როგორ „გამოკეტა” გოგა ხაინდრავამ დიღომში მიხეილ სააკაშვილი და სად დაბრუნდა ის წლების შემდეგ
ნახევარ წელიწადზე მეტია, გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს, პირობითი სახელწოდებით „9 + 1 “ იღებს. გადაღებები „ეკვადორს” გადაცდა – ხმაურიანად დაანონსებული ფილმი თითქმის უკვე ფინალს უახლოვდება. რეჟისორს, რომელიც ბოლო თვეებს მთლიანად გადასაღებ მოედანზე ატარებს, დიღომში, პავილიონში შევხვდი. იქ კი არც მეტი, არც ნაკლები „ნამდვილი” სასამართლო პროცესი დამხვდა – პროკურორით, მოსამართლეებითა და განსასჯელებით, რომელთა შორის ექსპრეზიდენტის „ცნობა” რთული ნამდვილად არ იყო.
გოგა ხაინდარვა: ეს არის ძალადობისა და სიმახინჯის, სახელმწიფო ინტერესებში გავლებული ვნებების სასამართლო. აქ პიროვნება იმდენად საინტერესო არაა, რამდენადაც საინტერესოა საზოგადოება, რომელმაც დაუშვა მსგავსი რამ იმ ადამიანისგან, რომელსაც დასცინოდა, აბუჩად ჰყავდა აგდებული. მიშა სააკაშვილს ხომ სერიოზულად არავინ აღიქვამდა, განსაკუთრებით იმ კადრების მერე, რაც გადაღებული იყო ასლან აბაშიძის მიერ და რაც მთელ საქართველოში გავრცელდა. ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ვქმნით მითებს და მათი მსახურები და კერპთაყვანისმცემლები ვხდებით. ასე მოხდა სააკაშვილის შემთხვევაშიც – უმეცარი, გაუნათლებელი კაცი აქციეს კერპად. ეს არაა პირველი შემთხვევა. საქართველოს სამივე პრეზიდენტი კერპად იქცა. მადლობა ღმერთს, მეოთხეს ეს „საფრთხე” არ ემუქრება და როგორც ჩანს, ეს სენი გადავიტანეთ. ეს ფილმი, გარკვეულწილად, იქნება შეკითხვები საზოგადოებისდამი, როგორ დავუშვით ამდენი რამ – წამება. ის, რომ ხმა არ ამოვიღეთ, როცა აწამეს პოლკოვნიკი თეთრაძე, რომელიც იყო ყველგან, სადაც ამ ქვეყანას სჭირდებოდა და ცნობილი იყო თავისი მხედრული სულით; როგორ დავუშვით მაისის ზეიმი რუსთაველზე, როცა მთელ თბილისს აზეიმეს გამარჯვება ყველაზე სამარცხვინოდ წაგებული ომის. ასეთი შეკითხვები ძალიან ბევრია. ასეთი ფილმის გადაღება იოლი არაა, როდესაც ის უკვე აღქმულია გარკვეული კონკრეტული მოვლენის ასახვად. ის, რაც ამ ფილმშია ასახული, დაფუძნებულია იმ რეალობაზე, რასაც საქართველოში ჰქონდა ადგილი. თუმცა, არც ერთ პერსონაჟს, არ აქვს ნამდვილი სახელი და გვარი, მათი სახეები უფრო მეტად განზოგადებულია, ვიდრე – დაკონკრეტებული.
– რას ბრძანებთ, აგერ ბატონი, რომელიც საბრალდებო სკამზე ზის და ასამართლებთ, მიმიკით, ჟესტიკულაციით, გარეგნული ეფექტებით ისე ჰგავს ექსპრეზიდენტს, სახელი და გვარის დარქმევა სულ არ სჭირდება. ასე უსწორებთ „ანგარიშს” წინა ხელისუფლებას?
