კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აპირებს სახელმწიფო გაათავისუფლოს ბიზნესი მოგების გადასახადისგან და როგორ უნდა შეუწყოს ხელი საქართველოში მოპარული ფულის ოფშორების გავლით ისევ საქართველოში დაბრუნებას

2015 წელს საქართველოში მილიარდ 351 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი – 542 მილიონით, მეორეზე – გაერთიანებული სამეფო, 198 მილიონით; მესამეზე – ნიდერლანდები, 111 მილიონით; მეოთხეზე – ლუქსემბურგი, 87 მილიონით; მეხუთეზე – თურქეთი, 77 მილიონით; მეექვსეზე – ჩინეთი, 58 მილიონით; მეშვიდეზე – რუსეთი, 49 მილიონით; მერვეზე – საერთაშორისო ორგანიზაციები – 39 მილიონით და მეცხრეზე –  აშშ, 35 მილიონით. როგორც ვხედავთ, საქართველოს საინვესტიციო პაკეტში ოფშორული ზონებიდან (გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი) შემოსულ ფულს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ეს ტრადიცია, წლებია, გრძელდება. აქვე გეტყვით, რომ, სავარაუდოდ, ოფშორებიდან სწორედ ჩვენი თანამემამულეების მიერ ქვეყნიდან მალულად გატანილი ფული შემოდის. კარგია ეს თუ ცუდი საქართველოს ეკონომიკისთვის, – ამ საკითხს პროფესორი ლია ელიავა განგვიმარტავს.

 – რას ნიშნავს ოფშორიდან შემოსული ინვესტიცია, რით განსხვავდება არაოფშორული ინვესტიციისგან, რადგან ეს ის არ არის, თურმე, რაც ჩვენ გვეგონა?
– საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც მწვავე საინვესტიციო შიმშილს განიცდის, ნებისმიერი თანხა, რომელიც შემოდის, მისასალმებელია, თუ ის ჩაიდება ეკონომიკაში. მათ შორის, რა თქმა უნდა, ოფშორებიდან. ვინაიდან საქართველოს მოქალაქეების მიერ ოფშორულ კომპანიებში ჩადებული თანხები არის საქართველოს საგადასახადო სისტემიდან გადანახული თანხები, გატანილი სხვა ქვეყანაში, ფაქტობრივად, ეს არის რუხი ფული და თუ ეს რუხი ფული შემოვა საქართველოში, ანუ დაბრუნდება უკან, როგორც მწარმოებლური კაპიტალი და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ეს ცუდი არ არის. მე შევთავაზებდი მთავრობას, მიიღოს სპეციალური დადგენილება საქართველოს მოქალაქეების მიერ ოფშორში არსებული თანხების საქართველოში რეპატრიაციისა და მათი საქართველოში დაბანდების შესახებ. ანუ საქართველოს მთავრობამ თუ გამოაცხადა ოფშორული თანხების ამნისტია და დაუშვა მათი საქართველოში კანონიერად შემოტანა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის, საქართველოს ეკონომიკისთვის –  ინვესტიციების გაზრდის მხრივ.
– რა განსხვავებაა ოფშორიდან და არაოფშორიდან შემოსულ ინვესტიციას შორის ბიუჯეტის შემოსავლების თვალსაზრისით?
– საქართველოში მოქმედებს უცხოეთიდან შემოსული ინვესტიციების ხელშემწყობი რეჟიმი, არსებობს კანონი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს უცხოურ ინვესტიციას და როგორც ვხედავთ,  საქართველოს მთავრობა აღარ არჩევს, ეს არის ოფშორიდან თუ უცხოური კანონიერი წყაროდან შემოსული ფული. თუმცა საქართველოში არსებობს რამდენიმე თავისუფალი ეკონომიკური ზონა, ფაქტობრივად, ოფშორები, სადაც უცხოელი ინვესტორები ძალიან შეღავათიან საგადასახადო რეჟიმში მუშაობენ. მაგრამ საქართველოში ვერ იმუშავა თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონებმა, იმიტომ რომ, ოფშორებიდან წამოსულ ფულს სჭირდება სტაბილური პოლიტიკური გარემო. მსოფლიოში არსებული ყველა ოფშორი არის სტაბილური პოლიტიკური გარემოს მქონე ქვეყანაში და იმიტომაც ილექება იქ ასეთი დაუბეგრავი კაპიტალი. ოფშორული ზონების თავისებურებია ის, რომ ამ ზონაში განთავსებული კაპიტალი არ იბეგრება ან მისი დაბეგრვა არის მინიმალური; გარდა ამისა, ოფშორში კაპიტალის გაჩერებისა და საგადასახადო შეღავათების მთავარი პირობა ისაა, რომ ოფშორული კომპანია არ უნდა საქმიანობდეს ოფშორული ქვეყნის ეკონომიკაში, უნდა საქმიანობდეს სხვა ქვეყანაში და სწორედ ეს განაპირობებს საგადასახადო შეღავათებს.
