როგორ „აქორწინებს” გიგა ხატიაშვილი ქართულ დამწერლობას სხვა დამწერლობებთან
„ყოველდღე – ერთი სიტყვა-ნიშანი“ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორი გიგა ხატიაშვილი „ფეისბუქში“ ყოველდღე დებს ქართული შრიფტით გაკეთებულ თითო სიტყვა-ნიშანს. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზად არის გაკეთებული, თითოეული მათგანი შეიცავს არა მხოლოდ ასო-ნიშანს, არამედ სიტყვის ან მოვლენის შინაარსსაც. შესაბამისად, თითოეული სიტყვა-ნიშანი ადამიანებში გარკვეულ ემოციებს აღძრავს.
გიგა ხატიაშვილი: ამ ნამუშევრებს ჩემს პედაგოგებს ვუძღვნი – ლადო გრიგოლიას ქვრივს, ინნა დივნოგორცევა-გრიგოლიას, ასევე გაბრიელ ნადარეიშვილს და ჩემს ბიძას, ემერ ბურჯანაძეს, რომელიც ქართული გრაფიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ყოველდღე ვაკეთებ თითო ნამუშევარს, შემდეგ შევაგროვებ, ხელით დავამუშვებ და დავბეჭდავ უფრო დიდ ფორმატში. ის, რასაც ახლა ვაკეთებ, უფრო კალიგრაფიული ნამუშევარია, თუმცა, საკუთარ თავს კალიგრაფისტად არ მივიჩნევ. მე შევეცადე, ქართული ასო-ნიშნებისა და სიტყვების მეშვეობით სემნატიკური იერსახე შემექმნა – სიტყვა, რომელიც შეიცავს არა მხოლოდ ასო-ნიშანს, არამედ მის შინაარსსაც. როცა საქართველოში ვინმე რამეს წამოიწყებს, აუცილებლად გაჩნდებიან მრჩევლები. როცა გავაკეთე „ხარი“, მეუბნებოდნენ: იქნებ ხარის ფეხები ცოტა წინ ან უკან გასწიოო. ბოდიში ასეთი მაღალფარდოვანი და ამბიციური სიტყვებისთვის, მაგრამ, მე მაინც ვეწევი ქართული დამწერლობის, უფრო კონკრეტულად – ანბანთქებას, ხატოვანი და ვიზუალური თვალსაზრისით. ამ სერიის გაკეთების სურვილი წელს, მარტში გამიჩნდა, მაშინ, როცა ყველაფერი იღვიძებს და შთაგონება მომცა ჩემმა მეორე ნახევარმა – ნინამ. ის წლების განმავლობაში მაკრიტიკებდა, მაჯანჯღარებდა, არ მაძლევდა მოსვენებას, რადგან ჩემში ხედავდა ამ შემოქმედებით პოტენციალს, რომელსაც ადრინდელ წლებში უფრო ვამჟღავნებდი. ეს პროექტი არის 366-დღიანი ბრძოლა ქართული დამწერლობის პოპულარიზაციისთვის. ჩემი მიზანია, დავამარცხო საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპი, რომ თითქოს ქართული დამწერლობა მოუქნელია და არ არის თავსებადი ევროპულთან. მე არაერთი პოპულარული სავაჭრო ნიშნისა და ბრენდის ავტორი ვარ, შემიქმნია ლათინურ შრიფტთან თავსებადი არაერთი სავაჭრო ნიშანი. როცა ქართული დამწერლობა მუშაობს სხვა ტიპის დამწერლობასთან, აქ აუცილებელია „შეუღლება.” ისინი ისე უნდა შევაუღლოთ, როგორც ნეფე და პატარძალი, ანუ, ხდება სხვადასხვა დამწერლობისა და კულტურის დაქორწინება. მინდა, ქართულმა დამწერლობამ, გრაფიკამ და ტიპოგრაფიკამ დაიმკვიდროს თავისი ღირსეული ადგილი მსოფლიოს ვიზუალური ხელოვნების საუნჯეში. ჩემი სადისერტაციო თემაა ქართული და სხვა ქვეყნის დამწერლობის ჰარმონიული შეუღლება. მინდა ჩემი პროექტით ქართველ მომხმარებელში განვავითარო ეგრეთ წოდებული აბსტრაქტული აზროვნება, აბსტრაქტული ფსიქო-მოტორიკა. ამ ნამუშევრებს გააჩნიათ თავისი ფუნქცია – ხატოვანი იერსახით, სილუეტებითა და სემანტიკით დაეხმაროს, უბიძგოს, მისცეს იმპულსი მომხმარებელს თითოეული სიტყვა-ნიშნის აღქმაში. მაგალითად, „კატას“ უყურებს ადამიანი: ვიღაცამ წაიკითხა როგორც „ჩტა“, „ჯატა“, სინამდვილეში მე „კანი“ და „ანი“ ისე „შევაუღლე,” რომ გამომივიდა კატის ტანი, წინა კიდურები, თავი, ყურები და ბოლოში „ანი“, რომელიც წარმოადგენს როგორც კუდს, აგრეთვე უკანა კიდურის გაგრძელებას. ანუ, რაღაც ანატომიურ თანხვედრაში მოვიდა. მაგალითად, „წიწაკა“ – ასო ნიშანი „წილ“ უკვე წიწაკისებურია. შეიძლება, მე არატრადიციულად მივუახლოვე ასო-ნიშნის სხეული სხვა ელემენტებს, მაგრამ, ისეთი ემოციური მუხტი მივეცი, რომ მას მკითხველი ადვილად აღიქვამს.
– თქვენ თქვით, ყოველდღე თითო სიტყვა-ნიშანი იქმნებაო. მუშაობის დაწყებისას თუ აქვს მნიშვნელობა იმ დღის ემოციას ან აწმყოსა თუ წარსულში მომხდარ გარკვეულ მოვლენებს?
– პირველი ბიძგი მაინც ემოციაა. მაგალითად, 9 აპრილს ერთი ემოცია მქონდა, ძალიან უარყოფითი: ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა დაივიწყა ეს ღირსშესანიშნავი, მაგრამ სისხლიანი მოვლენა. ამ გაღიზიანებამ, უარყოფითმა ენერგიამ გამოიწვია ამ ნამუშევრის შექმნა, ანუ 9 აპრილის სიტყვა-ნიშანი შეიქმნა, სადაც ცხრიანი და სიტყვა „აპრილი“ გაერთიანებულია ნიჩბის პირთან და ტარში. საკმაოდ სერიოზულ ნამუშევართა სიაში შევიდა. ჩემი მეუღლე ზოგჯერ მაკრიტიკებს – არცთუ ისე სუფთაა შენი ნამუშევრებიო. მოდი, გავიხედ-გამოვიხედოთ, რა გარემოში ვცხოვრობთ. „ალქაჯი“ ძალიან ემოციური გამოვიდა და სუფთად რატომ უნდა იყოს დაწერილი? – ალია, ქაჯია, მისტიკაა, ჯადოქრობაა, ბოროტებაც. ქართულ მოზვერს რომ შეხედავ, სუფთა და მოვლილი როგორ უნდა დახატო? სად გვაქვს გაქათქათებული და გაპიწკინებული მოზვერი? ნიშანს, შრიფტსა თუ ვიზუალურ ესთეტიკას, უშუალო ხაზმა, ლაქამ, მელნის დამატებითმა ხაზმა ან ნათითურმა სხვა ენერგია და ემოცია შეჰმატოს. სუფთა ნამუშევრის შექმნა შეიძლება, შემიქმნია კიდეც. ამის ბევრი საშუალება არსებობს, მაგრამ, შევხედოთ, რა გარემოში ვცხოვრობთ!
– რამდენჯერმე ახსენეთ მეუღლე. რა კავშირი აქვს მას თქვენს საქმიანობასთან?
– ნინა ხატიაშვილი პროფესიით ტანსაცმლის მოდელიერი და დიზაინერია და, თავის დროზე, ბევრ ქართველ დიზაინერთან ერთად, ქართული მეწაღეობის ინდუსტრიას ედგა სათავეში. მერე რეკლამაში შევიტყუე, ერთად ვიმოგზაურეთ, ერთად ვიმუშავეთ უკრაინაში, ყაზახეთში, თურქეთში და, ბოლოს, 2008 წელს, დავაფუძნეთ ჩვენი სარეკლამო ლაბორატორია – „919,“ შევქმენით არაერთი წარმატებული ბრენდი და ბევრის სახელწოდების შექმნაშიც მიგვიძღვის წვლილი. უცხოეთში ვმუშაობდი მსოფლიოში აღიარებული ქსელური სარეკლამო სააგენტოს კიევის ფილიალში, ვთანამშრომლობდი მსოფლიოს წარმატებულ ბრენდებთან და კომპანიებთან.
– სიტყვა-ნიშნებს დავუბრუნდეთ: რომელი იყო პირველი ნამუშევარი?
– ჩემი პირველი ნამუშევარი იყო „კოღო“. ის შეიქმნა ერთი ხაზით; უხეშია, არ არის სუფთა და კრიალა, კოღოა მოკლედ. დილით გავიღვიძე, მარტის პირველი რიცხვებია, უცებ კოღოს ხმა გავიგე და გამიჯდა თავში. ანუ, დღის განმავლობაში რაც გამიჯდება თავში და ილექება, იმაზე ვფიქრობ და მერე ვდებ. გიორგობამდე შორს კი იყო, მაგრამ გავაკეთე წმიდა გიორგი თავისი შუბით და უცებ წამოვიდა შეკვეთები: „ხუდოჟნიკ, ერთი ეს მომიხატე” რა თქმა უნდა, უარყოფითი რეაქცია არ გამჩენია, მაგრამ აქ, ამ საქმეში მე ვარ ხელმწიფე და რაც მომეხელმწიფება, იმას ვაკეთებ. ჩემი მიზანია, ერთი ხელის მოსმით დავდო ერთი ნიშანი, ვარიანტების გარეშე – ამაში იქნება ჩემი ოსტატობა. სიმართლე გითხრათ, ჩემი მიზანია, ქართული დამწერლობა თავისი სემანტიკით, სიტყვა-ნიშნებით გავხადო მოდური, ტრენდული.
– როგორ აცოცხლებთ ამ სიტყვა-ნიშნებს? როდესაც მათ უყურებ, საგნები, არსებები და მოვლენები თითქოს ცოცხლდებიან შენ წინაშე.
– ყოველთვის ვგმობდი, როდესაც ადამიანები ემოციებით უდგებოდნენ საქმეს, მაგრამ, სინამდვილეში, ამ ნამუშევრებში მთავარი გრძნობაა, ემოციაა. ამას წინათ ჩემმა დამკვეთმა და მეგობარმა მომიტანა ქვევრში დაყენებული და ფრანგი მეღვინის მიერ შეზავებული ღვინო. გადავირიე, – იმხელა გემოვნური მახასიათებლები ჰქონდა, ისეთი სურნელი და, გავაკეთე „რქაწითელი“. ასე რომ, ყველაფერი იდეაა, ემოცია და შემდეგ მომყავს კანონზომიერებაში.