რაში „აცხოვრა“ ზურაბ ჟვანიამ მეუღლე თერთმეტი წელი და როგორ ცხოვრობენ მისი შვილები ამერიკაში
მას შემდეგ, რაც ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ თბილისში პირველი ლიტერატურული კაფე გახსნა, წლები გავიდა. დღეს ქალბატონი ნინო უკვე ოთხ კაფეს მართავს, სადაც მან ლიტერატურისა და ხელოვნების მოყვარულთათვის საინტერესო ბუდე შექმნა. ამბობს, რომ მისგან იდეალური ბიზნესმენეჯერი მაინც ვერ დადგა, თუმცა ამ საქმეს დიდი ემოციებით აკეთებს. ცხოვრება კადრს მიღმა. შვილები, მძიმე განცდები, რაც დროდადრო წარსულში აბრუნებს – ამ თემებზე ჩვენი რესპონდენტი ჩვეული გულწრფელობით საუბრობს.
ნინო ქადაგიძე-ჟვანია: ისე გამოვიდა, რომ წლებთან ერთად, ჩამოყალიბდა ლიტერატურული კაფეს ბრენდი, რაზეც, როცა ეს საქმე დავიწყე, ნამდვილად არ ვფიქრობდი. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურად ძალიან მომგებიანი ბიზნესია, თუმცა დღეს ლიტერატურულ კაფეებს ჰყავს თავისი ერთგული, განსაკუთრებული მომხმარებელი, რაც ძალიან მახარებს. 2000 წელს, როდესაც ჩემი შვილები გახდნენ იმ ასაკის, რომ წიგნის კითხვა უნდა დაეწყოთ, აღმოჩნდა, ქალაქში არ იყო არც წიგნის მაღაზია, არც ბიბლიოთეკა, სადაც ბავშვი წიგნს შეიყვარებდა. მაშინ გადავწყვიტე, გამეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც ნამდვილად შემეძლო. პირველ კაფეს პეკინის ქუჩაზე, მოჰყვა სამი სხვა კაფე. ძალიან საყვარელი და მყუდრო კაფე გვქონდა თარხნიშვილზე. შენობის დანგრევის შემდეგ, გადავწყვიტე, შორს არ წავსულიყავი, რადგან სენსიტიურად ვუყურებ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი სტუმრები იყვნენ. ეს კაფე იყო ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი, ამიტომაც, უპირველესად, საკუთარ თავს არ მოვუშალე თარხნიშვილის „ბუდე” – იმედი მაქვს, ყველა, ვინც გვემეგობრებოდა, ისევ გვესტუმრება და ისევ მოგვეჩვევიან. მით უფრო, რომ მათ აქ ძალიან მყუდრო და საინტერესო გარემო დახვდებათ. დროთა განმავლობაში აქაურობაც ისეთივე „დამთბარი” იქნება, როგორიც იქ იყო. სითბო და პოზიტივი ხომ ადამიანებს მოაქვთ.
– ძველი და ავანგარდული აქსესუარები ერთად, საოცარ განწყობას ქმნის. თქვენ ხართ ამ ინტერიერის დიზაინერი?
