ცოლები და საყვარლები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-18(801)
კახამ გაუბედავად შეაბიჯა პალატაში. თეოს ეძინა. ეძინა მის გვერდით მდგარ გამჭვირვალე პლასტმასის „ყუთში“ ნებივრად მფშვინავ პაწაწინა არსებასაც. კაცი ახლოს მივიდა და ბავშვს ჩააშტერდა.
– მე მგავს... ჩემი თვალები და ტუჩები აქვს... შენ ვერ ამჩნევ?
კახა შებრუნდა. იდაყვზე დაყრდნობილი თეონა ისე შესცქეროდა, აშკარად დადებით პასუხს ელოდა მისგან.
– ჰო, ამბობენ, ბიჭი თუ დედას ჰგავს, ბედნიერი იქნებაო, – კახა თავადაც ვერ მიხვდა, საიდან გაახსენდა ეს სისულელე, თუმცა, ამ სისულელემ სიტუაცია იხსნა – თეონამ გაიღიმა და თითქოს ცოლ-ქმარს შორის უეცრად წარმოქმნილი დაძაბულობა გაქრა.
კაცი საწოლთან მივიდა, ჩამოჯდა და ცოლს თმაზე გადაუსვა ხელი.
– არ გამოგვივიდა ქორწილი... მაგრამ, არა უშავს, მთავარია, შენ ხარ კარგად; ჰო, ბავშვიც, რა თქმა უნდა...
– სტუმრებთან უხერხულად გამოვიდა. იყავი რესტორანში?
– არა, რანაირად? ფეხი არ მომიცვლია აქედან – რამე რომ დაგჭირვებოდა?
თეოს გაეღიმა:
– სულელი, რა უნდა დამჭირვებოდა ისეთი, რომ შენ დამხმარებოდი, ექიმები ხომ აქ იყვნენ?!
– რა ვიცი... – მხრები აიჩეჩა კახამ, – ის კი არა, ზურაც აქ არის, ქვემოთ. ერთად ვნერვიულობდით.
– შენ ნერვიულობდი? – თეომ ხელი ხელისგულში ჩაუდო ქმარს და თვალებში მიაშტერდა. უხერხულობასთან ერთად, კახამ უჩვეულო, მანამდე უცნობი ემოციის მოძალება იგრძნო და გული აუჩუყდა.
– თეონა, რას მეკითხები? რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, თანაც ძალიან და, მარტო შენზე კი არა, ბავშვზეც.
ქალს სახე გაუბრწყინდა:
– საყვარელი ვინმეა... ისეთი ლოყები აქვს... რა უნდა დავარქვათ?
კახამ მხრები აიჩეჩა:
– ალბათ, რაც შენ გინდა... რომელი სახელი შეარჩიე?
– ჯერ არ მომიფიქრებია. ბიჭებს სახელებს მამები არ არქმევენ?
– კარგი, თუ გინდა, მე დავარქმევ. ოღონდ, მოსაფიქრებლად ცოტა დრო უნდა მომცე.
თეონამ თავი დაუქნია.
– ახლა კი წადი და იმ ხალხს მიხედე, რესტორანში რომ გველოდება. ძალიან უხერხულად გამოვიდა. წადი, მერე კი ისევ მოდი. მანამდე მე და ჩემი ბიჭი ცოტას დავიძინებთ.
კახამ ცოლს შუბლზე აკოცა და კახა ქვემოთ ჩავიდა, კლინიკის ჰოლში. ზურა ისევ იქ ელოდეოდა. სავარძელზე იჯდა თავჩაქინდრული და ხელში ცარიელი პლასტმასის ჭიქას ატრიალებდა. კახა მასთან მივიდა და მხარზე დაადო ხელი:
– წავიდეთ.
– თეონასთან უკვე იყავი?
– ჰო, კარგად არის. ბავშვიც ვნახე.
– მერე?
კახას მოეჩვენა, რომ ზურას გამომცდელი მზერა ჰქონდა, თითქოს მისგან რაღაც ინფორმაციის მიღების სურვილი ამოძრავებდა და ამან ლამის გააცოფა...
