დედაქალაქის გადასარჩენად
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-17(800)
„მინიშნებითაც კი არ უთქვამს ჩემთვის პეტრეს, უშიშროებაში არ წახვიდე და ჩვენი საუბრის შინაარსს არ მოყვეო. ჰმ, „გრუს“ თანამშრომელი ვარო. მოგზავნილი ხომ არაა, ნეტავ? მოგზავნილი?.. არა მგონია. ვის და რატომ უნდა მოეგზავნა ის უშიშროებიდან?.. ეტყობა, მართლა „გრუში“ მუშაობს, მაგრამ, მე რაღაში დავჭირდი „გრუს“? ძალიან გაუგებარი სიტუაციაა. ჯერ ზვიადი დაბრუნდეს სახლში და დანარჩენი მერე ვნახოთ“, – ფიქრობდა კაკუბავა. სახლში რომ დაბრუნდა, ღამის პირველი საათიც შესრულდა.
სამი დღის შემდეგ ზვიად კაკუბავა მართლაც დაბრუნდა თბილისში. ის ჯერ „მოდულის“ შენობაში წაიყვანეს და მრავალმხრივი დაკითხვა მოუწყვეს, ხოლო, როცა დარწმუნდნენ, სიმართლეს ამბობდა – მართლაც გაიქცა და გადაბირებული არ იყო, ხოტბა შეასხეს, ჟურნალისტები დაასიეს და ეროვნულ გმირად გამოაცხადეს. პრეზიდენტმა კი ის თავის სასახლეში მიიწვია და სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო გადასცა...
თავისი სულისკვეთებითა და საქციელით ზვიად კაკუბავა მართლაც რომ გმირი იყო. ეს ბიძამისმაც კარგად იცოდა და ეამაყებოდა კიდეც, მაგრამ ვარლამმა ისიც იცოდა, რომ მისი ძმისშვილის გაქცევა „გრუს“ მოწყობილი იყო და ეს სპექტაკლი მასთან, ვარლამ კაკუბავასთან დასაკონტაქტებლად სჭირდებოდათ რუსებს...
ზვიადის დაბრუნებიდან ორი დღის შემდეგ ვარლამმა პეტრე შანიძეს დაურეკა, შეხვედრაზე შეუთანხმდა და მეორე დღეს კაბინეტში ეწვია.
– იმედია, ახლა მაინც გახსნი ბოლომდე კარტებს, – უთხრა ვარლამმა პეტრე შანიძეს, რომელმაც გაუღიმა სტუმარს და უთხრა:
– რას იტყვი, კმაყოფილი ხარ ზვიადის ამბებით?
– ზვიადში მე არასდროს მეპარებოდა ეჭვი. მის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი კი გადაჭარბებული მგონია. ის ჯარისკაცია და არა ჰოლივუდის ვარსკვლავი, – მიუგო ვარლამმა და დაამატა, – აბა, გისმენ.
– ვარლამ, პირველ ყოვლისა, დაიმახსოვრე, რომ არაფრით არ ხარ ვალდებული და, შეგიძლია, ეს საუბარი დაუწყებლად დაასრულო. იმასაც გეტყვი, რომ არასდროს მომიტყუებიხარ, არაფერს გატყუებ და არც მომავალში მოგატყუებ. ნამდვილი ქართველი ვარ, ნამდვილი პატრიოტი და შენც ასეთად მიმაჩნიხარ.
– მადლობელი ვარ. საქმეზე გადადი, – მოუჭრა ვარლამმა.
– მე „გრუს“ ანტიტერორისტული ქვედანაყოფის თანამშრომელი ვარ და საქართველოს მიმართულებით ვმუშაობ. ანუ, ჩემი მოვალეობაა, რომ ჩვენს სამშობლოში ტერაქტის პრევენცია მოვახდინო.
– „გრუ“ საქართველოს სტაბილურობისთვის ზრუნავს? – სიტყვა გააწყვეტინა კაკუბავამ შანიძეს.
