რატომ დანიშნა სტალინმა გასამართლებული პატიმარი პენიტენციალური სისტემის მეთაურად
სტალინის ცხოვრების მკვლევართა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ საბჭოთა ბელადის ყველაზე საშინელი ქმნილება იყო „გულაგი“ (ბანაკების მთავარი სამმართველო) ანუ საპყრობილეების სისტემა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, კი „გულაგზე“ წარმოდგენა გადაჭარბებულია. მას („გულაგს“) ბურჟუაზიული მეცნიერ-ისტორიკოსები სტალინის „გასაშავებლად“ იყენებენ და ცრუობენ... საინტერესოა პროფესორ კონსტანტინ ვარლამოვის გამოკვლევა, რომელიც წერს: „სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ, როს საკონცენტრაციო ბანაკებს სათავე ლენინმა დაუდო და პირველი საშინელი ბანაკი – „სალავკებიც“ სწორედ მისი უშუალო მითითებითა და სქემით შეიქმნა. სწორედ „სალავკები“ იქცა „გულაგის“ საშინელ, ბოროტ სიმბოლოდ, რომელზეც დაუჯერებელ ამბებს ყვებოდნენ. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში, ალექსანდრ სოლჟენიცინი კი (ნობელის პრემია მან მიიღო რომანისთვის „არქიპელაგი „გულაგი“), ნახევარზე მეტს იტყუება თავის პრემირებულ რომანში, როცა „ამ ჯოჯოხეთის“ შემოქმედად სტალინს ასახელებს... (ციტატა რომანიდან): „სალავკი“ მართალია სტალინს არ შეუქმნია, მაგრამ მის დროს გადაიქცა „გულაგი“ საბჭოთა ეკონომიკისა და ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთ ქვაკუთხედად, რადგან სწორედ „გულაგის“ პატიმრებს იყენებდნენ ყველა გრანდიოზულ მშენებლობებზე. მათ საბჭოეთი ფეხზე დააყენეს და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნად იქცა. ეს იდეა კი საბჭოთა ბელადს ყოფილმა ოდესელმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა მიაწოდა.
1960 წელს მოსკოვში 77 წლის ასაკში „ენკავედეს“ (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) გენერალი ნათან ფრენკელი გარდაიცვალა. წესისამებრ, მაშინდელმა საბჭოთა უშიშროებამ გარდაცვლილი გენერლის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა და ფრენკელის დღიურები აღმოაჩინა. ჩანაწერები წაიღეს და საიდუმლო არქივში შეინახეს, რომლებსაც მხოლოდ ახლახან მოეხსნა საიდუმლო გრიფი და საშუალება მქონდა, მათ გავცნობოდი. ამიტომ, ამ პუბლიკაციაში ფრენკელის დღიურებიდანაც მოვიყვან ფრაგმენტებს... როგორც ზემოთ აღვნიშნე, ინდუსტრიალიზაციაში პატიმრების გამოყენება სტალინს ოდესელმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა ურჩია და სწორედ ნათან ფრენკელი იყო ის – კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც შემდგომში „ენკავედეს“ გენერალი გახდა და პირადად სტალინის წარდგინებით სამჯერ დააჯილდოვეს ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი, ლენინის ორდენით... ყველაფერი კი 1925 წელს დაიწყო...
ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სტალინს ბელადად აღიარებდნენ, ის გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა და ტროცკისტულ ოპოზიციასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იყო ჩართული, კრემლში წერილი მიიღო „სალავკების“ პატიმრისგან. მას 10 წელი ჰქონდა მისჯილი კონტრაბანდისტობისა და ბანდიტიზმისთვის (დახვრეტა პატიმრობით შეეცვალა). წერილი სტალინმა ყურადღებით წაიკითხა და „ჩეკას“ შეფი, ძერჟინსკი იხმო...
თავის დღიურებში ნათან ფრენკელი ასე აღწერს წერილის ამბავს: „სალავკებში ჯდომისას ყველაფერს ვაკვირდებოდი და მივხვდი, რომ სწორედ პატიმრებს ძალუძდათ ქვეყნის აშენება. უპირველესად იმიტომ, რომ ისინი იყვნენ თითქმის მუქთა სამუშაო ძალა. გარდა ამისა, მათში იყო უამრავი სპეციალისტი, ოსტატი და რაც მთავარია, გამძლე და კუნთმაგარი ადამიანების გრანდიოზული მასა. ანუ, მუშახელი, რომელთა ზურგზეც უნდა გადაევლო მთელ ამ სიმძიმეს. მთავარი იყო ისეთი სისტემის შექმნა, რომ ამ კონვეირს უწყვეტ, შეუჩერებელ რეჟიმში ემუშავა. მე ამ კონვეირის მინი-სქემა შევადგინე. შემდეგ ექსპერიმენტი ჩავატარე პატიმრებზე (ფრენკელმა „სალავკებში“ პატიმრებს სულ რაღაც 21 საათში მინუს 20 გრადუს ყინვაში ხეებისგან უზარმაზარი აბანო ააშენებინა – კ.ვ) და დავრწმუნდი ჩემი იდეის სისწორეში. ჩემი სქემა „გავაშალაშინე“, რაღაც-რაღაცეები დავუმატე და პირდაპირ კრემლში გავუგზავნე სტალინს. თან, დარწმუნებული ვიყავი, რომ თუკი ის (სტალინი) ჩემს წერილს წაიკითხავდა, აუცილებლად მოეწონებოდა იდეა და სწორედ მე დამავალებდა მის განხორციელებას. მთავარი იყო გამმართლებოდა და შედეგს მოთმინებით ველოდი...“
ყოფილ ოდესელ კრიმინალურ ავტორიტეტს გაუმართლა და წერილმა ადრესატამდე მიაღწია. სტალინი ყურადღებით გაეცნო მის შინაარსს, თან ავტორის ვინაობაც ეცნო, რადგან რევოლუციონერ „კობას“ (სტალინის ძველი ფსევდონიმი) ხშირად უწევდა ოდესაში ჩასვლა არალეგალური მისიით და ადგილობრივ კრიმინალებთან ურთიერთობა, რომლებიც ბოლშევიკებს ეხმარებოდნენ... სწორედ იმიტომ დაიბარა სტალინმა ძერჟინსკი კაბინეტში, რომ „ჩეკას“ უფროსთან გადაემოწმებინა თავისი მეხსიერება. ამ ეპიზოდს ასე აღწერს თავის გამოუქვეყნებელ მემუარებში (ძერჟინსკის გარდაცვალების შემდეგ სწორედ სტალინმა დაბლოკა მისი გამოქვეყნება, რადგან მიზანშეუწონლად მიიჩნია ბოლშევიკებისა და კრიმინალების თანამშრომლობის აფიშირება, რომელზეც „რკინის ფელიქსი“ ღიად ლაპარაკობდა). ფელიქს ძერჟინსკი: „სტალინთან რომ მივედი, მან დაჯდომა შემომთავაზა და მკითხა:
– ოდესის „პრესტუპნი მირი“ თუ გახსოვს ცარიზმის დროს?
– მშვენივრად, – მივუგე კობას.
– ნათან ფრენკელი, ასეთი ვინმე?
– ო, მაგარი ვინმე იყო, – გამეცინა მე და დავაყოლე, – დიდ ფულს აკეთებდა რეკეტსა და კონტრაბანდაზე. ოდესაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და თვით „მიშკა იაპონჩიკის“ (მიხაილ ვინიცკი, ცნობილი ოდესელი კრიმინალური ავტორიტეტი და ბანდიტი) ბანდაც კი მას ემსახურებოდა. ერთი სიტყვით, კრიმინალური ოლიგარქი იყო. ჩვენ რომ მოვედით ხელისუფლებაში, ცოტა ხნით თურქეთში გადაბარგდა. შემდეგ ისევ დაბრუნდა და კვლავ დიდ ფულს ჭრიდა „იაპონჩიკთან“ ერთად. „იაპონჩიკი“ რომ ჩემმა ჩეკისტებმა მოკლეს, კვლავ გაგვერიდა. შემდეგ „ფსკერზე დაწვა“. შარშანწინ კი კვლავ „ამოტივტივდა“ და კონტრაბანდაზე ჩავავლეთ... ჯერ დახვრეტა ჰქონდა, შემდეგ ათი წლით შეუცვალეს და ახლა „სალავკებშია“. რატომ დავინტერესდი მისით?
სტალინმა წერილი მომაწოდა, რომელიც ხუთ თაბახის ფურცელზე ლამაზად გამოყვანილი ასოებით იყო დაწერილი და მითხრა:
– ეს, ფრენკელმა „სალავკებიდან“ გამომიგზავნა. გაეცანი. მგონი, ურიგო რამეს არ მთავაზობს.
მე წერილს ჩავუჯექი....“
ფრენკელი სტალინს პატიმრების გამოყენებას სთავაზობდა ინდუსტრიასა და მრეწველობაში და სხვადასხვა დარგის საწარმოების გახსნას პირდაპირ საპყრობილეებში ურჩევდა. ფრენკელისვე რჩევით, აუცილებელი იყო წახალისების სისტემის შემოღება, ანუ, თუკი პატიმარი პატიოსნად და ნაყოფიერად იშრომებდა, მას ერთი სამუშაო დღე ორ, სამ, ზოგჯერ კი, მეტ დღედაც ჩაეთვლებოდა, რაც საშუალებას მისცემდა, დროზე ბევრად ადრე დაეღწია თავი საპყრობილისთვის. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ კრიმინალურ სამყაროში კარგად გათვითცნობიერებული, ყოფილი ოდესელი ავტორიტეტი სტალინს საპყრობილეში წესრიგის დამყარების იერარქიულ სქემას სთავაზობდა და პირობას იძლეოდა, რომ იდეალურ წესრიგს დაამყარებდა. ქვეყანა კი დიდძალ, იაფ და კვალიფიციურ მუშახელს მიიღებდა. სტალინი მოხიბლა ფრენკელის იდეამ და სასწრაფოდ მისი მოსკოვში ჩამოყვანა ბრძანა.
ნათან ფრენკელის დღიურებიდან: „1926 წლის იანვარი იდგა. გარეთ მინუს 30 გრადუსი ყინვა იყო. ჩემს ბარაკში ვიჯექი და ვფიქრობდი, როდესაც ჩემთან „სალავკის“ უფროსი და „ენკავედეს“ გენერალი მოვიდნენ.
– თქვენ ხართ ნათან ფრენკელი? – მკითხა უცნობმა გენერალმა.
– დიახ, – მივუგე მე და მივხვდი, რომ ჩემმა წერილმა „იმუშავა“...
იმავე დღეს გადამიყვანეს მატერიკზე. ახალი სამოსი მომცეს. ყველანაირად მომაწესრიგეს და კბილებიც კი დამიბჟინეს... მე არ მიკითხავს, რა ხდებოდა და არც მათ უთქვამთ რამე. ოთხი დღის მერე კი მოსკოვში ჩამიყვანეს და კრემლში რომ მივემგზავრებოდით, მხოლოდ მაშინ მითხრა გენერალმა, რომ სტალინთან მივყავდი. თუმცა, მე ამას ჯერ კიდევ მისი დანახვისთანავე მივხვდი...
სტალინი კეთილგანწყობით შემხვდა, დაჯდომა შემომთავაზა და ჩაიც დამალევინა. ჩვენ ოთხი საათის განმავლობაში დაწვრილებით განვიხილეთ ჩემი იდეა და ბოლოს მან მითხრა:
– ამხანაგო ფრენკელ, თქვენთან ერთი შემხვედრი წინადადება მაქვს. თანახმა ხართ, რომ „სალავკებში“ დაბრუნდეთ უფროსის რანგში?
ჩემი წერილის ასეთ პასუხს ნამდვილად არ მოველოდი და „სალავკის“ პატიმარი ერთი კვირის შემდეგ ბანაკში უკვე მის უფროსად დავბრუნდი. სტალინის განკარგულებით, „ენკავედეს“ მაიორის ჩინი მომანიჭეს. შესაბამის ფორმაში გამომაწყვეს და კუნძულზე გადამიყვანეს...“
„სალავკის“ ბანაკის უფროსობიდან მაიორი ნათან ფრენკელი მთელი „გულაგის“ სისტემის შეფი გახდა და გენერალლეიტენანტობა მიიღო. მისი იდეის განხორციელება კი „სტალინურად სწრაფად და ეფექტურად“ მოხდა. ბანაკში წესრიგს კანონიერი ქურდები ამყარებდნენ და სამაგიეროდ, პრივილეგირებულები იყვნენ – არ მუშაობდნენ, ჰქონდათ დამატებითი ულუფის მიღების უფლება და სხვა საყოფაცხოვრებო პრივილეგიები. სამაგიეროდ, სტალინის ხელდასხმით, „გულაგში“ მოხდა 8 მილიონზე მეტი პატიმარი და მათ ააშენეს დნეპრჰესი, ვოლგა-დონის არხი, დაიწყეს ბაიკალ-ამურის მაგისტრალის მშენებლობა, რაშიც ომმა შეუშალა ხელი და შეიყვანეს ათასობით კილომეტრის სიგრძის გზა. ყველაფერ ამას კი 4 მილიონზე მეტი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა... თუმცა, ქვეყანა ფეხზე დადგა, გავიმარჯვეთ ომში და რამდენად საპირწონეა ეს მსხვერპლი იმ მიღწევებთან და მართალი იყო თუ არა სტალინი, ამას ალბათ, ყველა თავისებურად განსჯის.“