როგორ შევიდა 10 ათასი მონაწილიდან 15 საუკეთესოში გოგასუსის ნამუშევარი და რატომ დაინტერესდნენ პარიზის მოდის კვირეულზე ცნობილი გამოცემები ანუკი არეშიძის ვარცხნილობით
სტილისტ-მოდელიერი გოგასუსი, რომელიც თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში ნომერ პირველია საქართველოს მასშტაბით. ის მუდმივად ცდილობს, განვითარდეს, ბევრი რამ ისწავლოს, ნახოს და შემდეგ მოდური ტენდენციები საქართველოშიც დანერგოს. გოგასუსი არაერთი კონკურსის გამარჯვებული და პრიზიორია, ცოტა ხნის წინ კი საერთაშორისო კონკურსის, ALL STAR CHALLENGE 2016-ის ფინალისტი გახდა. საუკეთესო ტოპ 15-შიც შევიდა და საფინალო ნამუშევრით, კონკურსის ფავორიტობა მოიპოვა.
გოგასუსი: ცოტა ხნის წინ ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი ALL STAR CHALLENGE 2016, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებს კომპანია American crew. ეს კონკურსი უკვე სამი წელია ტარდება, ძალიან მასშტაბურია და მასში მსოფლიოში ცნობილი ბარბერები მონაწილეობენ. მე შემომთავაზეს კონკურსში მონაწილეობა, საქართველოში American crew-ს ამბასადორი ვარ. რადგან ნამუშევრების მისაღებად მხოლოდ 4 დღე იყო დარჩენილი, ამის გამო საქართველოში ამ კომპანიის წარმომადგენლობა აღარ აპირებდა მონაწილეობას. მაგრამ, მე მაინც გადავწყვიტე, არ მეთქვა უარი და 4 დღეში ყველაფერი მომემზდებინა. მთლიანი ლუქი უნდა გამეკეთებინა ბიჭისთვის, თავისი შეჭრით, გადაღებით. თან, ფოტო უნდა ყოფილიყო აზრობრივი, სადაც ტექნიკა, ხარისხი, ახალი ტენდენციები, – მოკლედ, ყველაფერი უნდა გამოჩენილიყო. ჩემი მეგობარი დავიყოლიე: მოდი, შენს თავზე ვცდი-მეთქი. საბოლოოდ, ნამუშევარი მაღალხარისხიანი გამოვიდა და გადავაგზავნე ორი ფოტო: ანფასში და პროფილში. იმაში დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოში მოვიგებდი. მეტს კი არაფერს ველოდი. 40 ქვეყანა მონაწილეობს ამ კონკურსში და 10 ათასი მონაწილეა – ყველა საუკეთესო. ერთ თვეში უნდა მოსულიყო პასუხი და ვინც საქართველოში მოიგებდა, ის დაესწრებოდა პარიზში საფინალო შოუს, რომელსაც ძალიან დიდი მასშტაბები აქვს. წარმოიდგინე, შოუს 5 000 კაცი ესწრებოდა – ამ სფეროში მსოფლიო დონის ვარსკვლავები. ისინი, ვის სემინარებსაც დავსწრებივარ, ან ვისი ნამუშევრებიც მინახავს ცნობილ ჟურნალებში... დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნიდან, მთავარი ბრენდების წარმომადგენლები და ამ შოუში საქართველო პირველად მოხვდა ჩემი დამსახურებით. მოკლედ, ერთ დღეს სალონში შემოდიან კომპანიის წარმომადგენლები ბუშტებით, ტორტით, შამპანურით და მეუბნებიან: შენ გახდი საქართველოში ამ კონკურსის გამარჯვებულიო. სხვა ჩემს კოლეგებსაც ჰქონდათ გაგზავნილი ნამუშევრები, მაგრამ ჟიურიმ არჩევანი ჩემზე გააკეთა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მივდიოდი გალა-შოუზე დასასწრებად. თუმცა, იყო მეორე ეტაპი: 10 ათასი მონაწილიდან უნდა აერჩიათ 15 საუკეთესო – ტოპ-15. ამაზე საერთოდ არ მიფიქრია, რადგან ისეთი კონკურენტები მყავდა, საოცრებებს რომ აკეთებენ. გავიდა 15 დღე და დამირეკეს: გოგა, დაჯექი – ფინალში ხარ! ეს იმხელა მიღწევაა: ასეთი მაღალი დონის კონკურსზე 10 ათასი მონაწილიდან ჯერ გადაირჩა 4 800 და შემდეგ იქიდან აარჩიეს 15 და ამ თხუთმეტში მოვხვდი მე.
