კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აშუქებდა „ბიბისი“ თემო დადიანის მიერ დამყარებულ გინესის რეკორდს

თემო დადიანი ჩვენი დროის ნამდვილი გმირია: შეუპოვარი, მებრძოლი, ღირსეული, თავმდაბალი, ძალიან პოზიტიური. მან არაერთხელ შეძლო დაემტკიცებინა როგორც საკუთარი თავისთვის, ისე საზოგადოებისთვის, რომ, თუ ცოცხალი ხარ და ამქვეყნად ცხოვრობ, შეუძლებელი არაფერია. მან არაერთი სტერეოტიპი დაამსხვია და მომავალშიც კვლავ ასე განაგრძობს. უყურებ თემოს და ხვდები, როგორი უნდა იყოს და როგორი იქნებოდა ქართველი კაცი, ქართველი გმირი, რომელიც საკუთარი ქვეყნის, ხალხის, ოჯახის დასაცავად, არაფერს უშინდება.
თემო დადიანი: პატარა რომ ვიყავი, ხის თოფებით ვთამაშობდი. ამ თემაზე სერიოზულად მეცხრე კლასში დავფიქრდი. მინდოდა, სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში დამეწყო სამსახური. თავიდან უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მაგრამ, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი და სწავლა მივატოვე.  საბუთები საკონტრაქტო სამსახურის დაწყების შესახებ კრწანისში შევიტანე. მხოლოდ ამის მერე ვუთხარი ჩემებს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ყველა მშობელი, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებისას შეშფოთდებოდა და არც ჩემი მშობლები ყოფილან გამონაკლისები, მაგრამ შეეგუენ. კრწანისში პირველად ნორმატივები ჩავაბარე, შემდეგ დამირეკეს და მითხრეს: მოხვდიო. ოქტომბერში იწყებოდა კურსი – კარანტინს რომ ეძახიან და დეკემბრამდე გრძელდება. ამ კურსის გავლისას ავღანეთიდან ჩამოვიდა პირველი 31-ე ბატალიონი. მაშინ გამიჩნდა სურვილი, კარანტინის დასრულების შემდეგ ავღანეთის სწავლებაზე გადავსულიყავი. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მაქსიმალურად მაღალი ქულა მიმეღო და გადავეყვანე. გადამიყვანეს, გერმანიაში გავდიოდით წვრთნას და აპრილში წავედით ავღანეთში.
– როგორ შეხვდა ოჯახი თქვენს გადაწყვეტილებას?
– თავიდან არ იცოდნენ. ავღანეთის სწავლებას რომ მოვაწერე ხელი, მერე გაიგეს. ვეუბნებოდი,  „პოვრად“ მივდივარ, ბაზიდან გასვლა არ მომიწევს-მეთქი. გერმანიაში განსაკუთრებულ სწავლებას გადიხარ, მაქსიმალურად უახლოებენ რეალობას, მაგრამ, ადგილზე როცა ჩადიხარ, რეალობა სულ სხვაა. როცა სწავლებაა, ფსიქიკა სხვაგვარად მუშაობს, იმდენი დაძაბულობა არ არის – იცი, რომ არავინ გებრძვის და არავინ მოგდევს მოსაკლავად. რეალობა სულ სხვაა. 18 აპრილს წავედით. ერთი კვირა ყირგიზეთის ბაზაზე ვიყავით, შემდეგ გადავედით ავღანეთში. მსიამოვნებდა, რომ ჩემს მიზანს მივაღწიე – ავღანეთის მიწაზე დავდგი ფეხი და შემეძლო, რეალური ომის გამოცდილება მიმეღო. ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, რეალობა უფრო მეტ რისკს იძენდა. ბევრ რამეზე მიწევდა დაფიქრება. ბევრი მეგობარი დამეჭრა, მათ შორის ბექა სუთიძე – ჩემ გვერდით დაიჭრა, ბევრი აფეთქდა, ზოგი დაიღუპა, ზოგი ჩემს მდგომარეობაშია. რეალობა უფრო და უფრო მეტ რისკს შეიცავდა. 3 აგვისტოს იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდი მეც.
– შეგიძლიათ ეს დღე გაიხსენოთ?
