როგორ უმკლავდება ჯაფოშვილების ოჯახი დღეში 15-20 გველს და რას ამბობენ მეცნიერები
ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრები ჯაფოშვილების ოჯახში უკვე წლებია, გველებმა დაიდეს ბინა. არავინ იცის, გველები სახლში საიდან ჩნდებიან. ოჯახში ყოველდღიურად, 15-20 გველი შედის, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა ქვეწარმავალთა რაოდენობა ორმოცდაათს აღემატებოდა. უცნაურია ის ფაქტიც, რომ გველები არა ეზოში, არამედ მხოლოდ სახლში ბინადრობენ. იდუმალებით მოცულ ამბავს მეცნიერები ვერაფრით ხსნიან, მათ მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ იშვიათი სახეობის ვერცხლისფერი გველები ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოდგენენ, ანუ შხამიანები არ არიან. ჯაფოშვილებმა ეს ტერიტორია სამოსახლოდ, სახლის ასაშენებლად წლების წინ იყიდეს. მათი ოჯახის იდილია და მშვიდი ცხოვრება მას შემდეგ დაირღვა, რაც ქვეწარმავლებმა ბუდე მათ სახლში დაიდეს. ამჟამად სახლში მხოლოდ თამარ ჯაფოშვილი ცხოვრობს, მისი მეუღლე ამ ამბავს შეეწირა, ხოლო ვაჟი ცოლთან ერთად საცხოვრებლად თელავში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა მრავალგზის ითხოვა დახმარება, მათი პრობლემებით არავინ დაინტერესებულა. ჯაფოშვილების ოჯახი შველას ითხოვს... უცნაური ისტორიის, მეტად უცნაური დეტალები, ქალბატონმა თამარ ჯაფოშვილმა გვიამბო.
– როდის შენიშნეთ პირველად ქვეწარმავლები სახლში?
– ეს დიდი ხნის ამბავია, დაახლოებით 10 წლის წინანდელი. ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე, ოჯახიც აქ შევქმენი. ადრე სხვა სახლში ვცხოვრობდით, მერე მე და ჩემმა მეუღლემ ეზო ვიყიდეთ სამოსახლოდ და სახლი ავაშენეთ. მას შემდეგ 22 წელი გავიდა. მაშინ არაფერი არ შემინიშნავს უცნაური, არც ქვეწარმავალი დამინახავს ეზოში. ერთი ვაჟი მყავს და მისი ქორწილის დღეს ნახეს კაცებმა გველები მილებში. კარგად მახსოვს, როგორც იყო. სახლის უკან დიდი ეზო მაქვს, მეზობლებმა პირუტყვი რომ დაკლეს, ცეცხლი დაანთეს, სადაც „ჟეშტის” მილები ეყარა და ხელს უშლიდათ მუშაობაში. რომ ასწიეს ეს მილები გვერდზე მისაწყობად, მაშინ ნახეს გველები. ეს იყო მათი პირველი გამოჩენა.
– ვიდრე მიწის ნაკვეთს იყიდდით, ამ ადგილზე ადრე რა იყო?
– როცა ეს ამბავი გახმაურდა, მაშინ თქვეს, რომ თითქოს სასაფლაო იყოო, მაგრამ ტყუილია. იმასაც ამბობენ, დიდი განძია და მას ეხვევიანო. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ვერავინ ხსნის ამ მოვლენას, საიდან გამოდიან ეს გველები და რატომ არ შორდებიან ჩემს სახლს, არავინ იცის. ტელევიზიამ გააშუქა ადრე და ოპერატორი სახლის მეორე სართულზე რომ ავიდა გადასაღებად, გადაირია. ამის შემდეგ, თბილისიდან მეცნიერები დამიკავშირდნენ და მითხრეს, არ შემშინებოდა, ეს გველები არ იყვნენ შხამიანები და არ დამკბენდნენ, მაგრამ ეს მიშველის? სახლში 20-30, სხვადასხვა ზომის გველს რომ ნახავ ერთად, არ შეგეშინდება? ან რა მნიშვნელობა აქვს რაოდენობას, როცა ქვეწარმავალს ეხება საქმე. მეშინია და სულ ჯოხებით დავდივარ სახლში. არ ვიცი, რა რაოდენობით და რა დროს გამოცურდება. თავად ვკლავ, თუ სადმე დავინახავ, აბა, ვის დავუძახო. მეუღლე გარდამეცვალა, ამ ამბავს შეეწირა, ინფარქტი მიიღო. მარტო დავრჩი გველებით სავსე სახლში. ნათესავები ღამე არ მტოვებენ და თავისთან მივყავარ. ახლაც ნათესავთან ვცხოვრობ. დღე ჩემს სახლში ვარ, მიუხედავად ყველაფირსა, უპატრონოდ არ მაქვს მიგდებული. ღამეც დავრჩებოდი. მარტივი არაა, როცა სხვას აწუხებ, მაგრამ არ მაძლევენ უფლებას, ლოგინშიც თავისუფლად შეიძლება, შემოძვრნენ და ვერაფერი გაიგოო. ვის არ მივმართე დასახმარებლად, მაგრამ უშედეგოდ, უმძიმეს მდგომარეობაში ვიმყოფები.
