კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდოდა ლავრენტი ბერიას საქართველოში არსებული ნავთობის მარაგის „გახსნა“

ბერია რომ ორთოდოქსი, ეგრეთ წოდებული „იდეური კომუნისტი“ არასდროს ყოფილა, დადასტურებული ფაქტია. ერთ-ერთი მთავარი ბრალდებაც სწორედ ეს იყო ბერიას ცრუ სასამართლოზე – მას ანტიკომუნისტობაში დასდეს ბრალი.... ლავრენტი ბერია თავის სხვა კოლეგებთან, სხვა რესპუბლიკების ცეკას პირველ მდივნებთან შედარებით, სტალინის ყოვლისმომცველი, ყოვლის მაკონტროლებელი სისტემის პირობებშიაც კი, ახერხებდა დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას. მეტიც, ის (ბერია) თავისი ეშმაკობისა და მოხერხებულობის წყალობით, ზოგჯერ საბჭოთა ბელადის (სტალინის) სავალდებულო განკარგულებებსაც კი გვერდს უქცევდა და „წყლიდან მშრალი ამოდიოდა“, ანუ დაუსჯელი რჩებოდა. ასეთი დარღვევისთვის კი სტალინურ სახელმწიფოში ერთადერთი სასჯელი არსებობდა და ეს იყო სიკვდილით დასჯა. ისტორიკოსი ინოკენტი ბორზოვი წერს: „ვინ იცის, რამდენჯერ ეკუთვნოდა დახვრეტა სტალინური „სტანდარტებით“ ბერიას, მაგრამ ეს ადამიანი (ბერია) ყოველთვის ძალიან მოხერხებულად აღწევდა თავს ხიფათს და თვით ყოვლის განმგებელ სტალინსაც კი, „უხვევდა თვალებს“...
1953 წლის ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლოზე ბრალმდებელმა რუდენკომ თქვა, რომ პირადად ბერიას ბრძანებით, 1933 წელს განხორციელდა სახელმწიფო საბოტაჟი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით, დახვრიტეს გეოლოგიის პროფესორი ვიქტორ ბრასოვი და მისი ექსპედიციის დანარჩენი ექვსი წევრიო.
1933 წელს სტალინის განსაკუთრებული განკარგულება გამოიცა, რომლის მიხედვითაც, გეოლოგიის სპეციალისტებს ევალებოდათ საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე ახალი ნავთობსაბადოების აღმოჩენა და ამუშავება. დაკომპლექტდა შესაბამისი ჯგუფები და ერთ-ერთი მათგანი, პროფესორ ვიქტორ ბრასოვის ხელმძღვანელობით, საქართველოშიც გამოგზავნეს. ბრასოვი ჯერ კიდევ „ცარიზმის“ დროს იკვლევდა საქართველოს ლანდშაფტს და დარწმუნებული იყო, რომ იქ ნავთობის არც თუ ისე მცირე მარაგი იყო. შემდეგ რევოლუცია მოხდა და კვლევებისთვის არავის ეცალა. ბრასოვი კი იმპერიალისტების მხარეს იყო და ანტიკომუნისტური გამოსვლებისთვის, დროებითმა აზერბაიჯანულმა მუსავატისტურმა მთავრობამ ოქროს ხანჯლითაც კი დააჯილდოვა. ეს იმ პერიოდის ბაქოს გაზეთებშიც კი დაიწერა და შესაბამისი ფოტოებიც გამოქვეყნდა. მაშინ ბერია კომუნისტურ იატაკქვეშეთში მუშაობდა ბაქოში და კარგად იცოდა პროფესორ ბრასოვის შეხედულების შესახებ კომუნისტებზე. აზერბაიჯანის გასაბჭოებისთანავე ბრასოვი ციმბირში გაემგზავრა და თავის პროფესიას დაუბრუნდა. 1929 წელს კი, მოსკოვში ჩავიდა და გეოლოგიის მთავარ სამმართველოში დაიწყო მუშაობა.
როდესაც ბრასოვი და მისი ხელქვეითები თბილისში ჩამოვიდნენ, პროფესორი მეორე დღესვე ესტუმრა კაბინეტში საქართველოს პარტიულ ხელმძღვანელს, ლავრენტი ბერიას და თავისი ვიზიტის მიზანი გააცნო. დეკანოზოვი ასე იხსნებს ამ შეხვედრას: „ბერიამ რომ ბრასოვს მოუსმინა, გაუღიმა და უთხრა:
– რის ნავთობი, პროფესორო, ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ და რამდენადაც ვიცი, ჩვენთან მსგავსი წიაღისეული არ მოიპოვება. აი, ბაქო სულ სხვაა. იქ უამრავი ნავთობია. ჩვენთან კი ტყუილად დაკარგავთ დროს. თუმცა, თქვენი სტუმრობის მოხარულები ვართ. იმ ერთ კვირას, რასაც საქართველოში გაატარეთ, მთელ ქვეყანას დაგათვალიერებინებთ და კარგადაც გაგიმასპინძლდებით.
– ცდებით, ამხანაგო ბერია, – მჭახედ მოუჭრა პირველ მდივანს მედიდურმა ბრასოვმა, – მე აქ ერთ კვირაზე ბევრად მეტი დროით ვარ ჩამოსული ჩემს ჯგუფთან ერთად. რაც შეეხება ნავთობს, ის აქ საკმაო რაოდენობითაა და ამას თქვენ სულ მალე დაგიმტკიცებთ.
ბერიამ თავაზიანად გაუღიმა სტუმარს და უპასუხოდ გაისტუმრა...“
პროფესორი ბრასოვი რომ ამპარტავანი არ ყოფილიყო და ოდნავი დაკვირვებაც ჰქონოდა, აუცილებლად მივხდებოდა ბერიას სიტყვების შინაარსს და სამუდამოდ დატოვებდა საქართველოს. ის კი ჯიბრში ჩაუდგა ბერიას და ნავთობის საძებნელად გაემართა თავის ჯგუფთან ერთად.
ბერიასთან ერთად დახვრეტილი სერგო გოგლიძე ასეთ ჩვენებას აძლევდა გამომძიებელს: „როგორც კი ბრასოვი წავიდა, ბერიამ თავის კაბინეტში გამომიძახა და მითხრა:
– გეოლოგიის პროფესორ ვიქტორ ბრასოვზე დაწვრილებითი ფაქტები (სიტყვა ფაქტებს მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი) მოიძიე და ვნახოთ, რა ფასი აქვს ამ მუსავატისტური ოქროს ხანჯლით დაჯილდოებულ ანტიკომუნისტს, რომელიც საქართველოში ტერორისტული აქტებისთვის ჩამოვიდაო...“
 ბრასოვისგან განსხვავებით, „ჩეკისტმა“ გოგლიძემ ზუსტად გაიგო უფროსის სიტყვების შინაარსი და ერთი კვირის შემდეგ, ბერიას უკვე მაგიდაზე ედო ბრასოვის მავნებლური მოღვაწეობის საქმე, რომელიც ორ ტომს მოიცავდა. თავად პროფესორი და მისი ხელქვეითები კი, სართიჭალაში აიყვანა „ჩეკამ“ და მერე ისევ თბილისში ჩამოიყვანა. ორი დღის შემდეგ, შვიდივე გეოლოგმა აღიარა, რომ საქართველოში მავნებლური მისიით იყვნენ ჩამოსულები და ნავთობის ძებნის საბაბით, ტერორისტული აქტების განსახორციელებელ ადგილებს ეძებდნენ. ამის შემდეგ კი, ბაქოში აპირებდნენ გამგზავრებას და ნავთობის მომპოვებელი ჭაბურღილების აფეთქებას... გეოლოგების „აღიარებით ჩვენებას“ ნივთმტკიცებებიც თან ახლდა. გეოლოგიური ბარგიდან 100 კილოგრამი ტროტილი და დეტონატორებიც ამოიღეს...
ბრალდებულ ბერიას საქმეში არსებული, სერგო გოგლიძის ჩვენებაში წერია: „როდესაც ლავრენტი პავლოვიჩს გამზადებული საქმე მივუტანე და გაეცნო, მითხრა:
– თუკი ოდესმე ფეხი დამიცდა და სათაგურში გამომამწყვდიეს, ამ საქმესაც ამომიწევენ. საბოტაჟსა და ნაციონალიზმში დამდებენ ბრალს.
– ნაციონალიზმში რატომ, ლავრენტი პავლოვიჩ? – ვკითხე ბერიას.
– საბჭოეთში ვცხოვრობთ და მთელი სიმდიდრე-წიაღისეულობა საერთო სახალხო  საკუთრებაა, გინდა ის ყაზახეთში იყოს, გინდა ციმბირში და გინდა საქართველოში. შენ კი საერთო ყულაბაში თუ რაღაც არ შეგაქვს და შენთვის იტოვებ, ესე იგი, არა ინტერნაციონალისტი, არამედ ნაციონალისტი ხარ. დე, ვიყო ნაციონალისტი. ეგ ნაძირლები კი მალევე გააქრეთ. მით უმეტეს, რომ ბრასოვი ჯერ კიდევ ბაქოში მოღვაწეობისას გვებრძოდა ბოლშევიკებს და ტყუილად ხომ არ მისცეს მუსავატისტებმა ჯილდო?“
გეოლოგების დახვრეტაზე სტალინს სიტყვაც არ დაუძრავს, რადგან მას ბრასოვის ანტიკომუნისტური მოღვაწეობის მყარი ფაქტები დაუდეს, რაც სიმართლე იყო. ბერიას კი მართლაც დასდეს ნაციონალიზმში ბრალი და ეს არც თუ ისე შორს იყო სიმართლისგან. ის ყოველთვის ცდილობდა სხვადასხვა რესპუბლიკიდან სხვადასხვა ნედლეულისა თუ ძვირფასი საქონლის „გადმოქაჩვას“ საქართველოში. თავად კი გასაყიდი პროდუქცია გაჰქონდა და რესპუბლიკის ბიუჯეტს ავსებდა. იმავე გოგლიძის თქმით, ბერია მართლაც იყო ნაციონალისტი და თავის ერს სხვა ერებზე მაღლა აყენებდა. ასე იყო ნავთობის საქმესთან დაკავშირებითაც. გოგლიძე წერს: „ბერიამ მითხრა, – იყოს ეს ნავთობსაბადოები აქ. და არაა აუცილებელი მათი გახსნა. რა იცი, რა ხდება და როდის გამოგვადგება. ციმბირში კი იმდენი ნავთობია, მთელ ქვეყანას ეყოფა და ის მოვიხმაროთო...“
 ბრასოვისა და მისი ჯგუფის განადგურების შემდეგ, სხვა გეოლოგ-მზვერავები ჩამოვიდნენ საქართველოში. თუმცა, მათ უკვე კარგად იცოდნენ ბრასოვის შესახებ. ბერიას სიტყვების შინაარსსაც „სწორედ“ ჩასწვდნენ და დასკვნაში დაწერეს, რომ საქართველოში არსებული ნავთობის მარაგი იმდენად მწირია, რომ მათზე ფულის დახარჯვა წამგებიანი იქნებაო... ბერიამ გეოლოგები საჩუქრებით გაისტუმრა მოსკოვში.“

скачать dle 11.3