როგორ გახდა ნოდიკო ტატიშვილი სალომე ბაკურაძის პირადი მეან-გინეკოლოგი
სალომე ბაკურაძისა და ნოდიკო ტატიშვილის მეგობრობა ძალიან ბევრ წელს ითვლის. მათ ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. სალომესთან და ნოდიკოსთან ინტერვიუ 4 მაისს ჩავწერე, 5 მაისის დილას კი, სალომეს პატარა ალექსანდრე ბასლანძე ეყოლა, რომელიც ნოდიკოს 22-ე ნათლული იქნება. სალომესა და ლაშას ვულოცავ პატარა ალექსანდრეს დაბადებას: ღმერთმა ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული ბიჭი გაზარდოს.
სალომე ბაკურაძე: ჩემი ორსულობის ამბავი ნოდიკომ სხვისგან გაიგო. რადგან ვიცოდი, რომ ეს თემა მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, არ მინდოდა, მესიჯით გაეგო. გამწარებულმა დამირეკა: ვიღაცისგან რატომ უნდა გავიგოო. პირიქით, მე მეწყინა, რომ სხვისგან გაიგო, რადგან ვიცოდი, როგორი ემოცია ექნებოდა და მინდოდა, პირისპირ ყოფნისას მეთქვა.
ნოდიკო ტატიშვილი: ძალიან გამიხარდა. ოჯახში რომ ბავშვი იბადება, ზუსტად ისე ველოდებოდი. ამიტომ გავბრაზდი, სხვამ რომ მითხრა და არა ტაკანამ.
– რატომ ეძახი „ტაკანას“?
– „ტ“-ზე რაც იწყება, ერთი სიტყვის გარდა, ყველაფერს ვეძახი. თავიდან იყო „ტანგესა“, მერე „ტაზერა“, „ტაჩანდარა“, „ტაჩიკო“, მერე „ტაკანსიტა“ და ასე შემდეგ.
– ნოდიკო, სალომე ლაშაზე რომ იყო შეყვარებული, შენთვის დიდი მნიშვნელობა ექნებოდა იმას, თუ ვინ იქნებოდა სალომეს მომავალი მეუღლე.
– ძალიან მაინტერესებდა, ვინ იქნებოდა ის ერთადერთი, რომელსაც უნდა გაებედნიერებინა ის. რომ არ მომწონებოდა, მაინც ვერ ვიტყოდი: შენ რომ ბიჭი გიყვარს, ის მე არ მომწონს-მეთქი.
სალომე: ბრძოლები ექნებოდა საკუთარ თავში, მაგრამ გადავრჩით: მოეწონა და მეც ძალიან გახარებული ვიყავი.
ნოდიკო: ლაშა რომ გავიცანი, ჩემი ბავშვობის მეგობარი მეგონა. ასეთი თბილი ადამიანი არ ვიცი. ლაშა წამში, წუთში გახდა ჩვენი სამეგობროს ნაწილი. შეგუების მომენტი არც ყოფილა. უთბილესი კაცია, სულ გეხუტება, სულ კარგად გხვდება. სალომესავით გიჟივით არ იცინის, მაგრამ ისიც ძალიან მხიარულია.
სალომე: გახარებულმა დამირეკა. ვიცოდი, რომ თუ არ მოეწონებოდა, არ მეტყოდა, მაგრამ იმ გულით ვერ მიმიყვანდა საკურთხეველთან.
ნოდიკო: სალომეს დედა მეუბნებოდა: სიძე რომ მოვა, ხელი შენ უნდა გთხოვოს. აბა, სალომეს მამა არ ჰყავს, დედა ლტოლვილია და შენ ხარ მისი ძმაო. ძალიან გავითავისე – ხელი უნდა მთხოვოს.
სალომე: ჩვენი ტრადიციების გამო, საკურთხევლამდე ვერ მიმიყვანა ნოდიკომ, მაგრამ სხვა დანარჩენი, ყველაფერი შეასრულა. მთელი ქორწილის „ძიძა“ იყო.
– ნოდიკო ვის მოიყვანს, როგორ გოგონას, ალბათ, ამაზეც განიცდით მეგობრების წრეში.
– ამაზე დედაჩემი ნერვიულობს ძალიან, განიცდის. ვიღაც რაღაცას რომ მღერის, დედაჩემი: „კი, კარგად მღერის, მაგრამ ნოდიკო რას იმღერებდა“... ვიღაცამ ცოლი მოიყვანა – „ნოდიკომ რატომ არ მოიყვანა, მაგრამ ნოდიკო უკეთესს მოიყვანს,“ – ქალს აქვს შეშლა და გადარევა ნოდიკოზე. მე მგონი, ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდები, დედაჩემი მეყოლება დასაწყნარებელი. ვერ წარმომიდგენია, ნოდიკოს გვერდით იყოს ისეთი ადამიანი, რომელთანაც არ ვიმეგობრებ და ვერ გაიგებს, მე და ნოდიკო ერთმანეთისთვის ვინ და რა ვართ. მე არ მახსენდება ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი ნოდიკოს გარეშე. შეიძლება მთელი ცხოვრება ვერც გავიგო, ჩემთვის რამდენი რამ აქვს გაკეთებული.
ნოდიკო: თვითონაც ასეთი კეთილი და სამართლიანია.
