კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯარში გაწვევის რა მოდელები იმოქმედებს 2017 წლიდან

თავდაცვის მინისტრმა შეგვატყობინა, რომ 2017 წელს ახალწვეულებს შეიარაღებულ ძალებში აღარ გაიწვევენ; მეტიც, ამიერიდან ქართულ ჯარში იმსახურებენ კონტრაქტორები და მოხალისეები (ანუ ჯარში ნებაყოფლობით წასვლის მსურველები). გამომდინარე საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარი საფრთხეებისა და რთული გეოპოლიტიკური ვითარებიდან, ამ სიახლემ ურთიერთგამომრიცხავი ემოცია გამოიწვია. რეალურად როგორ ვაპირებთ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას და მის წინაშე მდგარი გამოწვევების განეიტრალებას და იქნებიან თუ არა ვალდებულები საქართველოს მოქალაქეები, თავად დაიცვან საკუთარი სახელმწიფო, თუ მაინც იმის იმედზე იქნებიან, რომ „ნატოს“ ჯარი იომებს მათ ნაცვლად? –  საკითხს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი თავდგირიძე განგვიმარტავს.  
– გავრცელებული ინფორმაციით, გაუგებარი დარჩა, სამხედრო-სავალდებულო გაწვევა მხოლოდ 2017 წელს არ იქნება თუ საერთოდ არ იქნება 2017 წლიდან?
– მინისტრმა განაცხადა, რომ 2017 წლიდან შეიარაღებული ძალები არ გაიწვევს თავის რიგებში სამხედრო ვალდებულებს, რაც არ ნიშნავს, რომ 2016 წლის მაისში არ გვექნება გაწვევა. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ თავდაცვის უწყება არ გამოიყენებს ამ ფორმას.
– და გამოიყენებს სხვა უწყებები: შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი?
– ეს არ არის არანაირი პროექტი, უბრალოდ, თავდაცვის უწყებამ თავისი უწყებრივი პოზიცია გამოაცხადა და ეს ვალდებულება მან ჯერ კიდევ 2013 წელს აიღო, როდესაც თავდაცვის უწყების მესვეურები აცხადებდნენ, რომ 2017 წლიდან შეიარაღებულ ძალებში იმოქმედებდა საკონტრაქტო პრინციპი. მაგრამ ესეც არ ასახავს რეალობას სრულად, იმიტომ, რომ 2017 წელს თავდაცვის უწყება გამოიყენებს ორ ფორმას: საკონტრაქტო და რეზერვის სამხედრო სამსახურს.
– ნებაყოფლობითი რას ნიშნავს? ითქვა, რომ გაწვევის ორი ფორმა იქნება: საკონტრაქტო და ნებაყოფლობითი.
– რეზერვი და სამობილიზაციო კონცეფცია განხილვის ფაზაშია და ამ პროცესში ჩართულია საზოგადოების ფართო ფენები. კონცეფცია საბოლოოდ გაფორმირდება ივნისში და ამის შემდეგ შეგვეძლება, ვისაუბროთ, ნებაყოფლობითი იქნება ეს თუ სარეზერვო. მათ შორის, იქნება სამი ტიპის სარეზერვო სამსახური: ერთი –  სავალდებულო, მეორე –  ნებაყოფლობითი, ხოლო მესამე –  სპეციალისტთა რეზერვი, როდესაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანი იმსახურებს  თავისი პროფესიით და მიიღებს ხელფასს. იგულისხმებიან იმ პროფესიის ადამიანები, რომლებსაც სამხედრო სასწავლებლები არ ამზადებენ, მაგრამ ჯარს სჭირდება.
– მაგალითად, ექიმები, გეოლოგები…
– თუნდაც ოპტიკის სპეციალისტი და, არ აქვს მნიშვნელობა, ამ სპეციალისტს აქვს თუ არა გავლილი საშტატო და ტაქტიკური მომზადება, ის იმსახურებს შეიარაღებულ ძალებში, აიღებს ხელფასს, რაც ამ შტატზეა გათვალისწინებული და ატარებს ფორმას, როგორც რეზერვისტი.
–  შთაბეჭდილება შეიქმნა ისეთი, რომ გაწვევა არ იქნება და საქართველოს შრომისუნარიან მოქალაქე მამაკაცებს ელემენტარული სამხედრო უნარებიც კი არ ეცოდინებათ. მით უმეტეს, ვიცით რა, რომ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა ორიენტირებულია ქართველი სამხედროების გაწვრთნაზე კოალიციის და არა საქართველოს სამხედრო საფრთხეების გადასაჭრელად. იქნებ განვმარტოთ, რა ტიპის სამხედრო მომზადებაზეა ლაპარაკი?
– ისევე, როგორც ევროპულ ქვეყნებშია, საქართველოს შეიარაღებული ძალები გამოიყენებს სამხედრო სამსახურის რამდენიმე ტიპს: საკონტრაქტოს, რასაც ჩვენ პროფესიულ სამსახურს ვუწოდებთ...
– ეს კომპონენტი ხომ არის უკვე?
– დიახ; მეორე –  იქნება სარეზერვო სამსახური და შემოგვაქვს ტერიტორიული კომპონენტი; ახლა ვისაუბროთ, თუ რას ვუპირებთ სამხედრო-სავალდებულო სამსახურს. დღეს არსებული გაწვევის სისტემა არის საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა, რომლის ტრანსფორმაციასაც ვცდილობდით, მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ, ვთქვათ უარი იმ სისტემაზე, რომელიც არ გვაძლევს შედეგს. ერთი პრინციპია ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური, რომელიც ძალიან წარმატებულად ფუნქციონირებს გერმანიაში და მეორე მოდულია დროში გაწერილი სამხედრო ვალდებულება, როგორიც აქვს შვეიცარიას, სადაც განსაზღვრულია, რომ ადამიანმა, საერთო ჯამში, უნდა იმსახუროს 360 დღე 10 წლის განმავლობაში და წელიწადში 30-35 დღე უწევს ნამდვილი სამხედრო სამსახური.
– ამასობაში, არ ავიწყდებათ ნასწავლი თუ ეს მანქანის ტარებასავითაა?
– სისტემა საათობრივადაა აწყობილი  და შვეიცარიის შეიარაღებული ძალები უნარებით ერთ-ერთი საუკეთესოა. გადიან ძალიან ინტენსიურ საბაზისო მომზადებას, შემდგომ კი ინარჩუნებენ კვალიფიკაციას. მესამე მოდულია ხანმოკლეობა:  4 ან 6-თვიანი ინტენსიური მომზადება, როდესაც ახალგაზრდა მოვა შეიარაღებულ ძალებში, გაივლის მომზადებას, მაგრამ შემდეგ არ ექნება ყაზარმაში ყოფნის ვალდებულება და გადადის რეზერვის რომელიმე სისტემაში და, როგორც რეზერვისტი, წელიწადში 30 ან 35 დღის განმავლობაში შეასრულებს თავის მოვალეობას. სამივე მოდული მისაღებია, მაგრამ თითოეულის დათვლაა აუცილებელი. დავითვლით და სამივეს წარვუდგენთ საზოგადოებას, რომ თავად გადაწყვიტოს, რომელი ავამოქმედოთ.
– გერმანიაში მოქმედებს ნებაყოფლობითი სისტემა და არ აქვთ მოხალისეების პრობლემაო. ჩვენთან იმუშავებს ეს პრინციპი? არსებობს მასობრივი მოტივაცია, რომ ნებაყოფლობით იმსახურონ ჯარში?
– დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ეს მოდელიც იმუშავებს. მინდა გითხრათ, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურის ტრანსფორმაცია არ იყო თინა ხიდაშელის, როგორც მინისტრის, ახირება; ყველა მოდულზე უნდა შევცვალოთ მიდგომები, უნდა დავანგრიოთ ის ძველი სისტემა, რომელიც არ მუშაობს. ჩვენ შეგვეძლო, სხვა გზით წავსულიყავით, თავად შეგვემუშავებინა რეზერვის სისტემა; გვეთქვა, ჩვენ ვართ ჭკვიანები და გვინდა, რომ ასეთი იყოს რეზერვის სისტემა, გინდათ თუ არა, წაგიყვანთ ჯარში, მაგრამ ასე არ გავაკეთეთ. ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, ერთად შევქმნათ ეს სისტემა. მოდი, ერთად ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და, როდესაც ეს მოდელი ამუშავდება, ის იქნება ერთობლივად შექმნილი მოდელი. მასში ჩაიდება ის პრინციპები, რომლებიც ევროპაში მუშაობს და რომლებსაც მიიღებს და გადახარშავს ქართული მენტალობა. ჩვენ კი ყველა ეტაპზე ჩვენს საზოგადოებას შევთავაზებთ ორგანიზების ძალიან მაღალ დონეს. თავიდან ბოლომდე იქნება ის მიდგომა, როგორსაც ვხედავთ ევროპაში, ორგანიზაციული მხარეც უმაღლეს დონეზე მოგვარდება. ამას გარდა, ნებაყოფლობითობის პრინციპი არ იქნება მხოლოდ მოდელი, არამედ ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ეს მოდელი მოდური, როგორ ჩამოვაყალიბოთ ბრენდად და ვაქციოთ ჯარში სამსახური პრესტიჟულად. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკოსი თუ ჩინოვნიკი იტრაბახებს, რომ მისი შვილი, მეუღლე თუ ნათესავი სამშობლოს ემსახურება, ის რეზერვისტია და ნებაყოფლობით მსახურობს რეზერვში. კიდევ ბევრი ილეთია, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს იქნება არა რაღაც ნაცოდვილარი, არამდე ის სისტემა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს.
– არსებითია, რომ ეს ტრანსფორმაცია არ იყოს დამოკიდებული ხელისუფლებისა თუ მინისტრის ცვლილებაზე, თორემ, ასე ვერასდროს შევქმნით ვერანაირ სისტემას. ამის პრევენცია რა არის?
– ეს კონცეფცია არ არის მორგებული რომელიმე პოლიტიკურ ფიგურაზე, ის იქნება საზოგადოებრივი პროდუქტი, ამდენად, ამის გაჩერება გამორიცხულია. ზუსტად ამას ვნერგავთ, რომ საზოგადოების ურყევი პრინციპი იყოს –  ჩემი ქვეყანა ჩემი დასაცავია. ამიტომ ვთავაზობთ, ვიფიქროთ ერთად, რადგან, როდესაც ეს სისტემა ამოქმედდება, ჩვენ ერთად მოგვიწევს რეზერვში ყოფნა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გაწვევის გაუქმება არ ყოფილა მოულოდნელი. გენერალური შტაბი ჯერ კიდევ 2013 წლიდან მუშაობს იმაზე, რომ ახალწვეულები არ ეყოლებოდა 2017 წლიდან. ჩვენ არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ შევთავაზებთ საზოგადოებას მოდულებს, რომლებზეც გესაუბრეთ და არჩეული მოდული იქნება ზუსტად ისეთი, რომელიც გააძლიერებს შეირაღებული ძალების შესაძლებლობებს. მონათმფლობელობა დასრულდა, მათ შორის, საბჭოთა მონათმფლობელობა და ჩვენთანაც უნდა შეიცვალოს მიდგომები, იმიტომ კი არა, რომ სამხედრო ვალდებულებაა მიუღებელი, არამედ იმიტომ, რომ ეს ვალდებულება იყოს შედეგიანი. ამ ვალდებულების მოხდის ფორმები იქნება სხვადასხვა: ნებაყოფლობითი, კონტრაქტი, რეზერვი, ალტერნატიული სამხედრო სამსახური…
– აქვე ვიტყვი მეც, რომ არც მე მომწონდა არსებული სისტემა, როდესაც ჯარში წასული ახალგაზრდა ვერანაირ სამხედრო უნარს ვერ ითვისებდა და სამ დღეში ერთხელ იდგა ყარაულში; შესაძლოა, ამიტომაც იყო მოტივაცია დაბალი. როგორი  მოდულიც არ უნდა შეირჩეს, ის უზრუნველყოფს, რომ მამრობითი სქესის ასაკით შესაფერისმა შრომისუნარიანმა მოქალაქეებმა აითვისონ თავდაცვის ანაბანა, მით უფრო, რომ სკოლაშიც არ გადიან ბავშვები არანაირ მომზადებას?!
– სხვათა შორის, მაისში სკოლებში ვატარებთ სპორტულ ღონისძიებებს. ჯერჯერობით სამი სკოლა შევარჩიეთ და ეროვნული გვარდია ჩაატარებს სამხედრო-პატრიოტულ თამაშებს, რომელთა მოცულობაც თანდათან გაიზრდება. ჩვენც ვსწავლობთ ბავშვებთან ურთიერთობას, იმიტომ, რომ ეს ახალი ხილია. ფორმიანებს ასე ხელაღებით ვერ შეუშვებ სკოლებში. რაც შეეხება თქვენი კითხვის კონტექსტს: ჩვენი მიზანიც ისაა, რომ მივაღწიოთ სამხედრო მომზადების საყოველთაობას. პირველ ეტაპზე ეს შეიძლება იყოს 10 000-12 000-იანი კონტინგენტი, მაგრამ გვინდა, რომ სისტემამ ეტაპობრივად მოიცვას რაც შეიძლება ფართო მასები.
– ქალების საქმე როგორ იქნება? ექნებათ, ანუ, გვექნება სამხედრო ვალდებულება?
– ჩვენ არ დავაწესებთ გენდერულ ბარიერებს შეიარაღებულ ძალებში. მეტიც, ისინი დივიდენდებს მიიღებენ. ჩვენ ვმუშაობთ სისტემაზე, რომ, ის ადამიანები, რომლებიც ნებაყოფლობით იმსახურებენ სამხედრო სამსახურში, შეიარაღებული ძალებიდან წავიდნენ ერთი ან ორი სამოქალაქო სერტიფიცირებული სპეციალობით.
– პროფესიულ განათლებას გულისხმობთ?
– დიახ, ესეც შეიძლება, იყოს მოტივაციის ამაღლების საშუალება. რაც შეეხება რეზერვს: გარკვეული კატეგორია მიიღებს ფინანსურ და პრემიულ ანაზღაურებას, მაგრამ, ძირითადად, მოძრაობა „დაიცავი საკუთარი ქვეყანა“ იქნება საყოველთაო პროგრამა. ის, რომ შენ ხარ შენი ქვეყნის ჯარისკაცი, იქნება მოტივაციის ერთ-ერთი მძლავრი ფორმა.
– მე რომ მკითხოთ, მთავარი ესაა, მაგრამ სხვები როგორ ფიქრობენ?
– ესტონეთიდან გვესტუმრა დელეგაცია, რომლებთანაც კონკრეტული შეკითხვები გვქონდა. ისინი გვესაუბრნენ თავიანთ სარეზერვო სისტემაზე, ნებაყოფლობითი სისტემა აქვთ და რიგები უდგათ, რადგან მსურველი გაცილებით მეტია. ჩვენი კონცეფციაც ამაზე აიგება: ეს ჩემი ქვეყანაა და მე უნდა დავიცვა. რა თქმა უნდა, გვეყოლება პროფესიული კომპონენტი, რომელიც მთავარ ტვირთს აიღებს, მთავარი დამრტყმელი ძალა, რომელიც ყველაზე სწრაფად, ხარისხიანად და შედეგიანად დაიცავს ქვეყანას, მაგრამ ჩვენი სიმრავლე შეუქმნის ფონს, რომ მისი მოქმედება იყოს უფრო ეფექტიანი.
– სწავლისგან თუ სამსახურიდან მოწყვეტა სახელდება ერთ-ერთ ხელის შემშლელ ფაქტორად. ეს გათვალისწინებული იქნება?
– ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდულები საშუალებას მისცემს ადამიანს, რომ თავად დაგეგმოს თავისი კარიერა; მასთან იმუშავებს ოფიცერი, რომელთანაც შეათანხმებს, როდის და რა პირობებში მოიხდის სამხედრო-სავალდებულო სამსახურს.
– საკონტრაქტო სამსახური კარგა ხანია, გვაქვს, იქ ხომ არ არის მსურველების სიმცირე? თუმცა, გარდა სურვილისა, მონაცემებიცაა საჭირო.
– კონკურენცია იქაც მაღალია, თუმცა, კარგი იქნება, უფრო მაღალი იყოს და, ასევე, მისი სოციალური და გეოგრაფიული შემადგენლობაც, მაგრამ ამის დროც მოვა. ხარისხიც არ არის ცუდი, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, რომ ამის მოთხოვნა იყოს საზოგადოების ელიტურ წრეებშიც. საზოგადოებისთვის ჩვენ მიერ შეთავაზებული სარეზერვო თუ ნებაყოფლობითი სამსახურის მოდელი მიმზიდველი იქნება თავისი შინაარსით და სწორედ ესაა „ნატოს“ სტანდარტები, რომლებზეც ყველა ლაპარაკობს და არავინ იცის დაზუსტებით, რას ნიშნავს ეს სტანდარტები. დასავლეთი ამბობს ცალსახად, რომ საქართველოს, როგორც გეოგრაფიულ მონაკვეთს, „ნატოში“ არავინ მიიღებს, საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება „ნატოს“ წევრი, თუ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თავისი ქვეყნის თავდაცვის უნარი ექნება. „ნატო“ არის უსაფრთხოების ქოლგა, მაგრამ შენს საქმეს არავინ გააკეთებს; თუ საფრთხე ასიმეტრიული იქნება, მაშინ დაგეხმარება, მაგრამ შენი ტერიტორიის დაცვა შენს შეიარაღებულ ძალებს უნდა შეეძლოს.

скачать dle 11.3