კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაფრისგან გაქცეული

 ეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა...  უსასრულობის განცდა სიკვდილის განცდას ჰგავდა. მას მართლაც ჰქონდა გადაწყვეტილი ცხოვრების ხელახლა დაწყება, მაგრამ სიცოცხლეში და არა სიკვდილში.
– როგორ ხარ, მაილს, ჩემი ხმა გესმის? – ხანა ვარ... ეს რა დაგემართა, ექიმი გამოვიძახო?
მაილსმა თვალები გაჭირვებით გაახილა და საწოლში წამოჯდა. ისევ საკუთარ სახლში იყო, თავის მესამე ცოლთან, ხანასთან და ოთახში მათი მეგობრებიც (მეგობრები, ალბათ, უფრო პირობითად ეწოდებოდათ) იყვნენ ყალბად შეშინებული სახეებით. ხანა ვერაფრით გადაეჩვია შაბათობით – სწორედ მაშინ, როცა მაილსს დასვენება უნდოდა, სახლში ხმაურიანი წვეულებების მოწყობას. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, ყველაფერი ისე კარგად ეჩვენებოდა... ხანა ულამაზესი იყო. რამდენი იწვალა მისი გულის მოსაგებად, დარწმუნებულმა იმაში, რომ ამ ქალის გვერდით ცხოვრება არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული იქნებოდა. უყოყმანოდ იქორწინა საყვარელ ქალზე მესამედ. ერთად დგებოდნენ და საუზმობდნენ. ერთად სეირნობდნენ ქალაქგარეთ, საგანგებოდ ნაყიდი სახლის პარკში. ბევრს ლაპარაკობდნენ საერთო გეგმებზე... მაგრამ ესეც დროებითი აღმოჩნდა. ძალიან მალე ხანა აუტანლად მომაბეზრებელი გახდა. რატომღაც გადაწყვიტა, რომ ქმარს ამით აამებდა და დაიწყო მათ მყუდრო, სააგარაკო სახლში გაუთავებელი საკვირაო ვახშამ-წვეულებების გამართვა. მაილსს უკვე სძულდა ფარისეველი სახეები თავისი თეატრის მსახიობებისა, რომლებსაც რეალურად შურდათ მისი... და საერთოდაც, ბოლო დროს ყველა და ყველაფერი სძულდა, გარდა ლოლასი – ახალგაზრდა და ქერა ლამაზმანისა, რომელიც ისეთივე მომხიბვლელად ეჩვენებოდა, როგორც ხანა... მაგრამ, არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ლოლას სილამაზეც ჩვეულებრივი, ყოველდღიური გახდებოდა.
– საყვარელო, რა კარგია, რომ გონზე მოხვედი, – ხანამ ქმარს თავზე ხელი გადაუსვა, – მაინც რა დაგემართა, რამდენიმე წუთი გონება გქონდა დაკარგული?!.
– ჰმ, ვერ ხვდები, რომ ეს ყველაფერი შენი ბრალია?
– მე რა შუაში ვარ? – თვალები ცრემლებით აევსო ხანას, – სულ ვცდილობ, რაღაცით გასიამოვნო... ამ წვეულებებსაც შენთვის ვაწყობ.
– ჰო? და, არც კი გაინტერესებს, მომწონს თუ არა ეს ყველაფერი, ისე ხარ მზრუნველი დიასახლისის როლში შეჭრილი. მაინც საიდან გაგიჩნდა იდიოტური სურვილი, სახლში, სადაც მინდა, რომ მშვიდად დავისვენო, ეს ყალბი და უნიჭო სპექტაკლები გამიმართო?!
– ისინი ხომ შენი მეგობრები არიან – ატირებას აღარაფერი უკლდა ქალს.
– კარგი. ყველაფერი კარგად არის, – თქვა მაილსმა, – დღეს მოვათავებ ამ ფარსს. ადი ზემოთ და მეც ამოვალ...
ხანამ შიშით შეხედა ქმარს.
– რა ხდება?
– ადი და ამოვალ...
სანამ მეორე სართულზე ავიდოდა, სადაც საძინებელში ხანა ელოდებოდა, მაილსი დასის რეჟისორთან, ბართან რომ იდგა და „შერის“ ნეტარებით მიირთმევდა, მივიდა და მხარზე დაადო ხელი.
– ოუენ, მე მივდივარ.
– სად მიდიხარ? წეღან ცუდად იყავი.
– ჰო, მაგრამ ახლა კარგად ვარ, ძალიან კარგად და დასიდან მივდივარ, სულ მივდივარ...
– რა? გაგიჟდი? შუა სეზონში? მერე სპექტაკლი? ძლივს ანშლაგები გვაქვს.
– ჯერ ერთი, ჩემი სპექტაკლები ყოველთვის ანშლაგებით მიდის და მეორეც, ფეხებზე მკიდია... მომბეზრდა!
– რა გკიდია ფეხებზე? მაილს, დაგავიწყდა, კონტრაქტზე ხელი რომ გაქვს მოწერილი? გაგანადგურებ!
– ვერაფერს მიზამ... კარგად ჩაიხედე იმ კონტრაქტში. იქ არსად წერია, რომ დაუსრულებლად უნდა ვითამაშო, უკვე ყელში ამოსული სპექტაკლი... მორჩა, ამოვწურე!..
– მაილს, არ გააკეთო ეს, – ლამის შეეხვეწა ოუენი, – ასეთი პოპულარული და მოთხოვნადი არასოდეს ყოფილხარ. შენი დიდების ზენიტში ახვედი.
– ჰოდა, მოწყენილობისგან ყმუილი მინდა... შემეშვი, ოუენ, უკვე ყველაფერი გადაწვყვიტე. მივდივარ თეატრიდანაც და ამ სახლიდანაც.
– ვხვდები, ვინც არის ამისი მიზეზი. ის ქერათმიანი ქათამი. ხანამ იცის, რომ საყვარელი გყავს და მის გამო ტოვებ?
– ახლა ვეტყვი... – ჩაიღმუვლა მაილსმა.
– საჭირო არ არის, ყველაფერი გავიგონე, – ხანა კიბეზე იდგა და ქმარს „შუშის“ თვალებით მიშტერებოდა, – ვის გამო მტოვებ?
მაილსმა კიბე აირბინა. ცოლს მკლავზე მოჰკიდა ხელი და თითქმის ძალით შეიყვანა ოთახში.
– მომისმინე, ხანა, ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა. მე სხვა შემიყვარდა. არ მინდოდა, ეს მომხდარიყო, მაგრამ მოხდა და ეს მარტო ჩემი ბრალი არ არის.
– მაილს, არ მიმატოვო, – ხანას ხმა აუკანკალდა და თვალები ცრემლებით აევსო.
– ხანა, ისტერიკებს ნუ მომიწყობ. აზრი არ აქვს. ჯობია, მშვიდად გამიშვა. ამ სახლს შენ გიტოვებ. მანქანა მიმყავს და ჩემი ტანსაცმელი მიმაქვს. ვცდილობდი, ცუდი ქმარი არ ვყოფილიყავი, არ გამომივიდა.
– მაილს!..
კაცს ცოლისთვის არც შეუხედავს. დიდი სამგზავრო ჩემოდანი აიღო, საწოლზე დადო და შიგ ტანსაცმლის ჩაყრას შეუდგა.
– მაილს! – განწირული ხმით შეჰყვირა ქალმა. კაცმა თავი ასწია...
ხანას ხელში პისტოლეტი ეჭირა.
– არ წახვალ მასთან... მოგკლავ!
– მესროლე, აბა, რაღას უყურებ? ხანა, შენ არ შეგიძლია მაგის გაკეთება, ხომ ხვდები, რომ არ შეგიძლია?! დიახ, მე გარეთ მელოდება ქალი, რომელთან ერთადაც გავემგზავრები შორს და ახალ ცხოვრებას დავიწყებ. კარგი, მანქანასაც დაგიტოვებ... პრინციპში, მანქანაც არ მჭირდება, ლოლა მელოდება.
მაილსმა ჩემოდანს მოავლო ხელი და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა. მას აღარ აინტერესებდა, რა მოხდებოდა მის ზურგს უკან. გარეთ სქელი, რძისფერი ნისლი იყო ჩამოწოლილი, თითქმის არაფერი ჩანდა. მაილსს ახსოვდა, სად ელოდებოდა ლოლა და მისკენ გაემართა. თან, გულში ბრაზობდა, რატომ ვერ ხვდება, რომ ფარები უნდა აანთოსო. სწორედ იმ მომენტში, როცა მისი ვარაუდით, მანქანამდე რამდენიმე ნაბიჯიღა აკლდა, კარის გაღების ხმა ჩაესმა. შეტრიალება არც უფიქრია. მიხვდა, ვინც შეიძლებოდა მდგარიყო ზღურბლზე. ხანა თავისი რევოლვერით, სახლის გარეთ გამოსული გაცილებით საშიში ხდებოდა. ამიტომ, ნაბიჯს აუჩქარა. გარკვევით გაიგონა სასხლეტის ხმა და მთელი ხმით იღრიალა...
– ლოლა, ლოლა, სად ხარ?! სასწრაფოდ დაქოქე მანქანა, ჩქარა, თუ გინდა, რომ ცოცხალი გადავრჩე.
მანქანაში მჯდომმა ქალმა, შესაძლოა, გაიგონა კაცის ხმა, ან შეიძლება იგრძნო მისი მიახლოვება და მოტორი აამუშავა. იქნებ მაილსი გადარჩენილიყო კიდეც, რომ არა სქელი, ფაფასავით ნისლი... ლოლა არც გამოცდილი მძღოლი იყო და ვერც იმ საფრთხეს ხედავდა, სახლის შესასვლელში მდგარი ქალისგან რომ მოდიოდა. მაილსი ალბათ დაიფიცებდა, რომ გასროლის ხმა გაიგონა, მაგრამ მოხვდა თუ არა ტყვია, ამისი გაცნობიერება ვეღარ მოასწრო... რადგან დიდი სიჩქარით დაძრულმა მანქანამ ჰაერში აისროლა. ბედის ირონიით, მაილსის დასახიჩრებული სხეული ხანას ფეხთან დავარდა. მისთვის მართლაც ყველაფერი მორჩა.

скачать dle 11.3