კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახსნა ნიუ-იორკში საბრძოლო ხელოვნების სკოლა ბექა გოგინაშვილმა, რომელიც „კარნეგი ჰოლში“ მღეროდა და მანჰეტენზე ორი სოლო კონცერტი ჩაატარა

„ქართველი, სადაც უნდა იყოს, რომელ ქვეყანაშიც, იქ მაინც სტუმრად გრძნობს თავს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ. როცა საქართველოში ჩამოვდივარ, თეატრის კულისებში თუ  ნებისმიერ ოთახში, სადაც ყმაწვილკაცობის წლები გამიტარებია, სულ სხვა შეგრძნება, ემოციები მეუფლება. შესაბამისად, ქართველი მსმენელის წინაშე წარდგომა ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი და ემოციურია. ამიტომაც ჩემთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო 2015 წელს „იუმორინაში“ გამოსვლა. ძალიან ვღელავდი, რადგან ქართველი მაყურებლის წინაშე მიწევდა გამოსვლა,“ – ეს სიტყვები ოპერის მომღერალს, ტენორ ბექა გოგინაშვილს ეკუთვნის. ის ამჟამად ნიუ-იორკში მოღვაწეობს, სადაც მცირე დროში, არაერთ წარმატებას მიაღწია. სიმღერის გარდა, ბექა 17 წელია, იაპონური საბრძოლო ხელოვნებითაც არის დაკავებული და არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებული, პრიზიორი და შავი ქამრის მფლობელია.  გარდა ამისა, ბექას საკუთარი საქველმოქმედო ფონდი – „თამარიანი“ აქვს, რომლის საშუალებითაც, ის ნიჭიერ ახალგაზრდებს ეხმარება.
ბექა გოგინაშვილი: ცოტა ხნის წინ დავაფუძნე საქველმოქმედო ფონდი „თამარიანი“ და ჩვენი სიმღერით უკიდურესად გაჭირვებულებს ვეხმარებით. ჩემს რეგიონში, კახეთში დავაფუძნე მუსიკალური კონკურსი ახალგაზრდა მომღერლების განვითარების ხელშესაწყობად. სოფელ კალაურიდან ვარ. კარგად მახსოვს, როგორ დავდიოდი კახეთიდან თბილისში ქალბატონ მზია დავითაშვილთან, ორ კვირაში ან თვეში ერთხელ. საკმაოდ რთული პერიოდი მაქვს გავლილი. ბევრჯერ გზის ფული არ გვქონდა მე და დედას. ეს რომ მახსენდება, იმათზე ვფიქრობ, ვისაც ამ ურთულესი გზის გავლა სჭირდება. ამიტომ, ვცდილობ, მათ დავეხმარო ისე, როგორც შემიძლია და ხელი გავუწოდო. შემოდგომისთვის ვგეგმავთ ღონისძიებებს და კახეთთან ერთად, შეიძლება, ქართლიც შემოგვიერთდეს. ფინალისტებსა და გამარჯვებულებს კი ფულადი ჯილდოთი, დიპლომებით დავასაჩუქრებთ. გარდა ამისა, გვინდა, ისინი კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლებთან დავაკავშიროთ და მათგან უფასო გაკვეთილები მიიღონ.
– მსოფლიოს ძალიან ბევრ სცენაზე გიმღერიათ, გამოსულხართ სხვა ცნობილ და წარმატებულ მომღერლებთან ერთად.
– მახსოვს პარიზში, მისი უწმიდესობის საიუბილეო საღამო გაიმართა. იმ დროს ოპერის თეატრში ვმღეროდი და ეს იყო ჩემი პირველი ევროპული გასტროლი. საქართველო არ არის ფინანსურად ძლიერი ქვეყანა და ხალხს იმის ფუფუნება არ აქვს, საკუთარი ფინანსებით წავიდეს უცხოეთში სასწავლებლად. მეც ასეთთა სიაში ვიყავი. თბილისში ქირით ვცხოვრობდი და მქონდა ბანკის ვალები, მიუხედავად იმისა, რომ 4-5 ოფიციალური სამსახური მქონდა. ძალიან მინდოდა იტალიაში სასწავლებლად წასვლა, მაგრამ ამას ვერც გავბედავდი. სიმღერის გარდა, მეორე პროფესიაც მაქვს – 17 წელია, საბრძოლო ხელოვნებით ვარ დაკავებული და ამ პროფესიიდან გამომდინარე, იმ დროს ევროკავშირის ელჩთან ვმუშაობდი დაცვის სამსახურში. ოლივერ რაისნერი იყო მისი მოადგილე, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს, პროფესიით პიანისტი. ერთ დღესაც გადავწყვიტე, ისინი ჩემი მეგობრის სოლო კონცერტზე დამეპატიჟა, სადაც მეც გამოვდიოდი. სიამოვნებით მოვიდნენ. მეორე დღეს, როცა სამსახურში გამოვცხადდი, მითხრეს: სასიამოვნოდ გაკვირვებულები და აღფრთოვანებულები ვართ. გვინდა, განვითარდე, ხმა უფრო განავითარო და თუ გადაწყვეტ, იტალიაში გააგრძელო სწავლა, ფინანსურად დაგეხმარებითო. ეს იმხელა სტიმულის მომცემი იყო, რომ გადავწყვიტე, ვა-ბანკზე წავსულიყავი: დამეტოვებინა 4 სამსახური, ჩავსულიყავი იტალიაში და გავსულიყავი გამოცდაზე. მივხვდი, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა და გადავწყვიტე, იტალიაში წავსულიყავი. ბატონმა ოლივერ და ეკა რაისნერებმა საკუთარ სახლში კონცერტი მომიწყვეს. დაპატიჟეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები, მეგობრები. კონცერტმა კარგად ჩაიარა და საკმაოდ დიდი თანხით დამასაჩუქრეს, რაც ძალიან დამეხმარა იტალიაში სწავლისთვის. მე ხომ მხოლოდ წასასვლელი ბილეთის ფული მქონდა. ყველას გამოუცდია სტუდენტობა და უცხოეთში ამის გადატანა უფრო რთულია. კონცერტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ყოფილა ისეთი სიტუაციაც, ბინის ქირის ფულიც არ მქონია. თან, არსაიდან რომ არ ელოდები თანხას და ამ დროს ჩემს ანგარიშზე, კონცერტის შემდეგ ჩარიცხულა: 300 ევრო, 400 ევრო და ასე შემდეგ. ოზიმოს აკადემიაში სწავლის დაწყებისთანავე, რადგან ტენორის ხმა მსოფლიოში დეფიციტია, თითქმის ყველა კონცერტში ვიყავი ჩართული, რასაც აკადემია გეგმავდა. მთელი იტალიის მასშტაბით დავდიოდით, ვატარებდით კონცერტებს. მეორე წელს დამეწყო გასვლითი კონცერტები საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, გერმანიაში – ეს იყო სალონური სოლო კონცერტები, ასევე, ფესტივალები. 2014 წელს ჩავედი უკრაინაში, შევასრულე უკრაინული სიმღერა და უკრაინული სიმღერის საუკეთესო უცხოელ შემსრულებლად მაღიარეს.
– იტალიაში წარმატებული კარიერის მიუხედავად,  ამერიკაში საცხოვრებლად და სამუშაოდ გადასვლა გადაწყვიტეთ.
