რატომ ჩათვალეს ნიკო ბოსტოღანაშვილი შეშლილად და ვისთვის დაამატა მან საკუთარი ხელით აწყობილ თვითმფრინავში მეორე ადგილი
ბორჯომის მკვიდრ ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილისთვის ჰაერში ფრენა ბავშვობის ოცნება იყო. სამწუხაროდ, ფინანსური მდგომარეობის გამო შესაფერისი განათლების მიღება პროფესიულ დონეზე ვერ შეძლო, თუმცა, ხელი არ ჩაუქნევია. წლების წინ ამ ოცნების ასრულება დამოუკიდებლად დაიწყო და მიზანსაც მიაღწია – საკუთარი ხელით აწყობილი თვითმფრინავით ბორჯომს გადაუფრინა.
ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი: ზეცაში ფრენაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, მაგრამ, ოჯახური მდგომარეობისა და შესაბამისი ფინანსების არქონის გამო, საავიაციოზე ჩაბარება ვერ შევძელი. ასე რომ, ჩემი ოცნება ოცნებად დარჩა. რომ გავიზარდე, სულ ვცდილობდი, მე თვითონ ამეგო საფრენი აპარატი, მაგრამ ოჯახი შევქმენი და ამისთვის აღარ მეცალა. მოგვიანებით, 40 წლის ასაკში, ისევ დავიჟინე, რომ ოცნება უნდა ამეხდინა და ამაზე აქტიური მუშაობა დავიწყე. მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა და თანხა დამჭირდა. მთელი ჩემი ფინანსები ამ საქმეს მოხმარდა. ჩემი ოცნება ბევრისთვის მიუღებელი იყო და წლების განმავლობაში არაერთი უარყოფითი შეძახილი მესმოდა, ხან რას ამბობდნენ და ხან – რას: ამ კაცმა გააფრინა, თავის ჭკუაზე ვეღარაა, უბერავს, გიჟიაო და ასე შემდეგ. თუმცა ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო, დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა.
– საბოლოოდ, შეძელით ოცნების ასრულება?
– რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ მიზანს მივაღწიე. თვითმფრინავი გამართული იყო და კარგად მუშაობდა. შესაბამისად, ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე და ჩემივე აწყობილი აპარატით გავფრინდი. მაგრამ, მისი დაშლა მომიწია, რადგან ის აპარატი ბორჯომის რელიეფისთვის შეუფერებელი იყო – ასაფრენად და დასაფრენად დიდი მანძილი სჭირდებოდა, ამიტომ შორს უნდა წამეღო, ამეწყო, მეფრინა და მერე ისევ დამეშალა. საკმაოდ ხანგრძლივი, რამდენიმესაათიანი პროცესი იყო. ფრენა ძალიან მინდოდა, მაგრამ რელიეფის გამო კახეთში ხომ ვერ გადავსახლდებოდი?! (იცინის) ამიტომ გადავწყვიტე, რომ ის დამეშალა და ახალი, ბორჯომის რელიეფისთვის შესაფერისი ამეწყო.
– ყველაფერი თავიდან დაიწყეთ?