– თქვენი შვილი სად ცხოვრობს?
– როგორც უკვე გითხარით, ერთი შვილი მყავს და როცა ეს უბედურება დაგვატყდა თავს, ცოლთან ერთად თელავში გადავიდა საცხოვრებლად. იქ მუშაობენ. შვილიშვილიც კი არ მყავს, ჩემი რძალი ფეხმძიმედ იყო, მის ოთახში გველი რომ ნახა და შიშისგან მუცელი მოეშალა. მას შემდეგ ბევრი იმკურნალა, მაგრამ შედეგი არ გამოიღო. სწორედ ამ ამბის შემდეგ წავიდნენ სახლიდან, აქ როგორ უნდა ეცხოვრათ.
– ეზოშიც არიან გველები, თუ მარტო სახლში ბინადრობენ?
– ეზოში რომ იყვნენ, კიდევ არაუშავს, ხელს მაინც არ შემიშლიდნენ, მაგრამ სახლში არიან, ორივე სართულზე – ზემოთაც და ქვემოთაც. ოთახებში ჩვეულებრივად დასრიალებენ, საიდან ძვრებიან სახლში, არ ვიცი.
– არ გიცდიათ წამლით ან რაიმე საშუალებით მათი დახოცვა?
– როგორ არა, ბევრი რამ გამოვიყენე. დღემდე ვყიდულობ წამალს, რომელშიც 100 ლარს ვიხდი, მაგრამ არაფერი შველის. ბავშვები ხოცავდნენ ხოლმე. ბევრჯერ წამლისგან გაბრუებული გველებიც დამიხვეტია, 15-20 გველი ერთად მოგვიკლავს დღეში. მეცნიერებმა კი მითხრეს საშიში არააო, მაგრამ ჯოხი რომ დამირტყამს თავი აუწვია და საკბენად წამოსულა. რომ გამწარდება, როგორ არ მიკბენს. სახლთან სულ ჯოხები მაქვს მიყუდებული, ისე ვერ შევდივარ.
– გაზაფხულიდან მოყოლებული შემოდგომამდე სულ ბინადრობენ, თუ გამოსვლის რაღაც პერიოდი აქვთ? რა რაოდენობისაა დაახლოებით?
– მარტიდან იწყება მათი გამოსვლის პერიოდი. ზაფხულში გაუსაძლისი სიცხეები რომ არის, ვერაფერს დაინახავ სახლში, იმდენია. ყველა სეზონზე არიან, ზაფხულში განსაკუთრებით ჭარბობენ. ზუსტად ვერ გეტყვით რაოდენობას, მაგრამ 50-ზე მეტი იქნება.
– დასახმარებლად ვინმეს მიმართეთ?
– თავიდან გამგებელთან მივედი და ვაცნობე ჩემი გაჭირვების შესახებ, მაგრამ გამოხმაურება არ მოჰყოლია. ყველამ იცის ჩემი ამბავი და არ დამაკმაყოფილეს საცხოვრებელი ფართით. მინდოდა, ერთი ბინა გამოეყოთ სადმე და ნათესავთან არ გამეთენებინა ღამე. რომ შემხედოთ, მოხუცი გეგონებით, სინამდვილეში ასაკი დიდი არ მაქვს, ნერვიულობისგან ვარ დაბერებული. რა ვქნა, ქმარი აღარ მყავს, შვილიც არ ცხოვრობს ჩემთან და რა გავაკეთო ამ გაჭირვებულ ქვეყანაში? სახლის გაყიდვა ვცადე, მაგრამ ვინ იყიდის? ყველამ ყველაფერი იცის.
– რაიმე ფაქტს ხომ არ უკავშირებთ ამ მოვლენას, რაც თქვენს ოჯახს ეხება?
– არა, არაფერი არ უკავშირდება. არანაირი განსაცდელი არ გვქონია, ახლა კი ნამდვილად განსაცდელში ვართ ჩავარდნილები. არ ვიცი, რას დავუკავშირო, არაფერი მომდის აზრად. ერთ დღეს სახლი გაივსო გველებით და უკვე წლებია, ბუდე დაიდეს, ეს არ ვიცი, რას უნდა უკავშირდებოდეს. მე კი არა, მეცნიერები ვერ ხსნიან და მხოლოთ იმით მანუგეშებენ, რომ თურმე შხამიანები არ ყოფილან.
– ამბობენ, სახლში გველი ფუძის ანგელოზია, რომელსაც ოჯახისთვის სიკეთე მოაქვსო.
– ვიცი ეს ყოველივე. თავიდან სწორედ მაგ მიზეზით არაფერს ვავნებდი და ყველაფერს ვუკეთებდი, რაც ფუძის ანგელოზს სჭირდება. რძე მიმქონდა და არაფერს ვაკლებდი. მამაოებმა ლოცვანი დამიტოვეს და დილა-საღამოს ვკითხულობდი, თუმცა შედეგი არაფერმა გამოიღო. ჩემს სახლს გველები არ სცილდება.