კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აპირებს თუ არა გიორგი მოსიძე პოლიტიკაში წასვლას და როგორ მოგვარდა სანდრო ლორთქიფანიძის გაუგებრობა ნიკა გვარამიასთან

7 მაისიდან „რუსთავი 2-ის“ მაყურებელი ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ახალ სეზონს იხილავს მცირეოდენი ცვლილებებით, ახალი გუნდებით და როგორც ბატონი წამყვანი ამბობს, ბევრი სიურპრიზით. თამაში პირველად ეთერში 1996 წელს გავიდა. შესაბამისად, წელს მოაზროვნეები 20 წლის იუბილეს აღნიშნავენ. მანამდე კი ბატონი წამყვანისგან შეიტყობთ ახალი სეზონის სიახლეებს, გასული წლების საუკეთესო და კადრს მიღმა დარჩენილი, სახალისო მომენტების შესახებ.
გიორგი მოსიძე: „რა? სად? როდის?“ – თამაშის ახალი სეზონი ეთერში 7 მაისიდან გავა. წელს შემცირდა გადაცემების რაოდენობა და მაყურებელი 24-ის ნაცვლად 12 გადაცემას ნახავს – 6-ს გაზაფხულის და 6-ს ზამთრის სერიაში, უკვე დეკემბერში. თამაშების შესაბამისად, შემცირდა გუნდების რაოდენობაც და სულ 5 გუნდი, ანუ 30 მოაზროვნე გვეყოლება. გასულ შაბათს კაპიტნებმა უკვე აირჩიეს ახალი გუნდებისთვის მოაზროვნეები და მინდა გითხრათ, მონსტრი გუნდები შედგა, რადგან უძლიერესი მოთამაშეების ოპტიმიზაცია მოხდა მათში. შესაბამისად, ძალიან საინტერესო სეზონს ველოდებით და მაყურებელს ბევრ სიურპრიზს ვპირდებით.
– მაყურებლებში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა წინა სეზონზე სანდრო ლორთქიფანიძის მიერ ანი მარდალეიშვილისთვის ხელის თხოვნის სცენამ, რომელიც ერთგვარი სიურპრიზი იყო.
– ეს სცენა შესანიშნავად მოერგო გადაცემის ფორმატს. ყველას ძალიან მოეწონა და უამრავი ნახვა ჰქონდა და არა მხოლოდ საქართველოში. სხვადასხვა ენაზე ტიტრებიც დაადეს და სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. წლევანდელ სეზონში შეგიძლიათ სანდრო ლორთქიფანიძე და მისი საცოლე ერთ გუნდში იხილოთ. გაგიკვირდებათ და სანდრომ თავის საცოლე თავისივე გუნდში აირჩია (იცინის).
– სანდრო ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით, იყო გარკვეული კითხვის ნიშანი. ნიკა გვარამიას განცხადების შემდეგ, ყველას აინტერესებდა, გააგრძელებდა თუ არა ის თამაშს.
– არანაირი კითხვის ნიშანი არ ყოფილა. უბრალოდ, იყო რაღაც გაუგებრობა, რომელიც მოგვარდა და შესაბამისად, აღარანაირი პრობლემა არაა.
– თქვენთანაც ბევრი კითხვა იყო. ამბობდნენ, რომ პოლიტიკაში გადაინაცვლეთ და „ქართული ოცნების“ სახელით იყრიდით კენჭს.
–  ჯერჯერობით არაფერია გარკვეული და არც რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არსებობს. ასე რომ, ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს. არანაირი კონკრეტული შემოთავაზება ჯერჯერობით არ ყოფილა. თუმცა, გააჩნია რა შეთავაზება იქნება.
– გასაგებია. დავუბრუნდეთ გადაცემას. მრავალი წელია, ბატონი წამყვანი ხართ. შეგიძლიათ, გაიხსენოთ განსაკუთრებული მომენტები, რომლებიც კადრში არ მოხვედრილა?
– გადაცემა 1996 წლიდან გადის ეთერში და წელს 20 წელი გვისრულდება.  რაც შეეხება ეთერში ვერმოხვედრილ კადრებს, ასეთების მთელი გალერეა მაქვს და უმეტესობა კაზუსებთანაა დაკავშირებული. სხვადასხვა სეზონს თავისი გაჰიტებული შემთხვევა აქვს. მაგალითად, სანდრო ლორთქიფანიძის ორიგინალურ ხელის თხოვნამდე გაჰიტებული იყო ერთი შემთხვევა: დარბაზმა კითხვაზე უპასუხა – აკაკი ჩხენკელი, მაგრამ უცებ შემოვარდა სტუდიაში ერთი ახალგაზრდა და ამტკიცებდა, ჩხენკელი კი არა ნოე ჟორდანიაა სწორი პასუხი, ნამდვილად ვიცი, წიგნი მეჭირა ხელში და წაკითხული მაქვსო. დაუჯერეს და წააგეს ეს თამაში. სხვათა შორის, მას შემდეგ ეს ახალგაზრდა კლუბში აღარ გვინახავს (იცინის). არ გამოვრიცხავ, რომ წიგნი მართლა ეჭირა ხელში, მაგრამ ფაქტია, პასუხი არასწორი იყო (იცინის). ერთხელ, გადაცემის ჩაწერაზე გოგო ისეთი დეკოლტეთი მოვიდა, რომ მკერდი თითქმის უჩანდა. ხომ ვერ ვეტყოდით, წადი გამოიცვალეო?! ისიც საღამოს კაბა იყო, უბრალოდ, ძალიან გახსნილი. ეტყობა ოპერატორის ყურადღებაც მიიქცია  და სულ კადრში ხვდებოდა. ის თამაში გუნდმა მშვენივრად ითამაშა, მაგრამ მაყურებელს ეს არ ახსოვდა. მეტსაც გეტყვით, სამი დღის შემდეგ მეც დამავიწყდა, რა ანგარიშით დასრულდა ეს თამაში (იცინის). გუნდის მოგება საერთოდ ამოაგდო ისტორიიდან იმ გოგოს „ორმა სწორმა ვერსიამ“ (იცინის).
– პირადად თქვენ არ გქონიათ უხერხული შემთხვევა?
– კი. ერთხელ ისე წამოვხტი, რომ შარვალი გამეხა (იცინის). თამაშისას მოაზროვნეებს სწორი ვერსია ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ, ისეთი პასუხი გასცა მოთამაშემ, ყველას ყბა ჩამოუვარდა. მეც წამოვხტი, რას შვრება, თამაში წააგო-მეთქი და ამ დროს, „ფხრიიიწ“ – შარვალი გაიხა (იცინის). გვერდით მჯდომ ასისტენტებს მივუბრუნდი, არაფერი შეიმჩნიოთ-მეთქი და ჩვეულებრივად განვაგრძეთ თამაში.
– უცხოეთში გამართული თამაშებიდან არ გახსენდებათ სახალისო და საინტერესო შემთხვევები?
– 90-იან წლებში, მოსკოვში ბევრი საინტერესო ამბავი გადაგვხდა. ერთხელ, ჩვენი თამაშის წინა ღამით დაიწვა სასტუმრო, რომელშიც ვცხოვრობდით. ცეცხლს ვაქრობდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯობდა არ ჩაგვექრო, რადგან სინამდვილეში, თურმე ხელი შევუწყვეთ სასტუმროს დაწვას. მაგრამ, გვაპატიეს, რადგან ალბათ, მაინც დაიწვებოდა (იცინის). რაც ყველაზე მთავარია, მთელი ღამის უძილოები და ცეცხლთან ნაბრძოლები გავედით თამაშზე და დავამარცხეთ მოწინააღმდეგეები. მაშინ იმ ასაკში ვიყავი, როცა ჯერ კიდევ შემეძლო, ღამე არ დამეძინა და დილით ტვინი მაინც მიმუშავებდა. ახლა კარგად თუ არ გამოვიძინე და მერე სამი ჭიქა ყავა არ დავლიე, ძალიან მიჭირს თამაში. ის დრო წავიდა (იცინის). ახლახან, მარტის ბოლოს, მიუნხენში ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი ვიზიტი კათოლიკურ აღდგომას დაემთხვა. იქ ოთხი დღე გავატარეთ, პარასკევიდან – ორშაბათამდე, მაგრამ ყველაფერი დაკეტილი იყო, მაღაზიაც და რესტორანიც. მიუნხენიც თბილისივით ყოფილა მაგ პერიოდში, ქალაქში არავინ დადიოდა. შეიძლება ითქვას, ცარიელ მიუნხენში ვიყავით. ეტყობა, ყველანი ბავარიის სოფლებში იყვნენ გასულები (იცინის).
– სამი შვილი გყავთ. მათ რა ინტერესები აქვთ, თქვენს საქმიანობასთან თუ არიან ახლოს?
– „კომაროვში” ყოველ კვირას ტარდება ყველა მსურველისთვის სასკოლო თამაშები და იქ, მეორე ლიგაში ჩემი ქალ-ვაჟი – გიორგი და ელენეც თამაშობენ. რამდენიმე დღის წინ ორ-ორი ქულა დადეს და გახარებულები იყვნენ. ელენეს თავის საყვარელი სერიალიდან მოუვიდა შეკითხვები, რომელიც ზომბებზეა და ვინ დაასწრებდა პასუხის გაცემას. ის, საერთოდ, ყველაფერზე აფანატებს, რაც ზომბებს ეხება. რასაკვირველია, სანამ ნაყინი არ ვაჭამე, არ მომეშვნენ. ამ ეტაპზე ნაყინის სანაცვლოდ აქვთ თამაშის სურვილი და მომავალში – ვნახოთ (იცინის). ჯერ მაინც პატარები არიან. ეს თამაში უფრო მოზრდილ ასაკში გიზიდავს, როცა შენი ცოდნის სისტემატიზაცია ხდება. მეც სტუდენტობისას დავიწყე, თუმცა ინტერესი მოსწავლეობის დროსაც მქონდა. 
– მგონია, რომ მაქსიმალურად მომთხოვნი იქნებით, როცა საქმე მათ განათლებას ეხება.
– მე და ჩემი მეუღლე ამ საკითხში ლიბერალები ვართ. მგონია, რომ თუ საკუთარი სურვილით არ ისწავლეს, ძალით – გამორიცხულია. გიორგი 13 წლისაა და ნიუტონის თავისუფალ სკოლაში სწავლობს; ელენე – 11-ის და კონსერვატორიის სემინარიაში. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ წიგნის კითხვას ბოლომდე მაინც ვერ შევაჩვიეთ. ინტერნეტი თავისას შვრება. წიგნების კითხვა მათ ჩვეულებად ვერ ვაქციეთ ისე, როგორც ჩვენ დროს იყო. ჩვენ თავისუფალ დროს წიგნს ვკითხულობდით, ისინი კომპიუტერთან სხედან. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ არც ჩემი შვილები არიან დიდი წიგნიერებით გამორჩეული ბავშვები. წიგნიერებას ვგულისხმობ, თორემ უამრავი ინფორმაცია კი აქვთ თავში და „რა? სად? როდისსაც“ თამაშობენ.  მაგრამ, ფუნდამენტალური განათლების მისაღებად, ჩვენგან განსხვავებით, უამრავ წიგნს აღარ კითხულობენ. მაგალითად, ბავშვს ვერაფრით წავაკითხე „შერლოკ ჰოლმსი“, როცა მე თვითონ ვაფანატებდი მასზე. უამრავი ვერსია აქვს ნანახი და წიგნი უკვე მოსაწყენად ეჩვენება. რაც შეეხება მესამეს, ის ჯერ პატარაა, 5 წლის და ბაღში დადის. ჯერჯერობით სათამაშო ზომბებით ერთობა, რომელიც ელენემ მასაც შეაყვარა (იცინის). უფროს შვილს მე მამსგავსებენ, შუათანას – მეუღლეს და პატარასთან დაკავშირებით ჯერ ვკამათობთ. როგორც ხდება ხოლმე,  თუ კარგი იქნება, ვიტყვი, რომ მე მგავს და თუ არა, ცოლს დავაბრალებ (იცინის).

скачать dle 11.3