– დიახ. მერწმუნე, რომ ყველაზე მეტად სწორედ რუსეთს არ აწყობს აქ ტერაქტები და, რომ არა მისი ძალისხმევა, თბილისში ქაბულზე მეტი ქაოსი იქნებოდა. მოდი, თავი დავანებოთ პოლიტიკურ მხარეს. მთავარია, რომ აქ სიმშვიდეა – ამას რუსეთი ახორციელებს და მეც მიმიძღვის ამაში გარკვეული როლი.
– მე რა როლს მთავაზობთ? – მეორედ შეაწყვეტინა სიტყვა კაკუბავამ შანიძეს.
– მომავალში თუ შენ თვითონ იკისრებ რამე როლს, შენი საქმეა, რასაც მხოლოდ მივესალმები. ახლა კი მხოლოდ ერთი პატარა თხოვნა მაქვს და, შეგიძლია, შეასრულო, შეგიძლია – არა. ჭკვიანი კაცი ხარ. განსჯის უნარი გაგაჩნია და, რაც შენმა გულმა და გონებამ გიკარნახოს, ის გააკეთე. კიდევ ერთხელ გიმეორებ, რომ არავინ არაფერს გაიძულებს და ვერც გაიძულებს. ყველაფერი ნებაყოფლობითია და სუფთა ხარ.
– მიდი, განაგრძე, – უთხრა ვარლამმა შანიძეს, რომელმაც პაუზა გააკეთა.
– იბრაგიმ ბულატოვის საქმეს ხომ შენ იძიებ? – ჰკითხა შანიძემ კაკუბავას.
– აჰა, – ირონიულად გაეცინა ვარლამს, – ყველაფერი გასაგებია.
– რა არის გასაგები? – ღიმილით ჰკითხა შანიძემ.
– მივხვდი, საითაც უმიზნებ.
– აბა, საით ვუმიზნებ? – კვლავ გაეღიმა შანიძეს.
– გეტყვი ახლავე, – თქვა ვარლამმა და აფეთქდა: – ნარკობარიგა იბრაგიმ ბულატოვი რუსების კრიშით მოქმედებდა, ჩვენ კი მას ჩავავლეთ, რაც მის პატრონებს, ანუ რუსებს არ დაევასათ და, რადგან შენც მათი კაცი ხარ, სწორედ შენ დაგავალეს მისი გამოხსნა ჩემი მეშვეობით; ზვიადი კი გამოუშვეს, რომ უფრო ადვილად დამითანხმო, ანუ დამავერბოვკო.
შანიძემ გადაიხარხარა და ვარლამს უთხრა:
– არა, ვარლამ, ცდები. ბულატოვი ნარკობარიგა არაა. მართალია, მთავარს გიმალავთ, მაგრამ, რასაც ჩვენებაში წერს, აბსოლუტური სიმართლეა.
