როგორ გაძარცვა გააფთრებულმა ქალმა სამარშრუტო ტაქსიში მამაკაცი
არეულობის პერიოდია და ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ერთ საღამოს, ჩემი ცოლი აქოშინებული დაბრუნდა სახლში და მეუბნება:
– რა შიში ვჭამე, რა შიში ვჭამე!
– რა იყო, ქალო, არ იტყვი, რა შიში ჭამე-მეთქი? – ვკითხე ცოლს.
ცოტა რომ დაწყნარდა, მომიყვა:
– ექვსი ნომერი „მარშრუტკით“ წამოვედი სახლში. უკან ვიჯექი. ჩემ გვერდით ერთი წვერგაუპარსავი, საზიზღარი შავი კაცი იჯდა. მოკლედ, ჯიბგირი და, იმან შემაშინა.
– მერე, მერე? – დავიძაბე მე.
– მოკლედ, – განაგრძო ჩემმა მეუღლემ, – ჩვენს სახლთან რომ გავაჩერებინე „მარშრუტკა“ და ფულის ამოსაღებად ხელი ჩავიყავი საფულეში, ის ჯიბგირი უკვე მძღოლთან იდგა და ჩადიოდა. გავხსენი საფულე და – ცარიელია. ჩემი ლარიანი იქ აღარ დევს. გავიხედე წინ და, რას ვხედავ: ის ჯიბგირი ჩემი საფულიდან მოპარულ ლარიანს აწვდის შოფერს. გავქანდი. მივვარდი იმ ჯიბგირს, ჩემი ლარიანი ხელიდან წავგლიჯე. შემდეგ შოფერს მივაწოდე და ვიღრიალე: აი, ამ მათხოვრისასაც მე ვიხდი-მეთქი და გამოვიქეცი. ის კაცი ისეთი სახით მიყურებდა, შემეშინდა, არ მოვეკალი.
ჩემმა ცოლმა თხრობა რომ დაასრულა, გიჟივით ავხარხარდი. ის კი მიყურებდა და ფიქრობდა, გაგიჟდაო. ბოლოს მითხრა:
– რა გაცინებს, კაცო, მე კინაღამ გული გამიხეთქა იმ ბანდიტმა, შენ კი იცინი?
– ბანდიტი ის კი არა, – სიცილით მივუგე ცოლს, – შენ ხარ. ეგ ლარიანი, დილით რომ კოტიკო (ჩვენი შვილიშვილი) წავიყვანე სკოლაში, მაშინ ამოვიღე შენი საფულიდან და ბავშვს მივეცი.
ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდებოდა ის საცოდავი კაცი, როდესაც მას ჩემმა ცოლმა ლარიანი გამოჰგლიჯა ხელიდან და თან გალანძღა?!
ვანო მენაბდის მონათხრობის
მიხედვით