– დილის საათები იყო, სახლების შემოწმებაზე მივდიოდით. ბოლო სახლის შემოწმებისას, გალავანში შესვლისას ავფეთქდი. ხელნაკეთი ნაღმი იყო, რომელიც ფეხის შეხებისთანავე ფეთქდება. ფილმებში რომ არის: დააბიჯებ, „ტკაც“ – გაიგებ და გადახტები, რეალობაში ასე არ არის. თუ იპოვი და მანამდე განაღმავ – ჰო, მაგრამ იქ ნაღმის პოვნა ძალიან ძნელია. ყველგან მტვერია, მიწაა, ტყვიის მასრები ყრია, მოჩიჩქნილია. ყველა ადგილი საეჭვოდ გეჩვენება, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ვპოულობდით. თავიდან გაუაზრებლად ვიყავი: არ ვიცოდი,  რა დამემართა. როცა აზრზე მოვედი, არ მიფიქრია, რომ ცხოვრებაზე ხელი ჩამექნია. რაღაცეები ყოფილა, მაგრამ საკუთარ თავს ყოველთვის ვჯობნიდი, რომ უფრო და უფრო წინ წავსულიყავი და არა უკან. ყველაზე მეტ სტიმულს მაძლევდა ის ფაქტი, რომ არიან ადამიანები, ვისაც უხარია ჩემი ნახვა. მათ გული დასწყდებათ, სხვანაირად რომ ვიყო-მეთქი. ამიტომ, ისინი, ვის გამოც ცხოვრების გაგრძელება ღირს, უფრო მეტ მოტივაციას მაძლევენ. ესენი, რა თქმა უნდა, არიან ოჯახის წევრები, მეგობრები.
– პირველი ეტაპი, ალბათ, მაინც ყველაზე რთულია.
– პირველი ეტაპი იყო ის, რომ გერმანიაში გადამაფრინეს. 28 ოპერაცია მაქვს ნარკოზით გაკეთებული. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ ერთი თვე გორში ვიყავი, სადაც ჩემამდე ნაღმზე აფეთქებული ბიჭები დამხვდნენ. იქ დამხვდა ალეკო გითოლინდია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის  ჩემი ცხოვრების აქტიურად წარმართვაში. ის ჩემამდე ერთი წლით ადრე აფეთქდა, ჩემსავით ორი კიდური არ აქვს და გავლილი ჰქონდა ის, რაც მე უნდა გამევლო. მასწავლიდა ეტლში ჯდომას, ახალი ცხოვრების დაწყებას. ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, არ გაუხარდათ ეს ამბავი, ემოციური მომენტებიც იყო, მაგრამ მე შევაგუე ისინი რეალობას. შემდეგ 6 თვე სახლში ვიყავი და თვითონ ვვარჯიშობდი, რომ არ მოვდუნებულიყავი. 6 თვის შემდეგ კალიფორნიაში გამგზავნეს რეაბილიტაცია-პროთეზირებაზე და იქიდან დაიწყო ყველაფერი. თავიდან ავიდგი ფეხი, ახლიდან ვისწავლე სიარული. ერთი წელი პატარა ბავშვივით ვსწავლობდი სიარულს. ამერიკელებს დაჭრილი სამხედროებისთვის უამრავი პროგრამა აქვთ. ყოველდღე სპორტის სხვადასხვა სახეობას გადიან და მე ყველაში ვიყავი. იმართებოდა შეჯიბრებები, მარათონები ველორბოლაში, კედელზე ცოცვაში, სერფინგში, კალათბურთში, ბევრ სახეობაში და ყველაში ვმონაწილეობდი. ყველაფერს ვეუფლებოდი. რომ ვუყურებდი, როგორ ვარჯიშობდნენ, ჩემზე უარეს მდგომარეობაში მყოფი ბიჭები ფეხები და ხელიც რომ არ ჰქონდათ და თავისუფლად დადიოდნენ, აკეთებდნენ ბევრ რამეს, ვფიქრობდი: მე რატომ არ უნდა გავაკეთო-მეთქი და უფრო მეტი სტიმული მეძლეოდა. იქ დავიწყე ფარიკაობაში ვარჯიში. შემდეგ ფარიკაობის იქაური ფედერაცია შეეხმიანა საქართველოში ჩვენს ფედერაციას და რომ ჩამოვედი, ჩემმა მწვრთნელმა, მალხაზ მესხმა გუნდი გააკეთა. დღესაც ვარ საქართველოს ნაკრებში. ანუ, ფარიკაობა იყო, რომელიც პირველად საქართველოში დავიწყე. საქართველოს ჩემპიონატები მაქვს მოგებული და მსოფლიოს ოცეულში შევსულვარ. ზოგადად, შშმ პირების ფარიკაობაში ძალიან დიდი კონკურენციაა – ოლიმპიური სახეობაა. თითო შეჯიბრებაზე 50-60 ქვეყანა ჩამოდის და თითოეულს 30-60 კაცი ჩამოჰყავს. მსოფლიო რეიტინგის ოცეულში მოხვედრა არ არის იოლი, თან, ისინი 10-15 წელია, ფარიკაობენ და მე მხოლოდ 3 წელია – ძნელია, თავი გავუტოლო მათ. შემდეგ აზიდვებიც დავიწყე.