იბრაგიმ ბულატოვი თბილისში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილი იყო. აგვისტოს ომამდე რამდენიმე დღით ადრე ის და ასევე ჩეჩენი ლტოლვილი არსენ აბდულაევი, რომელიც პანკისის ხეობაში ცხოვრობდა, „ბეემვეს“ მარკის ავტომობილით მოძრაობდნენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და დიღმის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. საჭესთან აბდულაევი იჯდა. „ჯეოსელის“ ოფისთან აბდულაევმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეასკდა. მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. მის გვერდით მჯდომმა ბულატოვმა მხოლოდ გონება დაკარგა, ტვინის შერყევა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. საპატრულო პოლიციამ „ბეემვეში“ „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და ასი გრამი დაპაკეტებული ჰეროინი აღმოაჩინა, რომელიც გარდაცვლილ მძღოლს შარვალში ჰქონდა ჩაკერებული. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ აბდულაევი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. საბარგულში აღმოჩენილ პისტოლეტზე კი მხოლოდ აბდულაევის თითების ანაბეჭდები იყო. „მაკაროვის“ აღმოჩენისთანავე, პოლიციამ საავადმყოფოში მყოფი ბულატოვი დააკავა და მეორე დღეს „კაპეზეს“ სამედიცინო სტაციონარში გადაიყვანა. ამ საქმეს ვარლამ კაკუბავა იძიებდა. ბულატოვი კი თავის ჩვენებაში წერდა, რომ, მართალია, აბდულაევს იცნობდა, მაგრამ არანაირი შეხება არ ჰქონდა არც ჰეროინთან და არც პისტოლეტთან და, არც კი იცოდა, რომ აბდულაევს ისინი თან ჰქონდა. ბულატოვისვე თქმით, იმ დღეს ის აბდულაევს ელექტროტექნიკის მაღაზიაში შემთხვევით შეხვდა, სადაც ტელეფონი იყიდა და აბდულაევმა დიღმის მასივში წაყვანა შესთავაზა, რადგან ბულატოვი სწორედ იქ ცხოვრობდა. კაკუბავას კი არ სჯეროდა ბულატოვის ჩვენების და მიაჩნდა, რომ ორივე ჩეჩენი ნარკორეალიზატორი იყო, მაგრამ ბულატოვს ვერაფერს უმტკიცებდა...
– მაინც, რა მთავარს მიმალავს? – თქვა კაკუბავამ.
შანიძეს სახეზე ღიმილი გაუქრა და ვარლამს მიუგო:
– აი, ეს კი, ჩემო ვარლამ, ჩვენი საუბრის მთავარი თემაა. ყველაფერს გეტყვი და შემდეგ უკვე შენ იცი, შენმა სინდისმა და ჭკუა-გონებამ.
– აბა, თქვი. გისმენ.
– რასაც ბულატოვი ჩვენებაში წერს, მართალია. ის მართლა ელექტროტექნიკის მაღაზიაში შეხვდა აბდულაევს და ნამდვილად არ იცოდა, რომ მას იარაღი და ჰეროინი ჰქონდა თან. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ჩაუჯდებოდა მანქანაში. იბრაგიმის მთავარი და ერთადერთი შეცდომაც სწორედ ესაა. იბრაგიმ აბდულაევი „გრუს“ ოპერთანამშრომელია. მან იმ დღეს სპეციალური დავალება შეასრულა – ერთი ჩეჩენი მოკლა, რომელიც ორმაგი აგენტი აღმოჩნდა და ამერიკელებზე მუშაობდა. ადრე თუ გვიან, იბრაგიმის გათავისუფლება მაინც მოგიწევს – ეს შენ ჩემზე კარგად იცი, მაგრამ შენგან ეს არ მინდა. ბულატოვს იმ მოკლულის ბინიდან მიკროფირი უნდა წამოეღო და შენ უნდა ჰკითხო მას, სადაა ეს ფირი. მასზე, ანუ ფირზე, „გრუსთვის“ ძალიან საინტერესო ინფორმაციები ჰქონდა ჩაწერილი ლიკვიდირებულს. როგორც ვიცით, მას თქვენ მსგავსი ვერაფერი უპოვეთ და ბულატოვმა ის სადღაც დამალა. სწორედ ამ სამალავის ადგილსამყოფელი უნდა გამირკვიო, თუ, რა თქმა უნდა, შენ თანახმა იქნები.
– თუ თანახმა არ ვიქნები? – ჰკითხა კაკუბავამ შანიძეს.
– თუ თანახმა არ იქნები, მაშინ, ძველებურად გააგრძელებ ცხოვრებას, ოღონდ, ჩვენი შეხვედრებისა და საუბრების შესახებ სამუდამოდ უნდა დაივიწყო. აი, სულ ესაა და ეს.
– ნუთუ? – ჩაეცინა კაკუბავას. ჩაფიქრდა და თქვა: – დავუშვათ და დაგთანხმდი, მაშინ?
– მაშინ პაროლს გეტყვი. ბულატოვი მიკროფირის სამალავს გაგიმხელს და გამაგებინებ, შემდეგ კი თავისუფალი ხარ. თუმცა, ისედაც თავისუფალი ხარ, ოღონდ, არასდროს არავისთან არაფერი არ უნდა წამოგცდეს, – გაიმეორა შანიძემ.
– „გრუს“ შენ ისეთი საღებავებით მიხატავ, თითქოს საქველმოქმედო ორგანიზაციაზე მელაპარაკებოდე და არა იმ შავბნელი საქმიანობით დაკავებულ კანტორაზე, რომელიც ყველაფერზე სპასობნია და ჩვენი უმთავრესი მოსისხლე მტერია.
– ცდები, ვარლამ. რომ არა „გრუ“, თბილისს ბეირუთს დაამსგავსებდნენ, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან.
– ამერიკელებს გულისხმობ?
– არა მარტო მაგათ. თუმცა, ძირითადი შემკვეთები მაინც ისინი არიან.
– მაბოლებ, – თქვა ვარლამმა.
– სულაც არა. იმ ლიკვიდირებულ ორმაგ აგენტს სწორედ ამერიკელებისგან ჰქონდა დავალებული ტერორისტული ჯგუფის შეკრება და, სად და როდის გამოიყენებდნენ მათ, ღმერთმა უწყის. იმ მიკროფირზე ერთ-ერთი ინფორმაცია სწორედ ამ ადამიანების ვინაობაცაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ ყოვლისა, საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ამ აგენტის ლიკვიდაციას სხვა დანიშნულებაც ჰქონდა. „გრუმ“ ამერიკელებს ამით გზავნილი მიართვა და გააფრთხილა, რომ საქართველოს უსაფრთხოებას კარგი დამცველი ჰყავს. ასე რომ, ჩემო ვარლამ, არ გაბოლებ და სრულ სიმართლეს გეუბნები.
– რით დამიმტკიცებ, რომ შენი სიტყვები სიმართლეა?
– ამ წუთში ვერც ვერაფრით, ეს შენს შინაგან რწმენასა და ინტუიციაზეა დამოკიდებული. გინდ დაიჯერე, გინდ არა, თუმცა, იცოდე, რომ მე შენ ისეთი საიდუმლოებები გაგანდე, რაც ამქვეყნად ძალიან ცოტა ხალხმა იცის.
– თანახმა ვარ. თქვი პაროლი, – უთხრა კაკუბავამ შანიძეს პაუზის შემდეგ.
ვარლამ კაკუბავამ პეტრე შანიძეს მეორე დღესვე უთხრა მიკროფირის ადგილსამყოფელი და თან დაამატა:
– იცოდე, პეტრე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრაა და ამით ჩვენი თანამშრომლობა დასრულდა. მშვიდობით.
შანიძეს გაეღიმა და მიუგო:
– შენ არანაირი ვალდებულება არ გაქვს ჩვენ წინაშე და, რასაც შენ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას უწოდებ, ასეთი რამ არ ყოფილა. მერწმუნე, რომ შენ მხოლოდ საქართველოს გაუწიე დიდი სამსახური. ჩემთან დამშვიდობებას კი ნუ ჩქარობ. ჩვენ არასდროს შეგაწუხებთ. შენ კი, თუ ოდესმე დასჭირდება ჩვენს სამშობლოს დახმარება ან შველა, შეგიძლია, ნებისმიერ დროს მოხვიდე ჩემთან. ასე რომ, ნახვამდის.
ვარლამი უხმოდ წამოვიდა შანიძისგან. პირველ ხანებში ის ძალიან განიცდიდა თავის საქციელს და ეგონა, რომ „გრუს“ კლანჭებში იყო მოქცეული. დროთა განმავლობაში კი ეს გრძნობა გაუნელდა, მაგრამ მაინც საფრთხის მოლოდინში იყო. თუმცა, მას არც შანიძე შეხმიანებია და არც სხვა ვინმე „გრუს“ სახელით. ბოლოს კი ვარლამი თანდათან დამშვიდდა და შანიძის სიტყვებიც ირწმუნა, რომელმაც უთხრა – არასდროს შეგაწუხებთო... ვარლამმა, რომელსაც თავიდან ამერიკელებისადმი დიდი სიმპათია გააჩნდა, წლების შემდეგ ეს წარმოდგენა რადიკალურად შეეცვალა. აბდულ-აზიზ ქემალის მკვლელობასთან დაკავშირებული ამბების მერე კი ვარლამს საბოლოოდ აუცრუვდა გული ამერიკელებზე და შვიდწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოუნდა შანიძესთან შეხვედრა. ხოლო, როდესაც ცალთვალა კუჭკუჭაც მიაყოლეს აბრეზას, პეტრე შანიძეს დაურეკა და შეხვედრაზე შეუთანხმდა.
– ვარლამს ვახლავარ. ხომ გეუბნებოდი, ჯერ ნუ მემშვიდობები-მეთქი? – უთხრა შანიძემ კაკუბავას, როდესაც ვარლამი სავარძელში მოკალათდა.
– ვაღიარებ, რომ მართალი იყავი. „არასოდეს თქვა არასოდეს,” – ცნობილი ფრაზით მიუგო კაკუბავამ.
– აბა, რამ შეგაწუხა, ჩემო ვარლამ? – ჰკითხა სტუმარს მასპინძელმა. მისი მოკლე მონათხრობი რომ მოისმინა, სახეზე ღიმილი გაუქრა და თქვა: – საგულისხმოა, თუმცა ჯერ ვერანაირ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ, უნდა მოვიცადოთ. თუკი მართლაც რაღაცაშია საქმე და მხოლოდ დამთხვევებს არ აქვს ადგილი, ამ ისტორიას გაგრძელება ექნება. ჩემზე უკეთ იცი შენ ეს და არ გესწავლება.
– ვფიქრობ, გაგრძელება აუცილებლად ექნება ამ ისტორიას, – თქვა კაკუბავამ და დაამატა: – თანაც, საკმაოდ მალე.
– შენ ასე ფიქრობ?
– კი.
შანიძემ ოთახში გაიარ-გამოიარა და ვარლამს უთხრა:
– მოდი, მაშინ, ასე შევთანხმდეთ: მე ორიოდე კვირით ქვეყნიდან გავდივარ და, თუ კვლავ რაღაც მოხდება და ჩემთან შეხვედრას მოინდომებ, მერაბ გაგნიძესთან მიდი.
– ეგ ვინაა? – ინსტინქტურად იკითხა ვარლამმა, მაგრამ უცებ ჩაფიქრდა და შანიძეს ჰკითხა: – ვინ მერაბ გაგნიძესთან, პროფესორ სექსოლოგთან?
– სწორედ მაგასთან, – ღიმილით თქვა შანიძემ.
– ვიცნობ მე მერაბს, მაგრამ, რას წარმოვიდგენდი, თუ ისიც... – შანიძემ სიტყვა გააწყვეტინა კაკუბავას და ღიმილით დაამატა:
– თუ ისიც საქართველოს პატრიოტი იყო, ხომ?
ვარლამს შანიძის სიტყვებზე ჩაეცინა, მან კი თქვა:
– მერაბს საკუთარი კლინიკა აქვს და პაციენტებს ანონიმურად იღებს. თუკი მასთან შეხვედრა დაგჭირდება და, ვატყობ, რომ დაგჭირდება, ჩვეულებრივად ჩაეწერები და მიგიღებს. მე მას წინასწარ გავაფრთხილებ.
– კარგი. შევთანხმდით.
– რა ჰქვია შენს ყოფილ თანაშემწეს, ახლა რომ „მოდულში“ მუშაობს, რატი პეტრიაშვილი, ხომ?
– კი.
– კეთილი, შევთანხმდით, – მიუგო პეტრე შანიძემ ვარლამ კაკუბავას და შვიდწლიანი პაუზის შემდეგ მათი პირველი შეხვედრა ამით დასრულდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში