ინტიმური საუბრები
მეგობრის ძმამ ცოლად ქონების გამო შემირთო
ჩემი მშობლები საკმაოდ შეძლებული ადამიანები იყვნენ და მეც ბავშვობიდან ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავი. სხვა სიკეთეებთან ერთად, მემსახურებოდა მძღოლი, რომელსაც ყველგან დავყავდი და, სადაც არ უნდა წავეყვანე, ყოველთვის მელოდებოდა ხოლმე. მამაჩემის ნებართვით, ჩემი უახლოესი ორი დაქალიც სულ ჩვენი მანქანით დამყავდა ყველგან. მეორე კურსზე რომ ვიყავი, კიდევ ერთი ჯგუფელი დაგვიდაქალდა – ხათუნა. იმ პერიოდში შეყვარებული მყავდა, რომელსაც ჯერ ჩუმად ვხვდებოდი, მერე კი ჩემს მშობლებს გავაცანი და, რადგან მამას მოეწონა, უფლება მოგვცა, ბაჩო ყველგან გამყოლოდა, სადაც წავიდოდი. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაქორწინებასაც ვფიქრობდით, მაგრამ ხათუნამ ყველაფერი აურ-დაურია: ჯერ ჩემსა და ბაჩოს შორის ჩამოაგდო „ჩორტები“; მერე ყველანაირად ცდილობდა, ბაჩო შეეძულებინა ჩემთვის და რას აღარ მეუბნებოდა: ვიღაც გოგოს ხვდება, ყოველ ნაბიჯზე გღალატობს, ბიჭებთანაც და გოგოებთანაც აგდებულად მოგიხსენიებსო. თან, ერთი-ორჯერ ხათუნამ ტელეფონით გადაღებული სურათებიც მაჩვენა, ბაჩო ვიღაც გოგოსთან ხელგადახვეული რომ მიდიოდა. ის გოგო ზურგით იდგა და სახე ვერ დავინახე, მაგრამ ამ სურათმა ძალიან იმოქმედა ჩემზე.
ხომ გაგიგიათ, შეძახილმა ხე გაახმოო, მეც ასე დამემართა – ნელ-ნელა ეჭვი შემეპარა ბაჩოს სიყვარულში და მეც თანდათან გამინელდა გრძნობა მის მიმართ. ერთ დღეს კი ვიგრძენი, რომ საერთოდ აღარ მიყვარდა და პირდაპირ ვუთხარი, უნდა დავშორდეთ-მეთქი. ბაჩო კი გრძნობდა ჩემგან სიცივეს, მაგრამ მიზეზს ვერ ხვდებოდა და ფიქრობდა, ალბათ დეპრესია აქვს და გაუვლისო, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, განსაკუთრებული არც არაფერი მოუმოქმედებია იმისთვის, რომ ერთმანეთს არ დავშორებოდით. ისე იყო დარწმუნებული იმაში, რომ არაფერი ცუდი არ მოხდებოდა, რომ დარწმუნებით მიჰყვებოდა დინებას. ეტყობა, იმდენად თავის საკუთრებად მივაჩნდი, რომ არც კი შეშინებია ჩემი დაკარგვა და არანაირი წინასწარი ზომები არ მიუღია ამის აღსაკვეთად. რომ ვუთხარი, უნდა დავშორდეთ, აღარ მიყვარხარ-მეთქი, პატარა ისტერიკასავით მომიწყო, გავარდა და იმ დღიდან გამებუტა. ისიც კი არ უკითხავს, რატომ გადავიყვარე. მაშინ ძალიან მადლობელი ვიყავი ხათუნასი, თვალი რომ ამიხილა. თუმცა ცოტა მოგვიანებით გავიგე, რომ იმ სურათზე აღბეჭდილი გოგო ბაჩოს ალალი დეიდაშვილი ყოფილა; რომ ბაჩო საერთოდ არ მღალატობდა და არც ჩემზე არ ღადაობდა ვინმესთან.
ბაჩოს რომ დავშორდი, ძალიან მალე, ხათუნამ თავისი ძმა გამაცნო (უფრო სწორად თუ ვიტყვი – გამირიგა) და ორ თვეში დავქორწინდით.
ისე მოხდა, რომ ჩემი გათხოვებიდან ერთ წელიწადში მამაჩემი ძალიან დიდ ვალში გადავარდა, რის გამოც იძულებული გახდა, ჩვენი უზარმაზარი სახლიც, აგარაკიც და მანქანებიც გაეყიდა და საცხოვრებლად ჩვეულებრივ სამოთახიან ბინაში გადავედით. აღარც მანქანები გვემსახურებოდა, აღარც მოსამსახურეები დაგვტრიალებდნენ, აღარც ხიზილალები გვეყარა თავზე და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი და ჩემი ქმრის უსიამოვნებები, რასაც განსაკუთრებით აღვივებდა ხათუნა. აღმოჩნდა, რომ ორივე (და-ძმა) ჩემი ოჯახის ქონებას დახარბდა – იფიქრეს, ავშენდებითო; ხათუნამ სწორედ იმიტომ დამაშორა ბაჩოსთან, რომ თავისი ძმა გაეცნო ჩემთვის და სარფიანად „გაეთხოვებინა“, მაგრამ მამაჩემის გაკოტრების შემდეგ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და თავიც მალე გამოამჟღავნეს.
ქმარს, ცხადია, გავშორდი. კიდევ კარგი, ასეთი კაცისგან შვილი არ მეყოლა და მაგათი გენეტიკა არ გაგრძელდა. ორი წლის შემდეგ მამამ ისევ დაიბრუნა დაკარგული ქონების ნახევარზე მეტი და ხათუნა და მისი ძმა ისევ მომადგნენ კარზე შესარიგებლად, მაგრამ მათი დანახვაც აღარ მინდა.
თინანო, 28 წლის.