როგორ ითანხმებს შოთა კალანდაძე შიშველ სცენებზე მსახიობებს და რატომ არ აჩვენებს დედას ის საკუთარ ფილმებს
რეჟისორ შოთა კალანდაძის ფილმები ყოველთვის განხილვის ობიექტია. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ფილმები მხოლოდ ეროტიკაა, ზოგს კი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშად მიაჩნია. ერთი კი ნათელია, ქართულ კინომატოგრაფიაში ეს არის სიახლე, რომელიც არც ერთ ნამუშევარს არ ჰგავს. შოთა კალანდაძის ფილმებში ბევრ ქართველ ვარსკვლავს შეხვდებით და არა მხოლოდ მათ. როგორც ცნობილია, რეჟისორი სრულიად უსასყიდლოდ და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ითანხმებს მსახიობებს. რას სთავაზობს სკანდალური რეჟისორი სამომავლოდ მაყურებელს და კიდევ რით გააოცებს ის საზოგადოებას, ინტერვიუდან შეიტყობთ.
შოთა კალანდაძე: შარშან და წელს ფესტივალ „გიფტისთვის” გადავიღე ფილმები. ახალი ფილმი სახელწოდებით „საჩუქარი” მალე გამოვა. სიუჟეტები უკვე იყო ნაჩვენები ტელევიზიით. ფილმში მთელი თანავარსკვლავედია, ქეთი დოლიძემ მსოფლიო დონის ვარსკვლავიც ჩამოიყვანა. მადლობა მას, რომ ეს ფესტივალი შექმნა და დღემდე არ კარგავს აქტუალობას. კიდევ, მადლობა მას იმისთვის, რომ მეც ვიღებ ამ ყოველივეში მონაწილეობას. ცოტა გული მწყდება, ქეთის ისე რომ არ ვაფასებთ, როგორც საჭიროა. ქალმა ამ ფესტივალისთვის საკუთარი ბინა ჩადო, რომელსაც დღემდე ადევს ყადაღა. მას რომ სდომოდა, მიითვისებდა ფესტივალის თანხას და გამოისყიდიდა ბინას, მაგრამ – არა. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, დავფიქრდეთ და მოვეფეროთ ერთმანეთს. პარადოქსია, ვინც კი ჩამოდის „გიფტზე,” უკან აღარ ბრუნდება. თვეები ჩერდებიან საქართველოში.
– არის თუ არა შენი ფილმები ეროტიკული ჟანრის?
– ჩემს ფილმებში ეროტიკული სცენები ნამდვილადაა, მაგრამ მთლიანად ფილმს ვერ ვუწოდებ ეროტიკულს. ეროტიკა მხოლოდ სექსი და სიყვარულის სცენა ვისაც ჰგონია, მისთვის იყოს. ზოგისთვის ფილმში შიშველი ქალის გამოჩენაც ეროტიკაა. ჩემს ფილმებს ეროტიკულად არავინ მიიჩნევს, გარდა იმ პატარა ნაწილისა, რომელსაც „ბუნტავშიკებს” ვეძახი. მათ ჰგონიათ, რადგან იყვირებენ, ისეა ყველაფერი, როგორც სურთ. ქართველ საზოგადოებას, არც სოფელში და არც ქალაქში, არაფერი უკვირს და არც ეროტიკად მიაჩნიათ ის, რაც არ არის ეროტიკა. ადამიანმა, რომელმაც გამოიარა ცხოვრება, გინდ სოფელში და გინდ ქალაქში, თავად მიხვდება, რა არის ჩემი ფილმების მიმდინარეობა. პრესა იღებს იმ კულმინაციურ კადრებს, სადაც ეროტიკა, სიშიშვლე, გაუპატიურებაა. მაგალითად, იუნა შაფათავას სამი კაცი რომ აუპატიურებს. შესაბამისად, ხალხს ჰგონია, რომ მხოლოდ ესაა ჩემი ფილმი. ის, რასაც მე ვაკეთებ, სიახლეა ქართულ რეალობაში. ზოგს კიდევ, არ შეუძლია ახლის აღქმა. ყოველთვის ასე ხდება, ახალი შემოქმედების 99 პროცენტი იჩაგრება. ჩემი შემოქმედებაც დაჩაგრულია. პირდაპირ არაა დაბლოკილი, მაგრამ ტელევიზიები არ უშვებენ. რატომ? იმიტომ, რომ ფულის გადახდა არ უნდათ. ნაწყვეტებს მპარავენ ინტერნეტიდან, აჩვენებენ უფასოდ და არ წერენ, რომ ჩემი კადრებია. ტელეკომპანია „არტარეამ” მოიპარა ჩემი ფილმის კადრები და ერთი ამბავი ავტეხე. მერე გადამიხადა გროშები, თან დამაწერინა, რომ არ ვთქვა, რამდენი მომცეს. არ ვამბობ, ბატონო, ზუსტ თანხას არ ვასახელებ, მაგრამ 110 ლარიც არ იყო.