– ეს არ არის ჩემი ანგარიშსწორება და შურისძიება! აქ მარტო ექსპრეზიდენტი დაინახეთ? იქით სხვებიც სხედან, ოცი კაცი მაინც, ყველანი დამნაშავეები. ამ ფილმში ბევრი იცნობს თავის თავს, არა მარტო ნაციონალები, ისინიც, ვისაც დღეს თავი მოაქვს კიტრად, თუმცა სინამდვილეში ასე სულ არაა მათი ამბავი. მე არ მაინტერესებს კოსტა კოდუა და მეგის ქარდავა, მე მაინტერესებს ის ფენომენი, როცა ძალაუფლება გადააბარეს მათ, ვინც ხალხს უმოწყალოდ პირდაპირ ქუჩაში ხოცავდა. ეს პერიოდი პირდაპირ ჰგავს პერიოდს საქართველოს ისტორიაში 1918-1921 წლიდან, როცა ტყავისკურტკიანი და ნაგანიანი სისხლისმსმელები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში. მე მათ ერთმანეთს ძალიან ვამსგავსებ.
– როგორ მიდის გადაღებების პროცესი, ფილმის, რომლის პირობითი სახელწოდებაა „9 + 1”?
– ეს პირობითი სათაურია, და აუცილებლად შეიცვლება. შესაძლოა, ეს სათაურიც კარგად ჟღერს, მაგრამ ახლა, როცა არსი ცოტა შეიცვალა, ვფიქრობ, სხვა სათაურზე შევჯერდებით. უკვე შვიდი თვეა, გადაღებები მიდის, ეკვადორს გადავცდით – ყველაზე რთული ციხის კადრების გადაღება იყო. ციხეში ვიღებდით კადრებს, რომელიც ემოციურად რთული იყო ყველასთვის. ფილმის ნახევარზე მეტი გადაღებულია. გადაღებები ძირითადად თბილისში იყო, ასევე კასპში, მცხეთაში. ძალიან მალე გადაღებებზე ჩავალთ ქუთაისში, აჭარაში, ბობოყვათში, სარფის საბაჟო გვჭირდება, გასვლა და შემოსვლა გვაქვს გადასაღები (იცინის). თუ არ ჩავთვლით მარინა ჯანაშიას, დარეჯან ხარშილაძეს და რამდენიმე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ და საყვარელ მსახიობს, ფილმში „ვარსკვლავები”, ფაქტობრივად, არ არიან დაკავებული. ამ ფილმით ბევრი სამსახიობო აღმოჩენამოხდება, რაც ჩემთვისაც აღმოჩენა იყო. ვინც თეატრალია, ალბათ იცნობთ მათ. ბევრი ნიჭიერი მსახიობი აღმოვაჩინეთ რეგიონებში, ქუთაისში, გორში, ზესტაფონში, რუსთავში, ბათუმში. ბევრი, ძალიან ბევრი სიურპრიზი იქნება. ეს ადამიანები საინტერესო სახეებს ქმნიან. ამას გარდა, ამ ფილმით იქმნება პრეცედენტი, რაც აქამდე არ ახსოვს ქართულ კინოს. არ გამიგია, რომელიმე ეპიზოდს 12 კამერა იღებდეს, ან ის ტექნიკური რესურსი იყოს გამოყენებული, რასაც ჩვენ ვიყენებთ. ჩემთვის ძალიან საინტერესო სამუშაოა, სასწაული ჯგუფით. თუ ამ ფილმს წარმატება უწერია, დიდი დამსახურება იქნება თამრიკო ფოცხიშვილს, რომელიც ამ ფილმის დამდგმელი მხატვარია; ირაკლი სამსონაძის, რომელიც სასცენარო ჯგუფის ხელმძღვანელია. ის ჩემთვის ფასდაუდებელ ადამიანად გადაიქცა.
– საკუთარი როლი ვის მიანდეთ?
