კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ზურაბ ნაყეური „გადასახლებაში” საკუთარი ნებით და რა შეცვალა მის ცხოვრებაში „მაესტრომ”

თითქმის ერთი თვეა, „მაესტროს” დირექტორად  ზურაბ ნაყეური დაინიშნა.  პროფესიით ფინანსისტსა და გამოცდილ მენეჯერს, რომელიც ძალიან კომუნიკაბელური  ადამიანია, მრავალფეროვანი შრომის წიგნაკი აქვს. ის ხშირად იცვლის დისლოკაციის ადგილს და ამბობს, რომ ახალ-ახალ გამოწვევას თავადაც  ეძებს; ამიტომაც იყო, რომ არც წლების წინ თქვა უარი პერიფერიაში „გადასახლებაზე” და არც  ახლა, როცა „მაესტროს” გარშემო ატეხილი დიდი ვნებათაღელვის შემდეგ – ტელევიზიის დირექტორის პოზიცია შესთავაზეს. ამ ნაბიჯით მან თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდი „ფსონი”  დადო.  რას შეცვლის  ზურაბ ნაყეური  „მაესტროში” – ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი,  საკმაოდ გულწრფელად და გახსნილად,  კადრს მიღმა დარჩენილ საკუთარ  ცხოვრებაზე გვიამბობს.
ზურაბ ნაყეური: სიტუაცია, რაც  „მაესტროს” გარშემო შეიქმნა, მარტივი და ორდინარული ნამდვილად  არაა. პრობლემებია როგორც ადამიანური რესურსის, ასევე, ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა,  პრობლემები რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, ჩემთვის არც დაეძახათ.     მეგობარმა მითხრა:  ეძებენ ადამიანს, ვისაც შეუძლია, ამ სიტუაციაში თავი გაართვას ყველაფერს. ჯერ არც დასტური მისცე, არც უარი უთხრა, გაესაუბრე ამ ხალხს და მერე გადაწყვიტეო. 
– ასეთი ისტორიები – მეგობარმა მითხრა,  დირექტორს ეძებენო, – მთლად ადვილი დასაჯერებელი არ არის, მით უფრო, რომ „მაესტრო”   ხმაურიანი კულუარული  გარიგებების თემა გახდა. იმასაც  ამბობენ, რომ აქ მეგობრის,  ლევან გაჩეჩილაძის რეკომენდაციით ხართ  და ის,  ვინც  „რჩევა” მოგცათ, თავად ლევან გაჩეჩილაძეა.  
– ლევან გაჩეჩილაძე არის მხარე; ის არაა ჩემი მეგობარი, წარსულში მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებდა. ის მეგობარი სრულიად სხვა პიროვნებაა, რომელსაც მისი ნებართვის გარეშე, ვერ დავასახელებ. იოლი არაა,  შეეჭიდო საქმეს, რომელთანაც შეხება არ გქონია. პროფესიით ვარ ფინანსისტი, თუმცა მიმუშავია გენერალურ დირექტორადაც ფოთის ხის გადამმუშავებელ კომბინატში; ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „აჭარაბეთის” დირექტორი ვიყავი; წლების განმავლობაში ვიმუშავე  „თბილღვინოს” ფინანსურ დირექტორად. რომ გითხრათ, როცა ღვინის ქარხანაში მივედი, ღვინის კეთება ვიცოდი-მეთქი, მოგატყუებთ. ქარხანაში რომ მივედი, იქ ძველი დრო აღარ იყო, ღვინის გაყიდვა ნულამდე იყო დასული. ღვინო მხოლოდ ხელფასის დარიგების დროს იყიდებოდა – დავალიანების დასაფარად. ნულიდან დავიწყეთ მუშაობა და, უკვე მეექვსე წელია, ეს კომპანია ექსპორტში პირველ ადგილს არავის უთმობს.  ბოლო პერიოდი ვმუშაობდი მეგობრის  კომპანიაში, რომელიც უცხოეთიდან რთული დანადგარების შეძენით, აქ მიწოდებითა და საგარანტიო მომსახურებით არის დაკავებული.  ვერ ვიტყვი, რომ ჩემს დღევანდელ პოზიციას განსაკუთრებული  ხიბლი  აქვს პირადად ჩემთვის, მაგალითად, ანაზღაურება; არ დაგიმალავთ,  ჩემი ხელფასი   სხვა ტელევიზიების გენერალური დირექტორების ხელფასის, ალბათ, ნახევარია,  მაგრამ,  ეს არის გამოწვევა, რომელზეც  უარს ვერ ვიტყოდი. ვინც მიცნობს, ჩემი აქ ყოფნა –  არავის გაუკვირდება – იციან, რომ სულ ასე ვეძებ ახალ გამოწვევებს.  
