დედაქალაქის გადასარჩენად
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-18(801)
ვარლამი იმავე გზით დაბრუნდა სამსახურში და კაბინეტში რომ შევიდა, რეზომ მას უთხრა:
– ბატონო ვარლამ, როგორ ხართ?
– რა იყო, ბიჭო, რატომ მეკითხები? – კითხვითვე მიუგო კაკუბავამ.
– არა, ისე... ექიმთან იყავით და დამაინტერესა.
– რამ დაგაინტერესა – რა მჭირს? – შეუღრინა ვარლამმა ჩიტოს, რადგან გაგნიძესთან შეხვედრით უკმაყოფილო იყო. თავს დამცირებულად გრძნობდა და ფიქრობდა, რომ პროფესორი მას ისე ექცეოდა, როგორც დამსმენს და არა თანასწორს.
– რა, რამე გჭირთ, ბატონო ვარლამ? – გულწრფელად შეწუხდა ჩიტო.
– არა, ბიჭო, რა უნდა მჭირდეს, უბრალოდ, გამოკვლევა ჩავიტარე. ასაკში ვარ მაინც. თანაც დაძაბული სამუშაო მაქვს და პროფილაქტიკის მიზნით ვიყავი ექიმთან.
– მერე, რა გითხრათ?
– კაჟივით ხარო, – ჩაეცინა კაკუბავას, შიდა ტელეფონის ყურმილს დასწვდა და უპასუხა: – გისმენთ. კარგი. გასაგებია, მოვდივართ.
– რა მოხდა, ბატონო ვარლამ? – ჰკითხა ჩიტომ კაკუბავას, როდესაც ტელეფონის ყურმილი დადო.
– ხანძარია და მკვლელობა. დროზე, გავდივართ, – უთხრა ვარლამმა ჩიტოს და დერეფენში რომ გავიდნენ, უჩურჩულა:
– რაღაც ხდება, რეზო. ხანძარი და მკვლელობა იმ ბინაშია, სადაც რატის გრიმს უკეთებენ და აშორებენ. იცოდე, არაფერი წამოგცდეს, ჩუმად იყავი და მე მიყურე. არ იაქტიურო!
– გასაგებია, ბატონო ვარლამ, – მიუგო ჩიტომ თავის უფროსს და კიბეებზე დაეშვნენ.
შემთხვევის ადგილზე რომ მივიდნენ, მეხანძრეებს უკვე თითქმის დამთავრებული ჰქონდათ თავიანთი სამუშაო და როდესაც ბოლო მეხანძრემაც დატოვა ბინა, საქმეში ძალოვნები ჩაერთნენ. კაკუბავამ ბუხუტი ბაქრაძეს სთხოვა, რომ ცნობისმოყვარეები უკან დაეწია და უთხრა:
– მხოლოდ ექსპერტები შემოუშვი, თუ ძმა ხარ და ზედმეტი ხალხი არ გააჭაჭანო....
ვარლამი და რეზო დამწვარ ბინაში შევიდნენ და კაკუბავამ ჩიტოს უთხრა:
– მართალია, ხანძრისგან ყველაფერი განადგურებულია, მაგრამ მაინც ძალიან ყურადღებით უნდა დავათვალიეროთ შემთხვევის ადგილი, იქნებ რაიმეს მივაგნოთ, თუმცა, მეეჭვება. ეს ყველაფერი თუ ამერიკელების ნამოქმედარია, ხელჩასაჭიდს არაფერს დაგვიტოვებდნენ.
– ვითომ ვერაფერს მივაგნებთ? – თქვა რეზომ. კაკუბავა დამწვარ ცხედარზე დაიხარა, რომელიც თითქმის დანახშირებული იყო და ყურადღებით დააკვირდა. ცოტა ხნის მერე კი თქვა:
– სავარაუდოდ, ჯერ გულში აქვს დანა ჩარტყმული უკნიდან, შემდეგ კი ყელი გამოჭრა მას მკვლელმა და, გამორიცხული არაა, რომ კისერიც მაშინ მოსტეხა.
– ესე იგი, პროფესიონალის ნამუშევარია.
– აბა, ამერიკელები არაპროფესიონალებს გაგზავნიდნენ საქმეზე?
– ბატონო ვარლამ, იქნებ, სულაც არაა ამერიკელების ნამოქმედარი?
