რატომ ეუბნებოდა ვაჟა-ფშაველა მღვდლებს, გაეხადათ ანაფორა, გაეკრიჭათ წვერი და თმა და პიჯაკები ჩაეცვათ
ამბობენ, რომ ვაჟა ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო 30 წლისა, მაგრამ ჯანმრთელობა უკვე შერყეული ჰქონდა. ციმბირის წყლული შეეყარა და მარჯვენა თვალი დაუზიანა. მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თვალის ქუთუთო ჩამოფხავებული და ცრემლმდინარი დარჩა. ერთი პერიოდი პეტერბურგში სწავლობდა. ერთხელ, ნაცნობი, გერმანელი სტუდენტი შეხვედრია. უთქვამს: წამოდით, ბილიარდი ვითამაშოთ და, ვინც წააგოს, სადილის ფულიც იმან გადაიხადოსო. წასულან სათამაშოდ. თურმე არც იმ სტუდენტს ჰქონია ფული და საბილიარდოდან გაპარულა, ფულის გადაუხდელობის გამო კი მუშტიკრივი გამართულა. ამ ჩხუბში ვაჟას ცნობილი მოკრივე გაულახავს.
ვაჟას ხელმოკლეობასა და შერყეულ ჯანმრთელობას კიდევ ერთი უბედურება დაემატა – 36 წლის ასაკში მეხუთე შვილს გადაჰყვა მისი მეუღლე, კეკე და დარჩნენ ბავშვები ობლად. თავის მოგონებების რვეულში კეკე წერს: „როგორც იყო, ერთხელ გაბრაზებულმა გავბედე და ვუთხარი: რა არის, კაცო, ცოლ-შვილი მშიერ-ტიტველი გყავს, შინ არაფერი გვაქვს. ყველაფერი თავდება, შენ კი ზიხარ, ჯღაბნი და სულ ჯღაბნი-მეთქი. მოველოდი, ძალიან გაჯავრდებოდა, ჩემი ნათქვამისა მევე შემეშინდა. მაგრამ საქმე სხვაგვარად დატრიალდა – გაიცინა და მითხრა: „ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა, ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო”. ვაჟას დღიურები, ვფიქრობ, მასთან ერთად გამოგზაურებთ იმ პერიოდში და საკუთარ თავსაც უფრო ახლოს გაგაცნობთ.
„ძმაო ზაქარია!
...სწორედ რომ გავიმარჯვე. უნივერსიტეტში ლექციების სმენის ნება მომცეს. ვუზივარ ლექციებს და ვზეპირობ, თუ სურსათი არ შემომელია, მეტი გამარჯვება ჯერჯერობით არ მინდა. უნდა გითხრა, ცეცხლია სწორედ ამ ლექციების სწავლა: დალოცვილ პროფესორს აღარ გაუშვია, თუ სადმე დანგრეული სოფელი, ან გამჭვარტლული ქვა გდებულა, სუყველა სახელი ლექციაში მოუქცევია, მაგრამ რას იზამ, უნდა იზეპირო, მეცნიერებაა. დასკვნა, რომელიც გამოვიყვანე წუთიერი დაკვირვებიდამ აქაურ ხალხზე და ცხოვრებაზე, შემდეგია: ხალხი ერთობ ღვთის მოყვარე ყოფილა, რის გამოც ურიცხვი საყდრებია აშენებული; აქაურმა გლეხმა რომ ღამე ფანჯარაში სანთელი დაინახოს, მოიხდის ქუდს და პირჯვარს გადისახავს. ბევრი კიდევ სხვა რამეები მაქვს სათქმელი, მაგრამ პირში წყალი მიდგა და რა ვქნა, რა ვსთქვა!.. თუ ძმა ხარ, წერილი მომწერე და მანდაური ამბები შემატყობინე… კარგი იქნებოდა, რომ გროშებსაც გამომიგზავნიდე. აქ ერთი მანეთი თუმანი ღირს; ჩემისთანა გაფხეკილი კაცისთვის კი ორამდეც მიაღწევს. ლექციებისა უნდა შევიტანო ოცდახუთი მანეთი და ერთი თვის საზრდოღა დამრჩება. კოჭლად წავა საქმე, თუ ცხოვრების წყაროები არ გამოვძებნე.
