კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი

– რად მოკალი პეტოს დედა?
– მე არ მომიკლავს!
– მაშ, ვინ მოკლა?
არ მოუკლავს, არ ახსოვს, არ უნდოდა...
ყველაფერი იმით დაწყებულა, რომ მეზობლის დედაკაცი გადმოსულა საჭორაოდ... ფეხზე მდგომელას ულაპარაკია იმ ცხონებულს, ულაპარაკია და რა ულაპარაკია: ამ მთისა, იმ ბარისა. უსმენდა პატარაბავშვხელშიატატებული, ზედმეტი ინფორმაციისგან თვალებატრიალებული დედა მოსაუბრეს და ვერც კი შეუმჩნევია ბავშვის ხელში სიკვდილის იარაღი – ბასრი დანა.
ერთი ჩხვლეტა, მცირე ნაკაწრი, გადახვევა, სისხლდენა, დიაბეტური კომა, სასწრაფო დახმარება, საავადმყოფო...
– შენ მოკალი პეტოს დედა! – დასჩხავიან ძმები და სიცილით იგუდებიან ბევრად უმცროსი დის სასოწარკვეთილ ამოგმინვაზე:
– მე არ მომიკლავს!
– მაშ, ვინ მოკლა?
– მამა, უთხარი, რომ  მე არ მომიკლავს!
– რა შენი ბრალია, შვილო, არ გინდოდა! – ცალთვალმოჭუტული პასუხობს მამა და ულვაშის მარჯვენა კუთხის ფხანით, ღიმილით დაჰყურებს სიცილისაგან გალურჯებულ, ძირს მგორავ, ჩოჩრობიდან ვირობის ასაკში გადასულ ვაჟებს, ამ ბოლო დროს რომ ზომაზე მეტად იპრანჭებიან და ტუალეტში ყოფნაც საეჭვოდ რომ გაუხანგრძლივდათ.
ვერ მიმხვდარა, რატომ იჭაჭებიან ძმები სიცილით, ან რატომ ჭუტავს მამა თვალს.
– რად მოკალი პეტოს დედა?
– მინდოდა და მოვკალი! – უკვე გაიზარდა...
მინელდა პეტოს დედის ხსენება, ხანდახან გაბრაზებულზე თუ წამოაძახებენ ძმები...
დღისით – თამაში, მერე სკოლა, მერე ინსტიტუტი, მერე გათხოვება, მერე შვილები...
და, მიტკალივით თეთრი ღამეების ჯარი:
– რად მომკალი, შვილო, რას მერჩოდი?
– მე არ მინდოდა!
– ღმერთმა შეგინდოს!
ასე დაუსრულებლად...
მერე ავარია, ადრე დაქვრივება, დაობლებული ბავშვები, მოხუცების თავშესაფრად გადაქცეული ოჯახი – ასეა, უნდა ზღოს, მკვლელობა დიდი ცოდვაა, ჯობია იტანჯოს, ვიდრე შვილებზე გადავიდეს კაენის ცოდვა...
თეთრი ღამეები...
მოხუცის დამამუნათებელი თვალები, რომლებიც არასდროს უნახავს, არ ახსოვს...
– რად მომკალი, შვილო, რას მერჩოდი?
მუდმივად თავის მართლება:
– მე არ მინდოდა!
კიდევ ათი წელი...
– საწყალი პეტო მომკვდარა!
– ...?
– დედამისივით, გულით!
იმ ღამეს პირველად დაიძინა მშვიდი, უშფოთველი ძილით...

 

скачать dle 11.3