– გარკვეული პერიოდი თითქმის ხელი მქონდა ჩაქნეული. ბუნებას დავნებდი, მაგრამ 2010 წელს კომპიუტერი შევიძინე და უპირველეს ყოვლისა, ინტერნეტში ისევ და ისევ „ვერტალიოტების“ ძებნა დავიწყე (იცინის). ვიპოვე კიდეც იმის მსგავსი, როგორიც მინდოდა. მისი აწყობა შედარებით ნაკლები თანხაც დამიჯდებოდა, უსაფრთხოც იყო და, რა თქმა უნდა, ბორჯომის რელიეფსაც შეეფერებოდა. უკვე ექვსი წელია, მასზე ვმუშაობ. მეგონა, ადვილი იქნებოდა, მაგრამ ძალიან გამეწელა დროში, რადგან საქართველოში დეტალების შოვნა ძალიან მიჭირს. რომც იშოვო, მის ხარისხზე არაავინაა პასუხისმგებელი. არადა, როცა საქმე თვითმფრინავს ეხება იქ ხარისხი მაქსიმალური უნდა იყოს. ჰაერში რომ უცებ რამე გატყდეს, აღარაფერი გიშველის, ამიტომ ნაწილებს ძირითადად ხან ამერიკიდან ვიწერ, ხან უკრაინიდან. ინტერნეტში რამდენიმე მოდელს ვიღებ, რაღაცას ვაკლებ, რაღაცას ჩემი ფანტაზიით ვუმატებ და საბოლოოდ ჩემებურად, მათგან განსხვავებულს ვაკეთებ. ნახაზებსაც არ ვადგენ, ყველაფერს ტვინში ვიბეჭდავ.
– ეს საფრენი აპარატი თუ გამოსცადეთ უკვე?
– დიახ. ჩემმა აწყობილმა თვითმფრინავმა გამოცდა წარმატებით გაიარა და ბორჯომს გადავუფრინე. თუმცა, ამ მომენტისთვის ისევ დაშლილი მაქვს, რადგან ზოგიერთი დეტალი დასახვეწი და გასაუმჯობესებელია. თან, ეს, წინასგან განსხვავებით, ორადგილიანია. მეუბნებოდნენ, მარტო გინდა იფრინო, სხვისთვის ადგილი რატომ არ გაქვს, ჩვენც გაგვაფრინეო (იცინის). ახალი ორადგილიანის აწყობას, ვამჯობინე, ეს გადამეკეთებინა. გგონიათ, ცოტა მსურველია? თავიდან, შეიძლება, ცოტა ეჭვის თვალით მიყურებენ, მაგრამ, გაფრენილს რომ დამინახავენ, მერე უკვე თვითონაც უჩნდებათ სურვილი. სამი შვილიშვილი მყავს და ყველაზე მეტად ისინი მგულშემატკივრობენ. მეუბნებიან: პაპა, როგორ გამოვა, თუ ჩვენც არ გაგვაფრინეო და ამიტომაც დავამატე მეორე ადგილი (იცინის).
– თქვენ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა თუ ისევ უარყოფითია?
– ძირითადად, მაინც უარყოფითად არიან განწყობილები. ქართველები მოტოციკლეტიან ადამიანსაც კი დასცინიან. რატომღაც, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ, არადა, ევროპაში დიდი თუ პატარა მოტოციკლეტით დადის. აქ ამბობენ, ვისაც მოტოციკლეტი ჰყავს, ბეჭებზე კუბო უნდა მოიკიდოსო. წარმოიდგინეთ, რას იტყვიან თვითმფრინავზე. არ გეშინია? რა ძალა გადგას; თავი დაანებეო, – მეუბნებიან. რას ჰქვია, მეშინია! ჩვენს წინაპრებს რომ ასე შინებოდათ, დღეს ავიაცია ამ დონეზე კი არ იქნებოდა განვითარებული. ეს ყველაფერი სისხლითაა დაწერილი და მეც არ მოვეშვები. ბესარიონ ქებურიას, ადამიანს, რომელმაც საქართველოში პირველი თვითმფრინავი შემოიტანა, ძალიან ბევრს დასცინოდნენ, მაგრამ ის არ მოეშვა. ხალხი მანამ დაგცინის, სანამ შედეგს დაინახავს. ამიტომ, უფრო დიდი სურვილი მიჩნდება, ბოლომდე დავუმტკიცო ყველას ჩემი შესაძლებლობები და, არ მოვისვენებ, სანამ ეს არ მოხდება.
– ალბათ, დიდი თანხებია საჭირო ამ ყველაფრისთვის.
– ძალიან დიდი თანხებია საჭირო და, ვინც ფრენის ფასი არ იცის, ის ნამდვილად ვერ გამიგებს. მე ერთხელ გაფრენა მილიონი მიღირს. ყველა ხარჯს საკუთარი ძალებით ვფარავ, არადა, ამ დროს სახლი თავზე მენგრევა და მისთვის ვერ მიმიხედავს. მარტო ფულზეც არაა საქმე. ქრონიკული ავადმყოფობასავით, მთლიანად ამაზე ვარ დამოკიდებული. მივდივარ თუ მოვდივარ, ყველგან „ვერტალიოტის“ ნაწილები მიდგას თვალწინ. ადამიანს ველაპარაკები და ფიქრებში ჩემი აწყობილი თვითმფრინავით დავფრინავ. ოჯახური საქმეები გვერდზე გადავდე, ვეღარაფრისთვის ვიცლი. ჩემი ცხოვრების ძირითად ნაწილს სახელოსნოში ვატარებ. 90 000 დოლარზე მეტი მაქვს დახარჯული ამ საქმისთვის.
– თქვენი შემოსავლის წყარო რა არის?
– ჩემს სახელოსნოსთან პატარა ვულკანიზაცია მაქვს, საბურავებს ვაკეთებ. დრო როცა მაქვს, ცეხში გადავდივარ და ვმუშაობ. კლიენტები რომ ხედავენ, თვითმფრინავს ვაკეთებ, შეიძლება, არ მაგრძნობინობ, მაგრამ, გამოხედვითა და გადალაპარაკებით ვხვდები, ჩემზე ფიქრობენ – ეს ვერ არისო (იცინის). მე, რა თქმა უნდა, ხუმრობაში ვატარებ, ამას უკვე მიჩვეული ვარ უცნობებისგან და ეგ არაფერი, მაგრამ, ბევრს მართლა სჯერა, რომ საღ გონებაზე ვერ ვარ, ან, უბრალოდ, ვერ გავფრინდები და ტყუილად ვწვალობ. არანორმალურად მთვლიან და ასეთი დამოკიდებულების გამო კლიენტები შემომეცალა. ადრე კარგად ვმუშაობდი, მაგრამ 2010 წლიდან, რაც ეს ამბავი დავიწყე, ხალხის ნდობა დავკარგე. ბევრმა მითხრა, თვითმფრინავზე ტყუილად წვალებას, პატარა სპორტული მანქანა – „ბაგი” გააკეთეო. ვერ გავაგებინე ხალხს, რომ მანქანა არ მინდა. რომ მინდოდეს, სამი მყავს, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებს, მე ჰაერში ფრენა მინდა.
– პროფესიით ვინ ხართ?
– პროფტექნიკუმი დავამთავრე ელექტროშემდუღებლის პროფესიით, თუმცა, წლების განმავლობაში სხვადასხვა პროფესიით ვმუშაობდი: ათი წელი – მესაათედ, მომდევნო ათი – ფოტოგრაფად და ასე შემდეგ. ახლა რასაც ვაკეთებ, არსად მისწავლია, უბრალოდ, მინდოდა და ჩემში ამის ნიჭი აღმოვაჩინე; დავიწყე და გამომივიდა. ოთხი წელი საბერძნეთში ვმუშაობდი. იქიდან ორი კაპიკი ჩამოვიტანე, ჩემი სახლის პირველ სართულზე მაღაზია შევიძინე. თავიდან მაღაზიად ვამუშავებდი, მაგრამ, რაც ეს საქმე დავიწყე, სახელოსნოდ გადავაკეთე და დროის ძირითად ნაწილს აქ ვატარებ. ვინც კარგად მიცნობს, ყველა ძალიან მგულშემატკივრობს. ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ გაფრენას შევძლებდი და გულით მომილოცეს, როცა ეს მოხდა. ისინი, ვინც ამას არასერიოზულად უყურებენ, არ მიცნობენ, თუმცა მათაც ყველაფერში დავარწმუნებ (იცინის).