– როგორ ითანხმებ მსახიობებს სრულიად უსასყიდლოდ?
– დიდ მსახიობებთან მივდივარ და ვეუბნები, რა მაქვს გადაღებული. ვაჩვენებ მთლიანად ფილმს, რადგან, რასაც აშუქებენ, იქიდან ნამდვილად ცუდი შთაბეჭდილება დარჩებათ. თავადაც, რომ არ ვიცოდე, რა მაქვს გადაღებული, ტელევიზიით ნაჩვენებ კადრებზე ვიტყვი, ეს რა საშინელებაა-მეთქი. მერე ვეუბნები, რა მინდა. 99 პროცენტი მთანხმდება. ახალგაზრდა მსახიობებმა აქეთ მადლობა თქვან, ასეთ ფილმებში რომ „იჩითებიან”.
– მხოლოდ მოლაპარაკებაზე გთანხმდებიან? რაიმე წინაპირობები არ აქვთ? მაგალითად, ქალბატონი ნანის, ბატონი კახის, ანიტა რაჭველიშვილის და სხვათა შემთხვევაში, როგორ იყო?
– ნანი ბრეგვაძე ცოტა ნაწყენი დარჩა, რადგან შევთანხმდით, რომ მისი მუსიკა უნდა დამედო ფილმზე. ასე იყო ანიტა რაჭველიშვილის შემთხვევაშიც. ორივე გენიალურად მღერის, მაგრამ, სამწუხაროდ, ფილმს არ მოუხდა. მერე გადავწყვიტე, ფილმისთვის მეშველა და სხვა მუსიკა დავადე. მათ არაფერი უთქვამთ ჩემთვის, მაგრამ ვიგრძენი, რომ ნაწყენები დარჩნენ. ზოგადად, არანაირ პირობას არ მიყენებენ. ბატონმა კახიმ ხუთჯერ ითამაშა ჩემს ფილმში. პირველად 2009-ში. თავიდან ახლობელს დავარეკინე და მოვიდესო. მივედი, ვაჩვენე და გადავიღეთ პირველი ფილმი. ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. ეს არის კინოლექსი და არა ფილმი, რომელსაც იღებ ხუთი თვე. მსახიობს, იმის გარდა, რომ უნდა ანაზღაურება, ასევე უნდა კარგი როლი, რათა მისი ნიჭი ბოლომდე გამოაშკარავდეს. ჩემთან ბატონი კახი თვალებიდან ნაპერწკლებს ისვრის, როცა ცოლს უყურებს. აცნობიერებს, რომ დრო გავიდა, სიბერე მოვიდა და ცხოვრება წარმავალია. თუ, ხელოვნება ცოტა გიჟი არაა, ის ჩვეულებრივი პროდუქტია. სიმართლე გითხრათ, ეს მსახიობები დაიღალნენ „ბუნტავშჩიკებისგან”, როცა ეუბნებიან: „დედა, როგორ იღებთ ასეთ კადრებს” და მსგავს რამეებს. ამ დროს ფილმი არ აქვთ ნანახი. მიუხედავად ამ ყოველივესი, იმას მაინც აღიარებენ, რომ არავის ჰგავს. კინომცოდნეებს ეშინიათ უკვე ჩემზე ცუდის თქმა, რადგან არსებობს წიგნი, სადაც წერია ყველაფერი, რომელშიც თითოეული სიტყვა სიცრუის დეტექტორითაა დამოწმებული. ვინ რა ცუდი გამიკეთა ცხოვრებაში და როგორ მომექცა, ყველაფერია აღწერილი. ეს იქნება სკანდალი, რომ გამოვა. აქ არის ლეგენდები ჩემს ცხოვრებაზე.
– თამამი სცენების გამო უარი არ უთქვამთ ფილმში მონაწილეობაზე?
