ინტიმური საუბრები
უძღები, უმადური შვილები ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან
როდესაც ვკითხულობ ხოლმე, ან ტელევიზორში ვუყურებ სიუჟეტებს, როგორ ცუდად ეპყრობიან შვილები დედებს, მზად ვარ, თითოეული მათგანი მაგრად ვცემო, რადგან, გარდა იმისა, რომ არ იციან, რა ცოდვას სჩადიან უფლის წინაშე, წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ სწორედ იმ ადამიანს სტკენენ გულს, რომელზე ერთგულიც მთელ დედამიწაზე არავინ გააჩნიათ. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და არიან უღირსი დედები, რომლებიც შვილს გაჩენისთანავე ნაგავსაყრელზე აგდებენ ან სამშობიაროში ტოვებენ, მაგრამ ეს ხომ ანომალიაა. უბედურები (ვინც დედას აწყენინებს, ტკივილს აყენებს და არ ჰპატიობს) აზრზე არ არიან, რამხელა ბედნიერება მიანიჭა ღმერთმა, რომ თავიანთმა დედებმა გაზარდეს და, ის დედები მუდამ მათთვის და მათზე მლოცველები, სახლში ჰყავთ.
მე ბავშვთა სახლში გავიზარდე. დღემდე არ ვიცი, ვინ არიან ჩემი მშობლები, მაგრამ, რამდენი ინფორმაციაც ჭორად გავიგე, იმდენჯერ მივყევი ამ ხმებს და დღემდე ვეძებ დედას, რომლის ერთხელ მაინც დანახვის ნატრული ვარ. ჩემთვის სულერთია, ვინ იქნება ის – საამაყო პიროვნება თუ დაცემული ადამიანი, მაინც სიგიჟემდე გამიხარდება მისი პოვნა და ისე მოვუვლი, თან გადავყვები, ოღონდ კი ვიპოვო. იმ უძღებ შვილებს კი ჯოჯოხეთში აქვთ „კოიკები“ გამზადებული.
ნათია, 33 წლის.
თან არავის არ უნდა გადაჰყვე
თქვენს რუბრიკაში ხშირად ვკითხულობ ხოლმე წერილებს, რომლებშიც და-ძმებს შორის ქონების გამო არეული ურთიერთობების შესახებ არის მოთხრობილი. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, მეც მომეწერა ერთი ახლობელი ადამიანის შესახებ, რომელიც ძალიან არასწორად ექცევა მშობლებს, განსაკუთრებით – დედას, რადგან მიაჩნია, რომ დედამ ის ყველანაირად დაჩაგრა იმის გამო, რომ მის დებს მეტი ქონება შეახვედრა. არადა, სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის. ეს ჩემი ახლობელი (ჩემი დის უახლოესი დაქალია), დავარქვათ პირობითად ნანი, რომელიც ცოტა სხვანაირი გოგო მეგონა (ანუ თავის დედმამიშვილებზე უკეთესი), გამოვიდა, რომ სულაც არაფრით ჯობია მათ, რადგან თითქმის ისევე ვერ ხედავს და ვერ აფასებს დედის ზრუნვასა და ამაგს, როგორც თავისი დები. მიუხედავად იმისა, რომ ბინაც მეტი შეხვდა, ნივთებიც და ამჟამად, შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკურადაც და მატერიალურადაც მთლიანად დედ-მამის კმაყოფაზეა თავის ქმარშვილიანად, მაინც სულ რაღაც ეცოტავება, სულ რაღაც არ ჰყოფნის; სულ ეჩვენება, რომ დედა დანარჩენ ორ ქალიშვილს მეტს აძლევს და უკეთებს, ვიდრე მას და ამაზე ისე იბოღმება, ლამის არის სერიოზული უსიამოვნება მოუვიდეს დედასთან, რომელიც მაინც სულ თვალებში შეჰყურებს, ცდილობს, ასიამოვნოს და ყველა საქმე ააცილოს თავიდან.
მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ნანის დედას, რადგან მართლაც საოცრად კეთილშობილი ადამიანია და მისი შვილები ასეთი დაუნახავები არ უნდა გამოსულიყვნენ, მით უფრო, რომ გოგოები არიან. ნატო დეიდას სამივე ქალიშვილი გათხოვილია და სამივეს შვილები ჰყავს. რატომ არცერთი არ ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი (ანუ, როგორც თვითონ ექცევიან მშობლებს), ბუმერანგივით დაუბრუნდებათ უკან?! ნატო დეიდა შუათანა ქალიშვილთან რომ ცხოვრობდა დროებით (ის ბინაც ნატოს მიცემული იყო), იმ შვილმა ჩუმად თუ აშკარად იმდენი იჩალიჩა, რომ მშობლები აიძულა, ნანისთან რემონტის დასრულებამდე გადასულიყვნენ. მოტივი კონკრეტული იყო: ვისაც მეტი ბინა შეხვდა, იმასთან იცხოვრონ და იმან მოუაროს ორივესო (დაახლოებით ასეთი ტექსტი ჰქონდა იმ შვილს თავის ახლობელთან ნათქვამი, რომელმაც ნატოს ენა მოუტანა).
ამ ყველაფრის შემდეგ ერთ დასკვნამდე მივედი: შვილსაც კი არ უნდა გადაჰყვე თან და, როგორც არ უნდა შეგეცოდოს, თუ არ დაიმსახურა, არაფერი არ უნდა მისცე; და თუ მიეცი, ხშირად უნდა შეახსენო, რომ შენით უდგას სული და უშენოდ არაფერს წარმოადგენს.
მე მშობლები ადრე გარდამეცვალა, სულ მაკლია მათი ზრუნვა და სითბო და, შესაძლოა, ამიტომ განვიცდი ასე მტკივნეულად ნანისა და მისი დების საქციელს.
თამუნა, 27 წლის.