ტივტივა
„ძრწოდე, კავკაზო, ერმოლოვი მოდის!“
რაკი „რუსთავი 2-ის“ სასამართლო პროცესი განახლდა, ცხადია, პოლიტიკურმა ძალებმაც მოიქაჩლეს თავი (ცხადია, განსაკუთრებულად მათ, აი, თითოკაციანს რომ უწოდებენ), რადგან მათაც უნდათ პოლიტიკური ცხოვრების მორევში ტივტივი. ჰოდა, რაკი მოიქაჩლეს, მათ არც ოდესღაც „ჩვენ თვითონ“, აწ კი „ევროპელი დემოკრატები“ ჩამორჩნენ.
სახელდობრ, ბ-ნმა დავითაიამ ბრძანა, რომ ტელეკომპანიის დასაცავად სრულიად საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები დადგებიან.
მეტიც, განაცხადა (მოვიხმობ ციტატას): „მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეჩერდეს, დაანებოს ზეწოლას თავისუფალ მედიაზე (პათოსით: დაანებეთ ჩემს ცოლს თავი?!)“.
და უფრო შორსაც წავიდა (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „თუ „რუსთავი 2-ს” დაემუქრება საფრთხე, ჩვენ დავდგებით იქ და მაიდანი დაიწყება „რუსთავი 2-დან“ და არა არჩევნებიდან, არა სააკაშვილიდან და არა ვინმესგან. ქართველი ხალხი დადგება სიტყვის თავისუფლების დასაცავად, ამაში ეჭვი საერთოდ არ მეპარება.“
ფრიად მისასალმებელია, თუნდაც ერთკაციანი, მაგრამ მაინც პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან (და მერე რა, რომ ჩვენთან ისეთი დემოკრატიაა, თავს, თუ მოვიწადინებ, ევროპელ კლეოპატრად გამოვაცხადებ?!) თავისუფალი სიტყვის ეგზომ ძალუმად დაცვა, ხოლო, რაკი მისი ხმა არც კი ისმოდა (მაიდნის მოწყობას ვინ ჩივის?!), როდესაც 2012 წლის არჩევნებამდე თვით სატელეკომუნიკაციო თეფშებს აპატიმრებდნენ, პროგრესი აშკარაა, თუ, რა თქმა უნდა, აქამომდე უბრალოდ, „მაიდანი,” პოლიტიკოსის ლექსიკაში უცხო სიტყვა იყო?!
ასეა თუ ისე, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ვითარება შემდეგნაირია: „ძრწოდე, კავკაზო (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოვ) ერმოლოვი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბ-ნი დავითაია) მოდის“?! –