კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცმა საყვარელი ქალი მოკლა და ყურები დააგლიჯა

ოპერატიული ინფორმაცია მომხდარი  მკვლელობის შესახებ  შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ანონიმურად შევიდა – მამაკაცმა სამედიცინო სამსახურის  წარმომადგენელს კონკრეტული მისამართის მითითების შემდეგ ახალგაზრდა ქალის გვამის არსებობის შესახებ აცნობა. ადგილზე მისულ სამედიცონო ბრიგადამ ბინაში გარდაცვლილი ქალის გვამი ნახა, ინკოგნიტო მოქალაქე კი შემთხვევის ადგილზე არ დახვედრია. სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებამდე, ზედაპირული დათვალიერებითაც ცხადი გახდა, რომ ქალს დაზიანება ყელის არეში ჰქონდა მიყენებული – შემთხვევის ადგილზე იყო დარჩენილი  დანაშაულის იარაღი – გატეხილი ბოთლი, რომელზე არსებული სისხლის კვალიც მიუთითებდა, რომ  ქალს ყელი ბოთლით  ჰქონდა გამოჭრილი. გარდაცვლილს დაზიანება ჰქონდა მიყენებული ყურებზეც – მას ყურებიდან სამკაულები ისე ჰქონდა ჩამოგლეჯილი, რომ ჩამოხეული ჰქონდა ორივე ყურის ბიბილო.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დაიწყო გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, სამედიცინო სამსახურში სატელეფონო ზარი მკვლელს უნდა გაეკეთებინა, თუმცა მხოლოდ ხმის მონაცემით მისი ვინაობის დადგენა შეუძლებელი იყო. სამართალდამცველებმა გარდაცვლილი ქალის ვინაობა დაადგინეს – ის თბილისში მცხოვრები 29 წლის ნანა კ-ძე აღმოჩნდა, ბინა კი, სადაც მისი გვამი იპოვეს, ქალს მკვლელობამდე ოთხი  თვით ადრე ჰქონდა ნაგირავები. პირველი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, ყაჩაღობაც ყოფილიყო, სავარაუდოდ,  მსხვერპლს ყურებზე უნდა ჰკეთებოდა ძვირფასი საყურეები, რაზედაც ჩამოხეული ბიბილოები მეტყველებდა.     
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ნანა კ-ძე ბინაში მარტო ცხოვრობდა, არ ჰქონდა ურთიერთობა მეზობლებთან და მასთან იშვიათად მიდიოდნენ  სტუმრები.  ამონაწერი კარის მეზობლის, ლამზირა კ-იას ჩვენებიდან: „ეს ახალგაზრდა ქალი პირველად სადარბაზოში შემხვდა – მამაკაცთან ერთად იყო და ბინას კეტავდა. მივესალმე,  ისინიც მომესალმნენ. პირველი მე გამოველაპარაკე – გოგონი, თქვენ იცხოვრებთ, ამ ბინაში-მეთქი? – ვკითხე, რაზეც მან მიპასუხა: დიახ, მე და ჩემი მეუღლეო. მას შემდეგ იმ მამაკაცთან ერთად რამდენჯერმე ვნახე. ამ ბინაში სტუმრები არ მინახავს. პირველი  ორი თვე მამაკაცს სისტემატურად ვხედავდი ქალთან ერთად, შემდეგ ცალ-ცალკე ვხედავდი მათ, მალე კაცი სულ გაქრა მხედველობიდან, ბოლოს კი, ორჯერ თუ სამჯერ, უცხო მამაკაცი შევნიშნე, რომელმაც დილით, ადრიანად დატოვა ბინა.  ერთ დღეს ხმაურიც შემომესმა იმ  ბინიდან. ჩხუბის ხმა იყო,  მაგრამ  ჩემმა მეუღლემ მკაცრად გამაფრთხილა, რომ მეზობელი  მდგმურის ცხოვრება ჩემი საქმე არ იყო.   მას მერე აღარ დავინტერესებულვარ, ვინ შედიოდა იმ ბიანში. მკვლელობის დღეს არაფერი გამიგია, სასწრაფო სამედიცინო სამსახური და პოლიცია რომ მოვიდნენ, მათგან შევიტყვე, რომ ბინაში რაღაც მოხდა”.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებით ცხადი გახდა, რომ მკვლელობამდე ბინაში სამი ადამიანი იმყოფებოდა (ამას მოწმობდა სამ ადამიანზე გაშლილი სუფრა), რომელთაგან ერთი, სავარაუდოდ, მასპინძელი ქალბატონი იყო, ვინ იყო დანარჩენი ორი – ამაზე გამოძიებას მხოლოდ კითხვები ჰქონდა. გარდაცვლილი ქალის გვამი მაგიდასთან ძალიან ახლოს იყო, გამოძიების ვერსიით ის მაგიდასთან მჯდარი მოკლეს და იატაკზე ამის შემდეგ დავარდა. 
გარდაცვლილი ქალის მეგობრებისა და  ოჯახის წევრების დაკითხვით დადგინდა, რომ ნანა კ-ძეს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცთან, რომელიც პროფესიით ოქრომჭედელი იყო.  მამაკაცის ვინაობა ძალიან ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი. როგორც გარდაცვლილი ქალის მეგობრები აცხადებდნენ, ის საყვარელ ქალს ანებივრებდა ოქროს სამკაულებით, თუმცა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, რის გამოც  მამაკაცი ქალს მოკვლითაც კი ემუქრებოდა.  გამოძიებას მკვლელობასთან ქალის ოქრომჭედელი საყვარლის შესაძლო კავშირის  პირველი ვერსია სწორედ ამ ფაქტის დადგენის შემდეგ გაუჩნდა – შესაძლოა, შეყვარებულ კაცს მოკლული ქალისთვის  შურისძიების ნიშნად  ის საყურეები მოეხსნა, რომელიც მისი ნაჩუქარი იყო.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით, სამართალდამცველებმა დაადგინეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცის ვინაობა – ის 43 წლის მინდია გ-იანი აღმოჩნდა. იგი თავიდან უარყოფდა კავშირს მკვლელობასთან, თუმცა შემდეგ  აღიარა ჩადენილი დანაშაული  და საკუთარი ქმედება აფექტური მდგომარეობითა  და ეჭვიანობით ახსნა.
ამონაწერი მინდია გ-იანის ჩვენებიდან: „ნანას  გაცნობის დროს დაოჯახებული ვიყავი – მეუღლე და ორი შვილი მყავდა. მასთან ურთიერთობის გამო ოჯახი დავანგრიე – სახლიდან წამოვედი და ნანას დავუკავშირე ცხოვრება. მის გამო ყველაფერი დავკარგე, თუმცა, ისე მიყვარდა, არაფერს ვნანობდი. დაახლოებით ექვსი თვე ვიცხოვრეთ ერთად, მერე კი ჩვენი ურთიერთობა აირია. ნანა თავისუფალი ქცევების გოგო იყო და სულ ვეჭვიანობდი – ამის საბაბს თვითონ მაძლევდა. ბოლოს ბინაც კი დავუგირავე, რომ მისი გული მომეგო. ათი ათასი დოლარი გადავიხადე იმ ბინაში, აგარაკი გავყიდე, რომ ეს ბინა დამეგირავებინა. ორი თვე ვიცხოვრეთ ერთად, ერთ დღეს კი ვიჩხუბეთ და ნანამ სახლიდან გამაგდო. მეგობარს შევეხიზნე ცოტა ხნით, რადგან წასასვლელი აღარსად მქონდა.  ბოლომდე ვფიქრობდი, რომ შემირიგდებოდა და დროდადრო ვაკითხავდი ხოლმე სახლში. ერთი-ორჯერ მასთან მამაკაცი დამხვდა, ძალიან გავბრაზდი. ნანამ მითხრა, რომ მისი თანამშრომელი იყო, საეჭვიანო არაფერი მქონდა, მაგრამ ამის დაჯერება ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. ამის გამო ერთხელ ძალიან ვიჩხუბეთ.  მკვლელობის ღამეს ნანას სახლში  გაუფრთხილებლად დავადექი. მას სუფრა ჰქონდა გაშლილი და სტუმრად ჰყავდა ჩემთვის უცნობი  მამაკაცი, რომელიც ჩემს დანახვაზე ისე დაიბნა, იქაურობის დატოვებაც სცადა, მაგრამ ნანამ არ გაუშვა. მეც მაგიდას მივუჯექი. ნასვამი ვიყავი და კიდევ დავლიე. როგორც გავარკვიე, ის კაცი ნანას ახალი გაცნობილი ჰყავდა.  ალბათ, 40 წუთი ვისხედით მაგიდასთან. ეჭვიანობამ გონება სულ ამირია. ის კაცი აივანზე რომ გავიდა, ნანას ვკითხე, ვინ არის-მეთქი. შენი შემცვლელიო, – პირდაპირ მომახალა. ამის თქმა იყო და, მაგიდიდან ბოთლი ავიღე, რაღაცას ჩამოვარტყი და გადატეხილი ბოთლი ნანას ყელში გამოვუსვი. ყელიდან სისხლმა იფეთქა და  ნანა ძირს გადავარდა. ხმაურზე ის მამაკაციც შემოვარდა აივნიდან. მერე რა მოხდა, ვერ ვიხსენებ. არც ის მახსოვს, როგორ ჩამოვაგლიჯე ნანას ყურებიდან ჩემი ნაჩუქარი ძვირად ღირებული საყურეები  და, არც ის, როგორ დავტოვე იქაურობა. სადარბაზოსთან გავაჩერე ტაქსი, მეგობართან წავედი და მას ყველაფერი მოვუყევი, რაც მოხდა. მან მირჩია, პოლიციას ჩაბარდიო. ასეც ვაპირებდი, მაგრამ ორი დღე ამის გაკეთება ვერ გავბედე.”
გამოძიებამ იმ ადამიანის კვალსაც მიაგნო, ვის გამოც მკვლელმა იეჭვიანა. მისი განცხადებით, ნანა კ-ძე ქუჩაში შემთხვევით გაიცნო, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ კი ქალმა ის  სახლში მიიპატიჟა, რა დროსაც მათ მინდია გ-იანი დაადგათ თავზე. „მისი მოსვლისთანავე სახლის დატოვება ვცადე, მაგრამ ნანამ მთხოვა, მარტო არ  დამტოვოო. თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი, ნახევარი საათის განმავლობაში სამჯერ გავედი აივანზე სიგარეტის მოსაწევად. როცა ოთახში დავბრუნდი, იქ უკვე საშინელი სცენა დამხვდა – კაცს ნანასთვის ყელი გამოეჭრა, ძირს იყო დახრილი და ყურებიდან საყურეეებს აგლეჯდა. ისე დატოვა იქაურობა, ჩემკენ არც გამოუხედავს. მივხვდი, რომ ნანა უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა, მისი ტელეფონიდან სასწრაფო სამედიცინო სამსახურში მაინც დავრეკე – ვიფიქრე, იქნებ გადარჩენა შესაძლებელია-მეთქი. ამის შემდეგ სახლის კარი გამოვიხურე და იქაურობას გავერიდე,” _ განაცხადა მოწმის სახით დაკითხულმა მამაკაცმა.
სასამართლომ მინდია გ-იანი  დამანშავედ ცნო ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობაში,  არ დააკმაყოფილა მისი ადვოკატის  მიერ დაყენებული შუამდგომლობა, რომ მკვლელობა ჩადენილი იყო აფექტურ მდგომარეობაში და განსასჯელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3