1883 წ. 20 სექტემბერი, პეტერბურგი
ძმაო თევდორე!
…რაც მე გითხრა და გიამბო, შენმა ძმამ, არასასიამოვნო ამბავი, როგორც ვაჟკაცმა, გულმტკიცედ უნდა მოისმინო. მართალია, ისეთი არაფერი შეგვმთხვევია, რომ სხვას არ შეჰმთხვეოდეს. დედ-მამა უნდა დაიხოცოს, შვილები დარჩნენ. შენი სიზმარი გაგვიმართლდა, მართლა მიწის ხვავი დაეცა ჩვენს სახლს. დედ-მამა დაგვეხოცა, ძმაო, მაგრამ რა უყოთ, მოთმინების მეტი აღარაფერი გვმართებს. მოთმინება და, ამასთან, გამოფხიზლება; მტერი ბევრი გვყავს, ბევრს გაუხარდა ჩვენი ზარალი, მაგრამ ჩვენ კიდევ იმას უნდა ვეცადნეთ, რომ მტერი გავაშავოთ და გავაწბილოთ... აბა რაღა ვქნათ ეხლა, რა უყოთ სახლსა და ოჯახს, მეც რომ თავი დავანებო, ხომ სულ გაოხრდა და გატიალდა იქაურობა. შენი იმედი მაქვს, რომ ჭკვიანი კაცი ხარ და გესმის მომავალი... ეხლავე უნდა ეცადო და რაც შეიძლება მალე თხოვნა გაუგზავნო არქიელს, მით უმეტეს, რომ შენ სალდათობა ნარგები გაქვს… იქნება დაგითხოვონ, ხომ იცი ჩვენი საზოგადოების ამბავი. შენს თხოვნაში არქიელს აუხსნი ამ გარემოებას: და დამრჩა გასათხოვარი და ძმა ასაზრდელი-თქო; ამასთან, სამრევლო სკოლის გახსნასაც დაჰპირდი… შენ იმას ნუ იფიქრებ, ძმაო, რომ ჩემთვის მინდოდეს შენი მღვდლობა. არა, მე ის მინდა, რომ ოჯახში კაცი იყოს ვინმე. მე საითაც იქნება, გზას გავიგნებ. ჩემი ძმური რჩევა ეს არის და ახლა შენ იცი...
1890 წ.
ძმაო სანდრო!
...სანდრო, აბა შენ იცი, როგორც ჩემს სურვილს შეასრულებ და, ამ ზაფხულში წამოხვალთ მთაში. ბაბოც წამოიყვანე, აქ არაფერი გაგიჭირდებათ, ხუთი ძროხა იწველის ჩვენი. ქათმები – რამდენიც გინდათ. ჩარგლულა კალმახით სავსეა. ნახევარ საათში იმდენს დაიჭერ, რომ ვერც კი შესჭამთ. სახინკლეც არ მოგაკლდებათ. აბა, გელით უეჭველად, თუ გინდათ, რომ მე კიდევ ფანდური გაგატანოთ აქედან – ჩემს რძალს უყვარს. თედოსაც შეატყობინე, იქნებ ეგეც წამოვიდეს.
წამოდით, ძმაო, დედ-მამის საფლავის ნახვა მაინც არ მოგინდათ? როცა დააპიროთ წამოსვლა, წინასწარ მაცოდინეთ, რომ ცხენები დაგახვედროთ დუშეთში აუცილებლად, რომ არ გასწამდეთ...
1890 წ.
ჰა, ბეჩავ, სანდროს კვნესამე!
როგორ ხართ და რას კეთილ-გუნებას? მე კარგად არა ვარ, გულის ტკივილი დამჩემდა. მოგელით თქვენცა და აღარ კი მოსდიხართ. სიტყვა სხვაა, საქმე სხვაა, – ეს რა ამბავია! შენ და გაჩეჩილაძე როგორა ხართ? დემურია ნახე და უთხარი, რომ სამი თუმანი თუმც გამომიგზავნა, ორი თუმანიც გამომიგზავნოს. ფული ჩემთვის ძალიან საჭიროა. აღლაძეც ნახე და უთხარი, რომ „კაი ყმისა” ფული გამომიგზავნოს... წამოდით, რაღა ფეხს უკანა სდგამთ, თქვე კაი კაცებო, ახალი თევზი ბლომად არის, რძე და ერბო, ყველი და ხაჭო, დოვი და შრატი. თუ წამოხვალთ, მომწერეთ, დუშეთში ცხენებს გამოგიგზავნი.
1909 წ., 12 ივლისამდე.
ძვირფასო პეტრე!
(პეტრე უმიკაშვილისადმი)
თქვენი წერილი მივიღე და დიდად ვისიამოვნე. მადლობა ღმერთს, თუ ერთს ადამიანს მაინც ვახსოვარ. დიდად გმადლობ, ძვირფასო პეტრე, რომ გადარდებსთ ჩემი ყოფა-მდგომარეობა, ნეტავი ისე სხვას ადარდებდეს. ვისთვის რა საჭირო და მოსაგონებელი ვარ, ხაშზე და არტალაზე ვერავის დავპატიჟებ. მკითხავთ, როგორა ვარ, რას ვფიქრობ, რას ვწერ. უნდა გატეხილი გითხრა, ვერა ვარ კარგად ვერც ერთის მხრით, უფრო კი ზნეობრივის მხრით; ხანდახან ჩემს თავს ვგმობ, რატომ მეც, როგორც სხვებმა, არ ვიფიქრე ცხოვრებაზე, არ უგორდი ლეკვივით დიდთა ამა ქვეყნისათ, არ ულოკე ფეხები, არ ველაქუცე, მაგრამ თავს იმით ვმართლულობ, არ შემეძლო მე ასე თავის დამდაბლება და არც ეხლა შემიძლიან, თუნდა რომ პირში ბალახი ამომივიდეს. ხოლო ჩემი სადარდო შვილებია: იმათი დაბინავება, იმათი აღზრდა, შიში – უსწავლელები, ხეპრეებად არ დამრჩნენ-მეთქი... მომწყინდა თაგვად ყოფნა, მომწყინდა იმათთვის ხელებში ცქერა ერთის ბისტის გულისათვის. ზოგს ჩვენებურს ჩერჩეტს თუ ჰკითხე, კი გეტყვის, რომ „ივერიას” თითქოს დიდად გაფარფაშებულად ვყვანდი. „კვალში” წაიკითხავდი მიხა ცხაკაიას წერილს, რომელიც ნინოშვილის სიკვდილისა გამო იყო დაწერილი. ნეტავი ეს ოხერი ჭორიკანობა და „კლიაუზნიკობა” მაინც მიყვარდეს და არ მეჯავრებოდეს, რომ ხელდახელ მოვსთხოვო „ივერიის“ რედაქციას ის ჟურნალები, სადაც მე ხელი მიწერია მიღებულს ფულზე, რომ პირში ბურთი ჩავჩარო იმ მეტიკვნიტა ადამიანს... დღეს, ვგონებ, ყველამ კარგად უწყით, მე არსაიდამ არაფერს ვიღებ და ჩემის მარჯვენის, მიწის და ოფლის ანაბარადა ვარ დარჩენილი. რაც მომივა, მომივა, მადლობა