ცოლები და საყვარლები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-17(800)
ნანამ ყავა მოსვა. ვრცელ ვერანდაზე სუფრა საუზმისთვის იყო გაშლილი: დიდ ლანგარზე კრუასანები და ტკბილეული ეწყო, ყავადანსა და ახალგამოწურული წვენით სავსე გრაფინს შორის კი ტოსტები და ჯემი ელაგა. დენიმ წვენი დაისხა. ქალი მისკენ საერთოდ არ იხედებოდა, თითქოს საუბრის დაწყებას არიდებდა თავს...
დენიმ წვენით სავსე ჭიქა აიღო და გვერდით მიუჯდა.
– ისევ ადრე გიყვარს ადგომა? – ჰკითხა ნანას და ხელი ალერსით მიუთათუნა მუხლზე.
– თუ საყვედურები უნდა მითხრა, აჯობებს, ხმა საერთოდ არ ამოიღო. ვიცი, რომ არ მოგწონს ჩემი არჩევანი, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო.
– ვიცი, ამიტომაც არაფერს გეუბნები. მაგრამ, ისიც არ შემიძლია, ასეთს გიყურო – გაღიზიანებულსა და აფორიაქებულს.
– ჰო, ასეა, სტივის გვერდით გაცილებით მშვიდად ვცხოვრობდი, – შენ ხომ ასე ფიქრობ?
– რა მნიშვნელობა აქვს, მე რას ვფიქრობ? დედა, არ გინდოდა, რომ ჩამოვსულიყავით? იქნებ ჯერ უნდა დამერეკა და გამეფრთხილებინე... იცი, ჩვენ ხვალ წავალთ. მაქსის მშობლებთან გადავალთ. აქვეა, ერთი დღის სავალზე.
– არსად არ წახვალთ, ეგ მეორედ არ თქვა. ძალიან გამიხარდა, რომ ჩამოხვედით, უბრალოდ, ლევანს გუშინ მძიმე დღე ჰქონდა და ცოტა დალია...
დენის გაეღიმა:
– მის გამართლებას ცდილობ – აშკარაა, რომ გიყვარს... მაინც, რა მოგეწონა მასში? რაც გავიცანი, სულ ამაზე ვფიქრობ. შენგან აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟია... ახალგაზრდა რომ არის, იმიტომ მოგხიბლა ასე?
– დენი... – საყვედურის კილოთი მიმართა ნანამ, – საკუთარ თავს მაინც ეცი პატივი!
– რატომ სვამს ამდენს? – დენიმ დედას თანაგრძნობით შეხედა.
– არ სვამს, უბრალოდ, ასე დაემთხვა. შენთან მოერიდა, უარი ეთქვა და დალია. გუშინაც რაღაცაზე ინერვიულა...
– კარგი, ლევანზე აღარ ვილაპარაკოთ... იცი, რატომ ჩამოვედით?
ნანამ გაიღიმა:
– რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ჩამოხვედი. ისე, ეს გოგო... რა ჰქვია?
– სამანტა, – ღიმილით შეახსენა შვილმა, – ოღონდ, ის ჩვეულებრივი მეგობარია, არაფერი იფიქრო.
– რა უნდა ვიფიქრო... როდის ჩავრეულვარ შენს პირად ცხოვრებაში? სახლი კი დიდია, ყველანი დავეტევით.
– ესე იგი, არ გაინტერესებს, რატომ ჩამოვედით? – დენიმ ტკბილეულით აავსო თეფში და თავისკენ მიიჩოჩა.
– მაინტერესებს და ყურადღებით გისმენ...
***
ლევანმა ზღურბლზე აღმართული სამანტა რომ დაინახა, ეგონა, ნაბახუსევზე ცუდ სიზმარს ვხედავო და უკმაყოფილოდ დაიჭყანა.
– ბოდიში, მგონი, ოთახი ამერია...
– სამანტა... აქ რა ჯანდაბას აკეთებ! – ერთბაშად გამოფხიზლდა ლევანი, – აქ რას აკეთებ-მეთქი?