სალომე: თან, როცა ვინმე მოსწონს, ისეთი მოყოლა იცის, ვერც დაუწუნებ, ბოლომდე ეშხშია ხოლმე. უნდა უწრუპუნო: მშვიდად, ნოდიკო. ძალიან დაკვირვებული ადამიანია და მისი გადაწყვეტილება გარდა გრძნობისა, აუცილებლად დაფუძნებული იქნება იმ ადამიანურ თვისებებზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამიტომ, მშვიდად ვარ და ველოდები იმ მომენტს, როცა მეც ისე ვინერვიულებ მის გაცნობაზე, როგორც ნოდიკო ნერვიულობდა ლაშას გაცნობაზე. თან, ისეთი ფეთიანია... საწყალი მისი ცოლი, ბუმბულის ბალიშებს დაუფენს ტერფების ქვეშ.
– სალომე, მომიყევი იმ ემოციების შესახებ, პირველად რომ შეიტყვე შენი ორსულობის შესახებ.
– სახლში გვქონდა პატარა ბოდე, რომელიც არანაირად არ უკავშირდებოდა ჩემს ორსულობას, 2 წლით ადრე გამოიწერა ლაშამ და გოგო იქნება თუ ბიჭი, არ ჰქონდა მნიშვნელობა: ჩემმა შვილმა უნდა ჩაიცვასო. მისი საყვარელი გუნდის „იუვენტუსის“ ბოდეა, მის პერანგებთან ეკიდა საკიდზე. რომ გავიგე ჩემი ორსულობის ამბავი, ფოტო გადავუღე, ლაშას გადავუგზავნე და წამის მეასედში მიხვდა, რაშიც იყო საქმე. მაშინვე მოვარდა სახლში, ერთი კვირა გულაჩუყებული იყო: ხან არ სჯეროდა, ხან იცრემლებოდა, ხომ წესიერად ზიხარო. მერე მიეჩვია და ახლა იცინის ჩემს ქმედებებზე. თავიდან ექოსკოპიაზე მითხრეს: არ ვიცი, არ უჩანს არაფერი, შესაძლებელია, გოგოაო და მეც, ხალხისთვის ახსნებით რომ დავიღალე, გადავწყვიტე, გოგო მყავდა. მეც დავიჯერე და ერთხელაც ექიმი მეუბნება: თქვენ ჯანმრთელი ბიჭი გყავთო. ლაშას სამსახურში გავუარე და მივეცი ფოტოები, სადაც მკაფიოდ ჩანდა, რომ ბიჭი იყო. კინაღამ გაგიჟდა, ისეთი შეგრძნებით ვიყავით, თითქოს ერთი გოგო გვეყოლა და ახლა ბიჭს ველოდებოდით. ცოტა ხნის წინ ლაშა იტალიაში იყო წასული და ჩამოიტანა „იუვენტუსის“ ბოდე, საწოვარა, პლედი, ყველაფერი. აზოლილი ზებრა იქნება. ბავშვს უკვე აღარ აქვს არჩევნის თავისუფლება.
– რატომ შეარჩიეთ სახელი – ალექსანდრე?
– ალესანდრო დელ პიერო ლაშას საყვარელი ფეხბურთელია და ბავშვს რეალურად ალესანდრო ერქმევა. ლაშას, ალბათ, უკვე გეგმაში აქვს, სად გაყიდის, რომელ გუნდში. ძალიან მინდა, რომ მღეროდეს კიდეც. ვერ შევეგუები, სმენა რომ არ ჰქონდეს. ყოველ დილა ყანჩელით იღვიძებს და რეაქციები აქვს.
როგორც უკვე აღვნიშნე, ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე საათში, სალომე პატარა ალექსანდრეს დედა გახდა. ამ ამბის პირველი მახარობელი სწორედ ნოდიკო იყო:
ნოდიკო: ბავშვის დაბადებას 14 მაისის შემდეგ ველოდებოდით, მაგრამ 5-ში, დილით დამირეკეს: მეან-გინეკოლოგი ნოდარი ბრძანდებითო? გამეცინა. სალომეს და, ხათუნა იყო, რომელმაც გამახარა პატარა ალექსანდრეს დაბადებით. ასე მოულოდნელად დაიბადა 2,6 კილოგრამი და 48 სანტიმეტრი. იმ დროს ბათუმში მოვდიოდი, უკვე მცხეთაში შევდიოდი და მოვტრიალდი, გავვარდი სამშობიაროში. მივედი და მანახეს სალომეც და ალექსანდრეც – სიმპათიური და კარგი ბიჭია. კიდევ ვულოცავ სალომეს და ლაშას პატარა ალექსანდრეს დაბადებას!
სალომე: რადგან ბავშვი ჯდომით იყო და ჭიპლარიც ერთხელ ჰქონდა შემოხვეული, ამიტომ საკეისრო გამიკეთეს სპინალური გაუტკივარებით. როდესაც მეგონა, ჯერ მოსამზადებელ პროცედურებს აკეთებდენ, ბავშვის ტირილი გავიგე – ეს ჩემი შვილია თუ გარედან მესმის სხვისი ხმა-მეთქი და ამ დროს დამანახეს პატარა პუცკი. ნოდიკოს უნდოდა, საკეისროზე დასწრება, გადაღება. ასეც შევთანხმდით შენთან ინტერვიუს ჩაწერისას, მაგრამ ყველაფერი მოულოდნელად მოხდა და ვერ მოასწრო. თუმცა, დაბადებიდან 10 წუთში, მაინც შემომივარდა სამშობიარო ბლოკში, მეც მნახა და ბავშვიც. მამასაც კი დაასწრო ჩვენი ნახვა.