო პიკი. ამის იქით ვერაფერს გავაკეთებდი. ავდექი და წავედი. არ შემიძლია ერთ  ადგილას გაჩერება. თუ რაღაცას მივაღწევ, უნდა წავიდე წინ. თბილისი მე უკვე ვერაფრით მაკავებდა, მეგობრების გარდა. ისინი კი ჯობდა, ჩამოსულიყვნენ და მოსკოვში დავხვდებოდი.
– ადრე მახსოვს, ამბობდი: როდესაც მამამ ჩემი სტილისტობის შესახებ შეიტყო, აღშფოთდა: ჩემი შვილი დალაქი ვერ იქნებაო. როგორი რეაქცია ჰქონდა მას შენს დიზაინერობაზე?
– ამაზეც აღშფოთდა. ბავშვობაში თოჯინებს კაბებს რომ ვუკერავდი, დედაჩემს ეჩხუბებოდა. მახსოვს, 8 მარტს დედას ხელსახოცი დავუქარგე და მივულოცე. მამა გაგიჟდა: ვერ ხედავ, ბიჭია და რას აკეთებსო. დიდი ამბავი და ჩხუბი გვქონდა. მერე მამა გარდაიცვალა, მაგრამ ჰქონდა ცოტა დრო, რომ ჩემით ეამაყა. მე ჩემს საქმეში განათლება არ მაქვს. როცა მშობლები გზას გაძლევენ, გეხმარებიან: თუ გინდა, მიდი, მიდი და ისწავლეო – უფრო მარტივად მიდის მერე ყველაფერი. მე ამის საშუალება არ მქონია. მშობლებმა იურიდიულზე შემიყვანეს, ერთი წელი ვიარე და რომ არ ვსწავლობდი, გამომაგდეს. განათლება რომ მქონოდა ჩემს საქმეში, ამდენი დრო არ დამჭირდებოდა და ამდენს არ ვიწვალებდი.
– პირველი კოლექცია, რომელმაც მოსკოვში აღიარება მოგიტანა...
– თუ გახსოვთ, ეს ის კოლექციაა, ბუმბულები რომ ჰქონდა. ლენა პერმინოვამ იყიდა ორი მაისური. ჩავიდა მოდის კვირეულზე პარიზში, სადაც ძალიან მიღებული გოგოა, და ერთი ამბავი ატყდა: ვინ არის, ვისი აცვიაო და იქიდან წამოვიდა ყველაფერი. ნელ-ნელა მომაქციეს ყურადღება. უცებ ბუმი არ ამტყდარა ჩემზე. დღესაც არ არის ისეთი ბუმი, რომ ჩემი  სახელი შორსაა გავარდნილი-მეთქი, ვთქვა.  ტოპ-დიზაინერების სიაში ვარ, მაგრამ თავზე რომ მეხვეოდნენ, ასე არ არის. მაგრამ, ასე უკეთესია, რადგან უფრო მეტი სტიმული მაქვს და მეტი მიზნები. ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაო.
– უცხოეთში ჩვენების მოწყობას აპირებ?
– პარიზის მოდის კვირეულზე გამოსვლა – ჩემი ოცნებაა. ძალიან ძნელია. იმდენი ფული უნდა გქონდეს, ჯერ მხოლოდ ლოკაციაში რომ გადაიხდო. ჯერ არ მაქვს ამის საშუალება. ვცხოვრობ მოსკოვში, სადაც შემიძლია ბევრი რამ გავაკეთო უფასოდ. თბილისში იმისთვის ჩამოვდივარ, რომ სოფო ჭყონიას ჩამოჰყავს ევროპელი სტუმრები. ასეთები არ არიან მოსკოვში. რასაც სოფო ჭყონია აკეთებს ქართველი დიზაინერებისთვის, ნეტავ, ასეთ რამეს აკეთებდეს ვინმე ჩვენთვის მოსკოვში. ასეთი არ გვყავს მოსკოვში. იქ არავის აინტერესებს: ვინ ხარ, რა ხარ, ხელს არავინ წაგახმარს. მოსკოვში ევროპელი სტუმრები რომ მოგიყვანონ ჩვენებაზე, ალბათ, მილიონები უნდა გადაუხადო და თბილისში, სოფოსთან კი ეს ფუფუნება არის. როცა აქ ჩამოვდივარ, გაყიდვაზე არც ვფიქრობ. ძირითადად, პრესის გამო გამოვდივარ, რადგან მოსკოვიდან ევროპულ საიტებზე ვერანიარად ვერ მოხვდები.
