წმიდა სწავლებანი
გულისმიერი ლოცვა
ლოცვა სამგვარი არსებობს: ბაგისმიერი, გონებისმიერი და გულისმიერი. პირველი გამოითქმის ბაგით, მაგრამ გონება მიმოვალს აქეთ-იქით; მეორე შემთხვევაში გონებაც მონაწილეობს ლოცვაში. გულის ყურადღებით შემჭიდროება არ არის საჭირო. თუკი ყურადღებით მკერდის არეში იქნები, მაშინ გულიც თანაუგრძნობს ლოცვას; მესამე შემთხვევა – გულისმიერი ლოცვა – იშვიათად მოიპოვება და უდიდესი სიმდაბლისთვის ენიჭება ადამიანს. „ისეთი ადამიანი, რომელიც ვნებებისგან არ განწმენდილა, არ უნდა გაკადნიერდეს ამგვარი ლოცვის შედგომით, – ამბობს წმიდა გრიგოლ სინელი, – გულის შემუსვრილებასა და ცრემლებს თვითმიზნად ნუ გაიხდი, ხოლო როდესაც თავად მოგიხილავს გულის ლმობიერება და სითბო, შეჩერდი მანამ, სანამ გაივლიდეს; ნუ იფიქრებ, რომ რაღაც დიდი დაიუნჯე. ეს ხდება ხოლმე ყურადღების მოკრებით, ხიბლი არ გეგონოს. კიდევ მსურს, გაცნობო: თუკი სითბო მთელ სხეულში დაგივლის, იგი ხორციელი კი არ არის, არამედ სულიერია. ამ დროს ცრემლი თავისთავად წამოგივა თვალთაგან და ადამიანებიც ანგელოზებად მოგეჩვენება. ფეხზე დგომას ვერ შეძლებ, უნდა დაჯდე ან დაწვე. თუკი ასეთი რამ ტაძარში დაგემართება, სასწრაფოდ გარეთ უნდა გახვიდე, თორემ ისინი, ვისაც მსგავსი რამ არ გამოუცდიათ, ხიბლში ჩაგითვლიან. ეს სინამდვილეში ხიბლი კი არ არის, არამედ ზეციერმა სტუმარმა მოგიხილა.”
ვალაამის მონასტრის სქემ-იღუმენი იოანე
მარხვის სახეები
ჭეშმარიტად არსებობს მარხვის ორი სახე და საშუალება და ორივეს წმიდა წერილსა და წმიდა გარდამოცემაში აქვს ფესვი გადგმული: პირველ სახეს შეიძლება ეწოდოს სრული მარხვა, რამდენადაც ის საჭმლისა და სასმლისაგან სრულ თავშეკავებაში მდგომარეობს; მეორე სახეა ასკეტიკური მარხვა, რამდენადაც ის ძირითადად გულისხმობს თავშეკავებას მხოლოდ გარკვეული სახის საკვებისგან და ზოგადად – მისი რაოდენობის შეზღუდვას. სრული მარხვა თავისი ბუნებით ხანმოკლეა, ის ერთი დღის განმავლობაში ანდა სულაც დღის რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება. ქრისტიანობის დასაწყისში მარხვას უცქერდნენ, როგორც მზადებასა და მოლოდინს, როგორც სულიერ კონცენტრაციას იმაზე, რაც უნდა აღსრულებულიყო. ხორციელი შიმშილი აქ დასასრულის სულიერ მოლოდინს შეესაბამება, მთელი ადამიანური არსების მზადებას მომავალი სიხარულის მისაღებად, ამიტომ საეკლესიო საღვთისმსახურო გარდამოცემაში სრული მარხვის ამ წესში ჩვენ ვპოულობთ უდიდეს დღესასწაულთან, ანუ პირად სულიერ მოვლენასთან შეხვედრის მოლოდინის დაგვირგვინებას.
სრულიად სხვაგვარია მეორე სახის მარხვის სულიერი აზრი, მარხვისა, რომელსაც ასკეტიკური ვუწოდეთ. ასეთი მარხვის მნიშვნელობა არის ადამიანის გათავისუფლება ხორცის უკანონო ბატონობისაგან. სულის სხეულზე და მის მოთხოვნებზე დაქვემდებარებისაგან, რაც პირველი ცოდვის, ადამიანის ცოდვით დაცემის ტრაგიკულ შედეგად გვევლინება. მხოლოდ ხანგრძლივი მოთმინებისა და ძალისხმევის შემდეგ ვხვდებით ჩვენ, რომ „არა პურითა ხოლო ოდენ ცხონდების კაცი“ და საკუთარ თავში სულის უპირატეს როლს აღვადგენთ. თავისი მნიშვნელობით ეს უნდა იყოს ხანგრძლივი და გაძლიერებული ღვაწლი, დროის ფაქტორი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ჭეშმარიტად დიდი დროა საჭირო ამისათვის, რომ ძირიანად აღმოვფხვრათ და განვკურნოთ ჩვეული და საყოველთაო სნეულება, რომელსაც ადამიანები უკვე საკუთარ ნორმალურ მდგომარეობად თვლიან.
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
მორჩილების საიდუმლო
მორჩილებაზე საუბარი მეტად რთულია, რამეთუ მას ერთი შეხედვით უხეში და გულუბრყვილო ფორმიდან ადამიანი ენით აუწერელ სამყაროში გადაჰყავს, იმ სამყაროში, რომელსაც არც ერთი ადამიანური განზომილება არ მიესადაგება. მორჩილება საიდუმლოებაა, რომელიც მხოლოდ სულიწმიდის მადლით ეხსნება ადამიანს, იგი არის ეკლესიის ცხოველმყოფელობისა და ნების უარყოფა; შეიძლება, ღვთის განგებულების საწინააღმდეგო მოქმედებად მოგვეჩვენოს. ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისუფალი ნება და სწორედ ამ თავისუფლებით ადამიანს ღვთაებრივი მეუფებისკენ, ანუ განღმრთობისაკენ მოუწოდა. შენ კი შენი ნება და გონება სხვა ადამიანს, თუნდაც წმიდანს, უნდა დაუქვემდებარო. ეს ბევრს დააბნევს და საძირკველს გამოაცლის. ბევრს ამგვარი ნაბიჯი ჯურღმულში გადაჩეხად, საკუთარი პიროვნების დაკარგვად, ყველაზე საზარელ მონობაში ჩავარდნად და თავის განადგურებად მოეჩვენება; მაგრამ მათ, ვინც სარწმუნოებით მიჰყვა ეკლესიის სწავლებას და ამ სწავლების სულისკვეთებით განახორციელა ეს უარყოფა, მორჩილება ზეგარდმო მონიჭებულ გამოუთქმელ სიკეთედ მოევლინა. მორჩილი შეიძლება შევადაროთ არწივს, თავისი მძლავრი ფრთებით დიდ სიმაღლეზე აფრენილს, რომელიც ამ სიმაღლიდან უზარმაზარ სივრცეს ჭვრეტს. ის ამ დროს გრძნობს თავის უსაფრთხოებას, ბოლომდე ფლობს ამ სიმაღლეს, რომელიც სხვათათვის მიუწვდომელი და შიშის მომგვრელია. მორჩილი სიყვარულით, სიხარულითა და მზადყოფნით ანდობს საკუთარ ნებასა და გონებას სულიერ მოძღვარს, რითაც თავისუფლდება ამქვეყნიური საზრუნავის უმძიმესი ტვირთისგან და შეიმეცნებს ფასდაუდებელს – ღვთაებრივ სიწმინდეს.
არქიმანდრიტი სოფრონი