– ხომ გითხარი, რომ გზა ამერია. ძალიან დიდი სახლია, მეპატიება...
– ჰოდა, მეც ეგ მაინტერესებს – ამ დიდ სახლში, რომელიც ჩემი სახლიც არის, შენ რას აკეთებ?
სამანტა წარბშეუხრელად, უტიფარი ღიმილით მიაჩერდა გაცხარებულ ლევანს და ჩაიცინა:
– სახლში რომ ყოფილიყავით და, რატომაც არ იყავით, ორივემ ვიცით, გეცოდინებოდათ, რომ დენის ჩამოვყევი... კარგი, ჩემი აქ ყოფნით აღარ შეგაწუხებთ. მართლა გზა ამერია, სამზარეულო საით არის?
– პირდაპირ და კიბით ქვემოთ... მერე მარჯვნივ... ო, ღმერთო, კოშმარებს უკვე ცხადშიც ვხედავ...
***
ნანამ სიგარეტს მოუკიდა და ვერანდაზე წინ და უკან სიარულს მოჰყვა. მერე უცებ გაჩერდა და დენის შეხედა, რომელიც მოთმინებით ელოდა მის პასუხს.
– არც კი ვიცი, რა გითხრა... ცოტა ავანტიურისტული იდეა ხომ არ არის?
– დედა, შენ ხომ გიყვარს რისკი? თანაც, ეს არც ისეთი დიდი რისკია. ნანა, დაფიქრდი...
– ვფიქრობ. იდეა კარგია, მომწონს, მაგრამ, რისკები?
– რისკებზე მეც ვიფიქრე... მაგრამ, ვიფიქროთ კიდევ. ყველაფერი ავწონ-დავწონოთ...
– ეს მაქსის იდეაა – იმან მითხრა და მეც მომეწონა. მოდი, სტივსაც დაველაპარაკოთ, კარგ რჩევას მოგვცემს. საერთოდაც, ხომ არ ჩავრთოთ ამ ყველაფერში?
ნანას სახე შეეცვალა:
– არა, სტივს არაფერს ეტყვი, ჩვენც კარგად გავართმევთ თავს, თუკი გადავწყვეტთ, რომ ეს საქმე ვაკეთოთ.
– მოიცა, სტივენს ეჩხუბე? ხომ მეუბნებოდი, მასთან ნორმალური ურთიერთობა შევინარჩუნეო... ნანა, სტივენის დაკარგვა არ შეიძლება. ჯერ ერთი, უყვარხარ; მეორეც, არაერთხელ გამოსცადე მისი ერთგულება.
– ლევანი ეჭვიანობს, – უხალისოდ ჩაილაპარაკა ნანამ.
– რა?!
– ჰო, რა იყო? ლევანი ეჭვიანობს-მეთქი, ის კი ჩემი ქმარია. სტივენის გამო მასთან ურთიერთობას ვერ გავიფუჭებ.
– ჰო?! ნანა, ძალიან შეიცვალე და მე ეს დიდად არ მომწონს.
– რატომ? ქმრის აზრს რომ ანგარიშს ვუწევ?
– აქამდე არ უწევდი – ყოველთვის შენს ჭკუაზე დადიოდნენ შენი ქმრები.
– დენი, გეყოფა! მე ახლა წავალ, ლევანი გაიღვიძებდა უკვე. შენი სტუმრები ასაუზმე...
– დღეს მაინც, ნუ დაიკარგები, – სთხოვა დენიმ.
ნანამ ლოყაზე აკოცა შვილს:
– გპირდები, სულ შენ გვერდით ვიქნები. აუზზე ან ბაღში ჩადით და მეც მალე შემოგიერთდებით... ჰო, კიდევ, ლევანს არ აგრძნობინო, ასე რომ არ მოგწონს – გააკეთე ეს ჩემთვის.
დენიმ მხრები აიჩეჩა და დედას უხალისოდ დაუქნია თავი.
***
თეომ მაგრად ჩაბღუჯა ქორწინების მოწმობა და კახას მადლიერების ნიშნად გაუღიმა.
