როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
კლდიაშვილი
ამ გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი – კლდია.
არსებობს მოსაზრება, რომ კლდიაშვილების ძველი გვარია შალვაშვილი. მეორე მოსაზრებით, გვარი როჭიკაშვილ-შალიკაშვილებიდან იღებს სათავეს.
როგორც შალვაშვილები, ისე კლდიაშვილები, მესხეთის მკვიდრნი ყოფილან. მეფე ბაგრატ მესამის დროს, მეთექვსმეტე საუკუნეში, ისინი იმერეთში გადასახლებულან. შალვაშვილი კიდევ რამდენიმე გვარიდან იღებს სათავეს, მაგალითად, თეთრაძეებიდან. „თეთრაძე ბერუკა, შვილი მახარე თეთრაძე-შალვაშვილისა“.
„კლდიაშვილ-შალიკაშვილს ჰყავს შვილები: გოგიჩა, შალიკა, ზაქარია, ბენიამენ“. ის გიორგი მეფეს ემსახურებოდა ყაენთან. როცა ხვანთქარიდან წამოსულა, თან წამოჰყოლია კლდიაშვილი-შალიკაშვილი ცოლ-შვილით, შვიდი გლეხით, ცხენის, ხარის, ძროხის, ცხვრისა და თხის ჯოგით. მეფეს მისთვის სხვადასხვა ადგილი შეუთავაზებია, მაგრამ მას საცხოვრებლად მხოლოდ სვიმონეთი მოსწონებია. გიორგი მეფემ მას აქ უწყალობა წინამძღვარ გახაძისეული მამული, სვიმონეთშივე – საყდარი და სასაფლაო. მანამდე კი მეფეს ერთი ტანის საფლავი გელათში შეუთავაზებია, მეფის საფლავის „საფერხეს“, მაგრამ ის არ დათანხმებულა. ის მეფემ დანიშნა დეკანოზად, ჩააბარა თემის უფროსობა, ხოლო მისი სახლიდან „ერისგანს“ – მოხელეობა. მოიხსენებიან კლდიაშვილ-შალიკაშვილი ბენიამენ, კლდიაშვილ-შალიკაშვილი გოგიჩა, კლდიაშვილ-შალიკაშვილი ზაქარია, კლდიაშვილ-შალიკაშვილი შალიკა.”
საქართველოში 1 687 კლდიაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 539, თერჯოლაში – 530, თბილისში – 258. არიან სხვაგანაც.
პაჭკორია
გვარის ფუძედაა გამოყენებული საკუთარი სახელი პაჭკორი, რაც მეგრულად მღვდლის ყმას ნიშნავს.
საპაჭკორიო უბანია ციზეთში, ზემო ქვალონის საზღვართან. იქ პაჭკორიების ორიოდე კომლიღა დარჩა. ასევე, არის უბანი ხეცერაში, უმპიასა და უჩაღალს შუა, სადაც პირველმოსახლენი გიორგი გვათუა და კირიბა პაჭკორია ერთად მოსულან ხორშიდან. ხორშიდან შემდეგაც მოსულან პაჭკორიები. მათ „ნაეკოხონარ“ პაჭკორიებს ეძახიან. საპაჭკორიო არის, აგრეთვე, უბანი ბიაში, საცხვიტაოში, საადამიოში. ისტორიულად, ყოფილ დასახლებულ უბანში – გამოღმა პატარა ხორგაში, პაჭკორიებიც ყოფილან.
ნაპაჭკორუ არის სახნავი მდინარე აბაშის მარცხენა ნაპირზე.
1733 წელს შედგენილ ერთ საბუთში გვხვდება გვარი პააჭკორია. ამ გვარით მოიხსენიებიან „ხობის საცხომარიოს“ მცხოვრებლები – გიორგი პაჭკორია და მისი ძმისწული – მასტიშია.
საარქივო მასალებით ირკვევა, რომ პაჭკორიებს ზანთაში უცხოვრიათ მეჩვიდმეტე საუკუნეში, ხოლო შემდეგ გადასულან საწულეისკიროში.
საქართველოში არსებულ 25 000-ზე მეტ გვარში პაჭკორიას 736-ე ადგილზეა.
ეს გვარი გვხვდება აბასთუმანში, ცაიშში, ლიაში, წალენჯიხაში, ინგირში, ეკში, ზემო ჭალადიდში, ახალსოფელში (ზუგდიდის რაიონი), ურთაში, ხორშში...
საქართველოში 1 373 პაჭკორია ცხოვრობს: ზუგდიდში – 526, სენაკში – 181, ფოთში – 164. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით