რის გამო შეიძლება, გადააყენონ სასულიერო პირი მღვდელმსახურებიდან და როდის კარგავს ის ქრისტიანის სახელს
– სასულიერო პირი უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი; საეკლესიო კანონიკის თანახმად, ქვრივს, განათხოვარ ან მრუშ ქალს სასულიერო პირობის კანდიდატი ვერ შეირთავდა და, თუ ეს მაინც მოხდებოდა, ის ვერ მიიღებდა კანონიერ ხელდასხმას, ვერ შევიდოდა სამღვდელო ხარისხში. ასევე, სასულიერო პირი უნდა ყოფილიყო: არაანგარი, არავერცხლისმოყვარე და, თან, ყველა ის თვისება უნდა ჰქონოდა, რაც მის ღირსებას წარმოაჩენდა, რადგან ის უნდა გამხდარიყო მაგალითი ძალიან ბევრი ადამიანისთვის. ამიტომ, ვინც აპირებს, გახდეს სასულიერო პირი, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს მოწოდებით პატიოსანი ადამიანი. სანამ კაცი გახდება თეთრი სამღვდელოება – დიაკონი ან ხუცესი, აუცილებლად უნდა იყოს ცოლიანი. კანონის თანახმად, ერისკაცს, რომელიც ორჯერ იყო დაქორწინებული, ანუ, ჯერ გაუშვა ერთი ცოლი და მერე მეორე მოიყვანა, შეიძლება, მან მეორე ცოლთანაც ვერ მოაგვაროს ურთიერთობა და მესამე მოიყვანოს – ეს ზნეობასთან ახლოს არ არის. ბევრ საერო პირს, ვისაც სასულიერო პირად გახდომა სურდა, ამ მიზეზის გამო ეთქვა უარი: ის, ვისაც ორი ცოლი ჰყავდა, ვეღარ გახდებოდა სასულიერო პირი. სასულიერო პირის მეუღლე უნდა გამოირჩეოდეს უბიწოებით, თავმდაბლობით, წესიერებით. პავლე მოციქული ტიმოთე მოციქულს აფრთხილებს, როგორი უნდა იყოს თავად, როგორი მეუღლე უნდა შეარჩიოს. მომავალი სასულიერო პირი უნდა შეეცადოს, რომ შეარჩიოს თავმდაბლობით, წესიერებით გამორჩეული მეუღლე. როგორც სასულიერო პირი იღვწის, შრომობს, არანაკლებად უნდა შრომობდეს მისი მეუღლეც. მას უფლისგან მოეთხოვება პასუხი ულოცველობაზე, საქმის, ადამიანების მიმართ უდიერ მიდგომაზე, არასწორ ცხოვრებაზე, ანუ ყოველივეზე, რაზეც პასუხი მოეთხოვება მის მეუღლეს. ნებისმიერ ოჯახშია პრობლემები, რადგან ამქვეყნად იდეალური არაფერია, მით უმეტეს, ცოლქმრული ურთიერთობა, ამიტომ, მათ მთავარი მიზეზის – მრუშობის გარდა, სხვა მიზეზით არ შეუძლიათ, მიატოვონ ოჯახი. ეს ყველაფერი ვრცელდება სასულიერო პირზეც – მას არ შეუძლია მეუღლის გაშვება და თუ ეს მოხდება, ამ დროს სასჯელი შეიძლება იყოს მსახურებიდან გადაყენება ან კერძო ეპიტიმია – ამას უკვე ეპისკოპოსი დაადგენს.
– რა სასჯელი შეიძლება დაეკისროს სასულიერო პირს?
– სასჯელის ფორმა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რას შესცოდავს ის. საეკლესიო კანონები აწესრიგებს სასულიერო პირის ცხოვრებასაც. ის არ უნდა იყოს ანგარი, ვერცხლისმოყვარე, არ ჩავარდეს მრუშობის ცოდვაში, არ შემოიტანოს განხეთქილება და შფოთი ეკლესიაში. არსებობს სასჯელის ფორმა, რომელსაც „განპატიჟება“ ჰქვია. როდესაც სასულიერო პირი დააშავებს რამეს, მას ადგილობრივი მღვდელმთავრის მიერ დაეკისრება სასჯელი, ანუ, შეიძლება მას რამდენიმე წლით აეკრძალოს მღვდელმსახურება, თუმცა მღვდლის ხარისხში ისევ რჩება. ამას ცოდვის სიმძიმე და ეპარქიის მღვდელმთავრის გადაწყვეტილება განაპირობებს. შემდეგ, თუ ის ჩავარდება სინანულში, მას აძლევენ მღვდელმსახურების აღსრულების უფლებას. თუ სასულიერო პირი მხილებული იქნება ისეთ მძიმე ცოდვებში, როგორიც არის მრუშობა, ეკლესიაში განხეთქილების, მწვალებლობის შემოტანა და არც ამჟღავნებს სინანულს, ამ დროს ხდება „დიდი განკანონება“ და ის სასულიერო ხარისხსაც კარგავს, მაგრამ, ის რჩება ეკლესიის წიაღში, მრევლის ხარისხში და შეუძლია წირვა-ლოცვაზე დასწრება, რაღაც პერიოდის შემდეგ კი აღსარების ჩაბარება და ზიარება. მაგრამ, თუ ის კიდევ მეორედ ისევ იმავე ცოდვას ჩაიდენს – მხილებული იქნება და საერთოდ განიკვეთება საეკლესიო ერთობიდან. ამ შემთხვევაში ის ქრისტიანის სახელის ტარების უფლებასაც კარგავს და მრევლად ყოფნის პატივიც ერთმევა.
– დღეს, გარდა იმისა, რომ ოჯახის წევრები ძალადობენ ერთმანეთზე, მშობლები – შვილებზე, ზოგჯერ სასულიერო პირების მხრიდანაც ხდება ძალადობა.
– დღეს ადამიანები მხოლოდ ტაძარში არიან მორწმუნეები, ეკლესიის გარეთ კი ყველაფერი მთავრდება – ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ეს ყველას გვეხება – საერო პირით დაწყებული, სასულიერო პირებით დამთავრებული. ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, მაგრამ ეკლესიის გარეთ მასში არც სიყვარულია, არც ელემენტარული სითბო, სულიერი სიმშვიდე და თავმდაბლობა. მას შეუძლია‚ მეუღლესაც აწყენინოს, შვილებსაც, მეზობლებსაც. ასეთ ოჯახებში არ არის სიყვარული, ურთიერთგაგება, ეკლესიური, რელიგიური ცხოვრება, რაც აწესრიგებს და ყალიბში მოაქცევს მათ ურთიერთობას. თუკი ადრე ცხოვრების ჩვეულებრივი ნორმა იყო, რომ დედაკაცი უნდა დამორჩილებოდა მეუღლეს, ახლა ასე არ არის. თუმცა‚ მორჩილებაში არ იგულისხმება მონური მორჩილება, ცოლის დაჩაგვრა, შეურაცხყოფა, მისი არაფრად ჩაგდება, მხოლოდ საოჯახო საქმეებში გამოყენება. რა თქმა უნდა‚ ეკლესია ამას არ ფიქრობს. პავლე მოციქულის ეპისტოლეებში კარგად არის ჩამოყალიბებული ქრისტიანული სწავლება ოჯახის, მეუღლეების ურთიერთობის, შვილების აღზრდის შესახებ. მასში საუბარია ქმრის სიყვარულზე, მორჩილებაზე, თავმდაბლობაზე, დათმობაზე და არა მონურ მორჩილებაზე. რა თქმა უნდა‚ ქმარსაც იგივე მოეთხოვება. გარდა ამისა, მას უნდა შეეძლოს თავგანწირვა საკუთარი ოჯახისთვის. როგორც ქრისტემ დადო თავი ეკლესიისთვის, ასე უნდა დადოს კაცმა თავი მეუღლისა და შვილებისთვის. ასეთ ჯანსაღ ურთიერთობაზეა საუბარი და, შესაბამისად‚ თუ მათ შორის ასეთი დამოკიდებულება არ არის, არც სიყვარულია, რომელიც იმორჩილებს და აწესრიგებს მეუღლეების ურთიერთობას. როცა სასულიერო პირი იქცევა ასე, ეს ორმაგად საშინელებაა, რადგან სასულიერო პირი ამქვეყნად განასახიერებს ქრისტეს და მისი ურთიერთობა ხალხთან, ცხოვრება რადიკალურად უნდა განსხვავდებოდეს საერო პირის ცხოვრებისგან. ის სულიერებით, ზნეობითა და წესიერებით უნდა იდგეს მაღლა, უნდა გამოირჩეოდეს. საეკლესიო კანონი ამ საკითხს ცალსახად უდგება. დიდი მამების კანონების თანახმად, თუ სასულიერო პირი ფიზიკურად გაუსწორდება სხვა ადამიანს, ის მყისვე უნდა განიკვეთოს მღვდელმსახურებიდან. თუ უბრალო ქრისტიანს მოეთხოვება, რომ მიუტევოს ადამიანებს, მტრებისთვის ილოცოს, მით უმეტეს არ უნდა აკეთებდეს ამას სასულიერო პირი, ქრისტეს მსახური, რომელიც თავისი მადლით ქრისტეს განასახიერებს; თუ ადამიანი, ამ შემთხვევაში – სასულიერო პირი‚ საზოგადო ცოდვით შესცოდავს, რაც უამრავი ადამიანის დაბრკოლების მიზეზი გახდება, რა თქმა უნდა‚ ის ამაზე უფრო მეტად აგებს პასუხს როგორც საკუთარი სინდისის, ასევე მაცხოვრის წინაშე.