– საქორწილო კაბებზე მუშაობ?
– მაქვს ისეთი კაბები, რომელსაც ფერს თუ შევუცვლი, საქორწილო გამოდის. ცალკე საქორწილო კაბების ხაზი არ მაქვს. ცოტა ხნის წინ ერთ სომეხ გოგონას, მერის, რომელიც ძალიან ლამაზია, გავუკეთე საქორწილო კაბა. სომხეთში ცხოვრობს, მაგრამ ქორწილი სხვა ქვეყანაში ჰქონდათ. მეც ჩავფრინდი. ძალიან ლამაზი კაბა იყო, მილიონი რეპოსტი ჰქონდა. ისეთი ამბავი ატყდა თავად სომხეთშიც: ქვეყანა ასეთ დღეშია და ასეთი ძვირად ღირებული კაბა შეუკვეთეთო.
– ცოტა ხნის წინ, შენი კაბა ლედი გაგამ ჩაიცვა. მომიყევი ამის შესახებ.
– სახლში მივდიოდი და ჩემმა თანაშემწემ დამირეკა: ამერიკიდან გვწერენ, რომ ლედი გაგას უნდა ესა და ეს კაბებიო. ცრემლები წამომივიდა: მეხუმრები-მეთქი. მერე, ფოტო რომ დავდე ჩემს კაბაში, მითხრეს: ბევრ რუს დიზაინერს მისწერესო, არადა მარტო ჩემი კაბა ეცვა. მოკლედ, 4 ლუქი აირჩია. გავუგზავნეთ და თან, ჩავდე ჩემი ცნობილი სათვალეები, ზურგჩანთა და კიდევ სხვა აქსესუარები. იქიდან არაფერი ჩაუცვამს, მაგრამ ერთ-ერთ ჩვენებაზე ეკეთა ჩემი სათვალე. მაშინვე გამოგვიგზავნეს სურათები. ეს კაბები რომ არ ჩაიცვა დიდხანს, ვინერვიულე. მერე მოგვივდა წერილი: ლედი გაგას ნიუ-იორკში, ტონი ბენეტთან ერთად აქვს კონცერტი და საშამ 3 მოდელი დაგვიხატოსო. 10 დავხატე და იქიდან ორი აირჩია. ერთი კაბა, დიდი „ბანტით” და მეორე – გამჭვირვალე ქვედაბოლო  და „ბარხატის” ზედა. „ბანტიანი” არ ჩაიცვა ტონი ბენეტის კონცერტზე, ის შავი ეცვა. ისეთი ამბავი ატყდა: რამდენი გადაიხადა, რომ ლედი გაგამ მისი „შმოტკა” ჩაიცვაო. ისეთი ემოციები მქონდა, რომ ვნახე... არც მიოცნებია, რომ ლედი გაგა ან ვინმე უცხოელი ვარსკვლავი ჩაიცვამდა ჩემს კაბას. თუმცა, ნიუ-იორკში ბევრი მეგობარი მყავს და ისინი მეუბნებიან: აქ ყველა გიცნობს, ჟურნალისტებიცო და იციან, ვინ ხარო.
– რამე გეგმა გაქვს ნიუ-იორკთან დაკავშირებით?
– ბინა მინდა მანჰეტენზე, მაგრამ ფული არ მაქვს. ჩვენების გაკეთებას სერიოზული ფული სჭირდება, სპონსორი. არ შემიძლია, ჩავიდე და სამი „კუწი” ვაჩვენო. მე მაინც პერფექციონისტი ვარ და რასაც ვაკეთებ, ის აუცილებლად იდეალური უნდა იყოს. მინდა, მაგრამ გეგმებში არ მაქვს.

скачать dle 11.3