კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ნატრობდა იპოლიტე ხვიჩია საცურაო კოსტიუმში სესილია თაყაიშვილის ნახვას და როგორ გახდა ის მეთულუხჩე

ის მუშაობდა ხაშურში საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციაში ინსტრუქტორადაც; ხარაგაულში აგურის ქარხანაში მგეგმავი ეკონომისტის თანამდებობაზეც; ხე-ტყეს ჭრიდა ხაიშში, ლახამუშაში, ჭუბერში და ენგურზე აცურებდა; მუშაობდა სოხუმშიც – მეთულუხჩედ და პურის მცხობლად. სცენაზე 22 წლის ასაკში, ძმის დაარსებულ თეატრში ავიდა. 1936 წელს ტყიბულში, მეშახტეთა ცენტრალურ კლუბში, გამგედ და სამხატვრო ხელმძღვანელად გადადის, სადაც, ასევე, მსახიობიც არის და რეჟისორიც.  იმ პერიოდში ქუთაისის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად მისულმა დოდო ანთაძემ, რომელიც დასს ახალი მსახიობებით აკომპლექტებდა, ისიც მიიწვია „მე იპოლიტე ვარ, ყვინჩია... ააა... ყვინჩია, არა? მერე? შევცვალოთ „ყ” „ხ”-თი, რა მოხდება, ამით დაშავდება რამე, ვითომ? – არც არაფერი, ერთი ოხერია ორივე!“ (ნუნუ ხვიჩია, „მონოგრაფია მამაზე“) მოკლედ, ასე გახდა იპოლიტე ყვინჩია იპოლიტე ხვიჩია, რომლის დღიურებსაც ახლა წარმოგიდგენთ. 
„…არავინაა, მოგვხედოს ამ უპატრონოებს?“
ქუთაისში „ყვარყვარე თუთაბერი” ყოველთვის ანშლაგით მიდიოდა. ამ პიესის მთავარი გმირის შემსრულებელი კაპიტონ აბესაძე მუდამ თვითდაჯერებული იყო იმაში, რომ სცენაზე ვერანაირი მოულოდნელობა და კურიოზი ვერ გამოიყვანდა მდგომარეობიდან. მაგრამ, არსებობდა ისეთი კურიოზიც, რომელსაც „იპოლიტე” ერქვა და კაპიტონის წარმოსახვაში ვერ თავსდებოდა. იმ დროს, როცა ყვარყვარე თავის კაბინეტში შესული ჩამოძონძილი, ჩამოკონკილი, ფეხსაცმელმობრეცილი, ქუდჩამოფხატული წვინტლიანების – ყაყუტას, ქუჩარასა და ლირსას ციხეში ჩაყრას ბრძანებს, პიესის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ ისინი ბადრაგს უნდა გაჰყვნენ, მაგრამ ქუჩარამ (იპოლიტემ) ასე გააგრძელა როლი: დასტაცა ტელეფონის ყურმილს ხელი და უკუღმა ჩასძახა: „რევკომო, ალო, რევკომო! რევკომო, მოგვხედე, გვიშველე, ბატონო, არავინაა, მოგვხედოს ამ უპატრონოებს?” – ტელეფონის ყურმილის უკუღმა მომარჯვება და ეს „რევკომო!” ისეთი მოულოდნელი იყო ყვარყვარეს როლის შემსრულებლისთვის,  რომ მან (კაპიტონ აბესაძემ) ენა ვეღარ მოაბრუნა და სიცილი აუვარდა.
ფეოლა და მზით ნასიამოვნები სესილია 
„ფეოლას”  გადაღება ბათუმში მიმდინარეობდა. ამ დროს სესილია თაყაიშვილიც ოჯახთან ერთად ისვენებდა იქ.  გადაღებიდან ზღვისკენ მიმავალ იპოლიტეს ქუჩაში უკვე მზით ნასიამოვნები სესილია შეხვდა.
– აუ, სესილია, გამომასწარი?
– რა გინდა, ბიჭო, რა?
– რა და, შენი ნახვა მინდოდა საბანაო კოსტუმში.
– უჰ, მეხი კი დაგაყარე. ა, და შემხედე! – სესილიამ გაიხსნა ხალათი და საბანაო კოსტიუმში დაენახვა იპოლიტეს.
– დიდუუ! ყვავს დააჩხავლებს...
– დამეკარგე აქედან!
