„ანგელოზები“…
ანუ რამდენი პარტია დაეტევა მახათის წვერზე?
მართალია, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ს) კვლევების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შედეგებს უკვე გაეცნენ და ისეთი კმაყოფილები ბრძანდებიან, რომ საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში ვერ ეტევიან.
კმაყოფილთა შორის არიან „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებიც. ჰოდა, რაკი ასეა, „ლეიბორისტთა“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბ-ნმა გუგავამ განაცხადა, რომ, ბოლო კვლევით, უპირობო ლიდერები სწორედ ქართველი „ლეიბორისტები“ არიან.
მომყავს ციტატა: „ბოლო პერიოდის კვლევებს თუ შევაფასებთ, „ლეიბორისტულ პარტიას“ მკვეთრი რეიტინგული ზრდა აქვს. ბევრად უფრო დიდია მხარდაჭერა. მეტსაც გეტყვით, დღეს „ლეიბორისტული პარტია“ და შალვა ნათელაშვილი უალტერნატივონი არიან“.
არანაკლებ გახარებულები ჩანან პაატა ბურჭულაძის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათ თავკაცს გამოკითხულთა 75 პროცენტი უჭერს მხარს (და მერე რა, რომ ეს ისეთივე სიურპრიზია, როგორიც დავით ბაქრაძის „ენდიაისეული“ შედეგი?!), ყველა სახელისუფლო შტოს დაკომპლექტების ამბიცია აქვთ „თავისუფალ დემოკრატებსაც“ და გვარწმუნებენ, რომ სწორედ ისინი გაიმარჯვებენ.
ერთი სიტყვით, ისეთი ვითარებაა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიაა დარწმუნებული, რომ ზემოთ და თავში მოექცევა (მე რომ მკითხოთ, არც ისეთი არაადეკვატურები არიან, ამის სწამდეთ, მაგრამ, რაკი იციან, რომ ყური ჭამს და ყური სვამს, იხტიბარს არ იტეხენ), შესაბამისად, ქართულ პოლიტცხოვრებაშიც აქტუალურია დილემა: მაინც, რამდენი ანგელოზი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიტპარტია) დაეტევა ნემსის წვერზე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ერთ სკამზე ან, სულაც, მახათზე)?! –