რას იწვევს ლაზერული ეპილაციით თმის მოშორება იღლიისა და მკერდის არეში და რომელ წლამდე არ შეიძლება ამ მეთოდის გამოყენება
სხეულიდან არასასურველი თმის მოცილება ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და რომში დაიწყეს, თუმცა აქტუალური ეს საკითხი მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა, როცა მოდაში უმკლავებო კაბები შემოვიდა. იყო დრო, როცა სილამაზის სტანდარტები სხეულიდან თმის მოშორებას არ მოითხოვდა. დღეს არასასურველი თმის მოცილება ჩვეულებრივი მოვლენაა. ამისთვის ქალბატონები ბევრ მტკივნეულ, არასასურველ და არასასიამოვნო მეთოდსაც მიმართავენ. პოპულარობით სარგებლობს ლაზერული ეპილაციის უმტკივნეულო მეთოდი. საზიანოა თუ არა ის ორგანიზმისთვის და სხეულის რომელ ზონებში არ შეიძლება ეპილაციის გაკეთება, ამ თემაზე ექიმი-კოსმეტოლოგი მაია ჩუთლაშვილი გვესაუბრა: თავიდან, როცა ლაზერული ეპილაციის აპარატი შექმნეს, ისეთ შედეგს არ იძლეოდა, როგორსაც ვარაუდობნენ, თან, უკუჩვენებებიც ჰქონდა. შემდეგ აპარატის ხარისხი გააუმჯობესეს და ბოლოს, 1997 წელს შეიქმნა დიოდური ლაზერული ეპილაციის აპარატი, რომელსაც აქვს მოყინვის მეთოდი, კანი რომ გაგრილდეს და არ დაიწვას. მიუხედავად ამისა, დღემდე არ არის შესწავლილი, რა შეიძლება გამოიწვიოს ლაზერულმა ეპილაციამ. ადამიანის ორგანიზმი ხომ ძალიან რთულია, ამიტომ ბევრი რამე კიდევ გამოსაკვლევია. არასასურველი თმის მოცილებას, შესაძლებელია, რიგი დაავადებების გართულება მოჰყვეს. ლაზერული ეპილაციის პრინციპი ყველამ იცის – თმის მოშორება ფოლიკულების განადგურებით. ყველას აქვს პიგმენტი მელანინი, რომელიც ადამიანის კანშია ჩალაგებული და განსაზღვრავს კანისა და თმის ფერს. რაც უფრო მუქია მელანინის პიგმენტი, იმდენად უფრო მუქია ადამიანის კანისა და თმის ფერიც. ლაზერის ინფრაწითელი სხივით, რომელიც 2-დან 4 მილიმეტრამდეა, ხდება თმის ღერში შეღწევა, ფოლიკულამდე ჩასვლა და თერმოლიზი, ანუ დაშლა – ფოლიკულის განადგურება. ამის შედეგად ნელ-ნელა ცვივა თმა, რადგან სიცოცხლისუნარიანობა აღარ აქვს.
– რომელ ზონებში არ შეიძლება ეპილაცია?
– ვიდრე საშიშ ზონებამდე მივალთ, მანამდე კიდევ არის რიგი საკითხები, რასაც საზოგადოება არ იცნობს. რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, ვისთვის შეიძლება ლაზერული ეპილაცია და როგორ კეთდება ის საქართველოში? განვითარებულ ქვეყნებში ლაზერულ ეპილაციას აკეთებენ ექიმთან ვიზიტის შემდეგ. ჩვენ შეიძლება, ისეთი დაავადება გვქონდეს, რომლის შესახებ არც კი ვიცით და ლაზერის სხივმა მისი პროვოცირება და გაუარესება გამოიწვიოს. ლაზერის გაკეთება არ შეიძლება: ინფექციური, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, პრეონკოლოგიური და კანის დაავადებების დროს, ასევე ჰორმონული დარღვევის, ჰიპერტონიის ანუ მაღალი წნევის, ალერგიის, ორსულობისა და ლაქტაციისას. კიდევ, არ შეიძლება განსაზღვრული პრეპარატების მიღებისას. ესენია: ფოტომასენსიბილებელი პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, წნევის დამწევი საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები, შარდმდენები და სხვა. ეს პრეპარატები სინათლის სხივის მიმართ მგრძნობელობას აძლიერებს და მათი გამოყენებისას ლაზერის გაკეთებამ შესაძლებელია, დამწვრობა გამოიწვიოს. სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ 12-14 წლის ბავშვებს სიხარულით ემსახურებიან. 18 წლამდე ეს დაუშვებელია. უცხოეთზე ვსაუბრობდით და დავამატებ, როცა იქ პაციენტი ექიმთან მიდის, იხსნება სპეცილური ანკეტა და გამოკვლევების შედეგად, თუ ჩათვალა ექიმმა, რომ ლაზერი არ გავნებთ, მაშინ გრთავენ ნებას. ექიმი დოკუმენტს ხელს აწერს და ის ხდება იურიდიული პასუხისმგებელი. ჩვენთან მსგავსი რამ არაა, იგივე ხდება სოლარიუმებზეც – ვისაც უნდა და რამდენჯერაც სურს, მიდის. გაციების დროსაც კი არაა სასურველი ლაზერული ეპილაციის გაკეთება. შაქრიანი დიაბეტის დროს კი ლაზერის ზემოქმედებით სისხლში იცვლება შაქრის რაოდენობა. ახლა რაც შეეხება ზონებს. რისკ-ზონები არის იქ, სადაც ყველაზე მეტი მელანინია ჩალაგებული. ესენია: გენიტალიური ზონები, კისერი, საზარდულის არე, ხალები, იღლია, მკერდი; არ შეიძლება თვალის გარშემო, განსაკუთრებით წარბის ზედა ნაწილზე და კისრის უკან.