– ასე რატომ მიყურებ და რას ნიშნავს – „მერე“? პირდაპირ მითხარი, რა გაინტერესებს?
– არაფერი, კაცო... იმ ხალხს რა ვუყოთ, რესტორანში რომ გველოდება-მეთქი.
– ისევ გველოდებიან? წავიდოდნენ, ბიჭო, უკვე...
– არა, რა წავიდოდნენ, დამირეკეს რესტორნიდან. რამდენიმე კაცის გამოკლებით, ყველა იქაა და გველოდებიან, როდის მივალთ. ახალი სიცოცხლე უნდა დავლოცოთო.... ჰო, მართლა, რა დაარქვით ბავშვს? ბიჭია, ხომ?
– კი, ბიჭია. თეონას ჯერ არ გადაუწყვეტია. დამაბარა, ვერსიები შენც მოიფიქრეო, მაგრამ თავში არაფერი მომდის.
– ბიჭის სახელის მოფიქრებას რა უნდა? – გაეცინა ზურას, – აგერ არ ვარ?!
– მოიცა, ზურა დავარქვა? შენი სახელი?
– ჰო, რა იყო, ცუდი სახელია ზურაბი? ზუკას დაუძახებ...
– პრინციპში, არ არის ცუდი ვარიანტი... ვეტყვი ხვალ თეოს.
– მოდიხარ თუ არა რესტორანში?
– უნდა წამოვიდე, სხვა რა გზა მაქვს? არადა, რომ იცოდე, როგორ არ მინდა ახლა მთვრალი ხალხის ყურება.
– არ გამოვა, უხერხულია.
– ვიცი. წამოდი, მოვდივარ...
– მერე თეო?
– თეოს მიხედავენ. თან, უნდა დაისვენოს, დაიძინოს. დილით მოვაკითხავ... – კახამ გაიღიმა და ზურას უცნაურად შეხედა: – მომისმინე, თუ თეონა დათანხმდება, რომ ბავშვს ზურა დავარქვათ, შენ მოგანათვლინებ. უარს არ მივიღებ...
ზურამ ხელები გაშალა:
– არც ვაპირებ უარის თქმას.
***
სამანტამ თვალები მოჭუტა და დენის ეშმაკურად გახედა. ძალიან უნდოდა, რომ მისი ყურადღება მიექცია, მაგრამ ბიჭი დიდი ინტერესით მისჩერებოდა პატარა ლეპტოპის ეკრანს და მისი არსებობა საერთოდ არ ახსოვდა. გოგო აშკარად არ აპირებდა ამასთან შეგუებას: დემონსტრაციულად ადგა და აუზში ისე გადახტა, წყლიდან ამოვარდნილმა შხეფებმა დენიც დაასველა და აუზში ამ დროს ჩასული ლევანიც.
– სამანტა, ასე ლეპტოპს გამიფუჭებ! – გასძახა დენიმ.
– მართლა? ძალიან დასანანი იქნება, – დაასკვნა გოგომ, აუზიდან პეშვით წყალი ამოიღო და ბიჭს შეაშხეფა...
– გაგიჟდი? ამწუთას რა გითხარი? – აღშფოთდა დენი და ლეპტოპი ხელსახოცით გაამშრალა.
– მაშინ, ჩამოხტი ჩემთან. ჩამოხტი, რა, საქმე არსად გაგექცევა. ფანტასტიკური წყალია და, უნდა ვაღიარო, დიდი ხანია, თავი ასე კარგად არ მიგრძნია.
– ჰოდა, ძალიან კარგი, შეირგე და ისიამოვნე, მე კი მუშაობა მაცადე. ახლა მაქსიც ჩამოვა.
– მარტო ცურვა არ მიყვარს. თუ არ შემომიერთდები, კიდევ გაგწუწავ!
სამანტა ძალიან ჭირვეული და მომთხოვნი იყო, ტონიც პრეტენზიული და კატეგორიული ჰქონდა. წარბშეკრულმა დენიმ ამოიოხრა, ლევანს კი გაეცინა.