– არა, არ შევთავაზებ იმას, ვინც არ გაიხდის. დიდ მსახიობს შევთავაზებ დრამატულ როლს და ახალგაზრდა, მშვენიერ გოგოს ვეტყვი, რომ უნდა გაიხადოს. კი, ისიც ნიჭიერია, მაგრამ როცა პალიტრა გაქვს, რატომ არ უნდა გამოიყენო. ნიჭთან ერთად ეს დიდი პლუსია. რა არის ამაში ცუდი? არც არაფერი, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ეროტიკული ფილმი. ეროტიკულ ფილმში მეც არ წავიდოდი. მე ვითამაშებდი იქ, სადაც ეროტიკულ კადრებთან ერთად, იქნებოდა ხელოვნება.
– მსახიობებისგან თუ შეგქმნია პრობლემა ფილმში თამაშის შემდეგ?
– პრობლემა უამრავი იყო. გოგოები რეკავდნენ და მეუბნებოდნენ, ამომეღო ის კადრები, სადაც შიშვლები იყვნენ, მაგრამ ეს შეუძლებელია. ყველას ვეუბნები, შენ რომ ჩემთან გადაიღებ, უბანში ვერ გაიგებენ ფილმს, ამიტომ ნუ იღებ-მეთქი. არა, მინდაო, მეუბნებიან. მაშინ ხელწერილი დაწერე და მიიღებ მონაწილეობას-მეთქი, მეც ვპასუხობ. ყველას ვაწერინებ ხელწერილს, რადგან მერე პრობლემები არ შემიქმნან. ეს ძალიან რთული საქმეა. ის, რაც გადავიტანე ჩემი ფილმების გამო, საქართველოში მართლა რევოლუცია მოვახდინე ამ მხრივ. 2002 წელს პირველად გავხადე გოგოს და ბიჭს, მანამდე ქართულ კინოში ნახევრად შიშველი მსახიობები იყვნენ. ბევრ ლანძღვას და შეურაცხყოფას გავუძელი, თუმცა დეპრესიული მომენტი არ მქონია. ძალიან მოქმედებს ეს უარყოფითი დამოკიდებულება ჩემზე, მაგრამ ახალგაზრდა მსახიობებზე, პატარა გოგო-ბიჭებზე, რომლებიც ანთებული თვალებით მოდიან ჩემთან, მათზე – უფრო. ბევრი მირეკავს და მეუბნება, რა კარგი ქენი, რომ არ ამოიღე ეს კადრები, მე დღეს ასაკი მომემატა და ჩემს მშვენიერებას შენს ფილმში ვხედავო. მიუხედავად ამისა, მე ხომ გადავიტანე ის პერიოდი, როცა დღეში 10-ჯერ მირეკავდნენ ან არეკვინებდნენ დებს, ძმებს. რამდენი ახსნა მჭირდებოდა, რამდენი შეურაცხყოფის გადატანა, ეს ფილმები – ჩემი შვილები რომ შემენარჩუნებინა.
– ვის აჩვენებ პირველად შენს ფილმს? დედას როგორი დამოკიდებულება აქვს ამ ყოველივეს მიმართ?
– მზია მაღლაკელიძე, როცა ამერიკაშა არ იყო, მას ვაჩვენებდი. დედას და ჩემს ძმას არ ვაჩვენებ. მზია ჩემი სულიერი მეგობარია ამ მხრივ. დედა ნერვიულობს, არ უნდა, რომ ეს წინააღმდგეგობები შემხვდეს. ჩემს ფილმებს რომ უყურებდა, ალბათ, ყოველთვის ფიქრობდა, ახლა რა ამბავი ატყდებაო და ამიტომ, არ ვაჩვენებ. თან, ერთი-ორჯერ მეწყინა რაღაც. ახლის მიღებას ყველა ვერ ახერხებს. დედა კი ამბობს, მივიღეო, მაგრამ არ ვიცი, როგორ გითხრათ. თვითონ აქვს სურვილი ნახოს, მე კი არ ვაჩვენებ, იქამდე, ვიდრე ისე არ შეაფასებს, როგორც მინდა. საერთოდ, ბუტია ვარ. თუ შევატყობ, ადამიანს რაღაც შეეშალა, ვაგრძელებ ურთერთობას, მაგრამ ისე აღარ. ამ შემთხვევაში, დედას არ ვგულისხმობ.