– მე თვითონ ვთამაშობ. მე ამ ფილმის რეჟისორი ვარ, სხვა როლი არ გამაჩნია. ჩემი ფიგურა იმ წლებში, იმდენად საინტერესო არაა, რომ ამ ფილმში ასახვად ღირდეს. თუ ვინმეს ამის უკმარისობა ექნება, შეუძლია სხვა ფილმი გადაიღოს.
– ამ გადაღებებმა თქვენი ცხოვრება ალბათ, სხვა კალაპოტში გადაიყვანა.
– ჩემი ცხოვრება სხვა კალაპოტში ცხრა წელმა გადაიყვანა, ახლა იმის რეალიზაცია ხდება, რაც მინდოდა, მეჩვენებინა საზოგადოებისთვის – როგორ არ უნდა იცხოვროს სახელმწიფომ და რა არ უნდა დაუშვას საზოგადოებამ არავითარ შემთხვევაში. ახლა მხატვრული ფილმის გადასაღებ მოედანზე დავბრუნდი, თორემ, შორს არსად ვყოფილვარ წასული. ბოლო წლების განმავლობაში სამი სერიოზული სურათი გადავიღე, და არცერთ ფილმზე არცერთი სიტყვა არ თქმულა. დემოკრატიის შუქურამ მთელი მსოფლიო მოიარა და ჩვენთან არავის არაფერი უთქვამს. ორსერიანი ფილმი გავაკეთე მერაბ კოსტავაზე, მთელ ეპოქაზე – 37 წლიდან მის გარდაცვალებამდე რამდენიმე ეპოქა გავიარეთ და განვიხილე, მაგრამ ერთი სიტყვა არ თქმულა. ან გამლანძღეთ, ან შემაქეთ, მითხარით რამე, ბატონო! ხომ არის დიდი ვნებათაღელვა კავშირის თავმჯდომარეობაზე. დუღილია იმაზე, ვისი იქნება ქართული ფილმის ტერიტორია, შიგნით კი, კინოს სიცოცხლე მკვდარია. დარჩა მხოლოდ ფუტლარები. კინოკრიტიკოსები ყველაფრით არიან დაკავებული, ყველაფერზე საუბრობენ – პოლიტიკით დაწყებული აჯაფსანდალით დამთავრებული, გარდა იმისა, რაზეც უნდა ისაუბრონ. მე მაქვს პრეტენზია, რომ გავაკეთე კარგი სურათი და სადაა კრიტიკა? კარგია ეს კინო თუ ცუდი?
– უფრო და უფრო ნაკლებად აქტიურობთ საზოგადოებრივ ასპარეზზე. ქართულ პოლიტიკას საბოლოოდ გაერიდეთ?
– ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოებრივ აქტივობას ჩამოვშორდი. გარკვეული პერიოდულობით ვახსენებ თავს საზოგადოებას. რამდენად საინტერესოა ჩემი გამოჩენა, ეს სხვა საქმეა. მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და იმ მოვლენებს, რაც ახლავს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ვერ გავერიდები. უბრალოდ, ჩემი საქმით ვარ დაკავებული. როცა ქუჩაში მიწევდა აქტიური ბრძოლა, სხვა გზა არ იყო, იმიტომ კი არა, რომ განსაკუთრებული სიმამაცისა და თავდადების პატრონი ვარ, ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა და იქ ვიდექი. პოლიტიკას ნამდვილად ჩამოვშორდი და აღარასდროს ვაპირებ უკან დაბრუნებას. ამ მდინარეში, ჩემი ნებით არასდროს შევსულვარ, უბრალოდ, ის ისე გადმოვიდა კალაპოტიდან, ყველა ჩვენგანი ჩაითრია თავის დინებაში. ამიტომაც ყველა ერთად აღმოვჩნდით ამ მდინარეში, მღვრიე წყალში. თუმცა, ახლა ჩემი უკან დაბრუნების აზრს ვერ ვხედავ. ჩემი მოწოდება ჩემი პროფესიაა, რომელსაც სიამოვნებით დავუბრუნდი.