– შენ ფიქრობ, რომ ქალების ჩემზე უკეთ გესმის? – მოულოდნელად მიმართა დენიმ ლევანს.
– მე არაფერს არ ვფიქრობ, უბრალოდ, გამეღიმა.
– მე კარგად მესმის ადამიანების და ამიტომაც ვიცი, რაც გაიფიქრე. პრინციპში, შეიძლება, ასეცაა...
– რას გულისხმობ?
– იმის თქმა მინდა, რომ შენ, მგონი, მართლა ჩემზე კარგად იცნობ ქალებს და ამას დედაჩემის მაგალითიც მოწმობს. არცერთი კაცისთვის არ მოუთმენია ამდენი.
– დენი, – ლევანმა ბიჭს ფიქრიანად შეხედა, – დედაშენის და ჩემი ურთიერთობა ჩვენი ურთიერთობაა. მე ის მიყვარს და პატივს ვცემ.
– ეჭვიც არ მეპარება, – ისევ გაიცინა დენიმ და აუზში აჭყლოპინებულ სამანტას გახედა, – აი, ამას კი აშკარად მოვწონვარ. ძალიან სულელია, ხომ?
– არც ისეთი სულელია, როგორადაც თავს გვაჩვენებს, – ლევანს გაბრიელასთან ყოფნისას სამანტას ვიზიტი გაახსენდა და გუნება მოეშხამა.
– მეც ასე ვიფიქრე. მომისმინე, ლევან... თავიდან შენზე ცოტა სხვანაირი აზრი შემექმნა, მაგრამ, ახლა ვხვდები, რომ ჭკვიანი ხარ.
ლევანმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
– გმადლობ, რომ ჩემზე აზრი შეიცვალე, – ჩაიცინა ლევანმა, – რა უნდა გავაკეთო, რომ ეს აზრი გავამართლო?
– მე შენი წყენინება არ მიფიქრია, პირიქით, მინდა, დავმეგობრდეთ... სხვათა შორის, ნანასაც ეს უნდა.
– აჰა, გასაგებია. გამოდის, მხოლოდ ნანას გავლენით გავხდი ჭკვიანი. ვერაფერი სასიამოვნოა...
– წვრილმანებს ყურადღებას ნუ მიაქცევ. რაც მალე გავუგებთ ერთმანეთს, მით უკეთესი.
– ეს შესაძლებელია?
– თუკი მოინდომებ. ბოლოს და ბოლოს, მტრები ხომ არ ვართ. მე და სტივენი კარგად ვუგებდით ერთმანეთს.
სტივენის ხსენებაზე ლევანს გამომეტყველება შეეცვალა. ეჭვი გაუჩნდა, რომ დენიმ ეს სპეციალურად გააკეთა. „ესღა მაკლდა“, – გაიფიქრა, მაგრამ არ შეიმჩნია, რომ ბიჭზე გაბრაზდა.
– ნანა სად არის?
დენიმ მხრები აიჩეჩა:
– სადღაც წავიდა, ჩემთვის არ უთქვმას.
– დიდი ხნით ჩამოხვედი? – ჰკითხა ლევანმა და უცებ მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო, – თუმცა, პრინციპში, ეს ხომ შენი სახლია.
დენიმ გაიღიმა:
– ნუ გეშინია, აქ დასახლებას არ ვაპირებ, ნანასთან რამდენიმე კვირა დავრჩები. საქმიანი წინადადებით ჩამოვედი... სხვათა შორის, შენი დახმარება დაგვჭირდება.
ლევანმა მხრები აიჩეჩა და კითხვით სავსე მზერა მიაპყრო. დენი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ სწორედ ამ დროს აუზიდან სამანტა ამოვიდა, პირსახოცისკენ არც გაუხედავს. დენისთან მივიდა და შეზლონგზე ჩამოუჯდა.
– სამანტა, სველი ხარ და მეც მასველებ, – აღშფოთდა ბიჭი, – აქ იმდენი შეზლონგია... თანაც, იქნებ პირსახოცი აგეღო?