– აქ ბევრი ორიგინალური დეტალია, რაშიც ახალგაზრდები დამეხმარნენ. ბოლო წლები, იცით, რომ აქტიურად ვარ დაკავებული წინანდლის პრემიის მომზადებით, რომელიც ზურას სახელობისაა. პრემია მოიცავს რვა ნომინაციას, გაიცემა ახალგაზრდა, ნიჭიერ ხელოვანებსა და მეცნიერებზე. ეს ახალგაზრდები თავად იყვნენ ჩართული, როგორც მოსამზადებელ პროცესში, ასევე დაჯილდოების ცერემონიალის ორგანიზებაშიც. შესაბამისად, მათთან ხშირი და ინტენსიური ურთიერთობა მქონდა. იმდენად დიდი სულიერი მუხტი მივიღე მათგან, თითქოს დამავიწყეს კიდეც ის გულგატეხილობა და იმედგაცრუება, რაც ბოლო წლებში ჩემი თაობის ადამიანებმა გამიჩინეს. ამ კაფეს გაკეთება რომ დავიწყე, ძალიან ვნერვიულობდი, სწორედ მაშინ მირჩიეს ჩემმა შვილებმა, მათი მეგობრებისგან მიმეღო დახმარება და თანადგომა. სწორედ ამ ახალგაზრდებმა გააკეთეს აქ ყველაფერი – არქიტექტურა, დიზაინი. მათია ეს ნახატები კედლებზე. მათი შერჩეულია მუსიკა. მუდმივად გვაქვს კინოს, მუსიკის, ხატვის დღეები, რაც ამ გარემოს ძალიან უხდება და ჩვენს სტუმრებსაც მოსწონთ.
– ვინაიდან უკვე მეოთხე კაფე-მაღაზიის მფლობელი ხართ, როგორც ჩანს კარგად მოირგეთ ეს როლი. ბიზნესშიც გაიწაფეთ და ფსიქოლოგის დიპლომიც სამუდამოდ გადადეთ გვერდზე.
– ვერ ვიტყვი, რომ ბიზნესში იდეალური მენეჯერი ვარ. ბუნებრივია, ვისწავლე ის, რაც აუცილებელი და საჭირო იყო. მინდა, მეტად განვითარდეს და დარჩეს ლიტერატურული კაფეს ტრადიცია. დღეს ჩემთვის მთავარი საქმეა ეს, წინანდლის პრემია და საქველმოქმედო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი”, რომელიც 20 წელია, არსებობს და ბევრი საქმე გააკეთა – კონკრეტული ბავშვების დახმარებიდან დაწყებული ინსტიტუციების ჩამოყალიბებით დამთავრებული. თუმცა, ამაზე ხმამაღლა საუბარი დიდად არ მიყვარს. განათლებით ფსიქოლოგი ვარ, თუმცა ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. არც სურვილი მქონია, ალბათ, იმიტომ რომ, ეს არ იყო ჩემი ნებით არჩეული პროფესია. მერე სხვა ცხოვრებაში ჩავები, რასაც ბედი გაძლევს, იმას უნდა გაჰყვე.
– გჯერათ ბედისწერის?
– როგორ არ მჯერა. ჩვენ ვქმნით გარკვეულ ეტაპებს, მაგრამ არის მნიშვნელოვანი მომენტები, რაც უნდა მოხდეს. ბედისწერა იყო ჩემი და ზურას შეხვედრა. ჩვენ რომ არ შევხვედროდით ერთმანეთს, სულ სხვანაირად წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება. ის, რაც ხდება ცხოვრებაში, შენგან შინაგან მზაობას მოითხოვს. მე ასე ვარ. როცა ზურას შევხვდი, დიდხანს ვეძებდი მას და მზად ვიყავი იმისთვის, მთლიანად მიმეღო მისი ცხოვრება. მას ძალიან აქტიური ხასიათი ჰქონდა. არ მახსოვს დაეწუწუნოს, ან დავიღალეო, ეთქვას. ასე გაცხოვრებდა შენც – ერთი წამითაც რომ მოდუნებულიყავი, შენ მიმართ ინტერესს დაკარგავდა, სულ ამის მეშინოდა (იცინის). ოღონდ სრულიად გამოირიცხა ჩემი მონაწილეობა პოლიტიკაში. თუ სახლში პოლიტიკაზე იწყებოდა ლაპარაკი, მე იქ არ უნდა ვყოფილიყავი. არ მაკარებდა პოლიტიკას. არასდროს არაფერს მიყვებოდა. ამ მხრივ განსხვავებული იყო, არაფრით ჩაგრევდა თავის საქმეში.
– ბავშვების სწავლა-განათლების ამბები როგორ მიდის?