– როგორ გაჩნდა გინესის რეკორდის დამყარების იდეა?
– აკადემიაში ვიყავით ბიჭები, ვვარჯიშობდით და ვარჯიშის დროს, თამაშ-თამაშებში იბადებოდა იდეები. ეს იდეაც ასე გაჩნდა. არადაზიანებულ ადამიანებში აზიდვების რეკორდი რომ იყო, ეს ვიცოდი, მაგრამ მაინტერესებდა, შშმ პირებში მარტო ხელებზე აზიდვაშიც თუ იყო რეკორდი დამყარებული. რეკორდების ფედერაციას, დავით ბეგიაშვილს დავუკავშირდი. მან მითხრა: მსოფლიოში ასეთი რამ არ არის დაფიქსირებულიო. შემდეგ გინესის მსოფლიო ფედერაციას დაუკავშირდა და იქ უთხრეს, რომ ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, მაგრამ შეგვიძლია, დავუშვათო. გინესის პირველი რეკორდი დავამყარე: წუთში 36 აზიდვა. შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მოვხსენი ჩემი რეკორდი – 44 გავხადე. გინესის რეკორდების მსოფლიო ფედერაციამ აღიარა ჩემი რეკორდი, სერტიფიკატიც მაქვს, „ბიბისიც“ იყო ჩამოსული, ყველაფერს აშუქებდა და მასალა იგზავნებოდა სხვადასხვა ფედერაციაში – სწორად კეთდებოდა თუ არა აზიდვები. ყველა ქვეყანამ აღიარა. პირველი რეკორდი 3 აგვისტოს, აფეთქების 3 წლის თავს დავამთხვიე. მეორე რეკორდი შარშან ზაფხულში დავამყარე. თუ შეეცდება ვინმე, რომ რეკორდი მოხსნას, კიდევ მაქვს რამდენიმე აზიდვა შემონახული. ახლა ვაპირებ, 3 აგვისტოს მესამე რეკორდი დავამყარო, ოღონდ ეს იქნება ტურნიკზე აზიდვები. ერთ ამერიკელს აქვს დამყარებული რეკორდი – 20-კილოგრამიანი გირა ჰკიდია და იმით იწევა ტურნიკზე 25-ჯერ. მას უნდა მოვუხსნა ის რეკორდი. შარშან მკლავჭიდშიც ჩავერთე უფრო სერიოზულად. პირველად ვიყავი ნოემბერში მსოფლიო თასზე და მეორე ადგილი ავიღე ორივე მკლავით. ახლა ევროპის ჩემპიონატზე მივდივარ ფარიკაობაშიც და მკლავჭიდშიც. ჯერჯერობით ფარიკაობას, მკლავჭიდსა და რეკორდების მოხსნას მივყვები სერიოზულად, თორემ მოყვარულის დონეზე ყველაფრით ვინტერესდები.
– და ცეკვა როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?
– მეც არ ვიცი და თქვენ რა გითხრათ. არც ბავშვობაში მივლია ცეკვაზე და არც მერე. ჩემი ძმაკაცები რომ დადიოდნენ ცეკვაზე, დავცინოდი. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონი სანამ დაიწყებოდა, მითხრეს, თუ მივიდოდი გახსნაზე. თავიდან არარეალურად მომეჩვენა, რადგან არასდროს მიცეკვია, თუმცა შევპირდი: მოვალ და ვცდი-მეთქი. გიგი გაჩეჩილაძემ რამდენიმე მოძრაობა გამაკეთებინა და მითხრა: გამოგივა, მთავარია, ვივარჯიშოთო. ვივარჯიშოთ-მეთქი, მონდომება არ მაკლია. ნელ-ნელა ვაუმჯობესებდი და ბოლოს შოუზეც გამოვედი. ყველაფერი ამ პროექტისთვის გაკეთდა და ასევე, იმისთვის, რომ შევძელი, კიდევ ერთი სტერეოტიპი დამემსხვრია. თუმცა, ადვილი არ იყო პირდაპირ ეთერში გამოსვლა. თან, კარგად უნდა შემესრულებინა, ემოციების თავმოყრა და მერე შეკავება – ყველაფერი რთული იყო. იმავდროულად – სასიამოვნოც, რადგან ეს ჩემთვის კიდევ ერთი ექსპერიმენტი გახლდათ – თუ შევძლებდი, არ მეგონა. თავიდან რამდენჯერმე გიგისთან ვივარჯიშე. ერთ დღესაც, რომ მივედი, დამახვედრეს თაკო ჭუმბურიძე, ჩემი მეწყვილე. მერე უკვე ერთად ვვარჯიშობდით. თაკო მოცეკვავე, ქორეოგრაფია და დიდი მონდომებით მასწავლიდა. ძალიან კარგი ადამიანია, მადლობელი ვარ მისი. ბოლო კვირებში შეიტყო თაკომაც, რომ ფეხმძიმედ იყო. ვცდილობდი, ნაზად მოვპყრობოდი, არ წავქცეულიყავი.
– არსებობს ისეთი რამ, რის გაკეთებაზეც ოცნებობ ან ფიქრობ?
– ისეთი დატვირთული ვარ,  ფიქრის თავიც არ მაქვს, მგონი. დილით ადრე ადექი, წადი უნივერისტეტში, შუადღემდე ლექციებია. მერე ვარჯიში გვიანობამდე... 9 საათზე მოვდივარ სახლში დაღლილი. არ მაქვს იმის თავი, დავფიქრდე და ვინატრო, რა მინდა. ვცდილობ, ყოველი წუთი დავგეგმო და დაგეგმილად ვიმოქმედო.
– დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრისთვის გამხდარხარ სტიმული და ამის შესახებ პირადადაც უთქვამთ.
– „ფეისბუქი“ ასეთ დროს ურთიერთობის აქტიური საშუალებაა. ბევრი სრულიად უცნობი ადამიანი მეხმიანება. მეუბნებიან, რომ მათი მოტივაცია ვარ. დადებით ემოციებს რომ იწვევ ხალხში, ეს ძალიან საამაყო და  სტიმულის მომცემია. მეც უფრო მეტი და მეტი მინდა ვაკეთო. იმედია, ყოველთვის ისეთ რამეს გავაკეთებ, ხალხში დადებით ემოციებს გამოიწვევს.
– ავტომობილსაც ძალიან კარგად მართავთ.
– ჭკვიანი ფეხები მაქვს, მეხმარება. პროთეზები რომ არ მქონდა, ჩემს ძმას დავყავდი. მერე ამერიკაში პირველი პროთეზი რომ გამიკეთეს, შეუძლებელი იყო იმით მანქანის მართვა, ამიტომ ხელებით ვმართავდი. ჯოხი მქონდა, ერთი ხელით გაზსა და პედალს ვაკონტროლებდი, მეორე ხელით – საჭეს. ამ პროთეზებით კი რაც ახლა მაქვს, შესაძლებელია, მანქანის მართვა. ელემენტებზეა, ჩიპი აქვს – ტვინი, ვაპროგრამებ და თვითონ აკეთებს ყველაფერს. არაფერი ეშლება – როგორც დააპროგრამებ, ისე იქცევა.
– ოლიმპიადაზე მეჩირაღდნე იყავით.
– ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. დიდი მადლობა ამისთვის ვაკო ავალიანს, რომლის ინიციატივითაც ჩავერთე ცერემონიალში და მეჩირაღდნე ვიყავი. სასიხარულო და საამაყო იყო, რომ იმ ღირსეული ადამიანების, მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონების  გვერდით ვიდექი.

скачать dle 11.3