– მეეჭვება.
– რატომ?
– თუნდაც იმიტომ, რომ სხვა აქ ვერ შემოვიდოდა. ვერ ხედავ, რა სქელი რკინის კარია? სეიფივითაა და, არა მგონია, აქ უცხო შემოეშვათ.
– ანუ, ამ ბინის მასპინძელი მკვლელს იცნობდა?
– შეიძლება, თუმცა, შესაძლოა, არც იცნობდა. რატის ხომ არ იცნობდა? ყოველ შემთხვევაში, პირველად რომ მოვიდა, მაშინ ნამდვილად არ იცნობდა და შეუშვა. გაფრთხილებული იყო და ამიტომ, – თქვა კაკუბავამ, მერე ჩაფიქრდა და დაამატა: – თუმცა ღმერთმა უწყის. მოდი, საქმეს შევუდგეთ, სანამ აქაურობა ცნობისმოყვარეებით აივსება.
მოკლული მამაკაცის ცხედარი გულაღმა ეგდო, დანა კი ბინაში არ აღმოჩნდა – აშკარა იყო, რომ მკვლელმა ის თან წაიღო. ოთხოთახიან ბინაში აბსოლუტურად ყველაფერი დამწვარი იყო – როგორც ჩანდა, მკვლელმა ყველგან სწრაფაალებადი სითხე მოასხა და შემდეგ წაუკიდა ცეცხლი.
შუა მოკვლევის დროს ექსპერტ-კრიმინალისტებიც მოვიდნენ, უკან პათანატომები მოჰყვნენ. შემთხვევის ადგილის დათვალიერება რომ დასრულდა და დანახშირებული ცხედარი პროზექტურაში წაიღეს, ვარლამმა რეზოს უთხრა:
– მოკლულის ვინაობა მაინც დავადგინოთ. გარეთ გავიდეთ და მეზობლებს გავესაუბროთ.
მეზობლებისგან რეზომ და ვარლამმა დაადგინეს, რომ ოთხოთახიანი ბინა, სადაც დანაშაული მოხდა, ვინმე ბიძინა გაბიძაშვილს ეკუთვნოდა. ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც დანარჩენებზე ენაწყლიანი აღმოჩნდა, გამომძიებლებს უთხრა:
– ოცდაათი წელია, ამ კორპუსში ვცხოვრობ. როგორი ხალხი არ მინახავს, მაგრამ ამ კაცივით მუდო, უკარება და კარჩაკეტილი ადამიანი მეორე არ შემხვედრია.
– რას გულისხმობთ, ქალბატონო... – ვარლამმა პაუზა გააკეთა.
– ზინა, – წამოეშველა კაკუბავას ენაწყლიანი და დაამატა:
– რას ვგულისხმობ და, გარეთ ის არ გამოდიოდა. როდის მიდიოდა და როდის მოდიოდა, ვერ გაიგებდი. შემთხვევით თუ შეგეჩეხებოდა სადმე, უხმოდ დაგიკრავდა თავს და მანამდე გაგეცლებოდა, სანამ რამის კითხვას მოასწრებდი. ერთხელ მეზობელი გარდაგვეცვალა, „მკვდრის ფულს“ ვაგროვებდი და მივადექი მასაც. ჯერ ხომ კარგა ხანს არ გამიღო კარი. რომ გააღო, არ შემიშვა, კარშივე მკითხა, რა გნებავთო და პირველად მაშინ გავიგე მისი ხმა. ორმოცდაათი ლარი მომცა და გამომისტუმრა.
– ქალბატონო ზინა, რამდენი ხანია, რაც ეგ ბიძინა გაბიძაშვილი აქ გადმოვიდა საცხოვრებლად? – ჰკითხა „ენაწყლიანს“ ვარლამმა.
– 2010-ში, ხუთი წლის წინ. იმათ, ვინც ადრე ცხოვრობდნენ აქ, სხვათა შორის, ოქრო ხალხი, ბანკმა წაართვა ეს ბინა და, როგორც ჩანს, ბანკისგან იყიდა იმ მუდომ. ღმერთო, მაპატიე, – ზინამ „მუდოს“ გამო პირჯვარი გადაიწერა.