– რა პრობლემაა, მზეზე გავშრები, – თავი გააქნია გოგომ.
– სამანტა, გადადი მეორე შეზლონგზე, ხომ ხედავ, ვლაპარაკობთ.
– მერე რა, ჩუმად ვიჯდები, ხელს არ შეგიშლით, – უწყინარი გამომეტყველებით მიუგო სამანტამ და ბიჭს მხარზე მიეხუტა...
– უკვე შემიშალე ხელი, – გაბრაზებული დენი წამოხტა და აუზში თავით გადაეშვა.
სამანტამ წყრომით გაბუშტა ტუჩები და მხრები აიჩეჩა.
– ასე არაფერი გამოგივა, – თქვა ლევანმა და საწრუპით წვენი მოსვა.
– სამხიარულოდ არ უნდა გქონდეს საქმე! – მიახალა სამანტამ, – თუ მე და დენის ურთიერთობა არ გამოგვივა, შენი და შენი ცოლისაც აირევა.
ლევანმა გოგოს სიძულვილით შეხედა. დიდი სიამოვნებით ჩააგდებდა უკან, აუზში და ამოსვლის საშუალებას არ მისცემდა.
– ვერაფერს დამიმტკიცებ, – თქვა დარწმუნებით და გოგოს შეუბღვირა.
– ჰა, ჰა, ჰა, როგორი გულუბრყვილო ყოფილხართ, თუ ფიქრობთ, რომ რამის დამტკიცება დამჭირდება. ეჭვიანი ქალისთვის ფაქტები სულაც არ არის აუცილებელი.
– სამანტა, რა გინდა ჩემგან? ჯერ ერთი, დენი ჩემი შვილი არ არის და, ასეც რომ იყოს, რა ზეგავლენის მოხდენა შემიძლია მასზე? როგორ უნდა ვაიძულო, რომ შეგიყვაროს?
– მაგას არც გთხოვ. რა სისულელეა! სიყვარული დიდი სასაცილო რამეა. მე მინდა, დენის ცოლი გავხდე და ამაში შენ დამეხმარები.
– სამანტა, შენ გიჟი ხარ... – ამოიოხრა ლევანმა, – არაფერი გამოგივა.
– როგორ არა...
– სამანტა, ზედმეტად თავდაჯერებული ხარ, ოღონდ, ჩემს ხარჯზე.
– არა, შენს ხარჯზე არა, შენი ცოლის ხარჯზე. დენიზე ნანას დიდი გავლენა აქვს. უნდა დამეხმარო, ნანა მიხვდეს, რომ მისი შვილისთვის საუკეთესო ვარიანტი ვარ...
– ცუდად იცნობ ნანას...
– მაგას არა აქვს მნიშვნელობა, შენ გიცნობ კარგად, – სამანტამ უცერემონიოდ აიღო ლევანის ჭიქა და წვენი მოსვა, – ზუსტად ვიცი, რასაც მეტყვი, ყველაფერს გააკეთებ.
– ტყუილად მაშინებ, აღარ გამოგივა შენი ხრიკები. ეგ თავიდან აგყევი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ვერაფერს დამიშავებ.
– რატომ უნდა დაგიშავო? – მხრები აიჩეჩა სამანტამ, – ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს.
ლევანმა ჩაიცინა:
– ძალიან საინტერესოა, შენ რაში მჭირდები.
– გჭირდები, გჭირდები. მალე მიხვდები ამას და ნუ იბღვირები, შენი ცოლი მოდის აქეთ... მეტი პოზიტივი მჭირდება.
ნანას ულამაზესი, ფერადი ძაფებით მოქარგული „პარეო“ ჰქონდა მოცმული შავ, ელეგანტურ საცურაო კოსტიუმზე და თეძოების თანაბარი რხევით, ნელა მოჰქონდა მოზრდილი ლანგარი, რომელზეც სხვადასხვა ფერის კოქტეილიანი ჭიქები ეწყო... პატარა თეფშებზე კი – კანაპეები. სამანტა მაშინვე წამოხტა, გაეგება და ლანგარი ჩამოართვა.