– განვმარტოთ, თუ ამერიკულ ოფშორშია დარეგისტრირებული კომპანია, მას არ აქვს უფლება, ჩადოს ფული ამერიკის ეკონომიკაში?
– იმ ზონაში არ აქვს ფულის ჩადების უფლება. მაგალითად, ამერიკას აქვს ოთხი ოფშორული ზონა. დელავერის შტატშია რეგისტრირებული აუდიტორული ფირმა „ერენსტ და იანგი“, ამიტომ მან შეიძლება, ისაქმიანოს სხვაგან, მაგრამ არა დელავერის შტატში, რათა ისარგებლოს საგადასახადო შეღავათებით. ჩვენთან კი ხდება შემდეგი: მთავრობა გადასახადებისგან ათავისუფლებს ადგილობრივ ბიზნესს, რასაც ოფშორსაც ვერ დაარქმევ. კიდევ გასაგები იქნებოდა, რომ უცხოეთიდან შემოსული ფირმა გაეთავისუფლებინათ გადასახადებისგან, მაგრამ ადგილობრივი ბიზნესის გათავისუფლება გადასახადებისგან, ალბათ, ბოლომდე გაუაზრებელი ნაბიჯია. სავალუტო ფონდმა ამის შესახებ ცოტა რბილად, მაგრამ მაინც უთხრა მთავრობას, რომ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო პრობლემები შეგექმნებათო.
– რით ასაბუთებს მთავრობა ამ ინიციატივას, რა წერია განმარტებით ბარათში?
– ამ ინიციატივის ეკონომიკური დასაბუთება მთავრობას არ წარმოუდგენია. არ გაუკეთებია გათვლები, რამდენად გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა ამის შედეგად და რა მოუვა ბიუჯეტს. ყოველ შემთხვევაში, ეს გათვლები საზოგადოებისთვის არ წარუდგენია და საეჭვოა, აქვს თუ არა საერთოდ ეს გათვლები. ჩემი ვარაუდით, ეს ინიციატივა არის ადგილობრივი ბიზნესის ზეწოლის შედეგი. როდესაც ქვეყანაში ინსტიტუციური სტრუქტურები სუსტია, ის ადვილად ექცევა მსხვილი ბიზნესის ზეგავლენის ქვეშ. ეკონომიკური თვალსაზრისით, ადგილობრივი მწარმოებლების მდგომარეობა ამით არც გაუარესდება და არც გაუმჯობესდება, იმიტომ რომ, ისინი ისედაც მინიმალურ მოგებას აჩვენებენ და თუ შენ იმპორტიორებსა და საფინანსო სექტორს გაათავისუფლებ გადასახადებისგან, ეს ხეირს ვერ მოუტანს ქვეყანას. ხოლო, თუ მაინცდამაინც იყო საჭირო ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირება, პირადად მე, გავათავისუფლებდი იმ ბიზნესს, რომელიც რაღაცას აწარმოებს ქვეყანაში, იმ ბიზნესს, რომელიც მატერიალურ დოვლათს ქმნის. ყოველგვარ ეკონომიკურ აზრსაა მოკლებული მოგების გადასახადებისგან გათავისუფლება იმპორტიორებისა, რომლებიც ქვეყნის გარეთ ზიდავენ ფულს და აფინანსებენ სხვა ეკონომიკებს. მათ შორის, როგორც გითხარით, საუბარია საფინანსო სექტორზე, რომელსაც აქვს უზარმაზარი შემოსავალი მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო და მათი გათავისუფლება მოგების გადასახადისგან, გაუმართლებელია როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალურად. ნორმალურ ქვეყნებში დამწყებ ბიზნესს ყოველთვის წაახალისებენ და 2-3 წლით ათავისუფლებენ გადასახადებისგან. შეიძლებოდა მათი ცალკე გამოყოფა და მწარმოებლური სფეროს გათავისუფლება გადასახადებისგან. ეს უნდა გაკეთებულიყო დიფერენცირებულად და გარკვეული ვადით და არა მუდმივად.