– მანქანა ჰყავდა გარდაცვლილს? – იკითხა ვარლამმა, ზინამ კი ფანჯრიდან ხელი გაიშვირა და მიუგო:
– აი, მწვანე გარაჟი რომაა, ისაა მაგისი. თეთრი „მერსედესის ჯიპი“ ჰყავს (ზინამ ვარლამს მანქანის ნომერიც დაუსახელა), მაგრამ, თითქმის არ დადიოდა.
– ალბათ, უცოლშვილო იყო.
– რომ ჰყოლოდა, მეცოდინებოდა.
– დაახლოებით რამდენი წლის იყო?
– ორმოცზე მეტის არ იქნებოდა.
– კარგი, ქალბატონო ზინა. თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ, – უთხრა ვარლამმა ზინას და რეზოს მიუბრუნდა: – წამოდი გარაჟი ვნახოთ, იქნებ მანქანაში აღმოვაჩინოთ რამე.
ვარლამმა და რეზომ რამდენიმე მეზობელი იახლეს, რომ ავტოფარეხის გახსნის პროცესს დასწრებოდნენ. მათ შორის იყო ზინაც, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა და წინ გარბოდა. მის შემხედვარე კაკუბავას გაეცინა და ჩიტოს გადაუჩურჩულა:
– ძალიან მომაბეზრებელი კი არის ეს ქალი, მაგრამ, ზინასნაირები რომ არ იყვნენ ამქვეყნად, საქმე ცუდად წაგვივიდოდა – რომ არა ისინი, რა საქმეებსაც ვხსნით, იმის მეოთხედსაც ვერ გავხსნიდით.
– გეთანხმებით, ბატონო ვარლამ, – სიცილითვე მიუგო ჩიტომ კაკუბავას.
ავტოფარეხის ბოქლომის გასატეხად ერთ-ერთმა მეზობელმა უზარმაზარი ურო მოიტანა, ბუხუტი ბაქრაძის კუნთმაგარმა ოპერმუშაკმა კი მთელი ძალით დაჰკრა ურო ბოქლომს, გატეხა და ძირს დააგდო, შემდეგ კი ავტოფარეხის კარი გამოაღო და შიგნით რომ შეიხედეს, იქაურობა ცარიელი აღმოჩნდა.
– „მერსედესის ჯიპი“ გაქრა, – თქვა ვარლამ კაკუბავამ და მხრები აიჩეჩა.
***
გაბიძაშვილის მკვლელობის საქმე ვარლამ კაკუბავას დააწერეს. მან ყველა საჭირო ფორმალობა შეასრულა, საქაღალდე შეკრა, ნომერი მიაკრა, საათს დახედა და რეზოს უთხრა:
– ღამის ორი საათი სრულდება. ძალიან დავიღალე. ცოტა თუ არ წავუძინე, შეიძლება, შევიშალო. ექვს საათში ისევ აქ უნდა მოვიდეთ. წავედით, სახლში წაგიყვან. ჰე, დროზე ჰქენი!
ვარლამ კაკუბავამ ჩიტო სახლში მიიყვანა, გამოემშვიდობა და წამოვიდა. თუმცა, სახლში კი არ წასულა, გაგნიძის კლინიკისკენ აიღო გეზი. მანქანა სამასიოდე მეტრის მოშორებით დატოვა და გზა ფეხით განაგრძო. კლინიკაში რომ შევიდა, მთვლემარე რეგისტრატორს შეწუხებული სახით ჰკითხა:
– ბატონი პროფესორი თავისთანაა?
რეგისტრატორმა გოგონამ თანაგრძნობით შეხედა შეწუხებულ ¹9 პაციენტს, შიდა ტელეფონს დასწვდა და, ყურმილი რომ დაკიდა, უთხრა:
– მიბრძანდით. ბატონი პროფესორი გელოდებათ.
ნახევარიოდე წუთის შემდეგ ვარლამი უკვე გაგნიძის პირისპირ იჯდა და აბოლებდა. მასპინძელმა ჰკითხა:
– ტყუილად არ მოხვიდოდი. ეტყობა, რაღაც ძალიან სერიოზული მოხდა.
ვარლამმა პროფესორს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ბოლოს უთხრა:
– გარაჟში არც „მერსედესის ჯიპი“ აღმოჩნდა...
– მერე რა? – მშვიდად თქვა გაგნიძემ.
– რა „მერე რა”? – აღშფოთდა ვარლამი, – ვერ ხვდები, რა ხდება?
