როგორ გახდა შემთხვევით ნინო სალუქვაძის მამა მსროლელი
2016 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს ტყვიით სროლაში ერთი ოჯახიდან ორი წევრი წარადგენს. არაერთგზის ჩემპიონ ნინო სალუქვაძესთან ერთად, რიო-დე-ჟანეიროში მისი შვილი, ცოტნე მაჭავარიანიც იასპარეზებს. ცოტნემ ოლიმპიური ლიცენზია უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა. დედა-შვილის მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძეა, რომელიც ამავე ოჯახის წევრია. ის ნინო სალუქვაძის მამაა. ცოტა ხნის წინ, ბატონი ვახტანგის 85 წლის იუბილეზე, სპორტის სამინისტრომ მამა-შვილს „სპორტის რაინდის“ წოდება მიანიჭა.
ვახტანგ სალუქვაძე: ოდესაში სამხედრო სასწავლებელში ვსწავლობდი. სამხედრო ნაწილში რომ მოვხვდი, 21 წლის ვიყავი და მისვლისთანავე ყველანაირ სპორტულ შეჯიბრებაში ჩავერთე, მათ შორის, სროლაშიც. პირველივე შეჯიბრებაზე ყველას მოვუგე. მეც ისე ვვარჯიშობდი, როგორც თითოეული მათგანი და სპორტულ სროლაზე წარმოდგენაც არ მქონდა, მაგრამ რამდენიმე შეჯიბრებაში მივიღე მონაწილეობა და მალე, პირველი თანრიგიც ავიღე. თუმცა, 1957 წელს ჯარის შემცირებაში მოვყევი და თბილისში დავბრუნდი. ჩემს დასთან მსროლელი თამაზ ლეკიშვილი სწავლობდა. მამამისი სასროლო კლუბის უფროსი იყო. ჩემმა დამ მასთან წაიტრაბახა, რომ სროლაში პირველთანრიგოსანი ძმა ჰყავდა. ლეკიშვილმა მამამისის კლუბში მიმიყვანა და საზოგადოება „დოსააფის“ სახელით დავიწყე სროლა. იმავე წელს მოვხვდი ბაქოში, სპარტაკიადაზე და მეოთხე ადგილი დავიკავე. მაშინ გავიგე პირველად, რა იყო სპორტული სროლა. 1958 წელს ოსტატობის ნორმატივი შევასრულე, მომდევნო წელს უკვე საერთაშორისო შეჯიბრება მოვიგე, რომელშიც ძალიან მაღალი დონისა და მიღწევების მსროლელები მონაწილეობდნენ. მათ შემხედვარეს მოგებაზე არც მიფიქრია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პირველი ადგილი მე დავიკავე, თან დიდი სხვაობით. ამ დონის შეჯიბრება მოვიგე და მეგონა, ქვეყანა ჩემი იყო (იცინის). მომდევნო წლებში საზოგადოება „დოსააფის“ ჩემპიონი ვიყავი. ნელ-ნელა ჩემით დაინტერესდნენ. „დინამომ“ და არმიამ შემომთავაზეს, მათთან გადავსულიყავი. არმიის წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ მათთან მერჩივნა, თუ ისევ ჯარში აღმადგენდნენ. 1962 წელს, მოსკოვში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის წინ ვემზადებოდი „დოსააფის“ შემადგენლობაში. მოულოდნელად გამომიცხადეს, რომ ჯარში ვიყავი გაწვეული და ლვოვში უნდა გამოვცხადებულიყავი, არადა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. რაღა უნდა მექნა, ჩემი თხოვნა დააკმაყოფილეს. გადავფრინდი ლვოვში, ახალი იარაღი მომცეს და საბჭოთა შემადგენლობაში მეშვიდე ადგილი დავიკავე. მაგრამ, გუნდური მოვიგეთ და ოქროს მედლები დავიმსახურეთ. იმავე წელს შეიარაღებული ძალების ჩემპიონი გავხდი, „დოსააფის“ უკვე ვიყავი. შემდეგ მოვიგე ხალხთა სპარტაკიადა, არმიის ჩემპიონატი, საერთაშორისო ჩემპიონატი... საბჭოთა კავშირში ჩატარებული ყველა საკონტროლო სროლა მოვიგე. მხოლოდ ერთხელ გამოვტოვე შეჯიბრება ავადმყოფობის გამო და მაშინვე სიიდან ამომშალეს, არადა პირველ ნომრად გავდიოდი. ალბათ, ძალიან გაიხარეს ჩემი ავადმყოფობით, რადგან ცდილობდნენ, რუსები ყოფილიყვნენ საპრიზო ადგილებზე. 5-კაციანი გუნდით წავიდნენ და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ გუნდურში ჩემ გარეშე. გაბრაზებული ვიყავი, ასე რომ მომექცნენ. მალევე არმიის ჩემპიონატი ჩატარდა თბილისში. მინდოდა, მსოფლიო ჩემპიონისთვის მომეგო და ასეც მოხდა. ამის შემდეგ წავიდა და წავიდა გამარჯვებები... ბოლოს 1983 წელს ვისროლე 52 წლის ასაკში, მერე შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება აღარ მქონდა, რადგან ასაკობრივი შეზღუდვა შემეხო.
– ქალბატონი ნინო როგორ ჩაერთო ამ სპორტში? როგორც ვიცი, თავიდან კალათბურთით იყო დაინტერესებული.
– კი, კალათბურთზე დადიოდა და მეოთხე კლასამდე თბილისის ჩემპიონი იყო. ნინო ისეთია, რომელი სახეობისთვისაც არ უნდა მოეკიდა ხელი, ყველაფერში წარმატებას მიაღწევდა. მოჭიდავეც რომ ყოფილიყო, ჩემპიონი იქაც გახდებოდა. გარეგნულად ჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემები აქვს, მაგრამ დიდ ძალას ფლობს. სროლაზე მისი მიყვანა ჩემი იდეა იყო. სიმართლე რომ გითხრათ, მის სპორტულ კარიერაზე ნაკლებად ვფიქრობდი. მაშინ სპორტული სიები არსებობდა, რომელიც გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებდა. მისი საშუალებით ადვილად ხვდებოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. ვიფიქრე, ამაში გამოგვადგებოდა, მაგრამ დაიწყო თუ არა სროლა, ისე მალე მიაღწია წარმატებას, ყველა გაგვაოცა. ყოველ ჯერზე იმაზე მეტს აკეთებდა, რასაც ვნატრობდი. ორი წლის შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა სპარტაკიადა მოიგო ტაშკენტში. წინასწარი მოლოდინით, ფავორიტები უკრაინელები იყვნენ, მაგრამ ჩვენი გამარჯვება ათი თავით აღემატებოდა ყველა დანარჩენის ქულებს. მოვიგეთ გუნდურიც, პირადიც და დამატებითი ქულა მარტო ნინომ მიიღო. ოთხი ოქროს მედალი მოვუტანეთ ჩვენს გუნდს.
– ქალბატონი ნინო არაერთგზის ჩემპიონია. პირადად თქვენ, მისი რომელი გამარჯვება გახსოვთ გამორჩეულად?
– 1986 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვიყავით საბჭოთა კავშირის სახელით იუგოსლავიაში. ნინომ იქ მსოფლიო რეკორდი დაამყარა სპორტული პისტოლეტით. მე გუნდის მწვრთნელად ვიყავი მიწვეული. გუნდურშიც მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, პირადშიც და ორი ოქროს მედალი ავიღეთ. თუმცა, ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია 1987 წელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე. ნინო 18 წლის იყო და ყველა შეჯიბრება მოიგო ძალიან მაღალი შედეგებით. თქვენ წარმოიდგინეთ, კაცებზე მაღალი ქულები დააგროვა: ოთხი ოქროს მედალი – პირადში და სამი – გუნდურში. ყველაზე დიდ მიღწევად ეს მიმაჩნია. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მაშინ მსოფლიო ჩემპიონატზე ძლიერი შემადგენლობა იყო. ვინც დღეს მსოფლიოში კარგად ისვრის, სწორედ საბჭოთა მწვრთნელების დამსახურებით. ეს წელი კიდევ ერთი მიზეზითაა განსაკუთრებული. მანამდე ქალებში რუმინელმა გოგომ დაამყარა რეკორდი, 594 ქულით. ფიქრობდნენ, ამ შედეგის გაუმჯობესება შეუძლებელი იყო. 1987 წელს წინაოლიმპიური შეჯიბრება გაიმართა. მაშინ მე არ ვიყავი ნინოსთან ერთად, თბილისში დავრჩი. საღამოს საინფორმაციოს ვუსმენ და ვიგებ: ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა თბილისელმა სტუდენტმა, ნინო სალუქვაძემ 595 ქულითო – ეს განუმეორებელი სიხარული იყო. მთავარი დადებითი თვისება, რაც ნინოს აქვს, არის ძალიან მაღალი დონის საშემსრულებლო დისციპლინა. მწვრთნელის ნათქვამს ყოველთვის მაქსიმალურად ასრულებს. დღეს იმაზე გაცილებით მეტი იცის, რაც მე ვასწავლე. მან ჩემი ყველა შედეგი გააუმჯობესა. ის ყოველთვის ძალიან კარგ ფორმაში იყო და ყველა ოლიმპიადაზე შეეძლო მოგება. მაგრამ, ეს სპორტი სუფთად ფსიქოლოგიურია. ნინო ყოველთვის გამარჯვებისთვის მიდის. სროლის შედეგი დამოკიდებულია ორგანიზმის მდგომარეობაზე, ორგანიზმის მდგომარეობა კი – შენს ფიქრებზე. თუ გამარჯვებაზე ფიქრობ, ნაკლები შანსი გაქვს. მოგება კი არა, სწორი მუშაობა უნდა იყოს მიზანი. უნდა ჩათვალო, რომ ყველა შენზე ძლიერია. ერთხელ ნინოს ვუსაყვედურე კიდეც, როცა ასეთი დამოკიდებულების გამო, ვერცხლის მედალი მოიგო. ვუთხარი, როგორ უნდა მოქცეულიყო სწორად. უცებ ვეღარ მოითმინდა და ტირილი დაიწყო: ეგრე ადვილია, აბა, იქ დადექი და მერე ნახავო. რა თქმა უნდა, იქ სხვა მდგომარეობაა. ზოგი ისე კარგავს თავს, რომ შეიძლება, საერთოდ ვერ გაარტყას. ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა.
– სპორტის საკმაოდ სახიფათო სახეობაზე ვსაუბრობთ. არ გაგიჭირდათ ქალიშვილის ბედის მასთან დაკავშირება?
– იმ შემთხვევაში, თუ წესებს დაიცავ, სახიფათო არაა. 1968 წელს მეხიკოში, ოლიმპიური ჩემპიონატი ტარდებოდა. იქ მონაწილეობდა ჩემი კარგი მეგობარი ბაკალოვი – ზედიზედ რვაგზის საბჭოთა ჩემპიონი. გავიგეთ, რომ მეხიკოში, ჩემპიონატზე მსროლელმა ოლიმპიადის ერთ-ერთი მონაწილე მოკლა შემთხვევით. მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს ბაკალოვს დაემართებოდა, რადგან ვიცოდი, მას საჭირო დისციპლინა არ ჰქონდა. სხვათა შორის, საქართველოშიც შემოაკვდა მწვრთნელს 20 წლის ბიჭი. მე, რაც შემეხება, გამორიცხულია, იარაღის გამოყენების წესები დავარღვიო, ისევე, როგორც ნინომ. შესაბამისად, ხიფათი არ არსებობს. ჩვენ არც სხვისი მხრიდან აღმოვჩენილვართ საფრთხეში. მაგრამ, ერთხელ ლვოვში იყო შეჯიბრება. დახურულ დარბაზში ჰაერში დენთი დაგროვდა. ერთ ქალს გული წაუვიდა, წაიქცა და ამ მომენტში გაისროლა. თუმცა, ამას მძიმე შედეგი არ მოჰყოლია, მხოლოდ მსუბუქი ნაკაწრი იყო.
– როგორც ვიცი, სიძეც სპორტსმენი გყავთ.
– ჩემი სიძე საქართველოს ნაკრების მორაგბე იყო. აფხაზეთის ომში წაიყვანეს და იქ დაიჭრა, როცა მოკლული მეგობრის გამოყვანას ცდილობდა. როგორც მკვდარი, ისე გამოიყვანეს, სულ სისხლში ყოფილა ამოსვრილი, მაგრამ ცოცხალი აღმოჩნდა. ამის შემდეგ აღარ უთამაშია. ერთადერთი არასპორტსმენი ოჯახში, ჩემი მეუღლეა, რომელიც ძალიან კარგი დიასახლისია (იცინის). ჯერ იყო და ქმარი სულ უცხოეთში მიდიოდა, მერე – შვილი და ახლა შვილიშვილიც დაემატა.
– შვილიშვილი – ცოტნე მაჭავარიანი, როდის შემოგიერთდათ?
– ცოტნე ჯერ რაგბიზე მიიყვანა მამამისმა, მაგრამ რამდენჯერმე ძალიან მაგრად დაიმტვრა. 14 წლიდან დავაწყებინეთ სროლა. ახლა 19 წლისაა და ყოველ წელიწადს საქართველოს ჩემპიონი ხდება. წელს საქართველოს აბსოლუტური რეკორდი დაამყარა და რაც ყველაზე მთავარია, ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. სამწუხაროდ, მე ვერ წავალ ოლიმპიადაზე, ძალიან შორსაა. მეც პატარა აღარ ვარ და ჩემს ასაკში ყველაფერი მოსალოდნელია. კი არ მინდა, მაგრამ რას იზამ. რამე რომ მოხდეს და ჩემ გამო ხელი შეეშალოთ, არ მინდა. ამიტომ ვარჩიე, აქ დავრჩენილიყავი. ასეთი შემთხვევა, რომ დედა-შვილი მონაწილეობდეს ოლიმპადაზე და მწვრთნელი მამა იყოს, აქამდე არ ყოფილა, ღმერთის მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის. ენით აუწერელი შეგრძნება გეუფლება, როცა უცხო ქვეყანაში შენი დამსახურებით, შენი ქვეყნის დროშა აღიმართება და შენი ქვეყნის ჰიმნს გააჟღერებენ.
– ქალბატონი ნინოსგან გამარჯვებას ყველა ველოდებით. შვილიშვილთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ?
– არა მგონია, ცოტნემ ჯერ ფინალში მოხვედრა შეძლოს. მთავარია, პირველი ნაბიჯი გადადგა. თუმცა, ოლიმპიურ თამაშებზე ხანდახან ისეთი იგებს, თვითონაც რომ ვერ წარმოედგინა ეს. ვინც მოგებაზე ფიქრობს, პირიქით, ის ვერ იგებს (იცინის). ასე რომ, ვნახოთ, რა იქნება.
– ქალბატონი ნინოს წინასწარი განწყობა და ემოციები როგორია, როცა მასთან ერთად შვილიც ასპარეზობს ოლიმპიადაზე?
– ევროპის ჩემპიონატზე, რომელზეც ცოტნემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა, ერთ დღეს ცოტნე ისროდა, მეორე დღეს – ნინო. გავაფრთხილე, სანამ შენ არ დაამთავრებ სროლას, არავის შედეგით არ დაინტერესდე და არც არავის უგულშემატკივრო-მეთქი. სახლში იყო და რომ გაიგო, ცოტნემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა, მაშინვე სასროლეთში წამოვიდა. მეორე დღეს სროლა ჰქონდა და ბოლო სერია გააფუჭა. ემოციებს რომ არ აჰყოლოდა, შესაძლოა, ფინალში მოხვედრილიყო და ჩემპიონი გამხდარიყო. ოლიმპიადაზეც, რა თქმა უნდა, დედა იქნება, მაგრამ როგორ უნდა უთხრა, არ წახვიდე და არ უგულშემატკივრო-მეთქი?! იმედია, ღვთის ნებით, ყველაფერი კარგად ჩაივლის.
– მთელი თქვენი და თქვენი შვილის ცხოვრება იარაღს უკავშირდება. პროფესიის მიღმა, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მისდამი?
– მსროლელი კაცი ვიყავი და ცხოვრებაში ერთხელ არ მინადირია. ერთხელ ჯილდოდ სანადირო თოფი გადმომცეს. გაჭირვება იყო და გავყიდე. არც მჭირდებოდა და არც მაინტერესებდა. იარაღი მხოლოდ ჩემთვის საჭირო დონემდე ვიცი. ფაქტობრივად, მე მარტო სროლა ვიცი და არა იარაღი. ნინოც არაა ამისკენ მიდრეკილი და არ აქვს სურვილი, სახლში ჰქონდეს. სიძე სამხედრო პირია და ჩვენზე მეტად მას აინტერესებს უშუალოდ იარაღი.