– კარგად, ლიზა წელს ამთავრებს იელის უნივერსიტეტს, ორ დიპლომს იღებს – მათემატიკასა და ფილოსოფიაში. თუმცა, ჯერ არ ვიცით, რა მიმართულებით წარიმართება მისი ცხოვრება. მაისში მივდივარ ამერიკაში, რომ ლიზას ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მომენტს დავესწრო. ბუსაც ამერიკაშია, მეორე კურსზე სწავლობს კორნელის უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. ისტორიის გავლით ბუსა სწავლობს ყველაფერს, რაც შეეხება სახელმწიფოს, მის ინსტიტუციებს. და-ძმა ნახულობს ერთმანეთს, თუმცა იმდენად დატვირთული სასწავლო პროცესი აქვთ, ბევრი დრო არ რჩებათ. მე ერთხელ ვიყავი, როცა ლიზა სტუდენტი გახდა. არაა იმის საშუალება, რომ ამერიკაში ხშირად ვიარო. წელს ანჩოც სტუდენტი ხდება. გონიერი გოგოა, ალბათ, ისიც ამერიკაში წავა სასწავლებლად. მე, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, რომ ბავშვებს კარგი განათლება მიეღოთ. ზურას სურვილი იყო, ბავშვებს აქ ესწავლათ და მერე წასულიყვნენ უცხოეთში. მე არ ვეთანხმებოდი, ამაზე კი ვფიქრობდი, მაგრამ ზურას ვერ შეეკამათებოდი. ჯერ ადრეც იყო საუბარი, მაგრამ არ ვიცი, დავარწმუნებდი თუ არა. შენ არ უნდა შეგეწუხებინა შეკითხვებით, ზედმეტი ინფორმაციით, მაგრამ არ გაპატიებდა, რომ რაღაც არ სცოდნოდა. მე ბევრი ენერგია მეხარჯებოდა ამაზე, ეს ინფორმაციები რომ მიეღო. 11 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ბოლო წლებში, უკვე ერთი ჟესტით ვხვდებოდი, რა უნდა მეთქვა და როდის.
– როგორ გადაგაქვთ ახლა ის პერიოდები, როცა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე, სასამართლო პროცესი დროდადრო ხმაურიანი და არასასიამოვნო თემებით წამოიწევს ხოლმე წინ.
– ძალიან მტკივნეულია ეს ჩვმთვის. თავიდან მიმძაფრდება განცდები. დრო არაფერს შველის – უკან მაბრუნებს, წარსულში. ძალიან ვეცადე, რაც შეიძლება ნაკლები მეფიქრა ამ ყველაფერზე და სხვა რამეებით დავკავებულიყავი. ადამიანს შეუძლია მართოს საკუთარი თავი, თუმცა ბოლომდე ეს არ გამოდის. მე მეორე დღიდან გადავედი სხვა რელსზე – მივხვდი, რომ თუ არ გავთავისუფლდებოდი ამისგან, არაფერი გამოგვივიდოდა არც მე და არც ბავშვებს. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ დამთავრდა ის ეტაპი და დაიწყო ახალი – ვაიძულე თავი და ერთ კვირაში სავარჯიშოდ წავედი, ბავშვებიც წავიყვანე. როგორც კი ფეხზე დავდექი, ორ კვირაში სამსახურში გავედი. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობდა.
– როდესაც ბუსა ამერიკაში წავიდა სასწავლებლად, იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ ის გაარიდეთ თბილისს იმ გახმაურებული ინციდენტის შემდეგ, როცა ის ფიზიკურად დაუპირისპირდა მამის ყოფილ მეგობარს.
– ბუსა უცბად მოხვდა ყურადღების ეპიცენტრში. ის არაა მარტივი ხასიათის ბიჭი, ძნელი გასაზრდელი იყო იმ წლებში. როცა თავს იმკვიდრებდა, სულ ჩხუბობდა, აგრესიული იყო, არ სწავლობდა. თინეიჯერობის, გარდატეხის ასაკი არ გაგვივლია მარტივად. როცა ჩაბარების დრო მოუვიდა, საკუთარმა თავმა უშველა – ნაკლებ ნიჭიერი რომ ყოფილიყო, მცირე დროში მეცადინეობა შედეგს ვერ მოიტანდა და „დავიღუპებოდით” – ბუსა იქნებოდა ერთი ძველი ბიჭი (იცინის). მერე უცებ, მკვეთრად გადაერთო სწავლისკენ. ჩხუბს არ ეძებს, მაგრამ ისეთი ხასიათი აქვს, არავის მისცემს უფლებას, ზედმეტი გაუბედოს. არც თვითონ დაჩაგრავს ვინმეს და არც თავს დააჩაგვრინებს. როცა წყნეთში ვცხოვრობდით, ბუსას და ვანო მერაბიშვილის შვილს ერთ ეზოში უწევდათ ფეხბურთის თამაში. ერთ დღეს ბუსა დედაჩემს ეუბნება: გუშინ, მერაბიშვილის შვილს ბურთი გადაუვარდა და ცოტა ისე მითხრა: წადი, მოიტანეო, ძლივს გამომგლიჯა დაცვამ ხელიდანო. მე რომ მგონია, დედაჩემი კარგ რჩევას მისცემს, მესმის ეუბნება: მიდი ბებო, მისცხე, არ შეგეშინდესო (იცინის).
– ახლა როგორ ცხოვრობთ ბავშვების გარეშე?
– უკვე შევეჩვიე, არდადეგებზე ჩამოდიან თბილისში. ვიცი, რომ ეს მათ მომავალს სჭირდება. გაიზარდნენ და თავიანთი ცხოვრება აქვთ. უკვე შემიძლია, მეტი დრო დავუთმო საკუთარ თავს. არ ვიცი, როგორი იქნება ჩემი ცხოვრების შემდეგი ეტაპი. იმის გამო, რომ მარტო ვრჩები, არ ვარ მოწყენილი. არის რაღაც-რაღაცეები, რაც არ შემიძლია, მაგალითად, უსაქმურად ყოფნა. მაშინვე დეპრესია მეწყება, ამიტომაცაა, რომ სულ რაღაცას ვეძებ. ეს კაფე მომთავრდა, შემიძლია სექტემბრიდან ახალ თემებზე ვიფიქრო. ახლა მშვიდი ცხოვრება მაქვს, აღარ არის დრო? არ დავიმსახურე ცოტა ხანს, რომ მშვიდად ვიცხოვრო? (იცინის) მთელი ენერგია და ნერვული სისტემა დავხარჯე, შინაგანად დავიღალე. ამ ყველაფერმა ძალიან გამცვითა. არაფერი მინდა იმის გარდა, რომ ბავშვები იყვნენ ჯანმრთელად და თითოეული დღის ბედნიერება შემერგოს. მე ისეთი ვარ, ბევრ რამეში ვპოულობ სიამოვნებას – მუსიკაში, წიგნებში, ხელოვნებაში. მყავს ბევრი მეგობარი. დროდადრო მათთან ერთად ვპოულობ გასართობს, მაგალითად, ბოლო წლებში ერთ მეგობართან ერთად მყინვარწვერი ვერა, მაგრამ ტექნიკურად საკმაოდ რთული, ორწვერი დავლაშქრე. სიამოვნებით წავიდოდი ცოტა ხნით სოფელში საცხოვრებლად, თუნდაც კახეთში, სადაც ვფიქრობ, საოცრად მაგარი ენერგეტიკაა. ფერმას გავაკეთებდი. საკუთარი კარტოფილი და პომიდორი რომ გაქვს, მაგარია. მოკლედ, ვნახოთ, რა იქნება ახალი ეტაპი და ახალი საქმე. ჩემთვის ეს ყოველთვის საინტერესოა.