მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: წმიდა მამები ხშირად ახსენებენ საღვთო შურს, მოშურნეობას. რას ნიშნავს საღვთო შური?
პასუხი: საღვთო შური ერთადერთი შურია, რომელიც ცოდვა არ არის. ეს ნიშნავს, შეიყვარო უფალი მთელი სულით, გულით, გონებით და შენი სული დადო მისთვის. მოშურნეობაში იგულისხმება, რომ ადამიანს უფლის სიყვარულით აღეძრა საღვთო შური – მიმსგავსებოდა უფალს, გამხდარიყო ღვთის ჭურჭელი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, რათა მიიღოს უფლისგან ჯილდო – ცათა სასუფეველი.
კითხვა: ცოდვაა თუ არა სურვილი, რომ გქონდეს ესა თუ ის ნივთი?
პასუხი: სურვილი, რომელიც სააქაო კეთილდღეობისთვის ზრუნვით არის გამოწვეული, ცოდვა არ არის. ეს არის ზრუნვა, საზრუნავი კი ყოველთვის აქვს ადამიანს. მართალია, უფალმა თქვა, ნუ ზრუნავთ ხვალისთვისო, მაგრამ არ უთქვამს, დღეისთვის არ იზრუნოთო. აქედან გამომდინარე, სურვილი ცოდვა არ არის. უბრალოდ, ის შურისგან უნდა განვასხვავოთ, ამას კი სინდისი გვიკარნახებს.
კითხვა: არის თუ არა ტყუილის თქმა ყოველთვის ცოდვა?
პასუხი: ტყუილის მამად წმიდა წერილში ეშმაკი იწოდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ტყუილის თქმა ყოველთვის ცოდვაა. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ტყუილი არსობრივად არის არა ტყუილი, არამედ სიმართლის დამალვა. ამის კლასიკურ მაგალითად გამოდგება წმიდა თევდორე მღვდლის მიერ მომხვდური მტრის სხვა გზით წაყვანა, რითაც სამშობლო მორიგი უბედურებისგან იხსნა. ტყუილს ყოველთვის ბოროტება მოაქვს, რადგან მისი სათავე ეშმაკია, ხოლო სიმართლის დამალვას ხშირად კეთილი ნაყოფი გამოაქვს, ამიტომ, რიგ შემთხვევაში ის არ ჩაითვლება ტყუილად.
კითხვა: საიდან მომდინარეობს პირჯვრის გადასახვის ტრადიცია?
პასუხი: ჯვრის გადასახვის ტრადიცია მოციქულთა ხანიდან იღებს სათავეს, ამის შესახებ არაერთგზის გვაუწყებს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეებში. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ჯვრის ნიშანს მხოლოდ ცერა თითით ისახავდნენ. ის წესი კი, რომლითაც ამჟამად ვისახავთ პირჯვარს მართლმორწმუნე ქრისტიანები, მოგვიანებით, მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიიღეს და დააკანონეს ეკლესიის წმიდა მამებმა.
კითხვა: რა არის სასოება?
პასუხი: სასოება არის ღმერთის იმედი, რომ უფალი შეგვინდობს ცოდვებს და საუკუნო ცხოვრებას მოგვანიჭებს.