როგორ იხსნა სტალინის სიმტკიცემ და სისასტიკემ მოსკოვი დაცემისგან
1941 წლის სექტემბერში ფაშისტური არმიები მოსკოვს მიადგნენ და იმდენად კატატროფული მდგომარეობა შეიქმნა, რომ საბჭოთა ბელადს დედაქალაქის დატოვება და ქალაქ კუიბიშევში გადასვლა ურჩიეს, სადაც სათადარიგო საკომანდო პუნქტი იყო შექმნილი, მაგრამ სტალინმა ეს წინადადება უარყო და კრემლში დარჩა
მკვლევარი იური ჩურკინი წერს: „1941 წლის 8 სექტემბერს ფაშისტებმა ფრონტი გაარღვიეს და რამდენიმე კილომეტრით წაიწიეს წინ, თუმცა მათი შეტევა შეჩერებული იქნა. მიუხედავად ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი სტალინს კაბინეტში ეახლა, ბოლოდროინდელი ინფორმაცია მიაწოდა და უთხრა:
– კობა, ვფიქრობ, ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, დროა, კუიბიშევში გადავიდეთ.
სტალინი ძირითადად მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი იყო, დინჯად, აწონილ-დაწონილად საუბრობდა და ბილწსიტყვაობას ვერ იტანდა, ამჯერად კი ის აფეთქდა.
თავად მოლოტოვი თავის მოგონებებში ყოველგვარი ცენზურის გარეშე, სიტყვასიტყვით იხსენებს იმ მომენტს და წერს: „სტალინს კუიბიშევი რომ ვუხსენე, სახეზე ჭარხლისფერი დაედო და მიღრიალა:
– შენი დედაც... რას მთავაზობ, მოსკოვი ფაშისტებს ჩავაბარო და ომი წავაგო?! თავს მოგასხიპავ! (სტალინმა ხელით გააკეთა ხმლის მოქნევის იმიტაცია) არა! შენ შენით ვერ მოიფიქრებდი ამას, ნამდვილად ბერიას ხრიკებია, იმ გაიძვერა მელასი. შენ გგონია, ვერ ვხვდები, რომ როდესაც მას სურს რაღაც გამაკეთებინოს, შენ გგზავნის ჩემთან?! თქვი, ხომ მან გამოგგზავნა?
ახლა უკვე რა დასამალია და, მართლაც ბერიას იდეა იყო კუიბიშევში გადასვლა. თუმცა, არა იმიტომ, რომ მას ეშინოდა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სტალინის უსაფრთხოების მიზნით. მაგრამ ამას ხომ არ ვეტყოდი სტალინს და მივუგე:
– არა, კობა, ბერიას არ გამოვუგზავნივარ, ჩემით მოვედი.
– როგორც მოხვედი, ისე წადი! იმათ კი გადაეცი, რომ, ვინც მოსკოვის ჩაბარებისა და გაქცევის მავნებლურ აზრს გამოთქვამს ან ყურს მოვკრავ, რომ გაკვრითაც კი თქვა, ნადიუშას სულს ვფიცავ, გავანადგურებ!..
ნადიუშაში სტალინი თავის მეუღლეს, ნადეჟდა ალილუევას გულისხმობდა. მას არასდროს ახსენებდა სხვებთან და, მით უმეტეს, არასდროს იფიცებდა, იმ მომენტში კი მთელი თავისი ემოციები სრულად გადმოაფრქვია და, რომ შევხედე, მართლაც ძალიან შემეშინდა. თავი ჩავღუნე და სტალინის კაბინეტიდან უხმოდ, რომ იტყვიან, კუდამოძუებული გამოვედი...“
მოლოტოვის მონათხრობიდან ძნელი მისახვედრი არაა, რომ საბჭოთა ბელადი მართლაც მზად იყო, თავი შეეკლა მტრისთვის, მას საკუთარი სიცოცხლე მართლაც არაფრად უღირდა ქვეყნის ინტერესებთან შედარებით. ამასთანავე, სტალინი მთავრობის ყველა დანარჩენ წევრზე მეტად შორსმჭვრეტელი და მამაცი ადამიანი იყო და, ალბათ, სასტიკიც, თუკი ამას შექმნილი მდგომარეობა მოითხოვდა. ასეთ დროს იგი არც სხვას დაინდობდა და არც საკუთარ თავს, მით უმეტეს, მტერს და ეს მტერი კი უკვე მოსკოვის კარიბჭეს იყო მომდგარი...
„არცერთი ნაბიჯი უკან!“ – მოკლედ და კონკრეტულად განსაზღვრა ბელადმა საბჭოთა არმიის სტრატეგია მოსკოვთან და სწორედ ამან იხსნა მოსკოვი აღებისგან, რომელსაც „ვერმახტის“ (ფაშისტური არმია) ნახევარმილიონიანი კარგად გაწვრთნილი ჯარი უტევდა. სწორედ მოსკოვის აღების გეგმის ჩაშლამ მოახდინა გარდატეხა დიდ სამამულო ომში. მოსკოვის აღების გეგმის ჩაშლა კი სტალინის მართლაც რომ ფოლადისებურმა სიმტკიცემ, საზრიანობამ და სამხედრო სტრატეგიის გენიალურმა ნიჭმა განაპირობა. 1941 წლის 2 დეკემბერს უმაღლესმა მთავარსარდალმა სინოპტიკოსებს უახლოესი ოთხი კვირის ამინდის პროგნოზის შედგენა დაავალა. მეორე დღეს ბელადს უკვე მაგიდაზე ედო ეს ცნობა. ის გულდასმით გაეცნო მას, შემდეგ როკოსოვსკი (მაშინ ჯერ კიდევ გენერალი) გამოიძახა, რომელსაც დედაქალაქის დაცვა ევალებოდა და უბრძანა:
– უახლოეს ორ დღეში მოსკოვის მისადგომებთან, 60 კილომეტრის რადიუსში, აბსოლუტურად ყველა შენობა-ნაგებობა ააფეთქეთ, არ დატოვოთ პატარა ქოხიც კი და ყველაფერი ერთიანად გაასწორეთ მიწასთან. ფაშისტებმა ტრიალი, მოყინული ველი უნდა მიიღონ. ასევე ჩაწერეთ საბუთებში: – ოპერაცია „მოყინული ველი“.
როკოსოვსკის პირადად ჰქონდა შედგენილი მოსკოვის დაცვის გეგმა, რომელსაც მისი მებრძოლები ზუსტად და დიდი თავგანწირვით ახორციელებდნენ. მასში კი ნამდვილად არ შედიოდა შენობა-ნაგებობების აფეთქება, რომლებსაც საბჭოთა ჯარისკაცები საცეცხლე წერტილებად და თავშესაფრისთვის იყენებდნენ. ამიტომ სტალინს ჰკითხა:
– უკაცრავად, ამხანაგო სტალინ, მაგრამ, რა მიზანს ემსახურება შენობების აფეთქება? მათ ჩვენ ძირითადად საცეცხლე წერტილებად ვიყენებთ.
სტალინმა როკოსოვსკის სინოპტიკოსთა პროგნოზი უჩვენა და უთხრა:
– აი, ხომ ხედავთ, რომ 15-20 დეკემბერს მოსკოვის მისადგომებთან ტემპერატურა მინუს ოცდაათ-ოცდათხუთმეტ გრადუსამდე დაეცემა, თანაც, ძლიერი ქარბუქია მოსალოდნელი. ეს ბუნების საჩუქარია და, სულელები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზნებისთვის არ გამოვიყენოთ. ამ პერიოდში ფაშისტებს შეტევაზე წამოვიყვანთ, მათ პროვოცირებას მოვახდენთ და მთელ თავიანთ ძალებს გადმოისვრიან. ამასობაში თქვენს მედგარ მეომრებს ამინდიც წამოეხმარება და ქარბუქსა და საშინელ ყინვაში მოყოლილ გერმანელ ჯარისკაცებს მცირე თავშესაფარიც რომ არ ექნებათ, თავისი დაემართებათ...
ოპერაცია „მოყინული ველი“ 5 დეკემბერს დასრულდა. როკოსოვსკის მესანგრეებმა მოსკოვის მისადგომებთან 60 კილომეტრის რადიუსში 4 600 შენობა-ნაგებობა გაასწორეს მიწასთან და ეს ყველაფერი გაოგნებული ფაშისტების თვალწინ ხდებოდა, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ, რამ შეშალა რუსები...
ზუსტად ათი დღის შემდეგ წითელმა არმიამ ცრუ მანევრი განახორციელა და ფაშისტების 550-ათასიანი არმია შეტევაზე წამოიყვანა, მერე კი ფლანგებიდან დასცხეს მათ და ოთდღიანი სისხლისმღვრელი ბრძოლა გაჩაღდა. შემდეგ კიდევ ორი ბრძოლა გაიმართა და, მართალია, ფაშისტებმა წინ წაწევა მოახერხეს, მაგრამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს და უკან დასახევი გზა მოეჭრათ, გაყინულ ტრიალ ველზე გაიჭედნენ და, როდესაც 25 დეკემბერს წითელი არმია მასობრივ შეტევაზე გადავიდა, ბრძოლისუუნარო ფაშისტებმა მათ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს... საგულისხმო ფაქტია, რომ მოსკოვთან, 550-ათასიანი ფაშისტური არმიიდან 50 ათასი ჯარისკაცი გაიქცა, 200 ათასი წითელარმიელებმა გაანადგურეს, 300 ათასს კი ყინვამ მოუღო ბოლო.
სტალინის სტრატეგიულმა გათვლამ გაამართლა – ოპერაცია „მოყინული ველი“ ასპროცენტიანი შედეგით დასრულდა და, რომ არა საბჭოთა ბელადის სიმტკიცე, ღმერთმა უწყის, რა მოხდებოდა.“