ღმერთს! დიაღ, მადლობა ღმერთს, რომ ფიზიკურად შრომა მაინც შემიძლიან. აქ მე ვეღარ გადამეღობება ვერავინ წინ... ეს მაწუხებს, საით და როგორ ვნახო ცხვედაძე. ჩვენში გახურებული მუშაობაა ეხლა და მეორეც ჯიბესთან მწყრალად გახლავარ. გზის ფული არა მაქვს. მინდა ლიტერატურული ფონდიდამ ვისესხო და, თუ ხელი გამიმართეს, პირდაპირ ქალაქში ჩამოვალ ცხვედაძესთან. უფულოდ კი ფეხსაც ვერსად გადავსდგამ. თავართქილაძესთან ლაპარაკი გქონიათ ჩემი ნაწერების გამოცემაზე; მაგ პირობებით არ შემიძლიან ნაწერების დათმობა, ჩემთვის ფულია დღეს საჭირო, ვაჟიც მომესწრო, ეხლა დრო აქვს იმასაც სწავლისა და, თუ უნდა ნამდვილად გულით, მე დავუთმობ ყველა ჩემს ნაწერებს ას თუმნადაც... წერილი მომწერეთ კიდევ, ჩემთვისაც დიდად სასიამოვნოა თქვენთან გამოლაპარაკება, ჩემო ძვირფასო პეტრე!
უთარიღო (1894-1898 წწ.)
(ანასტასია თუმანიშვილი-
წერეთლისადმი)
ქალბატონო ანასტასია!
14 მარტს მოწერილი თქვენი ბარათი დღეს, ორს აპრილს მივიღე და პასუხსაც ეხლავე გწერთ. სამდურავსა მითვლით, არ ვიცი, რად და რისთვის? „სხვას კაი მასალას აძლევთ და ჩვენ კი უხეიროსაო. ახლად დაბრუნებულმა რედაქციის წევრმა აკაკიმ დაიწუნა თქვენი მასალაო” და სხვ. და სხვ. მე თვითონ დიდად პატივსა ვსცემ აკაკის ნიჭს და მოღვაწეობას, მაგრამ ისე კი არა, არც აკაკის, არც სხვას, რომ საკუთარის თავის პატივისცემაზე ხელი ავიღო, ან საკუთარს მსჯელობაზე, საკუთარს შეხედულებაზე ამა თუ იმ საგანზე... ეს კი არა, იცით საქმე რაშია? ერთი კარგი ქართული ანდაზა მაგონდება. აი ეს ანდაზა: „იმ მთამ დამაზრო ფეხები, რომელსაც არ მოველოდიო”... ვხედავ, რომ თქვენთვის უცხო ვყოფილვარ, დიაღ, უცხო და გამოუსადეგარი. თქვენ გიფიქრიათ, ვაჟა-ფშაველამ „ივერიას” თავი დაანება და ეხლა ჩვენს ხელთ არის, როგორც გვინდა, ისე ვათამაშებთო, უკაცრავად! მე სათამაშო ბურთი არ გახლავართ... თუ ჩემი პატივისცემა გაქვსთ ცოტაოდენი მაინც, ეგ მასალა, სუსტიც რომ იყოს, უნდა დამიბეჭდოთ. რადაო? – რომ მკითხოთ, პასუხს არ მოგცემთ. მხოლოდ თქვენ თვითონ იფიქრეთ, რადაც უნდა დაიბეჭდოს, თუნდაც „სუსტი იყოს”. ნუთუ იმდენი აღარაფერი გამიკეთებია ქართულს მწერლობაში, რომ მსაჯულად ჩემი ნაწერებისა და მოპასუხედ მკითხველების წინაშე მე თვითონ ვიყო?..
1894 წ., 2 აპრილი.
(მარიამ დემურიასადმი)
ძვირფასო დაო მარიამ!
