„სახალხოელი“ სარიუშის ვნებანი
ანუ დამიწყნარდით
მართალია, ბევრი იწვალეს აქეთ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, იქით – ევროპის სახალხო პარტიამ (საქართველოს არ ეკუთვნის ვიზალიბერალიზაცია, ვინაიდან იქ პოლიტპატიმრები იტანჯებიან ციხეებშიო), მაგრამ ევროზღაპრის ბოლო მაინც სიკეთისკენ იხრება.
თუმცა სახალხოპარტიელმა ევროპიდან, სარიუშ ვოლსკიმ, ჩვენებურ მთავრობას ულტიმატუმიც კი წაუყენა: თუ პოლიტპატიმრები უგულავა და მერაბიშვილი არ გათავისუფლდებიან, უვიზო მიმოსვლას ისევე ვერ იხილავთ, როგორც საკუთარ ყურებსო.
ვთქვათ და, ევროპის სახალხო პარტიისთვის სულერთია, საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაიჭიმება თუ ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიამდე ჩამოქვეითდება, მაგრამ ჩვენებური „ნაციონალური“ ლოგიკაა სრულიად გაუგებარი (რბილად რომ ვთქვათ), თითქოს ვიზალიბერალიზაციას ვინმე კონკრეტული იღებდეს და არა ქვეყანა.
გაუგებარია თუ გასაგები, პარლამენტის თავმჯდომარემ შეგვაგულიანა, რომ, ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, ვიზალიბერალიზაციის გზაზე დამატებითი მოთხოვნები და პირობები არ იქნება (ანუ დამიწყნარდითო).
ჩვენ არ ვიცით, როგორ გადაიტანენ ამ ამბავს იქით – ბ-ნი სარიუში (ვოლსკი), აქეთ – ბ-ნი გიორგი (კანდელაკი), თუმცა ის კი უკვე დანამდვილებითაა ცნობილი, რომ, მიუხედავად ქვეყნის საჭის ათწლიანი ფლობისა, ამ ჩვენს „ნაციონალებს“ პირად-პარტიული და საქვეყნო-სახელმწიფო ინტერესების გარჩევა მაინც ვერ უსწავლიათ. –