– ჩვენთან, რატომღაც, საიდუმლოა ინფორმაცია კომპანიების მოგების შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთი ნავთობკომპანია აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ბიუჯეტში შეიტანა ამდენი და ამდენი ასეული მილიონი, რომელშიც შედის საშემოსავლო, დღგ, მოგების გადასახადი და სხვა. ანუ მოგებას აღარ შეიტანს ბიუჯეტში, მაშინ რაღა შეავსებს მას?
– თქვენი კითხვის პირველი ნაწილის პასუხად ვიტყვი, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში არავინ მალავს თავის მოგებას, პირიქით, კომპანიები ამაყობენ თავიანთი მოგებით და აქვეყნებენ ამ მონაცემს; მხოლოდ საქართველოში მალავენ კომპანიები თავიანთი მოგების სიდიდეს. რაც შეეხება გადასახადს: თუ კომპანია მოახდენს მიღებული მოგების რეინვესტირებას თავის ბიზნესში, მაშინ ის თავისუფლდება მოგების გადასახადისგან. თუ კომპანია დაუმტკიცებს ხელისუფლებას, რომ მიღებული ისევ წარმოებაში ჩადო, ის თავისუფლდება და, შესაბამისად, თანხა დააკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს.
– ეჭვი მაქვს, არ გაუჭირდებათ ამის დამტკიცება მაშინაც კი, თუ მოგება არ რეინვესტირდება. აქვს ამის შემოწმების საშუალება შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურას?
– ხაზი მინდა, გავუსვა, რომ დღეს საგასახადო ორგანოებს არ აქვს ის ადმინისტრაციული ბერკეტი და რესურსი, რომ ყველა კომპანია, რომელიც მოახდენს რეინვესტირებას, გადაამოწმოს. მეტიც, მთავრობას არ შეუმუშავებია კრიტერიუმები, რის მიხედვითაც უნდა ჩაითვალოს თანხა რეინვესტირებულად. ეს რეფორმა არის ჯერ კიდევ ბოლომდე გაუაზრებელი. არ არის გათვლილი მისი არც მოკლევადიანი და არც გრძელვადიანი შედეგი. რეფორმა ნედლია და მომავალში მისი კიდევ უფრო ბევრი ნაკლოვანება გამოჩნდება.
– იქნებ არჩევნებს უკავშირდება?
– დაპირება მაინც დაპირებაა. შესაძლოა, იყოს პოლიტიკური გათვლა, მაგრამ მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე, როგორც ეკონომისტი გეუბნებით, რომ ის ასეთი სახით ქვეყანას არ წაადგება. ეკონომიკური თვალსაზრისით, თუ გადამუშავდება, მაშინ კიდევ შეიძლება მასზე მსჯელობა.
– ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც შემოდის ქვეყანაში, ადეკვატურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე?
– მოდი, ასე ვთქვათ, ინვესტიციების მეტი წილი შემოდის მომსახურების სფეროში, ხოლო სამეწარმეო სფეროში ინვესტიციები არის მინიმალური. მომსახურების სექტორი კი რა არის? საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სასტუმროები, ანუ დარგები, რომლებიც მატერიალურ დოვლათს არ ქმნიან. ამიტომ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე ეს გავლენას ვერ ახდენს. ეს არის დღევანდელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხერხი. დღეს გშია? შეჭამე და ხვალ რა მოგივა, ამას უკვე ასეთი ინვესტიცია აღარ ემსახურება. ხვალინდელ დღეს ემსახურება მშენებლობა, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. ეს სამი მნიშვნელოვანი დარგი ქმნის ქვეყნის მატერიალურ დოვლათსა და სიმდიდრეს მომავალი თაობებისთვის. რაც დღეს გვაქვს, ის ყველაფერი შექმნილია 25-30 წლის წინათ და ამას, წინა თაობების მიერ შექმნილ დოვლათს მოვიხმართ ჯერ კიდევ. ახალი არაფერი იქმნება, იმიტომ რომ, ქვეყანა გადართულია მომსახურებაზე, რაც მატერიალურ დოვლათს არ ქმნის. ოფშორებიდან შემოსულ თანხას, წესით, არ დებენ გრძელვადიან დაბანდებებში. ეს არის ინვესტიცია, როდესაც უნდათ, რომ სწრაფად მიიღონ ამონაგები. სწრაფ ამონაგებს კი მომსახურების სფერო იძლევა. ანუ ქვეყნის წინსვლისთვის ასეთ ინვესტიციებს აქვს ნულოვანი დანიშნულება.
– როგორც აღმოჩნდა, ქვეყნიდან იმაზე არანაკლები თანხა გადის, ვიდრე შემოდის, მაგალითად, ინვესტიციების სახით. რატომ და რაზე მიანიშნებს ეს ტენდენცია?
– ბუნებრივია, როდესაც შემოდის ინვესტიცია, ინვესტორს სურს, გაიტანოს თავისი შემოსავალი, მაგრამ არათანაზომადი არ უნდა იყოს ეს გატანა. მაგალითად, შემოვიდა 30 მილიონის ინვესტიცია და იმავე წელს გავიდა 25 მილიონი. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ინვესტორმა ერთ წელიწადში ამოიღო თავის მიერ ჩადებული ინვესტიცია, რაც არ არის ნორმალური და მიანიშნებს, რომ ქვეყნიდან გაედინება კაპიტალი. შესაძლოა, ეს ოფშორებში გადენილი კაპიტალი იყოს არა მარტო ოფშორული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი, არამედ სხვა პირდაპირი ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი. ფაქტობრივად, ქვეყნიდან კაპიტალი გაედინება და გადინების ეს პროცესი განსაკუთრებით აშკარა და მწვავე იყო 2015 წელს, როდესაც გაქცეული კაპიტალის გამო, ლარის კურსი ასე მკვეთრად დაეცა და ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები გააუარესა. ჩვენ დეკლარირებული გვაქვს, რომ ვართ ღია ტიპის მცირე ეკონომიკა, ანუ ჩვენ არ გვაქვს კაპიტალის მოძრაობაზე ბარიერები. ქვეყანაში ისე შედის და გადის კაპიტალი, რომ მისი გამკითხავი არავინაა.
– არ შეიძლება, შეაყოვნონ კაპიტალი, დათქმები დაიდოს კანონში? ეს ანტიეკონომიკური ან ანტიდემოკრატიული იქნება?
– არავითარ შემთხვევაში, რადგან სწორედ ამას ჰქვია სავალუტო პოლიტიკა და ამ სავალუტო პოლიტიკის გამტარებელი ქვეყანაში არის საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურად უმტკიცებს ეროვნულ ბანკს ფულად-საკრედიტო, სავალუტო პოლიტიკას. სავალუტო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი კი არის სავალუტო კონტროლი, ანუ კონტროლი იმისა, თუ როგორ შემოდის და გადის ქვეყნიდან უცხოური ვალუტა. ეროვნულ ბანკს კი არ გააჩნია აი, ეს სავალუტო პოლიტიკა და ამიტომ კონტროლიც ბუნდოვანია. თანხები არ კონტროლდება და ასეთი ღია დერეფანი, როდესაც ვალუტა შედის და გადის, პირდაპირ ურტყამს ქვეყნის ეკონომიკასა და სავალუტო კურსს. იცით, რით განსხვავდება ოფშორული ზონების ეკონომიკები საქართველოს ეკონომიკისგან? იქაც უზარმაზარია კაპიტალის მოძრაობა, მაგრამ ამას არ აქვს შეხება ოფშორული ზონის ეკონომიკასთან, ანუ ვალუტის ეს მოძრაობა იქაური ეკონომიკის ზემოთ გადადის და არ მოქმედებს არც ვალუტის კურსზე და არც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. ეს პროცესი განცალკევებულია ქვეყნის ეკონომიკისგან, ჩვენთან კი პირდაპირაა ჩანერგილი უცხოური კაპიტალის მოძრაობა ქვეყნის ეკონომიკაში. რატომ ვამბობ, რომ ჩვენთან სავალუტო კურსის დადგენის მექანიზმი არის მახინჯი? იმიტომ რომ, ასეთი კაპიტალის მოძრაობა, რომელიც არ არის დასაქმებული საქართველოს ეკონომიკაში, პირდაპირ გავლენას ახდენს სავალუტო კურსზე. როგორც ვხედავთ, ეს პრობლემა კომპლექსურია და სჭირდება კომპლექსური გადაწყვეტა, რის ნიშნებსაც მე დღეს ვერ ვხედავ.

скачать dle 11.3