კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ დაუტოვა უკან დასახევი გზა მოსკოვში ჩასულ გიორგი ნადიბაიძეს ქეთა თოფურიამ

სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „ახალი ტალღა“, რომელიც იურმალაში ტარდებოდა, წარმატება ხშირად ვიგემეთ და არაერთი გრანპრი ჩამოიტანეს ჩვენმა მომღერლებმა. თუმცა, შარშან, კონკურსზე ქართველი მომღერალი არ წარუდგენიათ. ერთწლიანი პაუზის შემდეგ, წელს, სოჭში, ჩვენს ქვეყანას, „ახალი ხმის“ ბოლო სეზონის გამარჯვებული, ქეთა თოფურიას გუნდის წევრი და ფავორიტი, გიორგი ნადიბაიძე წარადგენს. გიორგი პროდიუსერ ნატო დუმბაძესთან ერთად, უკვე მოსკოვშია და ემზადება კონკურსისთვის, სადაც საკმაოდ ძლიერი კონკურენცია ელის.
გიორგი ნადიბაიძე: მიუხედავად დიდი მღელვარებისა და კონკურენციისა, „ახალი ტალღის“ ნახევარფინალი წარმატებით გავიარე და მოვხვდი გრანდიოზულ ფინალში, რომელიც სოჭში გაიმართება. მე საქართველოს სახელით მივიღებ კონკურსში მონაწილეობას. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამომივა და ვასახელებ საქართველოს. თან, გახარებული ვარ და თან, ვგრძნობ, რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია. ამ კონკურსის სცენაზე, ისეთი პროდუქტი დადეს თავისი შესრულებითა და ტემპერამენტით ჩვენმა მომღერლებმა, დღესაც ყველას ახსოვს. მინდა, ჩემი გამოსვლაც ასეთივე, გამორჩეული და წარმატებული იყოს. მე კონკურენციის არ მეშინია, ყველაფერს ვაკეთებ, რომ გამარჯვებისკენ თამამად გადავდგა ნაბიჯები და ამით ქართველებმა იამაყონ. ბავშვობიდან ვადევნებდი თვალყურს „იურმალას“ და სულ მინდოდა, მეც მეცადა ბედი. მადლობა ღმერთს, ეს ამიხდა, თუმცა წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ამაში დიდი წვლილი ქეთა თოფურიას და ნატო დუმბაძეს მიუძღვით. „ახალ ხმაში“ ქეთას გუნდის წევრი რომ გავხდი და შემდეგ ეს პროექტი ერთად მოვიგეთ, მაშინ მითხრა, იქნებ გეცადა ბედი „ახალი ტალღის“ კონკურსზეო. მეც დავუჯერე და დავფიქრდი. ნატო დუმბაძემაც ბევრი იმუშავა ჩემზე და აი, დღეს უკვე ამ კონკურსის ქართველი კონკურსანტი ვარ. ჩემი ქვეყნის სახელი უნდა წარმოვაჩინო და ამ პასუხისმგებლობას ახლა უფრო მეტად შევიგრძნობ, რაც მოსკოვში ჩამოვედი. ამ კონკურსში დიდი გამოცდილება გვაქვს, სერიოზული სიტყვაც ვთქვით და მინდა, მეც ჩემი ვთქვა სიმღერით  და წარმატებული კვალი დავტოვო. ამისთვის თავს არ დავზოგავ.  ვხუმრობ ხოლმე, იღბალი, ღმერთის წყალობა და გამართლება, ყველაფერი ერთბაშად დამატყდა თავს-მეთქი (იცინის).
– გარდა კონკურსისა, გავიგე, რომ ქეთა თოფურიასთან და პროდიუსერ ნატო დუმბაძესთან ერთად, გრანდიოზულ პროექტს გეგმავ. ამაზე რას მეტყვი?
– ჯერჯერობით ამაზე ვერაფერს გეტყვით. თუმცა, სათქმელი ამასთან  დაკავშირებით, ახლო მომავალში ნამდვილად მექნება და ამას არ უარვყოფ.
– ამბობენ, რომ რუსულ შოუ-ბიზნესში აპირებ ძალების მოსინჯვას; ქეთა თოფურია  მზადაა, გაგაპიაროს და ერთად იგეგმება დუეტის ჩაწერა. ეს თუა სიმართლე?
– რა იქნება მომავალში, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება ქეთასთან დუეტს, არც ესაა ცუდი იდეა, მაგრამ ჯერ კონკრეტულად, ამაზე არ გვისაუბრია და არც არაფერი დაგვიგეგმავს. ქეთა ძალიან დაკავებულია, სულ რეპეტიციებზეა. თუმცა, ახერხებს და მირეკავს, მკითხულობს როგორ ვარ და რას ვშვრები. კარგია თუ ჩემზე და ქეთაზე ასეთი ჭორები დადის. მე ამისთვის მზად ვარ და იმედია, არც ქეთა იტყვის ჩემთან დუეტის ჩაწერაზე უარს (იცინის).
– მოსკოვში როგორ დაგხვდა ქეთა, თუ გაგაცნო ქმარი და რა რეაქცია ჰქონდა, როცა „ახალი ტალღის“ ფინალში მოხვდი?
– ქეთა ძალიან თბილი და ემოციური ადამიანია. პირველად ვარ მოსკოვში და ძალიან მომეწონა აქაურობა.  ქეთას ქმარი კი თბილისში გავიცანი, როცა ჩამოვიდა, საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. ქეთას ძალიან გაუხარდა ჩემი კონკურსში მოხვედრა და შესაბამისად, ეს ფაქტი აღვნიშნეთ (იცინის).
– როგორ გგონია, რა შანსები გაქვს, მოიგო კონკურსი და თუ იგეგმება შენი იმიჯის შეცვლა?
– ვიცი, რომ საკმაოდ ძლიერი კონკურენცია მელის, თუმცა ამისთვის მზად ვარ. კონკურსს თავისი იმიჯმეიკერები ჰყავს და ისინი ურჩევენ გამომსვლელებს სტილს. იმედია, დიდად არ მოუხდებათ ჩემი „გადაკეთება“ და ბევრი რამის შეცვლა (იცინის). 16 მონაწილე შეგვარჩიეს და ყველას ცალ-ცალკე მისცეს შენიშვნა, ვინ უნდა გამხდარიყო და ვინ – გასუქებულიყო... ჩემთვის არაფერი დაუწუნიათ, ჩემი გარეგნობით კმაყოფილები დარჩნენ. ყოველ შემთხვევაში, მითითება არ მიმიღია. მართალია, ცოტა ზარმაცი ვარ, მაგრამ ტონუსში რომ ვიყო, ვვარჯიშობ და სწორი კვების რეჟიმსაც ვიცავ. საკმაოდ ბრძოლისუნარიანი ტიპი ვარ. თუ რამე დავისახე მიზნად და მოვინდომე, ყველა შანსს გამოვიყენებ, თავს არ დავზოგავ, სასწაულებს ჩავიდენ. თუ გარდასახვა მომიწია,  გარდავისახები კიდეც, რა პრობლემაა? (იცინის) ამ კონკურსზე, შეუძლებელი უნდა შევძლო. უკან დასახევი გზა აღარ მაქვს. სირთულეებისთვისაც მზად ვარ და ამ სირთულეებს ვერ გადავლახავდი, გვერდით ქეთა და ნატა რომ არ მედგნენ. 
– ჟიურიში უცვლელი წევრები – კრუტოი, რევზინი, ძმები მელაძეები იქნებიან. მათთან თუ გქონდა შეხება?
– დიახ, ამ კონკურსის მუსიკალური ხელმძღვანელი იგორ კრუტოი იჯდა ჟიურიში, როცა შეგვარჩიეს და შევამჩნიე, ძალიან აფასებს ქართველების ნიჭსა და ტემპერამენტს. აშკარად ვიგრძენი მისი მხრიდან სიმპათია. რევზინმაც შემაქო. რაც შეეხება ძმებ მელაძეებს, ვნახოთ, როგორ მოეწონებათ ჩემი გამოსვლა და როგორ შემაფასებენ. ქეთა დიდ იმედებს ამყარებს ჩემზე, ამბობს, გამარჯვების დიდი შანსი გვაქვს, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და დავამტკიცებთ ჩვენს მაგრობასო. არ შემიძლია, თქვენი ჟურნალის მეშვეობით, დიდი მადლობა არ ვუთხრა ბატონ მიშა ხუბუტიას, რომელიც ასევე, ნატას და ქეთას მეგობარია. ის დაგვხვდა, გვიმასპინძლა და სასტუმროში დამაბინავა. რომ გავიმარჯვო, ეს იქნება ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, ჩემი პროფესიული გარდატეხა და ჩემი ქვეყნის კიდევ ერთხელ აღიარება. ქართველები სულ სხვა ტიპები ვართ, გამორჩეულები და ამას უცხოეთში კარგად ამჩნევენ. მგონი, სულ მალე დავიწყებ სიზმრების ნახვას, სადაც თბილისის აეროპორტში, გრანპრით ხელში ვბრუნდები (იცინის).

скачать dle 11.3