– ახლა ხომ იქნები მშვიდად? – ჰკითხა კახამ.
– ჰო, ახლა ჩემი შვილის კანონიერი მამა ხარ, კითხვის ნიშნები გაქრა.
კახამ ხელი მოხვია ცოლს, აკოცა და იქ შეკრებილ რამდენიმე მეგობარს მიუბრუნდა:
– რესტორანში წავიდეთ, აღვნიშნოთ...
***
ზურამ, რომელიც მთელი ცერემონიალის განმავლობაში უგუნებოდ იყო და ბედნიერებისგან გაცისკროვნებულ თეოს თვალს არიდებდა, თავისი მანქანისკენ გაიშვირა ხელი და კახას მიმართა:
– ნეფე-დედოფლისთვის მანქანა საგანგებოდ მოვამზადე. ჩასხედით და წავიდეთ!
– ჩვენს მანქანაში ჩავსხდებით. უფრო მშვიდად ვარ, როცა საჭესთან ჩემი ქმარია, – თქვა თეონამ და კახას მანქანაში ჩაჯდა.
კახამ უხერხულად გაიღიმა და მეგობარს მხარზე დაადო ხელი.
– არ გეწყინოს. თეონას შენ მიმართ კი არ აქვს რამე პრეტენზია, უბრალოდ, ამ მდგომარეობაში ზედმეტად მგრძნობიარე გახდა. მეც არ ვინერვიულებ.
– ჰო, გასაგებია.... – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ზურამ. კახა მიხვდა, რა იგულისხმა და რა არ თქვა მისმა მეგობარმა...
გზაში თეონამაც გაიხსენა ზურას საქციელი ცერემონიის დროს და ქმარს საყვედურით მიმართა:
– შენ ისე იქცეოდი, თითქოს არაფერი შეგინიშნავს.
– რას გულისხმობ, ვერ მივხვდი.
– შენი ძმაკაცის ქცევებს. აშკარად არ გაუხარდა ჩვენი დაქორწინება.
– კარგი, რა, თეო! საიდან მოიტანე ახლა ეს? როგორ არ გაუხარდა, რესტორანში მაგან გააკეთა ყველაფერი.
– ეს იმიტომ, რომ ვალი მოიხადა. ისე კი, გულზე დიდად არ ვეხატები. რა მაგის საქმეა, არ მესმის...
– თეო, ტყუილად იშლი ნერვებს. დამიჯერე, ზურას საქციელში არაფერი იყო ისეთი, რომ შენს ასეთ ნერვიულობად ღირდეს.
– ნუ იცავ... ხომ ვგრძნობდი, როგორც მიყურებდა, – გაანჩხლდა თეონა და უცებ, მუცელზე იტაცა ხელი, – ვაი!
– რა მოხდა? – შეშინებულმა კახამ უნებლიეთ მუხრუჭს დააჭირა ფეხი. თეონამ შეჰკივლა:
– რას აკეთებ, ნელა! მოაბრუნე მანქანა და საავადმყოფოში წამიყვანე! მგონი, დამეწყო!..
– რა დაგეწყო, თეო, მითხარი, რა ხდება?
– მშობიარობა დამეწყო, მიუხვედრელო, ჩაიშალა ჩვენი რესტორანი.
კახამ ცალი ხელით საჭე შემოატრიალა, მეორე ხელით კი მობილურს დაუწყო ძებნა.
– რას აკეთებ?
– ზურას დავურეკავ...
– არავის არ დაურეკავ, ჩემი მშობლების ჩათვლით, სანამ ყველაფერი არ დამთავრდება. ზედმეტი ხმაური და აურზაური არაფერში მჭირდება.
– კი მაგრამ, ხომ უნდა მივსულიყავით? რა გამოვა? რესტორანში უჩვენოდ მივლენ, უხერხულია...
– კახა, ახლა მარტო საკუთარი თავი და ბავშვი მაინტერესებს. ძალიან ცუდად ვარ და, მინდა, რაც შეიძლება, სწრაფად მიმიყვანო კლინიკაში – ჩემი შვილი იბადება...
***
ლევანი მდუმარედ შესცქეროდა ცოლს, რომელიც კარადაში ტანსაცმელს არჩევდა და მისკენ საერთოდ არ იხედებოდა.
– ნანა, ძალიან ბრაზობ ჩემზე? დამელაპარაკე. მირჩევნია, მეჩხუბო. ჩუმად რომ ხარ, თავს საშინლად ვგრძნობ. ნანა!..
– რა გითხრა? ელოდები, რომ გეჩხუბები? არ ვაპირებ – რა აზრი აქვს?
– ჰო, ვიცი. ჩემი სულელური ქცევით პრობლემებს გიქმნი, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. რაღაც მემართება, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე.
– უკვე მერამდენედ იწყებ ლაპარაკს ამ თემაზე? თავადაც არ იცი, რა გინდა... მთხოვე და ბარში მიგიშვი. მერე რა გააკეთე? – დათვერი. მითხარი, არ უნდა გავბრაზდე შენზე?
– ჰო, უნდა გაბრაზდე, მაგრამ, მინდა, ჩემიც გესმოდეს. სულ ისეთი განცდა მაქვს, რომ ზედმეტი ვარ შენს ცხოვრებაში.
– იცი, როგორ დამღალე? რატომ ვერ ისვენებ?.. თბილისში როცა ვხვდებოდით ერთმანეთს, სხვანაირი იყავი – უფრო მარტივი და თავისუფალი..
– ხომ არ ნანობ, ცოლად რომ გამომყევი?
– ჯერ არა, – გამომწვევი ტონით მიუგო ქალმა, – ახლა კი, მინდა, ამაზე ლაპარაკს მოვრჩეთ. დენი ჩამოვიდა თავის მეგობრებთან ერთად. გუშინ ისე დათვერი, რომ შენს მოვლას გადავყევი და სტუმრებს ყურადღება ვერც მივაქციე... დღეს მაინც შეიკავე თავი და ისე მოიქეცი, არც შენ მოიჭრა თავი და მეც არ შემიქმნა პრობლემა.
– ლოთი გგონივარ? – ამოიოხრა ლევანმა.
ნანამ მხრები აიჩეჩა:
– მე დასკვნებს მხოლოდ რეალობის გათვალისწინებით ვაკეთებ.
– სად არიან შენი სტუმრები? – საუბრის თემის შეცვლა სცადა ლევანმა. მაგრამ უცებ გაახსენდა სამანტას უტიფარი მზერა; ისიც, რომ გაბრიელამ სამუდამოდ მიატოვა და, გუნებამოშხამულმა, ძლივს შეიკავა თავი, რომ ხმამაღლა არ ეყვირა – ყველანი ყელში ამომიხვედითო.
– პირი დაიბანე, ადამიანს დაემსგავსე და ქვემოთ ჩამოდი, ვისაუზმოთ, სირცხვილია, – მისცა მითითება ცოლმა. შერჩეული კაბა ჩაიცვა და სარკესთან დაჯდა მაკიაჟის გასაკეთებლად. კაბის ღრმა დეკოლტედან საკმაოდ მაცდუნებლად მოუჩანდა ჯერ კიდევ ლამაზი, ვნებიანი მკერდი. სხვა დროს ლევანი აუცილებლად ისარგებლებდა შემთხვევით და ცოლის „ღირსებებზე“ გაამახვილებდა ყურადღებას, მაგრამ ამჯერად მარტო ნანაზე კი არა, მთელ სამყაროზე იყო გაბრაზებული გაბრიელას დაკარგვის გამო. საწოლიდან ადგა, ხალათს დაავლო ხელი და სააბაზანოში შეიკეტა. იდგა შხაპის ქვეშ და ფიქრობდა... გაბრიელასთან განშორების ბოლო წუთებს მეხსიერებიდან ვერ შლიდა და უარესად ეშლებოდა ნერვები. „არ ვუნდივარ და წავიდეს... რატომ უნდა გამოვეკიდო და დავინგრიო ცხოვრება? ისედაც არ მაქვს დალაგებული, მით უმეტეს, რომ, ის, რასაც გაბრიელას მიმართ განვიცდი, სულაც არ არის სიყვარული... მორჩა, აღარ უნდა ვიფიქრო მასზე, უნდა დავივიწყო... აუცილებლად უნდა დავივიწყო, ნანაც მართალია – რა გავაკეთე მისთვის? ნუთუ მართლა ასეთი საშინელი ადამიანი ვარ? არა, არ ვარ საშინელი. უბრალოდ, ყოველთვის ჩემს საწინააღმდეგოდ ეწყობა გარემოებები და მერე უკანასკნელი იდიოტივით ვიქცევი. სამანტაც ახლა გამოჩნდა... როგორმე უნდა ვათქმევინო, ვინ არის გაბრიელა. აჰა, მაინც გაბრიელაზე ვფიქრობ და ვლაპარაკობ... წუთის წინ კი პირობა მივეცი საკუთარ თავს...“ – ლევანმა სახე წყლის ნაკადს შეუშვირა და რამდენიმე წუთის განმავლობაში იდგა ასე გარინდული. ძალიან უნდოდა, გვერდით ისეთი ვინმე ჰყოლოდა, ვისაც გულს გადაუშლიდა, ვისაც თავის სურვილებს გაუმხელდა და, იქნებ, ეპოვა ის მთავარი, რისთვისაც ღირდა მისი სიცოცხლე... – ლევანი მიხვდა, რომ ადრე არასდროს უფიქრია ამაზე...
***
ზურამ აქოშინებულმა შეაღო კლინიკის შემინული კარი და ვესტიბიულში შევარდა. კახა „ბინულიდან“ წყალს სვამდა და ზურაც მისკენ გაქანდა:
– რა ხდება, თეონა სად არის?
– ზემოთ აიყვანეს. ექიმმა მითხრა, ორი საათი არაფერი იქნებაო, მაგრამ, ვერსად წავალ. აქ უნდა ვიყო, ხომ გესმის?!
– ჰო. ისე, მგონი შეიძლება, შენც თეონასთან იყო, ახლა უკვე გაქვს ამის ოფიციალური უფლება – ქმარი ხარ.
კახამ უნდობლად შეხედა მეგობარს:
– ამას რატომ მეუბნები?
– რას, რომ თეონას ოფიციალური ქმარი ხარ? ეს ხომ სიმართლეა, განსაკუთრებული რა გითხარი?
– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა კახამ, – რატომ ხდება ისე, რომ, როცა შენ მელაპარაკები, თავს უკანასკნელ ნაძირალად ვგრძნობ?
– იმიტომ, რომ შენ თვითონ მუდმივად ფიქრობ იმაზე, რაზეც მე, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ გვინდა.
– მაინც იმ აზრზე ხარ, რომ ლევანისთვის უნდა მეთქვა ჩვენი ამბავი?
ზურამ დიდხანს უყურა ერთიანად აჭარხლებულ მეგობარს და თავი ნელა დაუქნია.
კახამ ხელი ჩაიქნია:
– რაღა აზრი აქვს, ახლა უკვე აღარაფერი შეიცვლება... ოღონდ, არ იფიქრო, რომ რამეს ვნანობ. დრო თავისით დაალაგებს ყველაფერს. ახლა მთავარია, თეონა და ბავშვი იყვნენ კარგად, – კახამ ზურას ზურგი შეაქცია და უცებ მისკენ მომავალი თეთრხალათიანი ქალი დაინახა. ქალი უღიმოდა და ხელს უქნევდა.
– უნდა გაგახაროთ, მამიკო... ბიჭი შეგეძინათ, მშვენიერი ბავშვია. სულ დედას ჰგავს... ასეთი გაოგნებული რატომ მიყურებ? წამოდი, გაჩვენო შენი ვაჟკაცი...
კახამ ჭიქაში ჩარჩენილი წყალი სახეზე შეისხა და, ისე, რომ იქვე მდგარი ზურასთვის არ შეუხედავს, თეთრხალათიანს მექანიკურად გაჰყვა უკან.
გაგრძელება შემდეგ ნომერში