ერთ მოთხრობას გიგზავნით, თუ მოგეწონებათ, რა თქმა უნდა, დაჰბეჭდავთ... სალაპარაკო და სათხოვარი ჩემი თქვენთან სულ სხვაა: მე სოფლად ცხოვრება აღარ შემიძლიან, უნდა ამიერიდან ქალაქში ვიცხოვრო. ფიზიკურმა შრომამ გამტეხა წელში, თანაც ვბერდები, ერთი დღე რომ ვიმუშაო, ერთი კვირა უნდა ვიწვე. ეხლაც ავადა ვარ, უსათუოდ ექიმი და წამლობაა ჩემთვის საჭირო. უნდა, თუ შევძელი ამ მოკლე ხანში ჩამოვიდე ტფილისში და თავის თავს მოუარო. ჩემმა სოფლად ცხოვრებამ ბევრი არცრა სოფელს არგო და მე ხომ დამაუძლურა ყოველ მხრივ: ნივთიერად, გონებრივ-ფიზიკურად და თითქმის ზნეობრივადაც კი. ამიტომ გადავწყვიტე, ვიშოვნო რამ ისეთი სამუშაო (დიდს ჯამაგირს არ დავეძებ), რომ იოლად გამოვიდე და ზაფხულობითაც ერთი-ორი თვე თავისუფალი დრო მქონდეს... ვინაც სიყრმიდან აქაურ პირობებში აზრდილა, შეჩვეულია აქაურ საქმეს, ჯერ ისინი ვეღარ სძლებენ აქ, მიეშურებიან ბარად, შირაქში თუ სხვაგან და, მე რის პატრონს, როგორ შემიძლია აქ ცხოვრება? გარდა ამისა, შვილებიც უსწავლელები მრჩება. მეყოფა ამდენი ძაღლუმადური ცხოვრება. საზოგადოებას თუ რადმე ეფასება ჩემი თავი, უნდა მიპატრონოს. ამ საქმის შესახებ მე პეტრე სურგულაძესთან მქონდა ლაპარაკი, სხვასთან არავისთან მქონია. იმან სათავადაზნაურო გიმნაზიის ეკონომის თანამდებობა დამისახელა, მეც არ უთხარი უარი, თუ კი როგორმე მოხერხდება-მეთქი. გთხოვთ თქვენ თავადაც, ვისთანაც ჯერ არს, მოილაპარაკოთ, სურგულაძესაც მოაგონეთ ჩემთან საუბარი ამის შესახებ, რომ ისიც ეცადოს და როგორმე მოახერხოთ. ადგილი, ვგონებ, მომავალი წლის 1 იანვრიდან გაიხსენება. თქვენ, როგორც ლმობიერი ადამიანი, სადმე კუთხეში არ მიაგდებთ ამ ჩემს წერილს და არ დაივიწყებთ ჩემს თხოვნას. მე რომ ქალაქში ვცხოვრობდე, უეჭველია, ჩემი ლიტერატურული შრომა ერთი ათად იმატებს და არც თქვენ დაგჭირდებათ ჩემთვის მუდარისა და ხვეწნის წერილების წერა – ლექსი ან მოთხრობა გამოგვიგზავნეთო. დარწმუნდით, ასე იქნება... სხვას მე წერილს არავის არა ვწერ, რადგან მაგრე რიგად დაახლოვებით არა ვარ არავისთან და, თან ისიც ვიცი, ჩემთვის თავს არავინ გაიცხელებს.
1909 წ.
მღვდლების ვინაობა
გაიძროთ ანაფორები, შეიკრიჭოთ თმები და გამოეწყოთ „პინჯაკებში“, „შტაცკურად“, მაშინ სულ სხვა მნიშვნელობას მივცემთ თქვენს რევოლუციონერობას. დღეს კი თუმცა ყველაფერს კარგს, უკეთესს, სასარგებლოს ბრძანებთ, მაგრამ ბოლოს ჩვენთვის სამავნებლო იქნება... ახალმა ცხოვრებამ სრულიად სხვა გზა და დანიშნულება უნდა მისცეს თქვენს წოდებას; მშობლიური მამობრივი მზრუნველობა უნდა ჩამოგყაროსთ, თქვენ აღზრდის საქმეში, სკოლებში ადგილი აღარ გექნებათ, რათა უკუღმა არ მომართოთ თქვენი ყოვლად შემძლებელი ენა. მომავალი ცხოვრება თქვენ პროგრესიულ ელემენტად ვერ ჩაგთვლისთ. დიაღ, ვერ ჩაგთვლისთ, ვიდრე სამღვთო წერილის მცნებათა თავისებურად გამოყენებაზე ხელს არ აიღებთ და არ მოიშლით მეჭურჭლის ხელობას, რომელიც ქოთანს საითაც ჰნებავს, ყურს იქით მოაბამს… ვსტყუი?.. მე პირადად მწყინს, როცა ჰმღვდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ… გაიხადეთ ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები როგორც მოქალაქეთა, ან არა და, გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა. არც არაფერი იმით დაშავდება… თქვენი გავლენა ხალხზე, გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა... დღეს კი თქვენი მოღვაწეობა ნაყოფიერია და უფრო ნაყოფიერი იქნება თუ იქადაგებთ მაგ მოწინავე აზრებს, როგორც მოქალაქენი და არა როგორც მღვდლები... ეს ერთიჯურა მღვდლების ვინაობა ვიცით, ხოლო არიან სხვა მღვდლები, რომელნიც არ ვიცი, რომელ პარტიას ეკუთნიან. მე ვამბობ ხევსურეთის მღვდლებზე. ამას წინათ ქრისტ. აღმად. საზოგადოებამ ააშენა, საცა არა მგონია, ხევსურეთში საყდრები და დანიშნა მღვდლები. საკმაო ჯამაგირებიც გაუჩინა, თითო მათგანი იღებს წელიწადში (600 მ.). და ერთხელ თუ დაენახვება წლის განმავლობაში თავის მრევლს, დანარჩენი დრო თავ–თავიანთ სახლებში სხედან (ნუ დაივიწყებთ, რომ ეს მღვდლები სულ ბარელები არიან გარდა ს. ახიელისა) და იღებენ პენსიებს. აი ესეც ნიმუში ბიუროკრატიის კეთილგონიერებისა... ვგონებ ჩემთან ერთად თქვენც იტყვით, რომ სულიერი მამები არიან „მიიღე ჯამაგირის“ პარტიისა… მღვდლების ვინაობა ფასობს გენერლების ვინაობასთან, მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე პირმა თავადაზნაურთაგანმა დეპეშა გაგზავნა სათათბიროში და მოულოცა კეთილგონიერი მოქმედება და უსურვა მოღვაწეობა კვალად ქვეყნის საკეთილდღეოდ და კერძოდ საქართველოსთვის და სხვა. ეს სწყენიათ გენერლებს, გენერლებს და მხოლოდ გენერლებს (იხ. „შრომა“ N 59) და გამოუცხადეს პროტესტი დეპეშის გამგზავნელთ... აი მალადეც გენერლებო, ორბელიანებო, ჭავჭავაძეებო, ერისთავებო და სხვანო, მარილნო ამა ქვეყნისანო, საქართველოს დამამშვნებელნო! რა უჭირს ამ ქვეყანას, რომელსაც თქვენისთანა გენერლები და გავლენილი პირები ჰყავს?! ვინ გაუბედავს დაჩაგროს იგი, შეუგინოს ეროვნება, – გაანაცარმტვეროს… უეჭველია, რომ საქართველოს ისტორია არ დაივიწყებს თქვენს ღვაწლს, როგორც მსოფლიო ისტორიამ არ დაივიწყა ღვაწლი გეროსტრატისა, რომელმაც დაწვა მშვენიერი დიანის ტაძარი.
1906 წ“.