– თქვენს შრომის წიგნაკში ბევრი, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებაა. ასე ხშირად რატომ იცვლით „დისლოკაციის ადგილებს”?
– არ ვიცი,  ასე გამოვიდა. არცერთ სამსახურში პროტექციით არ მოვხვედრილვარ, მე თვითონ ვეძებ  ახალ-ახალ გამოწვევას. უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი მაქვს  დამთავრებული. მათემატიკასთან ყოველთვის კარგად ვიყავი, ყოველგვარი მომზადების გარეშე გავხდი სტუდენტი მაშინ, როცა ამ ფაკულტეტზე დიდი კონკურენცია იყო. წლების მერე ჩემი „მაღლივი კორპუსის” განათლება  გავამყარე სპეციალური კურსებით, რომელიც გავიარე ამერიკაში. მაღლივში, მაშინ, როდესაც თბილისში ყველაფერი გაჩერებული იყო, ბიზნესის მართვას ვერ ისწავლიდი (იცინის). როდესაც ჩემი შრომის წიგნაკი გაიხსნა, ჩემი პირველი სამსახური იყო მერიის განათლების სამსახური,  სადაც სამ თვეში, სტაჟიორის პოზიციიდან  რიგითი  რევიზორი გავხდი; კიდევ დაახლოებით სამ თვეში კი –  სარევიზორი ჯგუფის უფროსი. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მაღლივი კორპუსიდან მერიაში მოხვედრილს, იქ  ნამდვილი  „ცისფერი მთები” დამხვდა.   როდესაც შემიყვანეს   საბუღალტრო განყოფილებაში და მიმიჩინეს ადგილი, ჩემ გვერდით იჯდა ასაკოვანი და გამოცდილი ქალბატონი, რომელსაც  ორი საანგარიშო  „ჩოთქი” სკოჩით ჰქონდა გადაბმული. სიმართლე გითხრათ,   შემეშინდა.
– და, თქვენც მასთან ერთად  „ჩოთქავდით” რომელმა  საბავშვო ბაღმა და სპორტულმა სკოლამ მანანის ბურღულის რა რაოდენობა გახარჯა? 
–  მე კალკულატორით ვმუშაობდი. როდესაც ჩემს გამოცდილ კოლეგას  კალკულატორით მუშაობა შევთავაზე, მაგას როგორ ვენდობიო, – მითხრა.  1996 წელს საქართველოში სრულიად ახალი პროფესია შემოვიდა – ეს იყო დამოუკიდებელი აუდიტორი. მე შევისწავლე ეს საკითხები, ჩავაბარე გამოცდები და ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ლიცენზია აიღო. ჩამოვაყალიბე აუდიტორული ფირმა, სადაც  ჩემი მეგობრები დავასაქმე. სამ წელიწადში აუდიტორულ საქმიანობას ჩამოვშორდი, ფირმა მეგობრებს დავუტოვე და გადავედი „თბილღვინოში”, საიდანაც წლების მერე მოვხვდი ფოთის ხის გადამმუშავებელ კომბინატში. ეს იყო დიდი  წარმოება,  სადაც, ტყიდან მორების მოტანით დაწყებული, ფიცრის  ნარჩენებისგან ავეჯისა და ხის პანელების დამზადებით ვიყავით დაკავებული. ჩვენი  პროდუქცია – ავეჯი  – გერმანიაში   გადიოდა გასაყიდად.  როდესაც ფოთში ჩავედი, საწარმო გაჩერებული იყო. მითხრეს, ორი თვით წამოდი, მერე ვნახავთ ვინმესო. ჩემი „გადასახლება” წელიწად-ნახევარი  გაგრძელდა, მაგრამ კომპანიამ ისეთი შედეგები დადო, ამად ღირდა.   