იპოლიტეს კვერცხები
სიკო დოლიძის ფილმში - „ქალაქი ადრე იღვიძებს” - იპოლიტე მუშის როლს ასრულებდა. ამ როლის ასათვისებლად  იპოლიტეს ხშირად უხდებოდა ელმავალმშენებელ ქარხანაში ყოფნა, სადაც ერთი მუშა, სახელად თორნიკე, ძალიან დაუახლოვდა და თითქმის ყოველდღე იპოლიტესთან ერთად მიირთმევდა ქალბატონ ლუბას გამოტანებულ საუზმეს. იპოლიტეს, ცოტა არ იყოს, აღიზიანებდა თორნიკეს ყოველდღიური თანამეინახეობა. ერთხელაც, აიღო კვერცხი, ითხლიშა მოტვლეპილ შუბლზე და გაფცქვნა, მეორე კი თორნიკეს გაუწოდა. იმასაც მოტვლეპილი შუბლი ჰქონდა, თორნიკემაც ითხლიშა კვერცხი, ოღონდ... მოუხარშავი. იპოლიტე ნეტარებით შეაცქერდა კვერცხის გულით მოთხუპნულ თორნიკეს ცხვირ-პირს. საღამოს შინ დაბრუნებულმა კარშივე მიახარა ლუბას – ისე ითხლიშა, ეჭვიც არ შეჰპარვიაო...
იპოლიტეს ტრიუკი ღორთან
რეზო ჭარხალაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის – „მეზობლების” გადაღება ქართლში, მდინარე ქსანზე მიმდინარეობდა. მოპარული შვიდთუმნიანი ღორით იპოლიტეს 4-5 მეტრის სიმაღლეზე გადებულ დიდ მორზე უნდა გაევლო.
– ვერ გადავალ!  – უკან დაიხია იპოლიტემ.
– გადახვალ! – ჩააცივდა რეჟისორი.
– რომ ჩავვარდე? – გაგიჟდა იპოლიტე.
– რა გიჭირს მერე? – გაცურავ! – იყვირა რეჟისორმა.
– თუ არაფერი მიჭირს, შენ გადავარდი, ცურვა არ ვიცი, კაცო, ცურვა! - იკივლა იპოლიტემ.
– მომიყვანეთ მყვინთავები! - იხუმრა რეჟისორმა.
– გადი, იპოლიტე, აგერ ვართ ჩვენ! – წაახალისეს გადამღები ჯგუფის წევრებმა.
– აგერ კი ხართ, იქ კი არ მეყოლებით. რომ ჩავვარდე?! – ბურდღუნით დაიძრა მორისკენ, თან საჩვენებელი თითით წყლისკენ უთითებდა, მეორე ხელით კი ღორს მიათრევდა.
– ეს სცენარით გათვალისწინებული არ არის! – არ ცხრებოდა რეჟისორი.
– წინ იყურე, წინ! – უძახდნენ მსახიობები, მაგრამ, ამის თქმა და ფეხის დაცდენა ერთი იყო და იპოლიტემ ღორთან ერთად მდინარეში მოადინა ზღართანი. ატყდა დიდი ვაი-ვიში, არც იპოლიტე ჩანდა და არც ღორი. ცოტა ხანში გამოჩნდა ღორი, რომელსაც კბილები ჩაევლო იპოლიტეს წითელ-ყვითელი ყვავილებით მოჩითული პერანგისთვის და დიდი მონდომებით ექაჩებოდა სახალხო არტისტს.
– კარგია, ძალიან კარგი, ერთი დუბლი კიდევ! – იხუმრა გულშემატკივრებიდან ერთ-ერთმა!
– გადაირია ეს ხალხი, მგონი! – მომილოცეთ, რომ ამ ტრიუკიდან უვნებელი გადავრჩი! – აკივლდა განწირული იპოლიტე.
უცებ მოიხედა და ღორი არსადაა... დიდუ! სადაა სიმწრით გადარჩენილი მწვადი? ფუი, იმის გაქცევა იქნება? დამიჭირეთ! მომიყვანეთ! – ყვიროდა, როგორც შეეძლო. 
„ჩაარტყი, კარლო, ბოთლი ძიძავას და შუქსაც ჩააქრობენ...“
60-იან წლებში ბ-ნმა დოდო ანთაძემ რუსთაველის თეატრში იპოლიტესთვის სპეციალურად დადგა ლევან სანიკიძის კომედია „ქუთათურები”. სპექტაკლში იყო ასეთი ათწუთიანი ეპიზოდი, როცა მაგიდას იპოლიტე ხვიჩია, ემანუილ აფხაიძე, კარლო საკანდელიძე, ჯემალ ღაღანიძე და ხუთი მომღერალი უსხედან, ხსენებული ეპიზოდი კი სინათლის ჩაქრობით მთავრდებოდა. მსახიობისათვის, რომელიც ოფიციანტს თამაშობდა, კახეთიდან ღვინო ჩამოეტანათ, მასაც უფიქრია, ამაზე უკეთეს ხალხს ვის დავალევინებო, ღვინით სავსე ჭურჭელი კულისებში დაუდგამს  და სპექტაკლისათვის განკუთვნილ ბოთლებშიც ეს ნამდვილი ღვინო ჩაუსხამს. პიესის მიხედვით, ოფიციანტი ერთხელ უნდა შესულიყო სცენაზე და ცარიელი ბოთლები გაეტანა, ამჯერად კი ათჯერ მაინც მოუწია სავსე ბოთლების შეტან-გატანა. სცენა ათწუთიანიც კი არ იყო, მაგრამ ნახევარ საათს გაგრძელდა სადღეგრძელოებსა და ცეკვა-თამაშში. ბოლოს ჯემალ ღაღანიძემ იპოლიტეს ჩუმად გადაულაპარაკა:
– გვეყო, ბატონო იპოლიტე, დავამთავროთ! -  
– შენ ხომ არ გაგიჟდი, რა უნდა დავამთავროთ?! ახლა ვიწყებ ქეიფს! – ჰკრა ხელი, გადააყენა თამადობიდან და დაიწყო სადღეგრძელოები. თამარ მეფიდან მოყოლებული, ყველა დიდი მამულიშვილის სადღეგრძელო შესვა და არც მაყურებელი დაივიწყა: თქვენს მობრძანებას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოსო; ვინც გარეთ დარჩა და სპექტაკლზე ვერ შემოვიდა, იმათი ხსოვნისაც იყოსო და ასე შემდეგ... შიგადაშიგ ვერიჩკასაც ახსენებდა. ჯემალ ღაღანიძემ მობოდიშებით ყურში ჰკითხა იპოლიტეს:
– ვერიჩკა ვინ არის?
იპოლიტემ კითხვითვე უპასუხა:
– აბა, ვისას ვართ?!
– ვერიჩკასას წუხელ ვიყავით, ახლა სცენაზე ვართ და დროზე დავამთავროთ, – არ ეშვებოდა ჯემალი, რომელსაც თავისი გაბარიტების გამო ღვინო ნაკლებად მოეკიდა.
– რა უნდა დავამთავრო?! – წამოხტა იპოლიტე მაგიდიდან, დანა აიღო, ჩაიდო პირში და დაიწყო ცეკვა. ახლა კარლო საკანდელიძეს მიუბრუნდა ჯემალი ხვეწნით:
– ჩაარტყი, კარლო, ბოთლი ძიძავას და შუქსაც ჩააქრობენ (პიესის თანახმად, სანამ საკანდელიძე ძიძავას მუყაოს ბოთლს არ ჩაარტყამდა, სინათლეს არ აქრობდნენ სცენაზე. ბოთლის ჩარტყმა ნიშანი იყო გამნათებლისთვის).
– რა ჩავარტყა? ბუტაფორული ბოთლი ოფიციანტმა წაიღო, ნაღდს ხომ არ ჩავარტყამ?! - მოუბრუნდა კარლო.
– ჩაარტყი!
– კი ბატონო, ჩავარტყამ!
– წაავლო ნამდვილ ბოთლს ხელი კარლომ და გაეკიდა შეშინებულ ძიძავას...  სიცილით დაოსებული მაყურებელი იატაკზე გორავდა...
მეოთხე სართულიდან
ნასროლი ბავშვი
სიცოცხლის ბოლო წლებში, ავადმყოფობის გამო, ბატონ იპოლიტეს სახლიდან გასვლა უჭირდა, ამიტომ, უმეტესად სულის მოსათქმელად აივანზე იჯდა ხოლმე. ერთხელ ეზოში რაღაცის მშენებლობა წამოიწყეს და, იპოლიტემ, რა თქმა უნდა, ზემოდან ყველა მშენებელი გაიცნო. ჩვეულებისამებრ, აივანზე დაჯდა, ხელში კი შალითაში გახვეულ ჩვილს ანანავებდა და უმღეროდა. უეცრად, თითქოს ვიღაცამ უკბინაო, მუშებს დაჰკივლა:
– მოდით, მიშველთ, ხალხი არა ხართ?! აღარ შემიძლია ამის ამდენხანს ფერება და აწი თქვენ დაიჭირეთო, – ეს თქვა და შალითებში გახვეული ჩვილი მეოთხე სართულიდან გადააგდო. მუშები თავპირისმტვრევით გამოცვივდნენ ბავშვის გადასარჩენად, მაგრამ, ხელი შეახეს თუ არა, „ბავშვი” შალითებიდან „ამოძვრა” და იქვე დაიწყო ხტუნვა.  ატყდა ერთი სიცილ-ხარხარი და სიმწრის ოფლის წმენდა – იპოლიტემ ღვინით სავსე ხუთლიტრიანი ტიკი გადაუგდო მუშებს...

скачать dle 11.3