რა მუსიკალურ საკრავებს ქმნის კოკა ნიკოლაძე და როგორ გამოიყენა მან თავის ერთ-ერთ საკრავში მეუღლის თმის სამაგრები
ძმებ ნიკოლაძეებს „ნიკოლშოუდან“ ყველა იცნობს, მაგრამ ერთ-ერთი მათგანის, კოკა ნიკოლაძის შესახებ ცოტამ თუ იცის. ის ნორვეგიაში წარმატებული კომპოზიტორია, ძირითადად, კამერულ და თეატრალურ მუსიკას წერს. კოკა ნიკოლაძის სოლო და კამერული მუსიკის კონცერტები ჩატარდა საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. გარდა ამისა, ის უნიკალური ადამიანია იმით, რომ ქმნის ახალ მუსიკალურ საკრავებს და მისი შექმნილი ინსტრუმენტი ქარის დაბერვაზე უკრავს.
– ვმუშაობ და ვსწავლობ ნორვეგიაში, ოსლოში. ნორვეგიის მუსიკალურ აკადემიაში. უკვე მეოთხე წელია, დოქტორანტურის სტუდენტი ვარ და ვიკვლევ ელექტრონულ მუსიკასთან დაკავშირებულ სივრცეს. ძირითადად ვწერ მუსიკას სხვადასხვა მუსიკალური გუნდისთვის. მყავს მეუღლე, რომელიც მევიოლინეა და აქვე მუშაობს, ოსლოს ფოლკლორულ ორკესტრში. კარგად მოგეხსენებათ, საქართველოში ძალიან რთულია თვითრეალიზაცია, განსაკუთრებით ისეთ ჟანრებში, როგორიცაა თანამედროვე მუსიკა. მით უმეტეს, როდესაც მე საქართველში ვიყავი, მაშინ ამის არანაირი შანსი არ იყო. წამოვედი სასწავლებლად და საკუთარი თავის რეალიზაციისთვის.
– საკმაოდ მუსიკალური ოჯახიდან ხარ. ვინ მოახდინა შენს მუსიკალურ გემოვნებაზე გავლენა?
– მუსიკალურ სფეროში დედაჩემმა „ჩამითრია” – ის ტრადიციული მუსიკალური სფეროდანაა; ასევე, გიორგი ჯანაშვილმა. მთელი ჩემი ბავშვობა დედასთან ვიზრდებოდი, ბავშვობაში მამა არ მახსოვს, მაშინ თურქეთში ცხოვრობდა. არ მახსოვს, როდის ვნახე ის პირველად. ჩემი ძმებიც ცალკე ცხოვრობდნენ. მამასთან სულ მაქვს კონტაქტი, ვუზიარებთ ერთმანეთს მუსიკალურ გემოვნებას. ჩვენი საუბარი ძირითადად ეხება მიმდინარე პროცესებს: როგორ ვართ, რას ვაკეთებთ... ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.
– კოკა, შენ კონცერტებს მართავ ევროპის მრავალ ქვეყანაში, დიდ სცენებზე სრულდება შენი ნაწარმოებები. როგორ მიაღწიე ამხელა წარმატებას?
– ამ ეტაპამდე მისვლა, სადაც დღეს ვარ, გულისხმობდა ჯოჯოხეთურ შრომას ბევრი მიმართულებით, თუმცა, საქართველოსთან შედარებით, ხელოვნების სფეროში ბევრი რესურსი ტრიალებს და შედარებით მარტივია ფეხის მოკიდება. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ სკანდინავიაში ვიცხოვრებდი, თუმცა ჩემი მომავალი ყოველთვის წარმოდგენილი მქონდა ამ გზით, რომლითაც მივდივარ. მე რომ არ წამოვსულიყავი და საქართველოში მეცხოვრა, შემოქმედებითად ვერ განვვითარდებოდი, ამ კუთხით ვერ ვიმუშავებდი. რომ მქონოდა ღირსეული ხელფასი, უნდა მემუშავა ან ლექტორად, ან მუშად, ან სადმე. არცერთ პროფესიას არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ, ეს ჩემი მთავარი საქმე და მოწოდება გვერდზე დამრჩებოდა. ძნელია, ფოკუსირდე შენს საქმეზე საქართველოში. ძალიან ბევრს აქვს იმის ილუზია, რომ საზღვარგარეთ მიზნის მიღწევა ადვილია. უცხოეთში სხვა სირთულეებია. 2010 წლიდან ძირითადად საორკესტრო და კამერულ მუსიკას ვქმნი. ჩემი სოლო და კამერული მუსიკის კონცერტები ჩატარდა საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ტარდება. ახლა ჩართული ვარ შედარებით დიდი ზომის ნაწარმოების შექმნაში. არის რამდენიმე ფესტივალი, რომელთა დასახელების უფლება არ მაქვს. 2016-დან 2019 წლამდე გრაფიკი გაწერილია და ვმუშაობ ოთხ დიდ შეკვეთაზე. ნორვეგიის კულტურის საკონსულოსგან მივიღე სუპერმასიური შეკვეთა – ოპერის გაბარიტების მქონე პერფორმანსი, რომელიც შესრულდება როგორც მიწაზე, ასევე ჰაერში. დეტალების თქმის უფლება არ მაქვს. „ურბანული ლიტურგიის“ პრემიერა შედგება 2017-ში.
– კოკა, გარდა იმისა, რომ წარმატებული კომპოზიტორი ხარ, უნიკალური ადამიანი ხარ იმ მხრივ, რომ ქმნი მუსიკალურ საკრავებს...
– არასდროს მქონია გამომგონებლობის, ინსტრუმენტების შექმნის ამბიცია. როდესაც საკუთარი ნაწარმოებისთვის ვერ ვახერხებ ჟღერადობის შექმნას, როდესაც არსებულ ინსტრუმენტებს არ აქვს ესა თუ ის ჟღერადობა, ვიწყებ ინსტრუმენტის შექმნას ჩემი ნაწარმოებისთვის. ყველამ ვიცით ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებიც იქმნება, ტრადიციად მკვიდრდება და ხდება ამის „კულტივირება.” ყველა ჩემი ინსტრუმენტი არის საკმაოდ არასტანდარტული. მე, უბრალოდ, ჩემთვის საჭირო რაღაცეებს ვაკეთებ – იმას, რასაც ვერ ვშოულობ, რომ ვიყიდო. თბილისის კონსერვატორიაში სწავლისას ვაკეთებდი სხვადასხვა ჟღერადობებს, მერე გადავედი ფიზიკურ ინსტრუმენტებზე. როდესაც რაღაც ინსტრუმენტის შექმნას ვგეგმავ, ჩემი წესია, რომ აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომელიც არ არსებობს, უნდა გამოიყურებოდეს განსხვავებულად. ამისთვის ვაკეთებ მუსიკალურ ყუთებს, რომლებსაც „რიტმის მანქანას“ ეძახიან. დავამთავრე ჩემი პირველი ბოქსი, რომელიც აჟღერდა იმაზე გაცილებით უფრო საინტერესოდ, ვიდრე მოველოდი. ბევრი მეგობარი მყავს პოეზიიდან, მაგალითად, „სპოკენ ვორდ,“ „რეპის“ ჟანრიდან და მათთვისაც ვქმნი საკრავებს. შევქმენი ინსტრუმენტი, რომელიც იქნება რეპერებისთვის. მექანიკა ამუშავდა და ჭრიალებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი მეუღლის, მარიამის თმის სამაგრებითაა აწყობილი. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი ჩემი მეგობრისთვის გავაკეთე, რომელსაც ატრიალებს ზემოდან და ქარის დაბერვაზე უკრავს. ზაფხულის პროექტია დაგეგმილი – რამდენიმე კვადრატულ მეტრზე გადაიჭიმება და ხალხს, ქართან ერთად, დუეტში მუზიცირება შეეძლება. მესამე ყუთიც მაქვს ჩაფიქრებული – ორგანიზმის ტომოგრაფიას რომ აკეთებენ, იმისგან, რომელიც მთლიანად აკუსტიკური იქნება. გაკეთდება მხოლოდ ხისგან, იმღერებს ადამიანის ხმით. ახლა ჩამომივიდა ადამიანის პირის ღრუს მაგნიტურ-ტექნიკური რეზონანსი. გაკეთდება ადამიანის პირის ღრუს აპარატის ზუსტი ასლი, ანუ ეს იქნება ობიექტი, რომელიც იმღერებს ადამიანის ხმით – გამოსცემს ზუსტად იმ ბგერებს, რასაც ადამიანი. ინსტრუმენტებისთვის სახელების დარქმევა ყოველთვის მიჭირს, ეს ჩემი ყველაზე დიდი პრობლემაა. როდესაც ნაწარმოებებს ვქმნი, მაშინაც კი მიჭირს სახელების დარქმევა, ვიკრიბებით ხოლმე მე და ჩემი მეგობრები და ერთად ვარქმევთ.
– ალბათ, დაინტერესება დიდია. არ აპირებ, აწარმოო შენი მუსიკალური საკრავები?
– ჩემი მეგობრების იდეით, ახლა ვაპირებთ კომპანიის ჩამოყალიბებას და ამ ინსტრუმენტების წარმოებას კომპანიებისა და მუსიკოსებისთვის სკანდინავიაში, ოსლოში. ოსლოში არის ასეთი ადგილი, სადაც მაქვს ჩემი სახელოსნო, ვმუშაობ ხეზე და მე თვითონ ვაკეთებ სხვადასხვა ინსტრუმენტს. ამ ბოლო დროს კონცერტებზე დავაფიქსირე, რომ მსმენელს მოსწონს არა მხოლოდ დაკვრა და მოსმენა, არამედ, კულისებს მიღმა რომ ვახედებ და სხვადასხვა დეტალს განვიხილავთ. ჩემს კონცერტზე სულ ჩართული მყავს პუბლიკა, თუმცა პრობლემებიც მექმნება. მუდმივ სტრესში ვარ მგზავრობის დროს. მთელი ჩემი ხელსაწყოები და ინსტრუმენტები მიდევს ჩანთაში და, იმდენად საშიშად გამოიყურება, ყოველთვის მიწევს ამოლაგება და ახსნა, რა მიმაქვს. ვუხსნი დაცვას, რომ ეს ზამბარაა, ეს რაღაცაა; მიწევს დაკვრაც – ვასმენინებ. ერთხელ თბილისის აეროპორტში თითქმის მომხსნეს რეისიდან – ჩამიყვანეს განყოფილებაში და კონცერტის მოწყობა მომიწია. ძალიან სასაცილო იყო ის, რომ ვიდექი და მთელი გულითა და ემოციებით ვასრულებდი. სერიოზული უხერხული მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ მოეწონათ.