– ბიზნესმენმა თემურ უგულავამ განდოთ  „აჭარაბეთი.”  მისი  ნდობა როგორ დაიმსახურეთ, მეგობრები იყავით?
– ეს იყო მხოლოდ მათემატიკა! მე და თემურ უგულავა ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, საქმემ დაგვაახლოვა. ამდენი წლის ურთიერთობის მიუხედავად, ჩვენ ერთად პურმარილზეც კი არ მოვხვედრილვართ. ის ხედავდა ჩემს შესაძლებლობებსა და დამოკიდებულებას საქმისადმი. გემბლინგი ისეთი  ბიზნესია, თუ ადამიანში წესიერება არ დაინახე, ამ საქმეს საკუთარ ძმას ვერ ჩააბარებ, ოღონდ, ამ საქმეს გადამოწმება და კონტროლი, ნდობის მიუხედავად, მაინც აუცილებლად სჭირდება.   თუ ციფრებში კარგად ერკვევი, გემბლინგიც მათემატიკაა. როცა მე  „აჭარაბეთში”  მივედი,  იქ  მათემატიკაც  მარტივი იყო; როცა იქაურობა დავტოვე – ბევრად უფრო რთული, რადგან ჩემი დირექტორობის  დროს „აჭარაბეთში” ხუთასამდე ახალი პროდუქტი დაინერგა (იცინის).
– მთელი მსოფლიო აცხადებს, გემბლინგი ფსიქოლოგიური ნარკოტიკიაო; თქვენ ამბობთ – მათემატიკააო. თავადაც აზარტული ხართ? დებდით ფსონებს?
– არა, როგორც კი მენეჯერს აზარტულ თამაშზე დამოკიდებულება ეწყება, იქ საქმეც და პროფესიონალიზმიც მთავრდება. ჩემი იმ ნაწილში გადასვლა წარმოუდგენელი იყო.   ფსონებს არ ვდებდი და არც ვდებ; შეიძლება, 10  ლარი დავდო „რეალი”-„ბარსელონას” თამაშზე, „რეალის” მოგებაზე,  რომ ფეხბურთს უფრო მეტი სიამოვნებით ვუყურო.
– აქამდე  ტელესივრცესთან, შესაძლოა,  მხოლოდ მაყურებლის როლი გაკავშირებდათ; ფოთის კომბინატი და „აჭარაბეთი” სხვაა, ტელევიზია – სხვა; ეს, ალბათ, თქვენთვის მაინც ყველაზე სარისკო „ფსონია”...
–  სიმართლე გითხრათ, მაყურებლის როლიც კი არ მქონდა ჩემი მოუცლელობის გამო – ბოლო სამი წელი ტელევიზორს საერთოდ არ ვეკარებოდი,  ჩემთვის საინტერესო გადაცემებს მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტით  ვუყურებდი. ახლა ეს შეიცვალა: ჩემს სამუშაო კაბინეტში ორი ტელევიზორი მუდმივად არის ჩართული და უკვე სახლშიც ამ რეჟიმში ვარ – ყველაფერს ვუყურებ; თუმცა, ის,  რომ ტელევიზორს აუცილებლად უნდა ვუყურო,  სერიალებზე არ ვრცელდება – ამაში ვერაფერი ჩამითრევს  (იცინის). კომპანიის მართვა არის კომპანიის მართვა – რა მნიშვნელობა აქვს, სიტუაციას სად ალაგებ.  ის, რომ არ უნდა იყოს გაუცემელი ხელფასები; თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ სტაბილურობის შეგრძნება; არ უნდა იყოს საბოტაჟი – ყველგან ერთნაირადაა,  აქ კი ეს ელემენტარული თემებიც დასალაგებელია.  რაც შეეხება  სარედაქციო დამოუკიდებლობას, რაზეც ბევრს საუბრობენ,   20 დღეა, აქ ვარ და, ვერცერთი თანამშრომელი ვერ იტყვის, რომ  მათთან საუბარი მქონია პოლიტიკურ გემოვნებაზე, ან, საერთოდ, ტელეგემოვნებაზე. პირადად,  მე  არასდროს მქონია პოლიტიკასთან შეხება, არც მოხალისე ვყოფილვარ, არც რიგითი – არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არასდროს გავკარებივარ. რაში მჭირდება, ფულს გადამიხდიან ამაში?! ეს მოკლევადიანია; გრძელვადიანში კი პოლიტიკის  სანაცვლოდ ფულის აღება დამღუპველია; მე ამას ჩემი საქმე მირჩევნია, რომელიც ძალიან მიყვარს, თუმცა, როცა საქმე მბეზრდება და გასაკეთებელს ვეღარ ვხედავ, სამსახურს ვიცვლი.    
– და, ისევ მათემატიკის ირგვლივ ტრიალებს თქვენი ცხოვრება? 
– ასე გამოდის. ადრე კარგად ვხატავდი,  რვა წელი დავდიოდი პიონერთა სასახლეში გრაფიკაზე. როდესაც პროფესიული არჩევნის წინაშე  დავდექი, ვფიქრობდი კიდეც, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა, მაგრამ მათემატიკამ გადაწონა. დღეს, იშვიათად, მაგრამ მაინც ვუბრუნდები ხატვას, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ხატვა მაინც წარსულში დარჩა.  მთელი ცხოვრება ვმუშაობ, ერთი დღე არ მქონია თავისუფალი და, შესაბამისად, ბევრი რამისთვის აღარ მრჩება დრო. თუ სამსახურისთვის არ გაწირე  დრო, თავი, სურვილები,  ისე არაფერი გამოდის – მე გავწირე ის, რომ   ოჯახში მხოლოდ დასაძინებლად მივდივარ და მთელი საოჯახო საზრუნავი მეუღლეზეა გადასული. ისე  გაიზარდნენ ჩემი შვილები, სამწუხაროდ, მათთვის მნიშვნელოვან   ბევრ მომენტში, ვერ ვიყავი მათთან ერთად.   მაქვს ულამაზესი სოფელი ფშავში, სადაც მამაპაპისეული სახლია და,   ზაფხულობით, მხოლოდ შაბათ-კვირას მაინც  თუ მოვახერხე იქ ასვლა, ესეც კარგი „მიღწევაა”  ჩემთვის, თუმცა,  ბავშვები და მეუღლე  ახერხებენ იქ დასვენებას.
– მეუღლეც მათემატიკოსი გყავთ?
– დიახ, მეუღლე ჩემი  ჯგუფელი იყო.  ის დღესაც ორ ადგილას მუშაობს  ბუღალტრად –  ხომ იცით, ეს ბუღალტრების პროფესიული „სენია”. მე მის კარიერაში არ ჩავრეულვარ, უნდა მუშაობა – იმუშაოს, ოღონდ, არა ჩემთან ერთად. კაცს კომპანიაში სამუშაოდ მეუღლე რომ მიგყავს, არ მგონია სწორი, თან, ბევრი ჭორის საფუძველს იძლევა, რაც არაფერში მჭირდება (იცინის).

скачать dle 11.3