– რატომ?
– მსოფლიოში თმის ზრდის მექანიზმი მეცნიერების მიერ ბოლომდე დღემდეც არაა ახსნილი. ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე მუდმივად რეაგირებს ჰორმონული სისტემა. შესაბამისად, როცა ორგანიზმში აღმოჩნდება თმის მკვდარი ფოლიკულები, შეიძლება ორგანიზმმა ეს არასწორად აღიქვას, გამოიმუშაოს ზედმეტი ჰორმონები და თავისუფლადაა შესაძლებელი, ჰორმონული ბალანსი დაირღვას. თუმცა, ეს უარყოფითი პროცესი მაშინვე არ იქნება შესამჩნევი, ამას ხანგრძლივი დრო დასჭირდება. ანალოგიურია სოლარიუმის დროს. შევრჩერდები მკერდსა და ბიკინის ზონაზე. ბიკინის ზონას ნუ გაიკეთებთ ნურც ლაზერით და ნურც ელექტროეპილაციით. შესაძლებელია, პატარა მიზეზმა დიდი მიზეზი გამოიწვიოს. ამიტომ, იმ ადგილებს, სადაც რისკი მეტია, უმჯობესია არ შეეხოთ. როცა ვიცით, საზარდულის არეში, იღლიაში, მკერდზე, კისერზე, სადაც ლიმფური ჯირკვლები და ძალიან ბევრი ნერვი გადის, ზედმეტი ზეწოლა მავნებელია, რატომ უნდა გავიღიზიანოთ?! რაც შეეხება მკერდს, ონკოლოგიური დაავადებები თავს ბოლო სტადიაში იჩენს, ანუ თავიდან ვერ ვამჩნევთ. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ სიმსივნეს. ნებისმიერი ადამიანის მკერდში შესაძლებელია რაიმე იწყებდეს განვითარებას. ლაზერის დასხივებისას კი, ეს მის გამწვავებას იწვევს. მართალია, ამბობენ, რომ ლაზერის სხივი მხოლოდ თმის ფოლიკულამდე აღწევს, მაგრამ რატომ აქვს ამდენი უკუჩვენება? ჯერ კიდევ კვლევის საგანია ლაზერული ეპილაციის სარგებლიანობა-უსარგებლობა. ამიტომ, უფლება არ გვაქვს, გადაჭრით ვთქვათ – ცუდია, თუ კარგი. უბრალოდ, ვამბობ, რომ არის ზონები, სადაც რისკი დიდია.
– თუ გსმენიათ, ლაზერული ეპილაციის შემდეგ რიგი გართულებები ჰქონოდა პაციენტს, ან თქვენს პრაქტიკაში ხომ არ ყოფილა მსგავსი რამ?
– საბედნიეროდ, ჩემს პარქტიკაში სავალალო შედეგი არავის ჰქონია. ყოფილა შემთხვევები, როცა კანის დამწვრობითა და აკნეთი მოსულან. ლაზერი ტოვებს ცხიმს, რომელიც ვერ გამოდის გარეთ, გროვდება და იწყება ცხიმოვანი ჯირკვლის ანთება, რის შედეგადაც ვითარდება აკნე. ბევრი მსმენია, რომ უჩიოდნენ იღლიისა და საზარდული არის გასიებას. ლაზერის ეფექტი შეინიშნება უფრო ულვაშის ზონაზე და ტანზე. სახე ინდივიდუალურია. ძირითადად, აკნეს და დერმატიტს უჩივიან. კანი იმდენად უღიზიანდებათ, რომ დერმატიტის მწვავე ფორმა ვითარდება.
– სარისკო ზონების შემთხვევაში, რომელ ხერხს უნდა მიმართონ ჭარბთმიანობისას?
– არსებობს სხვადასხვა საშუალება. ელექტოეპილაცია ნაკლებად უსაფრთხოა, თუმცა კონსულტაციას ისიც საჭიროებს. ელექტრო არ შეიძლება, ორსულზე გაკეთდეს ან იგივე, გულ-სისძარღვთა დაავადებისას. ყველაფერს აქვს უკუჩვენება, მაგრამ რაც უფრო უსაფრთხოდ გვეჩვენება, ჯობია ის გამოვიყენოთ. ნუ გავრისკავთ. ჩვენ ხომ არ ვიცით ორგანიზმში რა ხდება.
– როგორც მამაკაცების, ასევე ქალების შემთხვევაში, რისკი ერთნაირია?
– ქალებში უფრო მეტია. მამაკაცები ძირითადად ტანზე იკეთებენ ეპილაციას. სახეზეც არ შეიძლება ლაზერი, თუ კბილებზე იმპლანტები გაქვთ.
– ლაზერის გაკეთების შემდეგ, მზეს რატომ უნდა მოერიდოს პაციენტი?
– იმიტომ რომ, მელანინი გვიცავს დამწვრობისგან. როცა ლაზერი გაქვს გაკეთებული, ეს პიგმენტი განადგურებულია და აღარ აქვს უნარი, დაიცვას ორგანიზმი ულტრაიისფერი სხივებისგან. შესაბამისად ორი კვირის განმავლობაში არ უნდა იყოთ აქტიურ მზეზე.