– რა ხდება? – კვლავ გამაღიზიანებლად იკითხა მასპინძელმა.
– რა და, ამერიკელები კვალს შლიან, ესე იგი, სულ მალე თავიანთი ჩანაფიქრი უნდა განახორციელონ და ამიტომ. ხოლო, თუ ეს ასეა, მაშინ რატის გამოიყენებენ და მის უსაფრთხოებაზე ვდარდობ. ხომ ვილაპარაკეთ ამაზე დღისით? აი, რატომ მოვედი ასე სასწრაფოდ აქ. რამე უნდა ვქნათ, რომ რატი პეტრიაშვილი გადავარჩინოთ.
– რას მთავაზობ, მაინც, რა უნდა ვქნათ? – მშვიდად იკითხა გაგნიძემ.
– ვფიქრობ, რატი არალეგალურ მდგომარეობაზე უნდა გადავიყვანოთ და დავმალოთ, – თქვა ვარლამმა.
– დავმალოთ, დავმალოთ... – გაიმეორა გაგნიძემ, ოთახში გაიარ-გამოიარა და კაკუბავას უთხრა: – კი ბატონო, დავმალოთ. გადავიყვანოთ არალეგალურ მდგომარეობაზე, მაგრამ, მაშინ ხომ ყველაფერი ჩაიშლება?
ვარლამი შეცბა. მასპინძელს მწველი მზერა ესროლა და კოპებშეკრულმა უთხრა:
– რა ყველაფერი ჩაიშლება, რას გულისხმობ?
– დამშვიდდი, ვარლამ, – თქვა გაგნიძემ, – რატი რომ დავმალოთ, თუ მართლა ისაა ამერიკული სცენარის მთავარ როლში, მაშინ ხომ ვერ გავიგებთ, რას აპირებენ ისინი? იმათ სათადარიგო ვარიანტიც ექნებათ და იმას გამოიყენებენ, ჩვენ კი ხახამშრალებს დაგვტოვებენ. ამიტომ, ამის გაკეთება არ შეიძლება.
ვარლამი წამოწითლდა და გაცეცხლდა:
– რაებს როშავ, რისი გაკეთება არ შეიძლება. რატი ცოცხალ სატყუარად გინდა გამოიყენო, რომ ქულები დაიწერო შენს უფროსობასთან? სადაა გარანტიები, რომ მას არაფერი დაემართება?
– ამისი გარანტია არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს, – მშვიდად თქვა გაგნიძემ, ვარლამი კი უკვე ცოფებს ყრიდა:
– მკიდია, ჩვენ რა გვაქვს, მთავარია, იმ ბიჭს არაფერი დაემართოს. მის ადგილზე შენი შვილი რომ იყოს მაშინაც მასე იტყოდი?
– დამშვიდდი, ვარლამ, ყველაფერს საღი აზრით მიუდექი. ახლა რომ კაცი გადავმალოთ, შეიძლება, საქართველოს დაემუქროს დიდი საფრთხე, ამას კი ვერანაირად ვერ დავუშვებთ. ამიტომ, დამიჯერე და მენდე.
ვარლამ კაკუბავა იშვიათად გამოდიოდა წყობიდან, მაგრამ, როდესაც გადაირეოდა, მის დაწყნარებას დიდი დრო სჭირდებოდა. ახლა კი, სწორედაც რომ გადარეული იყო და, მას გაგნიძე კი არა, სპეცდანიშნულების რაზმიც ვერ გააჩერებდა. მასპინძელი ამას მშვენივრად მიხვდა და სტუმრისთვის მეტი არაფერი უთქვამს, მან საწერი მაგიდის უჯრა გამოაღო. პისტოლეტი ამოიღო, გადატენა, ვარლამს მიუშვირა და უთხრა:
– არ გაინძრე, თორემ გესვრი!
ვარლამმა ზიზღნარევი მზერა ესროლა გაგნიძეს და ირონიით უთხრა:
– მესროლე, თუ მაგარი ხარ! მე წავედი. ზურგში მესვრი თუ პირდაპირ შუბლში დამახლი?
გაგნიძე გაფითრდა და იარაღი უჯრაში დააბრუნა, შემდეგ წყალი დალია. სავარძელში ჩაეშვა და კაკუბავას უთხრა:
– ვარლამ, დაჯექი და მომისმინე!