– უთქვენოდ მოვიწყინეთ, – გაიღიმა ფამილარულად და გაეკეკლუცა. ლანგარი პატარა მაგიდაზე დადგა და იქვე მორცხვად წამოსკუპდა. ნანამ გამომცდელი მზერა შეავლო. სამანტამ გადაწყვიტა, დროის გაცდენა არ ღირსო და ისეთივე ტონით განაგრძო:
– აღფრთოვანებული ვარ. თქვენნაირი ქალები ჩემთვის ყოველთვის მაგალითი იყო. გამიმართლა, რომ რეალურადაც გაგიცანით. როგორ ახერხებთ ამდენს? – ყველაფერს ასწრებთ და თან მშვენივრად გამოიყურებით, არაჩვეულებრივადაც კი.
– გმადლობ, საყვარელო. კარგი იდეა იყო თქვენი ჩამოსვლა.
– ჰო, მეც ასე ვფიქრობ, – გაიღიმა სამანტამ და ფართოდ გაღებული პირიდან ქათქათა კბილები გამოუჩნდა. ნანამ კიდევ ერთხელ შემფასებლურად შეათვალიერა გოგო და აღიარა, რომ ცუდად არ გამოიყურებოდა.
– იცით, დენი ძალიან გამოირჩევა სხვა ბიჭებისგან და ახლა ვხედავ, რომ ეს თქვენი დამსახურებაა.
– მაინც, რით არის გამორჩეული? – თვალები მოჭუტა ნანამ და კოქტეილი მოწრუპა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ქმრისკენ ერთხელაც არ გაუხედავს.
– ჭკვიანია, მშვიდი, მიზანდასახული; ზუსტად იცის, რა უნდა და მასთან არ მოიწყენ.
– ოჰო, დენის უკვე მოუხდენია შთაბეჭდილება შენზე. მგონი, დიდი ხანი არ არის, რაც გაიცანი.
– ჰო, მაქსმა გამაცნო. მაქსს დიდი ხანია, ვიცნობ. ჩვენ, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ; ჩვენი მშობლებიც მეგობრობენ... რამდენს ვლაპარაკობ! თქვენ, ალბათ, არც გაინტერესებთ ეს ყველაფერი... – სამანტამ ისე გულუბრყვილოდ დაახამხამა წამწამები, ლევანმა გუნებაში მწარედ გაიცინა.
– როგორ არა, ძალიანაც მაინტერესებს, – ნანამ შეზლონგზე ფეხი მოირთხა. აშკარად ძალიან კმაყოფილი ჩანდა სამანტასთან საუბრით.
– ჰო, მაქსის მეგობრებს ყველას არ ვიცნობ. იმის თქმა მინდოდა, რომ, რატომღაც, არასდროს დავინტერესებულვარ მაქსის მეგობრებით. დენი გამონაკლისია. იმიტომ, რომ მართლაც არაჩვეულებრივი ვინმეა...
– ჰო, კარგი ბიჭია. თქვენ სწავლობთ?
– ვამთავრებ სწავლას. ბევრი რაღაც მაინტერესებს, ბევრი რამის გაკეთება მინდა, სულ რაღაცის ძიებაში ვარ. მოუსვენრად ცხოვრება მიყვარს, თავგადასავლები...
– დენი კი მშვიდია, – ჩაილაპარაკა ნანამ.
– რა თქმა უნდა. ამიტომაც მომწონს. როგორი გულახდილი ვარ თქვენთან... საერთოდ, ასეთი მოურიდებელი არ ვარ...
ლევანმა იგრძნო, რომ მოთმინების ფიალა ბოლომდე აევსო. მოსწყინდა უსაქმოდ წოლა, შეზლონგიდან წამოდგა და ცოლს მიუბრუნდა:
– ბარში გავალ, ვნახავ, რობერტოს რამე ხომ არ შემოაკლდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში