როგორ გაიხსნა პლატინის მსხვილი კონტრაბანდის საქმე მთვრალი მუშების შეცდომის წყალობით
კრიმინალური ისტორია, რომელზეც დღევანდელ პუბლიკაციაში მოგითხრობთ, გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში მოხდა. მისი ზოგიერთი მონაწილე დღესაც ცოცხალია. ამიტომ, მთავარი გმირების ვინაობა შევცვალეთ. მათი ვინმესთან მსგავსება კი შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
დაუჯერებელი აღმოჩენა
სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ახალგაზრდა, მაგრამ მრავლის მნახველი კაპიტანი ჯიმი მილორავა საკუთარ თვალებსა და ყურებს არ უჯერებდა, როდესაც მას გოჩა შავდიამ „სტავრიდის ” კონსერვის მოზრდილი ქილა მიუტანა და უთხრა, ქილა პლატინისგანაა ჩამოსხმული და 225 გრამს იწონისო...
გოჩა შავდია ცნობილი ფოთელი იუველირი იყო, კაპიტან მილორავას თანაკლასელი, მეზობელი, უახლოესი მეგობარი და ქვისლი – მათ ტყუპი დები ჰყავდათ ცოლებად. ჯიმი ფოთის სუკის სამმართველოში მუშაობდა კონტრაბანდის განყოფილებაში. გოჩა კი საიუველირო სახელოსნოში ძვირფასი ლითონებისგან სამკაულებს ამზადებდა შეკვეთით. მისი პატიოსნების ამბავი მთელ სამეგრელო-გურიაში იცოდნენ – ის არასდროს ატყუებდა კლიენტებს, თანაც თავისი „ოქროს ხელების“ წყალობით შეკვეთები არ აკლდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდა. 1980 წლის 18 მაისს სამსახურიდან დაბრუნებულმა შავდიამ მაცივრიდან „სტავრიდის“ ქილა გამოიღო, რის ვაი-ვაგლახით გახსნა ფოლადის სქელი დანით და სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ თევზის კონსერვის ქილა, პლატინისგან იყო ჩამოსხმული. შავდია მაშინვე თავის ქვისლთან გაიქცა და უთხრა:
– ჯერ იყო და, ბანკა ძლივს რომ გავხსენი, პირველად მაშინ დავეჭვდი, ვიფიქრე, აქ რაღაც ნიტოა-მეთქი. რომ გავხსენი და ძმრიანი პლატინის სუნი ვიგრძენი, საკუთარ ყნოსვას არ დავუჯერე. ენითაც რომ გავსინჯე მეტალი, პლატინაა-მეთქი, – წამოვიძახე, მაგრამ მაინც შევამოწმე მჟავებით და საბოლოოდ დავიჯერე დაუჯერებელი...
ყველა ძვირფას ლითონს, მათ შორის პლატინასაც, თუ მას ძმარს ან სხვა მჟავას დაასხამენ, სპეციფიკური სუნი და გემო ეძლევა, უმაღლესი კატეგორიის იუველირებს უშეცდომოდ შეუძლიათ მათი ამოცნობა. მოულოდნელი და დაუჯერებელი აღმოჩენა უკვე მეორე დღეს, 1980 წლის 19 მაისს, თბილისში სუკის ცენტრალურ შენობაში ჩამოიტანეს ფოთიდან და საგულდაგულო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადასტურდა, რომ თევზის კონსერვის 225-გრამიანი ქილა უმაღლესი სინჯის პლატინისგან იყო ჩამოსხმული... გოჩა შავდიას მადლობა გადაუხადეს, გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინეს და თავის ქვისლთან ერთად ფოთში გაუშვეს სუკმა კი გამოძიება დაიწყო.
ძვირფასი დანაკლისი
სუკის სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც „სტავრიდის“ საქმეს იძიებდა, გამოცდილი პოდპოლკოვნიკი, ეროვნებით ქართველი ვანო ჭანტურია ხელმძღვანელობდა. ის სუკის ცენტრალურ აპარატში მუშაობდა და მოსკოვიდან იყო მივლინებული ფოთში.
ჭანტურიას ჯგუფმა მალევე დაადგინა, რომ პლატინის ქილებში აღმოჩენილი სტავრიდის კონსერვები თურქეთში საექსპორტოდ იყო გამზადებული და ის თევზის სხვადასხვა ნაწარმთან ერთად 17 მაისს გაიტანეს სპეციალური გეგმით სტამბულში; საექსპორტო „სტავრიდის” ათასი ქილა კი წინა დღეს, 16 მაისს ჩამოიტანეს ვლადივოსტოკიდან მატარებლით. საექსპორტო „სტავრიდა“ სწორედ ვლადივოსტოკში იყო დამზადებული. დადგინდა ისიც, რომ „სტავრიდები” ფოთის საწყობში აერიათ და მაღაზიებში გასაყიდად საექსპორტო პარტიის ნახევარი ანუ, 500 ქილა შეიტანეს, მეორე ნახევარი კი (500 ქილა) თურქეთში გაგზავნეს. საგამოძიებო ჯგუფმა დანარჩენი 499 ქილის ამოღებაც მოახერხა, თუმცა, მათგან მხოლოდ 99 ქილა აღმოჩნდა პლატინისგან დამზადებული, რომელთა საერთო წონა (პირველად აღმოჩენილ ქილასთან ერთად) 22 კილოგრამსა და 500 გრამს შეადგენდა... ანუ, ფოთში დარჩა ხუთი ყუთი „სტავრიდა“ (თითოეულ ყუთში 100 ქილა იყო მოთავსებული), დანარჩენი 5 ყუთი კი თურქეთში წავიდა, მაგრამ, არავინ იცოდა იყო თუ არა მათში პლატინის ქილები... გამოძიებით ისიც დადგინდა, რომ თუნუქის ქილები „სტავრიდისთვის“ ქალაქ ნორილსკში, ნიკელის ქარხანაში მზადდებოდა და იქიდან იგზავნებოდა ვლადივოსტოკში. „ნორილსკნიკელის“ ქარხანაში კი ფუნქციონირებდა გასაიდუმლოებული საამქრო, სადაც პლატინის ზოდებს ასხამდნენ, შემდეგ კი მათ მკაცრად აღრიცხავდნენ და დანიშნულებისამებრ გზავნიდნენ სხვადასხვა მიმართულებით: უმეტეს ნაწილს – მოსკოვში, სახელმწიფო ბანკის საცავში, დანარჩენებს კი – საიდუმლო სამხედრო და კოსმოსური რაკეტამშენებლობის დაწესებულებებში, სადაც ეს ძვირფასი ლითონი გამოიყენებოდა.
– აი, სადაა ძაღლის თავი დამარხული. ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე „ნორილსკნიკელში“ უნდა ვეძებო, – თქვა ერთ-ერთ საგანგებო თათბირზე ვანო ჭანტურიამ, თავის ხელქვეითებთან ერთად სასწრაფოდ გადაფრინდა ქალაქ ნორილსკში და „ნორილსკნიკელის“ პლატინის საცავში 45 კილოგრამი პლატინის დანაკლისი აღმოაჩინა.
დანაშაულებრივი სქემა
სუკის სპეციალური ჯგუფი, შეიძლება ითქვას, ელვისებური სისწრაფით მოქმედებდა და 21 მაისს ჭანტურია უკვე კვალზე გავიდა. სუკმა შეადგინა პლატინის დამტაცებელთა დანაშაულებრივი სქემა, რომელიც ასე გამოიყურებოდა: თითოკილოგრამიანი პლატინის ზოდები სპეციალური გრიფის გამოყენებითა და ფალსიფიცირებული ზედნადებით ვითომდა სხვადასხვა დანიშნულების ადგილებში იგზავნებოდა საწყობიდან, რომელიც ანტონ ბერუაშვილს ებარა. სინამდვილეში კი ზოდებისგან ქარხანაშივე ამზადებდნენ სტავრიდის 225-გრამიან ქილებს (ქილების საამქროს მთავარი ოსტატი იყო ჯემალ კოდუა). შემდეგ ეს ქილები ვლადივოსტოკის საკონსერვო ქარხანაში მიჰქონდა სანდრო მეტრეველს და მასვე მოჰქონდა მატარებლით ფოთში, რომ თურქეთში გემით გაეტანათ. მეტრეველი ფოთში 17 მაისს გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა და სწორედ ამან შეუშალა ხელი პლატინისქილებიანი ერთი ყუთის გემზე მოხვედრას. მთვრალ მუშებს ყუთები ერთმანეთში აერიათ და საექსპორტო „სტავრიდა” ფოთის მაღაზიებში გაგზავნეს, ხოლო მაღაზიებისთვის განკუთვნილი კონსერვები – თურქეთში. ჭანტურიას ვარაუდით, ამ დანაშაულებრივ პირამიდას ერთი ადამიანი დირიჟორობდა, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანდა და რომელსაც, სავარაუდოდ, მხოლოდ ანტონ ბერუაშვილი იცნობდა, თუმცა, ბერუაშვილი არსად ჩანდა და სუკი საწყობის გამგის ძებნას შეუდგა. პოდპოლკოვნიკს უკვე იმედი ჰქონდა გადაწურული და ვარაუდობდა, რომ დანაშაულებრივი ჯაჭვის გაწყვეტის მიზნით ბერუაშვილი უკვე ლიკვიდირებული იყო...
23 მაისს, დილით, ნორილსკის სუკის სამმართველოში, სადაც ვანო ჭანტურია დაკითხვებს ატარებდა, შეშინებული ბერუაშვილი გამოცხადდა და 20 კილოგრამი პლატინა მიიტანა, თან აღიარებითი ჩვენება მისცა ქალაქ ნორილსკის ერთ-ერთ უმაღლეს პარტიულ ხელმძღვანელზე, ეროვნებით ქართველ იასონ კიკაბიძეზე. სწორედ კიკაბიძე აღმოჩნდა ამ დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაური და სულისჩამდგმელი. მან და მისმა სიძემ (დის ქმარმა) – გედევან მჟავიამ მოიფიქრეს თურქეთში პლატინის გატანის მექანიზმი, რაშიც მათ თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შთამომავალი ეხმარებოდა. მათი გეგმით, ბერუაშვილი მართლაც უნდა მოეკლათ, რომ კვალი დაეფარათ, ხოლო მოგვიანებით თავადაც გამგზავრებულიყვნენ უცხოეთში და იქ დარჩენილიყვნენ, რომ უკანონოდ გატანილი სიმდიდრით ესარგებლათ...
ქართველთა დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის 14-კაციანი შემადგენლობა 25 მაისს უკვე დაპატიმრებული იყო და ყველანი პასუხისგებაში მისცეს. მთვრალი ფოთელი მუშების წყალობით კი თურქეთში არცერთი გრამი პლატინა არ გასულა და ეს ძვირფასი ლითონი სრულად დაუბრუნდა სახელმწიფო ხაზინას.