– იტალიაში სწავლის მეორე წელს მთავრობისგან 90-პროცენტიანი დაფინანსება მივიღე, 10 პროცენტის გადახდაში კი, საქართველოს კულტურის სამინისტრო დამეხმარა. „თიბისი“ ბანკის სტიპენდიანტიც ვიყავი, რაც ცხოვრების ხარჯების გასტუმრებაში მეხმარებოდა. მაგრამ, მესამე წელს ვერანაირი დაფინანსება ვერ მოვნახე და გადავწყვიტე, ამერიკაში წამოვსულიყავი. ნელ-ნელა გავიცანი ნიუ-იორკში ჩემი კოლეგები, ახალი კონტაქტები დავამყარე. ერთ დღესაც ბერძნული დიასპორა გავიცანი. მათ მომღერლებისგან შემდგარი გუნდი ჰყავთ და ტენორს ეძებდნენ. დამინიშნეს მოსმენა, მოვეწონე და შემომთავაზეს: ზაფხულში, „კარნეგი ჰოლში“ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კონცერტი გვაქვს და მიიღე მონაწილეობაო. უნდა მესწავლა ორი ნაწარმოები, სოლო პარტია და როგორც სოლისტს, ამ გუნდთან ერთად უნდა შემესრულებინა. ნიუ-იორკში ჩამოსვლიდან სამ თვეში რომ „კარნეგი ჰოლში“ გამოხვალ და იმღერებ,  ძალიან მნიშვნელოვანია და იმავდროულად – ძალიან დიდი პატივიც. „მეტროპოლიტენ ოპერაში“ უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით მოღვაწეობს ქართველი ბარიტონი ზურაბ ნინუა. ერთმანეთი გავიცანით და მან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ  გასული წლის 26 აპრილს, მანჰეტენზე სოლო კონცერტი ჩამეტარებინა. ნიუ-იორკში არის ქართული კულტურის ცენტრი, სტუდია Dancing Crane Studio, რომლის დამაარსებელიც საქართველოზე შეყვარებული ამერიკელია – ვიქტორ სირელსონი. მან ამერიკაში პატარა საქართველო მოაწყო. მასთან ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა და იქ არსებული ქართული ხალხური ანსამბლის, „ზეკარის“ წევრი გავხდი.  როდესაც ჩოხით გვხედავენ და ქართულ სიმღერას ისმენენ, დიდი შოკი ემართებათ. გარდა ამისა, პენსინვალიის შტატში გავიცანი მეცენატები, რომლებიც ეხმარებიან მუსიკოსებს, მომღერლებს. რომ მომისმინეს, აღფრთოვანდნენ და შემომთავაზეს: მათ სახლში გამეკეთებინა სალონური სოლო კონცერტი და აუცილებლად დააფინანსებდნენ ჩემს პირად გაკვეთილებს ამერიკაში  – შენ აარჩიე პედაგოგი და  ჩვენ დაგაფინანსებთო. პირველ განყოფილებაში ჩემი მეგობარი, ბარიტონი მალხაზ მანგოშვილი მეხმარებოდა. მეორე განყოფილება კი სიურპრიზი იყო: ქართული ჩოხით გამოვედით ჩემი ანსამბლის რამდენიმე წევრთან ერთად, რომ დაგვინახეს და მოგვისმინეს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა ამას. ვერ აღგიწერთ, რა ემოცია ჰქონდათ. რა დღეში ჩავარდა იქაური ელიტური საზოგადოება. სცენიდან აღარ გვიშვებდნენ. გარდა ამისა, შემოდგომაზე ლიჰაის უნივერსიტეტში ვგეგმავთ კონცერტის ჩატარებას, უკვე ვესაუბრე პრორექტორს, დაინტერესდა.
– სიმღერის გარდა, საბრძოლო ხელოვნებითაც ხართ დაკავებული და ნიუ-იორკში სკოლაც გახსენით...
– 15-16 წლის ვიყავი, მუსიკალურ კოლეჯში რომ ჩავაბარე და რადგან დრო მქონდა, გადავწყვიტე, კარატეზე მევლო. გამიმართლა და მოხვდი ბესო ხუციშვილის კლასში. ამ სპორტმა დიდი გავლენა იქონია ჩემზე, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაზე. საქართველოს რამდენიმეგზის პრიზიორი ვარ, ასევე, შავი ზღვის თასის პრიოზირი და შავი ქამრის მფლობელი. კავკასიის თასზე კი, სადაც კონტაქტურ კარეტეში მომიწია შეჯიბრება, ასე ვთქვათ, საკუთარი სისხლით მოვიპოვე გამარჯვება. საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი – გაბი მიხაელი, რომელმაც სემინარი ჩაგვიტარა ებრაულ საბრძოლო ხელოვნებაში – „კრავ მაგა“. დავინტერესდი და მისი სემინარები არ გამიცდენია. შემდეგ იტალიაშიც აღმოვაჩინე დარბაზი, სადაც „კრავ მაგაში“ ავარჯიშებდნენ და იქაც დავდიოდი.
– თუ არ ვცდები, პირველი ხართ, ვინც ოპერის მომღერალია და პარალელურად, კარატისტიც.
– საოპერო სიმღერას უდიდესი ენერგია სჭირდება, რომელიც კარგ ფიზიკურ მონაცემებსაც მოითხოვს. ბევრი მომღერალია სპორტით დაკავებული, მაგრამ კარატისტი, მეც არ გამიგია. ამერიკაშიც გავხსენი „კრავ მაგას“ კლასი. მყავს სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები.

скачать dle 11.3