– რა უნდა მოგისმინო? ვიცი, რაც უნდა მითხრა, მოგისმინე უკვე, – მიუგო კაკუბავამ.
– არა, რაც ახლა უნდა გითხრა, ჯერ არ იცი. დაჯექი!
– ვიდგები! – ჯიუტად თქვა კაკუბავამ.
– კარგი, იდექი, მაგრამ, დამშვიდდი და ისე მომისმინე.
– თქვი, თუ ამბობ.
– რა დასამალია და, რატის მართლაც სატყუარად ვიყენებთ. რუსები რომ იტყვიან: „ნა ჟივცა ლოვიმ“. შენ სწორედ რომ დროზე დაგვიკავშირდი და მას მერე რატი პეტრიაშვილის სახლი და თავად შენი ყოფილი თანაშემწე ოცდაოთხსაათიანი მეთვალყურეობის ქვეშ გვყავს. ჩვენი ბიჭები ახლაც მორიგეობენ მის სახლთან. შენ გგონია, არ ვიცით, რომ შენთან შესახვედრად სამოსგამოცვლილი მოდის ხოლმე, სახურავიდან სხვა სადარბაზოში გადადის და იქიდან ეშვება ქუჩაში?! ისიც ვიცით, რომ თქვენი შეხვედრების ადგილია „ანტრე“ რუსთაველზე და ფუნიკულიორის პლატო. ჩვენ ბიძინა გაბიძაშვილის კონსპირაციული ბინის შესახებაც ვიცოდით და მის პიროვნებას ვიკვლევდით, თუმცა აქ ერთი შეცდომა დავუშვით.
– რა შეცდომა?
– რა და, გაბიძაშვილის ბინაზეც უნდა დაგვეწესებინა თვალთვალი, მაშინ ხომ არც ეგ მკვლელობა გამოგვეპარებოდა მკვლელისა თუ მკვლელების ვინაობაც გვეცოდინებოდა და მეტი ინფორმაციაც გვექნებოდა ამერიკელებზე.
– გეყოფათ კი იმისი რესურსი, რომ ამდენი რამე გააკონტროლოთ, მით უმეტეს – ამერიკელები?
– ხალხი საკმარისად გვყავს, თანაც, ყველა კვალიფიცირებულია. იმაზე მეტი ადამიანი გვყავს, ვიდრე ეს ამერიკელებს წარმოუდგენიათ, ამიტომ რესურსი გვეყოფა. მთავარია, შეცდომა არ დავუშვათ და ამერიკელებმა არ გაგვაცურონ.
მართალია, კაკუბავა დამშვიდდა, მაგრამ გაგნიძის ბოლომდე არ სჯეროდა და ირონიით უთხრა:
– „ეფბეერმა“ „გრუ“ როგორ უნდა გააცუროს?
გაგნიძეს არ გამოჰპარვია ვარლამის ირონია და გაეცინა, მაგრამ სერიოზულად მიუგო:
– ჯერ ერთი, არც „ეფბეერია“ ხელწამოსაკრავი, მაგრამ „ცეერუ“ უარესია და სწორედ „ცეერუშნიკებითაა“ სავსე „მოდული“, თუმცა ისინი თავს ეფბეერელებად ასაღებენ და ეს თვით სოსო ჯაფარიძემაც კი არ იცის. მას ჰგონია, რომ ონილი და ნიუმანი ეფბეერელები არიან. სინამდვილეში კი ორივე პირწავარდნილი „ცეერუშნიკია“ და რუსეთის მიმართულებაზე მუშაობს.
– საიდან იცი?
– დაგავიწყდა, სად ვმუშაობ?
– „გრუში“, – ჩაეცინა ვარლამს და დაამატა, – სამწუხაროდ, მეც „გრუს“ აგენტი გამოვდივარ.
– არა, შენ არანაირი „გრუს“ აგენტი არ ხარ. მართალია, საკმაოდ ბევრი იცი, მაგრამ არანაირი ვალდებულება არ გაქვს, გარდა ჩვენი სამშობლოს სიყვარულისა და სწორედ ამიტომ ხარ ახლა აქ. ხოლო, რადგან აქ ხარ, დამიჯერე, რომ ყველაფერი კარგად იქნება, – თქვა გაგნიძემ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში