ძალა უღონოთა
მეგობრობაც აღმართს ხნავს?
გასულ კვირას არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც, საქართველომ თურქეთს 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ დაუბრუნა (დამეთანხმებით, რომ ეს ორი ზმნა სრულიად სხვადასხვა მოქმედებას გამოხატავს, მიუხედავად იმისა, რომ ის 6 ჰექტარი ჩვენი აღარაა).
რაკი საქართველო-თურქეთს შორის საზღვრის მონაკვეთი ერთადერთი დემარკირებულ-დელიმიტირებულია (იმ მარტივი მიზეზით, რომ იქ ერთ დროს სსრკ-თურქეთის საზღვარი გადიოდა; არათუ გადიოდა – ისე იყო გამაგრებული, ჩიტიც ვერ გადაფრინდებოდა), ბუნებრივია, დავინტერესდით, რა გახდა მეზობელ-მეგობარი თურქეთის (რომლის მზესაც იფიცებენ ჩვენი, განსაკუთრებით, დასავლურად ორიენტირებული თანამოქალაქეები) მიერ ჩვენი მიწის მოთხოვნის საფუძველი.
თურქული მედია შემდეგ ისტორიას ყვება: „შორეულ 1970-იან წლებში არტაანის ოლქში თურქეთ-საქართველოს ამჟამინდელ საზღვარზე მდებარე პატარა მდინარე ჩაქსუმ კალაპოტი შეიცვალა და მიწა გაყო… ამ დღეებში კი იოსებ სტალინის სამშობლო საქართველო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დათანხმდა, რომ მდინარე ჩაქსუს მიერ გაყოფილი მიწა თურქებისათვის დაებრუნებინა.“
ჩვენ არ ვიცით, რის სანაცვლოდ (გნებავთ, რის შიშით) დათანხმდა საქართველოს მთავრობა თურქეთის ამ მოთხოვნას ან რა გაუხდა 15 ფეხბურთის სტადიონის სიდიდის მიწა უზარმაზარ თურქეთს, მაგრამ, თუ გავიხსენებთ იმავე თურქულ მედიაში მოხმობილ ფრაზას: „40 წლის წინათ თურქეთი იძულებული გახდა, საქართველოსთვის ტერიტორიის ნაწილი დაეთმო (იძულებული კი სტალინის ფაქტორის გამო გამხდარა), ვითომ აღმართს არა მხოლოდ ძალა, შიგადაშიგ მეგობრობაც ხნავს?! –