– საქართველოში ამ სფეროში ამხელა წარმატება არავის ჰქონია. თუმცა, ეს შენთვის არ არის პირველი დიდი და სერიოზული წარმატება.
– საქართველოში მე რა წარმატებაც მაქვს, არავის აქვს ასეთი – ამის თქმა თამამად შემიძლია. საქართველოში რაც კი კონკურსი ჩატარებულა, ყველგან პირველი ადგილი ავიღე. საერთაშორისო კონკურსებზე ორჯერ მეორე ადგილზე გავედი, ერთხელ კი – მესამეზე, ანუ, არაერთგზის პრიზიორი ვარ. მონაწილეები მხოლოდ ამ დღისთვის მთელი წელი ემზადებიან მე კი ვმუშაობ, სხვა ბევრ რამეს ვაკეთებ და არ მრჩება იმის დრო, კონკურსისთვის მოვემზადო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალიან კარგი შედეგები მაქვს. ბევრი რამ გავაკეთე ჩემს ქვეყანაში, ჩემს სფეროში. მე ჩემი პროფესიისთვის ვცხოვრობ. ჩემთვის ჩემი პროფესია ხელოვნებაა, ფულზე მაღლა დგას. ყოველთვის ვცდილობ, გავაკეთო ის, რაც იმ მომენტში პროდუქტიული, მოდური და აქტუალურია. ამიტომაც დავდივარ და ვსწავლობ, როგორი ვარცხნილობა, რომელი ფერია მოდური, საით უნდა გაიყოს თმა, როგორ უნდა დაიყენო. ადრე, სწორი თმა იყო მოდაში, ყველა ცოცხივით გასწორებული თმით დადიოდა, მერე – კულულებით. იმ მომენტისთვის არცერთი იყო მოდური და არც – მეორე. ჩვენს ქალაქში თუ რამეა თმასთან დაკავშირებით აქტუალური, ჩათვალე, რომ ეს ევროპისთვის დავიწყებული და ძველია. თუმცა, ჩემი ნებისმიერი კლიენტი რომ წავიდეს ნიუ-იორკის, მილანის, ან პარიზის მოდის კვირეულზე, არ იქნება მოდური ტრენდებიდან ამოვარდნილი. მახსოვს, ანუკი არეშიძეს ვარდისფრად რომ შევუღებე თმა, წავიდა პარიზის ფეშენ-ვიქზე. „ვოგში“, „ელში“, „ფეშენ-ვიქის” სთრით სტაილებში ანუკის თმა იყო გადაღებული.
– მისი მეუღლის ვარცხნილობაზეც შენ ზრუნავ?
– ჰო. ჩვენს მთავრობაში ვინც კარგად გამოიყურება, ჩემი მომხმარებელია – უფრო მამაკაცები, ვიდრე ქალები.
– ახლა კონკურსს დავუბრუნდეთ. მომიყევი როგორ ჩაიარა ყველაფერმა.
– აღმოჩნდა, რომ ტოპ 15-ში მოვხვდი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ფინალისტი და ეს იმას ნიშნავდა, რომ პარიზში გალა-შოუმდე რამდენიმე დღით ადრე მივდიოდი. საოცარი დღეები გავატარე პარიზში. გვქონდა საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრები, ვორკ-შოპები. ვხვდებოდით გამოცემების რედაქტორებს, მიდიოდა ახალი ტენდენციების განხილვა. გვქონდა შეხვედრები მსოფლიოს საუკეთესო სტილისტებთან. გარდა ამისა, კიდევ უნდა გაგვეკეთებინა მოდელი, რომელსაც შემდეგ ჟურნალებში დაბეჭდავენ, ბანერებზე, სარეკლამოდ გამოიყენებენ. მოგვცეს მოდელები და ჩვენ გავაკეთეთ ვარცხნილობები. რადგან იქ ყველა საუკეთესო იყო, ცუდს ვინ მოიფიქრებდა და ყველა კარგი გამოვიდა. გარდა ამისა, საქართველო კონკურსის ფავორიტი ქვეყანაც გახდა. ახლა პარიზში, ერთ-ერთ სტუდიაში ფოტოსესია მაქვს დაგეგმილი, კოლექცია უნდა გადავიღოთ. ასევე, ძალიან ცნობილ ჟურნალში, „დოლორესში“ გამოქვეყნდება ჩემი კოლექცია. ბევრ უცხოურ გამოცემას უნდა გავუგზავნო ჩემი კოლექციები და ახლა ვაპირებ დავიწყო ამაზე მუშაობა. დევიდ რაკული – ეს არის ნომერ პირველი ფოტოგრაფი ამ სფეროში. კონკურსის ფოტოებს ის იღებდა. თითოეული მოდელისთვის 15 წუთი ჰქონდა გამოყოფილი. ყველა გაგიჟდა და მეც შოკირებული ვიყავი, რადგან ჩემს მოდელს 35 წუთს იღებდა, ყველანაირად გადაიღო, ბევრი ფონი შეცვალა. ისეთი სასიამოვნო იყო, ამ სფეროში ასეთი მაღალი დონის ფოტოგრაფი რომ გეძახის: არ გამოიცვალოს მოდელმაო. მერე იღებს თავის პირად აპარატს ჩანთიდან და ბეტონის კედელთან კიდევ უღებს მას დამატებით ფოტოებს.
– როგორია თმის ვარცხნილობასთან დაკავშირებით მოდური ტენდენციები?
– ძალიან აქტუალურია თმის ბუნებრივი ტექსქტურა, ბუნებრივი ფორმები. ელვის პრესლის პერიოდის ბიჭი – თეთრი მაისურით, ჯინსით, ცოტა დატალღული თმით, გასწორებული და ზედმეტად ხელოვნური ეფექტებით – არა. მოვლილი, დაყენებული, მაგრამ ბუნებრივი ტესქტურით. ძალიან ტრენდულია გახუნებული თმის ეფექტი, ცოტა სხივი რომ დაჰკრავს თმას. ბევრი ჩემი მომხმარებელი იკეთებს ამას. ვინც ლამაზად გამოიყურება ბუნებრივად ასეთები კი არ არიან – ეს ჩემი „ნავაროტკებია“.
– რა ფერები და როგორი ვარცხნილობაა წელს ქალებისთვის მოდური?
– ქერა თქმა ყოველთვის მოდაში იქნება, ისევე, როგორც შავი. ხელოვნური ღია ფერის თმაა ძალიან აქტუალური. ტრენდულია ფერადი ელემენტები თმაზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი თავი ლურჯი ან ვარდისფერი გქონდეს. ელემენტები უნდა იყოს სხვადასხვა ფერის. მოკლე თმა ძალიან ტრენდულია, ოღონდ კარგი ვარცხნილობა, მაღალ დონეზე და არა შეკორტნილი. რაც მთავარია, მომავალში ვაპირებ, რომ საქართველოში ჩამოვიყვანო ცნობილი და წარმატებული სტილისტები, რომ ქართველ სტილისტებს მასტერ-კლასები ჩაუტარონ. გარდა ამისა, ჩემი სალონი ძველ მისამართს დაუბრუნდა: კეკელიძის 2-ში ვარ, სადაც ახალი მოდური ტრენდებით, ტექნოლოგიებით დაგხვდებით.